გია ჯაფარიძე: ფაქტების ერთობლიობა და მოვლენათა სინქრონულობა კი მხოლოდ იმას გაფიქრებინებს, რაც ზემოთ დავწერე
გია ჯაფარიძე: ყურადღების მიღმა დარჩა თითქოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ტურნე სამხრეთ კავკასიაში (არ მომწონს ეს სამხრეთ კავკასია როგორც დამკვიდრებული ტერმინი) მინისტრი იმყოფებოდა ბაქოსა და ერევანში. საქართველოს მხოლოდ გადაუფრინა.

დიპლომატი, გია ჯაფარიძე:
ყურადღების მიღმა დარჩა თითქოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ტურნე სამხრეთ კავკასიაში (არ მომწონს ეს სამხრეთ კავკასია როგორც დამკვიდრებული ტერმინი) მინისტრი იმყოფებოდა ბაქოსა და ერევანში. საქართველოს მხოლოდ გადაუფრინა. რეგიონალური ტურნე განხორციელდა საქართველოში ვიზიტის გარეშე. ადრე სხვანაირად იყო - თბილისი წარმოადგენდა ყოველთვის ასეთი ვიზიტების ცენტრს. მაგრამ ეგ დრო წავიდა, საქართველოს დღევანდელ მთავრობას მარტო მოსკოვთან მეგობრობა აინტერესებს, შესაბამისად არც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა თბილისში.
როგორც ჩანს, საქართველო იმდენი ხანი არ იქნება გერმანიის და ევროპის დღის წესრიგში, რამდენი ხანიც გაგრძელდება რუსული მმართველობა საქართველოში. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ქართულმა ოცნებამ ძალიან მუხანათურად საქართველო გააქრო ევროპის რუკიდან.
სამაგიეროდ იგეგმება შეხვედრა მინსკში, სადაც ქართველი მინისტრის პირველი მოადგილე დაიბარა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული მოსკოვის ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საქართველომ აწია რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობის დონე. ესაა შეგნებული ქმედება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის დასაკნინებლად. რუსეთს ეს ფორმატი არ მოსწონდა არასდროს, რადგან იქ თანათავმჯდომარეები არიან და მოსკოვს კიდევ მარტო უნდა საქართველო ჰყავდეს. ბოდიშის კამპანია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს დანაშაულს დააბრალებს და რუსეთს დანაშაულებს ჩამოწმენდს და საქართველოს შეუზღუდავს სუვერენიტეტს და საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმოებას - რაღა დარჩა, არაფერი, საქართველოს მხოლოდ ფურცელზე ტოვებს ქართული ოცნება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
საუბრის წინააღმდეგ როგორ შეიძლება ვინმე იყოს, დიპლომატია ომის დროსაც უნდა მუშაობდეს. თუმცა, დიპლომატია ეროვნული ინტერესების დასაკმაყოფილებლად უნდა მუშაობდეს და არა მის საწინააღმდეგოდ. ზუსტად უნდა ვიცოდეთ - ვის, სად, რისთვის, როგორ და როდის ვხვდებით. ფაქტების ერთობლიობა და მოვლენათა სინქრონულობა კი მხოლოდ იმას გაფიქრებინებს, რაც ზემოთ დავწერე
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…