,, როდის ყოფილა, რომ საპატრიარქო „ოცნების“ რუსულ რეჟიმს დაპირისპირებოდა?!“ – რომან გოცირიძე
ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საპატრიარქო „ოცნების“ რეჟიმს არასდროს დაპირისპირებია და სინოდს ურჩევს, კაზინოების კანონზე მსჯელობის ნაცვლად, ქვეყნის დაკარგვასა და ციხეებში უსამართლოდ დაპატიმრებულ ადამიანებს მიხედოს.

ეკონომისტი, ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე:
,,მაშინ, როცა ბოლო ათი წლის განმავლობაში სინოდის სხდომა, ალბათ, ათჯერაც კი არ ჩატარებულა, კაზინოების ფუნქციის გაფართოებასთან დაკავშირებით საპატრიარქო სერიოზულ მსჯელობას აპირებს, ოღონდ პოსტ ფაქტუმ-კანონის მიღების შემდეგ.
როგორც საპატრიარქოს, ისე ნებისმიერ პირს აქვს უფლება, იმსჯელოს იმაზე, რაც საჭიროდ მიაჩნია, მაგრამ როცა სინოდის მოწვევას გეგმავ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც უკიდურესად საგანგაშო ხდება. ქვეყანას ვკარგავთ, უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანები ციხეებში სხედან და კარგი იქნებოდა, საპატრიარქოს განგაშის ზარები სწორედ ამაზე შემოეკრა და არა იმაზე, შეიძლება თუ არა პოკერის ტურნირის ჩატარება იმ კაზინოში, სადაც ამ თამაშს ისედაც თამაშობენ.
სინამდვილეში, რაშია საქმე?
დავიწყოთ იმით, რომ კაზინო ან არის, ან არ არის. მისი რომელიმე ფუნქციის შეკვეცაზე ან გაფართოებაზე საუბარი არასერიოზულია.
ის კანონი, რომელიც ახლა მიიღეს, ცუდია არა იმიტომ, რომ კაზინოებს დამატებით, ერთჯერადად, რამდენიმე ათეული პოკერის მაგიდის დადგმისა და ტურნირის ჩატარების უფლება ეძლევათ, არამედ იმიტომ, რომ ამ ტურნირის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეთა სულ მცირე 80 პროცენტი უცხოელი უნდა იყოს, დამატებითი მაგიდები და ტურნირში მონაწილეთა შემოსავლები გადასახადებისგან თავისუფლდება. ესაა და ეს.
ისეთი რა გაუჭირდათ კაზინოებს, რომ ერთკვირიანი ტურნირის განმავლობაში გადასახადების გადახდას გაექცნენ? აგერ, ყავის კომპანიაა, რომელიც ბოლო წლებია მუდმივად ზარალზე მუშაობს, მაგრამ მილიონობით ლარს ურიცხავს „იმედსა“ და „პოსტივის“. ეს როგორ ხდება? ისე ხდება, რომ მის მეპატრონეს კაზინო აქვს და იქიდან ნაშოვნი ფულით ხელისუფლებას პროპაგანდისტული, სანქცირებული სანაგვის დაფინანსებაში ეხმარება.
კაზინოებში პოკერის სათამაშოდ უცხოელები ჩამოდიან. თუ კაზინო აკრძალული არ არის და წელიწადში ერთხელ, ტურნირის ეგიდით, ასამდე ადამიანი ჩამოვა, რა პრობლემაა ამაში? დახარჯავს ფულს და რაღაც თანხა ბიუჯეტშიც შემოვა. აი, იმაზე უნდა გვესაუბრა, რომ ეს შემოსავალი ბიუჯეტში არ შევა და არა იმაზე, რაც კაზინოებში ისედაც ხდება.
სინოდს კი ურჩევნია, ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას დაანებოს თავი და უფრო მნიშვნელოვან საკითხებს მიხედოს. ესეც ხომ მოჩვენებითი ფაფხურია-როდის ყოფილა, რომ საპატრიარქო „ოცნების“ რუსულ რეჟიმს დაპირისპირებოდა?!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…