ლევან ღამბაშიძე: ყველა გადადგებოდა, ნორმალურ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც ხალხია მთავარი და მთავრობა მისი მსახურია
ლევან ღამბაშიძე: ხოდა როგორ არ ფიქრობთ რომ ეს ყველაფერი შესაცვლელია? როგორ არ ფიქრობთ, რომ ასე ღიად და უტიფრად არავინ არ უნდა გატყუებდეთ? როგორ არ ფიქრობთ, რომ იმსახურებთ, რომ თქვენი გადასახადების საშუალებით დაქირავებული ადამიანები თქვენი მსახურები უნდა იყვნენ და არა პირიქით? როგორ არ ფიქრობთ, რომ უკეთესს იმსახურებთ?

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
თბილისის მერის სიტყვები:
"ჩვენ ვერ გავაფართოებთ ყველა ქუჩას, ვერ დავანგრევთ შენობებს და ვერ გავანადგურებთ მწვანე სივრცეებს, რომ ავტომობილების მზარდ რაოდენობას მეტი ადგილი დავუთმოთ."
ბევრს ვკამათობ ხოლმე და ბევრი მცდარი თუ განგებ მცდარი არგუმენტი მომისმენია, მაგრამ ყოველთვის მაქვს მოლოდინი, რომ მოწინააღმდეგე კამათისას რაღაც პატიოსნების, თუ საღი აზრის, თუ გონიერების მინიმალურ სტანდარტს დაიცავს, არა იმიტომ, რომ საკუთარ თავს სცემს პატივს, არამედ იმიტომ, რომ არ მჯერა რომ ისეთი სულელი შეიძლება ვეგონო, რომ ყველაზე მარტივად გამოსავლენ ტყუილს ვერ მივხვდე.
ანუ: ქალაქის მერი ამბობს, სატრანსპორტო მდგომარეობის მოსაგვარებლად, ნუ მთხოვთ ა) ქუჩების გაფართოებას; ბ) შენობების დანგრევას; გ) მწვანე სივრცეების განადგურებასო.
ა) ქალაქ თბილისის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში დავიწროვდა ქალაქის ორი გამზირი: ჭავჭავაძის და რუსთაველის. ბასლეინების გამო ისეთი ადგილებიც დავიწროვდა, სადაც მანამდე პრობლემა არასოდეს იყო, ავტობუსიანად და უავტობუსოდაც. პარკირების არარსებობის გამო ახალი კორპუსების მაცხოვრებლებს ისეთ ადგილებში უწევთ მანქანების გაჩერება, სადაც აქამდე არ აჩერებდნენ ხოლმე.
ბ) ქალაქ თბილისის ამჟამინდელი ადმნისტრაციის პირობებში აშენდა შენობები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა აშენებულიყო. ჭავჭავაძეზე ცათამბრჯენები აღმოცენდა და კიდევ იგეგმება რამდენიმეს აშენება; საბურთალოზე მზე აღარ ჩანს ფაქტიურად; ლისის მიდამოებზე ახალი ქალაქები დაარსდა; ზემო მთაწმინდაზე, მთაწმინდის ძირში ისეთი შენობები აშენდა, რომელმაც ძირეულად შეცვალა ქალაქის ხედი; პანორამა თბილისი თავისუფლების მოედანზე.... არანაირი წესები, არანაირი წითელი ხაზები, არანაირი არქიტექტურული გათვლები, არანაირი ურბანული ქსოვილის გათვალისწინება. ყველაფერი შენდება ყველგან, თუკი საჭირო კაცს იცნობ მერიაში და თუკი ამ საჭირო კაცის ანგარიშის ნომერზე ხელი მიგიწვდება. ან თუ პარტიას შესწირავ ხოლმე პერიოდულად ცოტა ფულს.
გ) ქალაქ თბილისი ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში, სულ მცირე ყოფილი იპოდრომის ადგილას დაიგეგმა ტრამპტაუერის აშენება, რიყეზე "დოქების" მონგრევის მერე დაიგეგმა კორპუსის ჩადგმა და ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეშიც რამდენიმე კორპუსი აღმოცენდება მალე.
ანუ, მერმა რაც თქვა, ნუ მთხოვთო, არა თუ იმას არავინ ითხოვს, არამედ ზუსტად მის საპირისპიროს აკეთებს ისედაც.
ჩვენი პრობლემა მემკვიდრეობა კი არ არის, რომელსაც მაგალითად პოპულაციის ზრდა ვერ ერგება, არამედ მიმდინარე პოლიტიკა, რომელიც გადაადგილებას კი არა, ცხოვრებას ხდის შეუძლებელს.
რას ვიზამთ. ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ერთ კაცზეა ჩამოკიდებული, რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ყველაფერზე ამ ერთ კაცს ეკისრება. შესაბამისად ლოგიკურია, რომ ყველა დანარჩენი მარიონეტი არანაირი პასუხისმგებლობას არ გრძნობს საქართველოს მოქალაქეების მიმართ და პირიქით, ყველაფერს ზუსტად ამ მოქალაქეებს აბრალებს. ჩემს დაქვემდებარებულ ადამიანებს ბაღები რომ გაეძარცვათ, მეტროს ვაგონების რემონტზე რომ ფული მოეტეხათ, არასწორად ჩატარებული სამუშაოების გამო ადამიანები რომ მოეკლათ, მე გადავდგებოდი. და ყველა გადადგებოდა, ნორმალურ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც ხალხია მთავარი და მთავრობა მისი მსახურია. ჩვენთან ყველა ერთ კაცთანაა პასუხისმგებელი და მთავარია მას არ გაუცრუოს არავინ იმედი, თორე ხალხი....
ხოდა როგორ არ ფიქრობთ რომ ეს ყველაფერი შესაცვლელია? როგორ არ ფიქრობთ, რომ ასე ღიად და უტიფრად არავინ არ უნდა გატყუებდეთ? როგორ არ ფიქრობთ, რომ იმსახურებთ, რომ თქვენი გადასახადების საშუალებით დაქირავებული ადამიანები თქვენი მსახურები უნდა იყვნენ და არა პირიქით? როგორ არ ფიქრობთ, რომ უკეთესს იმსახურებთ?
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…