ლევან ღამბაშიძე: და ახლა, ვილი ლაგესის ამბის გაგების შემდეგ, დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა: ციხეში რატომ ზის ელენე ხოშტარია? რა დააშავა მან ასეთი, რის გამოც წელიწადნახევარი ციხეში უნდა იჯდეს
ლევან ღამბაშიძე: ეს არის ნაცისტური გერმანიის SS-ის შტურმბანფიურერი და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ამსტერდამში - ვილი ლაგესი. უშუალოდ მისი დამსახურებაა 70 000 ჰოლანდიელი ებრაელის საკონცენტრაციო ბანაკებში დეპორტაცია და ასეულობით წინააღმდეგობის მოძრაობის წევრის დახვრეტა.

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
ეს არის ნაცისტური გერმანიის SS-ის შტურმბანფიურერი და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ამსტერდამში - ვილი ლაგესი.
უშუალოდ მისი დამსახურებაა 70 000 ჰოლანდიელი ებრაელის საკონცენტრაციო ბანაკებში დეპორტაცია და ასეულობით წინააღმდეგობის მოძრაობის წევრის დახვრეტა.
ლაგესის ენთუზიაზმი ნაცისტებისთვისაც კი გასაკვირი იყო. მაგალითად, ომის მიწურულს გერმანიის საოკუპაციო რეჟიმმა და ჰოლანდიის წინააღმდეგობის მოძრაობამ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ნაცისტური რეჟიმი უარს ამბობდა პოლიტიკური პატიმრებისა და წინააღმდეგობის მოძრაობის წევრების დახვრეტაზე.
რა ქნა ლაგესმა?
ომის დამთავრებამდე სამი კვირით ადრე, ანუ, როდესაც უკვე ომის ბედი გადაწყვეტილი იყო, ლაგესმა სიკვდილით დასაჯა წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი ჰანი შაფტი. არავინ ავალდებულებდა ამის გაკეთებას. პირიქით, შეთანხმება უკრძალავდა, მაგრამ მაინც დახვრიტა.
ომის დასრულების შემდეგ ლაგესი დაიჭირეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მოგვიანებით ნიდერლანდების დედოფლის ინიციატივით, ეს განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.
1966 წელს, ლაგესი მძიმედ დაავადდა, რის გამოც ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრმა, რომელიც თავად ებრაული წარმოშობის იყო, მისი გათავისუფლების ბრძანება გამოსცა. მინისტრის აზრით, მომაკვდავი ადამიანის ციხეში დატოვება ჰუმანიზმის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას უდიდესი უკმაყოფილება მოჰყვა, ნიდერლანდების მთავრობამ გაითვალისწინა მინისტრის პოზიცია და ლაგესი საპატიმროდან გაათავისუფლა. ის გერმანიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ და გამოჯანმრთელების შემდეგ(რასაც არავინ ელოდა) ლაგესმა გერმანიის ერთ-ერთ კურორტზე იცხოვრა კიდევ 5 წელი.
რატომ არის ეს ამბავი მნიშვნელოვანი ჩვენთვის?
ჰოლანდიაში ნამყოფი ხართ? რომელიმეს შეგიძლიათ თქვათ, რომ ჰოლანდიაში უბერური ხალხი ცხოვრობს? შეგიძლიათ თქვათ, რომ რამე უჭირთ? რომ ქვეყანა ჩამოშლილია? რომ სიღარიბეში ხდება ხალხს სული? რომ ხალხი სასამართლოებში სამართალს ვერ პოულობს? რომ ბავშვები შიმშილით იხოცებიან? რომ განათლების დონეა დაბალი? რომ ჰოლანდიას ბოროტი ძალები მართავენ?
და რის ხარჯზე შეძლეს ეს ჰოლანდიელებმა იცით? ზუსტად იმის ხარჯზე, რომ მათ სამართალი ჰუმანისტურ პრინციპებზე დააფუძნეს და არა პირად შურისძიებაზე. იმის ხარჯზე, რომ მთელი პოლიტიკური საქმიანობა ადამიანზეა ორიენტირებული და არა ძალაუფლებას დახამებული ინდივიდების პირად ვნებებსა და სურვილებზე. იმის ხარჯზე, რომ პოლიტიკოსები პრინციპებით ხელძძღვანელობდნენ და არა იმის კალკულაციებით, თუ რა ნაბიჯი რა სარგებელს მოუტანდა მათ მიერ ძალაუფლების შენარჩუნების საქმეს.
თქვენ ფიქრობთ ჰოლანდიელებს არასათანადოდ სძულდათ 70 000 ებრაელის გადასახლების ინიციატორი? თქვენ ფიქრობთ ლაგეს მიერ დახვრეტილ ხალხს ნათესავები და მეგობრები არ ჰყავდათ? თქვენ ფიქრობთ ჰოლანდიელებმა არ იცოდნენ რა არის სამართალი?
ყველაფერი კარგად იცოდნენ. უბრალოდ ჰუმანიზმის პრინციპი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მათთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა პოლიტიკური არგუმენტი. და ჰუმანიზმის მხოლოდ ახლობლების, თანაპარტიელების, მხარდამჭერების მიმართ გამოვლენილ კეთილ ნებაში არ ვლინდება. პირიქით: თუ რამეა ჰუმანიზმი, ეს სწორედ მოწინააღმდეგის მიმართ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაა. ოღონდ სამართლიანი, არა კანონიერის გაგებით (რაც კანონში წერია), არამედ უფრო მნიშვნელოვანი გაგებით - სამართლიანობის, როგორც პრინციპის.
და ახლა, ვილი ლაგესის ამბის გაგების შემდეგ, დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა: ციხეში რატომ ზის ელენე ხოშტარია? რა დააშავა მან ასეთი, რის გამოც წელიწადნახევარი ციხეში უნდა იჯდეს, მით უფრო მისი ჯანმრთელობის მდგომაროების გათვალისწინებით? რა დააშავა რეზო კიკნაძემ? მათე დევიძემ? გიორგი ოკმელაშვილმა? ანდრო ჭიჭინაძემ? ირაკლი ოქრუაშვილმა? ზვიად ცეცხლაძემ? ვეფხია კასრაძემ........
ამ ხალხის დაპატიმრებით თქვენი ცხოვრება უკეთესი გახდა? როგორც სახელმწიფომ სადმე წინ წავიწიეთ? როგორც საზოგადოება უკეთესი გავხდით? სამართლიანობა გამეფდა საქართველოში? არაფერი მაგდაგვარი. პირიქით.
როგორც სახელმწიფო, ბევრად უფრო ცუდ მდგომარეობაში ვართ. გვყავს პოლიტპატიმრები. დადასტურდა, რომ სამართლიანობის მიღწევა ამ სასამართლოს პირობებში შეუძლებელია. ჩამოგვეშალა სასამართლო სისტემა. მოსამართლეებმა, პროკურორებმა, პოლიციელებმა მომავალში საციხოდ გაიხადეს საქმე.
როგორც საზოგადოება კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით: საზოგადოებაში გაჩნდა შურისძიების წყურვილი; დაისადგურა უიმედობამ; ათობით ადამიანს ცხოვრება უარესობისკენ შეეცვალა და ამაზე პასუხისმგებლობა აიღო რეჟიმის ათასობით მხარდამჭერმა; უსამართლობა ყოველდღიურობა გახდა; ტყუილი, უღირსობა, მლიქვნელობა და მომხვეჭელობა იქცა რეჟიმზე მომუშავე ადამიანების მამოძრავებელ პრინციპებად.
ვინ მოიგო? არავინ. ყველამ წააგო. ყველამ, ერთი ჩია კაცის გარდა, რომელმაც კიდევ რამდენიმე წლით უწრუნველჰყო მის ხელში ძალაუფლების არსებობა. და მანდაც წაგებულია. ისეთ ძალაუფლებას რა ვუთხარი, რომელიც ბედნიერებას კი არ განიჭებს იმის გამო, თუ რამდენი კარგი რამის კეთება შეგიძლია ამ ძალაუფლების გამოყენებით, არამედ უბედურებას, მისი დაკარგვის მუდმივი შიშის გამო.
და როდემდე აპირებთ ისეთი სისტემის მხარდაჭერას, სადაც არავინაა ბედნიერი? სადაც ხვალინდელი დღის დაგეგმვა შეუძლებელია? სადაც ბავშვების მომავალი მხოლოდ საზღვარგარეთ წარმოგიდგენიათ? სადაც მკურნალობა მხოლოდ საზღვარგარეთ არის შესაძლებელი? სადაც კეთილსინდისიერი შრომით მხოლოდ იმის მეათასედის გამომუშავება შეგიძლიათ, რისი გამომუშავებაც თაღლიდობით არის შესაძლებელი? სადაც სამართლიანობა არ არსებობს? სადაც ადამიანი მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებაა და არა ზრუნვის მიზანი? როდემდე მისცემთ უღირს ადამიანებს საკუთარი თავის გამოყენების საშუალებას?
შეიძლება იკითხოთ, რომც მომინდეს რამის შეცვლა, რისი გაკეთება შემიძლიაო. ილაპარაკეთ. რაც შეიძლება მეტი, რაც შეიძლება ბევრგან და რაც შეიძლება დაუზარებლად. გამოთქვით უკმაყოფილება. თქვით რომ არ მოგწონთ რაც ხდება. თქვენ თუ მიხვდით რაც გვჭირს, სხვებსაც დაეხმარეთ ამის მიხვედრაში. გახსოვდეთ, რომ სწორედ ლაპარაკი განგვასხვავებს ცხოვრელებისაგან, რომელთაც სხვანაირად პირუტყვებსაც ვეძახით. ლაპარაკით მინიმუმ იმას მაინც მოვახერხებთ, რომ ვინმემ პირუტყვად არ ჩაგვთვალოს.
და განა ეს ცოტაა ისეთ სახელმწიფოში, სადაც ლაპარაკის გამო ხალხი ციხეში ზის? ბევრია. ძალიან ბევრი.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…