კახა კახიშვილი: ტურიზმის განვითარება ნებისმიერ ფასად? ამ ყველაფერში ყველაზე მძიმე ის არის, რომ ადამიანების მცირე ჯგუფი ამ საქმიანობით მილიონებს გამოიმუშავებს, სხვებს კი...
კახა კახიშვილი: ტურიზმის განვითარება ნებისმიერ ფასად? 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საერთაშორისო აზარტული ტურნირებისთვის საგადასახადო და სხვა შეღავათებს ითვალისწინებს.

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი:
ტურიზმის განვითარება ნებისმიერ ფასად?
28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საერთაშორისო აზარტული ტურნირებისთვის საგადასახადო და სხვა შეღავათებს ითვალისწინებს.
ჩემი აზრით, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყანაა, რომელსაც ტურიზმის განვითარების უდიდესი შესაძლებლობები აქვს. მაგრამ ტურისტების მოზიდვა და დამატებითი შემოსავლების მიღება არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ნებისმიერი საქმიანობა უნდა წაახალისოს.
მსოფლიოში არაერთი საქმიანობა არსებობს, რომელსაც შეუძლია ეკონომიკური შემოსავლის მოტანა, მაგრამ ამავე დროს საზოგადოების ისტორიულ, კულტურულ და ზნეობრივ ღირებულებებთან შეუთავსებელი აღმოჩნდეს. თუ მხოლოდ შემოსავლით ვიხელმძღვანელებთ, ხვალ შეიძლება სხვა ისეთი საქმიანობის წახალისებაც გამართლდეს, რომელიც გარკვეულ ქვეყნებში შეზღუდულია, მაგრამ ტურისტების მოზიდვის საშუალებად ჩაითვლება.
ტურიზმის განვითარება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას უნდა ემსახურებოდეს და არა საზოგადოების ჯანმრთელობისა და ინტერესების შესაძლო დაზიანებას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია აზარტულ თამაშებზე, რომელთა მძიმე სოციალური შედეგები კარგად არის ცნობილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 1,2%-ს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული აშლილობა აქვს. ამავე ორგანიზაციის შეფასებით, აზარტულ თამაშებში დაკარგული თანხების დაახლოებით 60% იმ ადამიანებზე მოდის, რომლებიც თამაშით გამოწვეულ ზიანს განიცდიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ზიანი მხოლოდ ფინანსური დანაკარგებით არ შემოიფარგლება. მას შეიძლება მოჰყვეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ოჯახური ურთიერთობების გაუარესება, ვალები, ქონების დაკარგვა და მძიმე სოციალური შედეგები.
ამ ყველაფერში ყველაზე მძიმე ის არის, რომ ადამიანების მცირე ჯგუფი ამ საქმიანობით მილიონებს გამოიმუშავებს, სხვებს კი შესაძლოა მთელი ცხოვრება დასჭირდეთ აზარტული თამაშების გამო დაგროვილი ვალების გასასტუმრებლად და ისიც საკითხავია, შეძლებენ თუ არა მათ ოდესმე სრულად დაფარვას. ამას ემატება დაკარგული ქონება, დანგრეული ოჯახები და ადამიანების გაუბედურებული ცხოვრება.
სამწუხაროდ, იმ ადამიანებისა და ოჯახების რაოდენობა, რომლებიც აზარტული თამაშების მძიმე შედეგებს საკუთარ თავზე იწვნევენ, შესაძლოა გაცილებით მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე იმ მცირე ჯგუფის წარმომადგენლებისა, რომლებიც ამ ბიზნესით მილიონებს გამოიმუშავებენ.
სწორედ ამიტომ სახელმწიფომ მხოლოდ ის კი არ უნდა დაითვალოს, რამდენ შემოსავალს მიიღებს ა�� საქმიანობიდან, არამედ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რა სოციალური ფასი შეიძლება ჰქონდეს მის გადაწყვეტილებას.
ამ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება სახალხო დამცველმაც 27 ოქტომბრის განცხადებაში. მისი შეფასებით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში სათანადოდ არ იყო წარმოდგენილი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების, სოციალური ზიანისა და მისი პრევენციის ხარჯების ანალიზი. ასევე არ იყო უზრუნველყოფილი შესაბამისი სპეციალისტების სათანადო მონაწილეობა საკითხის განხილვაში.
სახალხო დამცველმა პარლამენტს მოუწოდა, არ გაეგრძელებინა კანონპროექტის მიღება ასეთი ფორმით. მიუხედავად ამისა, ცვლილებები მეორე დღესვე მიიღეს.
ახალი რეგულაციით, საერთაშორისო აზარტული ტურნირის მონაწილეთა არანაკლებ 80% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. კანონით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში, 3 მილიონ ლარზე მეტი საპრიზო ფონდის მქონე ტურნირებისთვის დაწესებულია კონკრეტული საგადასახადო და მოსაკრებლის შეღავათები.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში საუბარია ტურიზმის განვითარებაზე, უცხოელი მონაწილეების მოზიდვასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე. მაგრამ რატომ უნდა გახდეს სწორედ აზარტული თამაშების ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი შეღავათების მიმღები?
კანონით გათვალისწინებული 80%-იანი მოთხოვნა არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ ტურნირებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას.
თუ ტურნირში 1000 ადამიანი მონაწილეობს, მათგან 200 შეიძლება საქართველოს მოქალაქე იყოს. თუ მონაწილეთა რაოდენობა 1200 იქნება, საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობამ შეიძლება 240-ს მიაღწიოს. შემდეგ ტურნირში შესაძლოა სხვა მოქალაქეები მონაწილეობდნენ, მომდევნოში კიდევ სხვები. თუ ასეთი ტურნირები რეგულარულად ჩატარდება, რამდენი ჩვენი მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს დროთა განმავლობაში ამ პროცესში ჩართული?
ამასთან, კანონით განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი დაწესდა. თუ საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ მიღებული შესაბამისი დასაბეგრი შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება, ხოლო საქართველოს მოქალაქის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 20%-ით იბეგრება.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა. მაგრამ თუ სახელმწიფოს მიზანია, ჩვენი მოქალაქეები ასეთი ტურნირებისგან დაიცვას, მაშინ რატომ უშვებს საერთოდ მათ მონაწილეობას?
თუ ხელისუფლება განსხვავებულ საგადასახადო რეჟიმსაც მოქალაქეების მონაწილეობის შემაკავებელ საშუალებად განიხილავს, რამდენად რეალურია ასეთი მიდგომა? მართლა ფიქრობს ვინმე, რომ ადამიანი, რომელიც მრავალმილიონიანი საპრიზო ფონდის მქონე აზარტულ ტურნირში მონაწილეობას გადაწყვეტს, უარს მხოლოდ იმიტომ იტყვის, რომ შესაძლო მოგებიდან 20%-ის გადახდა მოუწევს?
აზარტულ თამაშში მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანი, როგორც წესი, პირველ რიგში შესაძლო მოგებაზე ფიქრობს და არა იმაზე, რა ოდენობის გადასახადი დაეკისრება მოგების შემთხვევაში.
გამოდის, რომ უცხოელ მონაწილეს საგადასახადო შეღავათს ვთავაზობთ, ხოლო საქართველოს მოქალაქეს იმავე ტურნირში ასეთი შეღავათი არ ეკუთვნის. რამდენად ეფექტიანია მოქალაქეების დაცვის ასეთი მექანიზმი?
მაგრამ საკითხი მხოლოდ უშუალო მონაწილეებით არ შემოიფარგლება.
საქართველოში აზარტული თამაშების რეკლამაზე კანონით შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტსივრცეშიც. მაგრამ ერთი რამ არის კანონით აკრძალვის დაწესება და სრულიად სხვაა მისი რეალურად აღსრულება.
პირადად მე სოციალურ ქსელებში ხშირად მხვდება აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული სარეკლამო მასალა. ამიტომ ბუნებრივად მიჩნდება კითხვა: ვინ აკონტროლებს ამ სფეროს, რამდენად სისტემატურად ხდება ასეთი რეკლამის გამოვლენა და რა რეაგირება მოჰყვება დარღვევებს?
განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ საუბარია საერთაშორისო ტურნირებზე. მათი რეკლამა შეიძლება განთავსდეს არა საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებიდან, უცხოური კომპანიებისა და საერთაშორისო ინტერნეტპლატფორმების მეშვეობით. ამავე დროს, ეს რეკლამა შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, მათ შორის სოციალურ ქსელებში.
ასეთ შემთხვევაში ვინ და როგორ უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედი სარეკლამო შეზღუდვების დაცვას? რა მექანიზმები ექნება სახელმწიფოს უცხოეთიდან გავრცელებულ რეკლამაზე რეაგირებისთვის და რამდენად ეფექტიანი იქნება ეს მექანიზმები?
დღეს ახალგაზრდები და არასრულწლოვნები გაცილებით მეტ დროს ატარებენ სოციალურ ქსელებში, ვიდრე ტელევიზორის წინ. შესაბამისად, სწორედ ამ სივრცეში გავრცელებულმა ინფორმაციამ შეიძლება განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს მათ დამოკიდებულებაზე აზარტული თამაშების მიმართ.
ამას თუ დავუმატებთ საერთაშორისო აზარტული ტურნირების გაშუქებას, გამარჯვებულების წარმატების ისტორიებსა და მრავალმილიონიანი საპრიზო ფონდების წარმოჩენას, ჩნდება კითხვა: როგორ აპირებს სახელმწიფო არასრულწლოვნებისა და ახალგაზრდების დაცვას აზარტული თამაშების პოპულარიზაციის შესაძლო გავლენისგან?
არასრულწლოვნებს დღეს ასეთ თამაშებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აზარტული თამაშების პოპულარიზაციის გავლენისგან დაცული არიან. როდესაც არასრულწლოვანი ხედავს მრავალმილიონიან საპრიზო ფონდებსა და გამარჯვებულების წარმატების ისტორიებს, შესაძლოა ჩამოუყალიბდეს წარმოდგენა, რომ აზარტული თამაშები გამდიდრების მიმზიდველი გზაა. მან შეიძლება უკვე დღეს იფიქროს, რომ როგორც კი კანონით დადგენილ ასაკს მიაღწევს, თავადაც მიიღებს მონაწილეობას მსგავს ტურნირში.
ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, ვის აქვს დღეს თამაშის უფლება, არამედ ისიც, რა დამოკიდებულება ყალიბდება აზარტული თამაშების მიმართ მომავალ თაობაში. ვინ და რამდენად საფუძვლიანად შეაფასა ასეთი ტურნირების შესაძლო გრძელვადიანი გავლენა ახალგაზრდებზე, არასრულწლოვნებსა და მთლიანად საზოგადოებაზე?
ცალკე საკითხია მრავალმილიონიანი საპრიზო ფონდების ფინანსური კონტროლი.
საქართველოში მოქმედებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კანონმდებლობა, რომლის მოთხოვნების შესრულებაც აზარტული თამაშების ორგანიზატორებს ევალებათ.
მაგრამ როდესაც საუბარია მრავალმილიონიან საპრიზო ფონდებზე, უცხოელ მონაწილეებსა და საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებზე, რამდენად ეფექტიანად იქნება შესაძლებელი თანხების წარმომავლობის, რეალური გამარჯვებულებისა და მოგების სახით გადარიცხული თანხების კონტროლი?
არ შეიძლება გამოირიცხოს წინასწარ შეთანხმებული შედეგების, ფიქტიური მოგებებისა და საეჭვო ფინანსური ოპერაციების მცდელობები. რა დამატებითი კონტროლის მექანიზმები იმოქმედებს ასეთი ტურნირების შემთხვევაში და რამდენად იქნება შესაძლებელი შესაძლო დარღვევების დროულად გამოვლენა?
შევხედოთ სპორტის მაგალითს. ფეხბურთსა და სპორტის სხვა სახეობებში ათწლეულებია მოქმედებს საერთაშორისო ფედერაციები, დისციპლინური კომისიები, სპეციალური მონიტორინგის სისტემები და შეთანხმებული შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები. მიუხედავად ამისა, დღემდე ვერ ხერხდება მატჩების შედეგებით მანიპულაციისა და უკანონო გარიგებების სრულად აღმოფხვრა.
თუ ასეთი მრავალწლიანი გამოცდილებისა და კონტროლის მიუხედავად სპორტშიც არსებობს მანიპულაციების რისკი, რა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მრავალმილიონიან აზარტულ ტურნირებში მსგავსი საფრთხეები არ იარსებებს?
ვინ გააკონტროლებს არა მხოლოდ მონაწილეთა ვინაობასა და ფორმალური მოთხოვნების შესრულებას, არამედ თავად თამაშის მიმდინარეობის კეთილსინდისიერებას, შესაძლო შეთანხმებულ შედეგებსა და საეჭვო ფინანსურ ოპერაციებს?
არ ვამტკიცებ, რომ ასეთი დანაშაულები აუცილებლად მოხდება. მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო შეღავათების დაწესებამდე მნიშვნელოვანია იმის დასაბუთება, რომ არსებული კონტროლის მექანიზმები ამ რისკებთან გასამკლავებლად საკმარისია.
ამ ყველაფერს ემატება ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა.
როდესაც მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მძიმე ტვირთად იქცა პროდუქტების, მედიკამენტებისა და კომუნალური მომსახურების ხარჯები, როდესაც პენსიონერების შემოსავლები ხშირად ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლადაც არასაკმარისია, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ მიიჩნია სახელმწიფომ პრიორიტეტულად საგადასახადო შეღავათების დაწესება სწორედ აზარტული თამაშების ბიზნესისთვის.
ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც მოქალაქეებს უწევთ გაზრდილ ჯარიმებთან, სანქციებთან და სხვა ფინანსურ ვალდებულებებთან გამკლავება.
წლების განმავლობაში არაერთხელ დამდგარა ომის ვეტერანებისთვის, პენსიონერებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მარტოხელა მშობლებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დამატებითი საგადასახადო შეღავათებისა და სხვა სახის ფინანსური მხარდაჭერის დაწესების საკითხი. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის არსებული დახმარება კვლავ არასაკმარისია.
რატომ ვერ მოიძებნა დღემდე საკმარისი შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის დამატებითი შეღავათების დასაწესებლად, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა ქვეყნის სამსახურში დაკარგეს, რომლებიც მთელი ცხოვრება შრომობდნენ და დღეს მინიმალური შემოსავლით ცხოვრობენ, ან რომლებიც მარტო ზრდიან შვილებს და ყოველდღიურად მძიმე ფინანსურ პრობლემებს ებრძვიან?
რატომ აღმოჩნდა საერთაშორისო აზარტული ტურნირებისთვის ხელსაყრელი საგადასახადო პირობების შექმნა უფრო სწრაფად გადასაწყვეტი საკითხი, ვიდრე ამ ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესება?
ამ ყველაფერს ემატება საწვავისა და ენერგორესურსების გაძვირებით გამოწვეული პრობლემები. მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე ზოგიერთმა სახელმწიფომ მოსახლეობის ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად საწვავზე აქციზის დროებითი შემცირების ან შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
რატომ არ განიხილავს საქართველოს ხელისუფლება მსგავსი დროებითი შეღავათების დაწესებას, რათა საწვავის გაძვირებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქოს მოსახლეობას?
საქართველოში საწვავის გაძვირება პირდაპირ აისახება ტრანსპორტირების, პროდუქტებისა და მომსახურების ფასებზე. ამავე დროს, მოქალაქეებს აწუხებთ გაზისა და სხვა კომუნალური მომსახურების ტარიფები, მზარდი ხარჯები, ჯარიმები და ფინანსური ვალდებულებები.
რატომ არ განიხილება ასეთივე ოპერატიულობით მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის შემსუბუქების შესაძლებლობები, როგორც საერთაშორისო აზარტული ტურნირებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება?
ჩემი აზრით, სწორედ ასეთი გადაწყვეტილებებით ჩანს სახელმწიფოს პრიორიტეტები. როდესაც საქმე საერთაშორისო აზარტულ ტურნირებს ეხება, საგადასახადო შეღავათების დაწესება დაჩქარებული წესით ხდება, ხოლო როდესაც საუბარია მოქალაქეების ყოველდღიური ფინანსური ტვირთის შემსუბუქებაზე, მსგავსი გადაწყვეტილებები გაცილებით რთულად მიიღება.
განა საქართველოს არ აქვს საკმარისი ისტორიული, კულტურული, ბუნებრივი და სხვა შესაძლებლობები იმისთვის, რომ ტურიზმის განვითარება სწორედ მათზე დავაფუძნოთ, ნაცვლად ისეთი საქმიანობის დამატებითი წახალისებისა, რომელიც მნიშვნელოვან სოციალურ რისკებთან არის დაკავშირებული?
ამ საკითხების ფონზე განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ გახდა აუცილებელი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აზარტული თამაშების ბიზნესს, საგადასახადო პოლიტიკას, მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სოციალურ მდგომარეობას ეხება, გაცილებით ფართო განხილვას საჭიროებდა.
განსაკუთრებით საინტერესოა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ კანონპროექტის შესახებ მისი ინიცირების შემდეგ შეიტყო და საკითხს ფართო განხილვისთვის საკმარისად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევდა.
არ ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრს არ ესმოდეს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული სოციალური რისკების სიმძიმე. სწორედ ამიტომ მისი განცხადება ჩემთვის კითხვებს აჩენს.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს პრემიერი უკვე მიღებული გადაწყვეტილებისგან გამიჯვნას ცდილობს, რათა მომავალში მის შესაძლო უარყოფით შედეგებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ დაეკისროს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ის მხოლოდ პრემიერ-მინისტრი არ არის. ის მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეცაა.
როგორც პრემიერ-მინისტრს, მას მთავრობის საქმიანობის ხელმძღვანელობა და მინისტრების მუშაობის კოორდინაცია ევალება. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარეს კი განსაკუთრებული პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე.
ამიტომ ჩემთვის ძნელად გასაგებია, როგორ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტთან, საგადასახადო პოლიტიკასთან, აზარტული თამაშების ბიზნესსა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ასეთი საკითხი მთავრობის შესაბამის უწყებებსა და საპარლამენტო უმრავლესობაში განიხილებოდეს ისე, რომ პრემიერ-მინისტრი სათანადოდ ინფორმირებული არ იყოს.
თუ საკითხი მასთან შეთანხმებული იყო, მისი განცხადება დამატებით განმარტებას საჭიროებს. ხოლო თუ გადაწყვეტილება მართლაც მისი სათანადო ინფორმირებისა და მონაწილეობის გარეშე მომზადდა და მიიღეს, ეს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის მუშაობის კოორდინაციასთან დაკავშირებით კიდევ უფრო სერიოზულ კითხვებს აჩენს.
ორივე შემთხვევაში პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში რჩება.
ჩემი აზრით, ბოლო პერიოდში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დაჩქარებული წესით განხილვის პრაქტიკა სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს. კანონით ასეთი პროცედურის დაშვება თავისთავად არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ყველა შემთხვევაში მიზანშეწონილია.
სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობა მხოლოდ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების განმარტებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, რომლებიც მოქალაქეების ჯანმრთელობას, სოციალურ მდგომარეობასა და ფინანსურ უსაფრთხოებას ეხება.
ვფიქრობ, რაც უფრო აქტიური იქნება მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ურთიერთობა საზოგადოებასთან და რაც უფრო მეტად გაითვალისწინებენ ადამიანების მოსაზრებებს გადაწყვეტილებების მიღებამდე, მით უკეთესი იქნება როგორც საზოგადოებისთვის, ისე თავად ხელისუფლებისთვის.
კანონი უკვე მიღებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საკითხი დახურულია. ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა განუმარტოს, რატომ გახდა აუცილებელი სწორედ საერთაშორისო აზარტული ტურნირებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება, რა ეკონომიკურ სარგებელს ელოდება ამ გადაწყვეტილებისგან და რა მექანიზმებით აპირებს მისი შესაძლო სოციალური და ფინანსური შედეგების კონტროლს.
მიმაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება გადახედვას საჭიროებს. ტურიზმის განვითარება აუცილებელია, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის წარმატება მხოლოდ მოზიდული ტურისტებისა და მიღებული შემოსავლების რაოდენობით არ უნდა იზომებოდეს. მისი მთავარი საზომი უნდა იყოს ის, რამდენად უმჯობესდება საკუთარი მოქალაქეების ცხოვრება.
თუ სახელმწიფო მზად არის საგადასახადო შეღავათები დაუწესოს საერთაშორისო აზარტულ ტურნირებს, მაშინ საზოგადოებას სრული უფლება აქვს მოითხოვოს პასუხი, რატომ ვერ პოულობს ის ასეთივე შესაძლებლობებს იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც ეს მხარდაჭერა გაცილებით მეტად სჭირდებათ
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…