პარალელური ხაზები იკვეთება აქ
არის ისეთი წიგნები, რომლებიც გვიბიძგებენ ფიქრისკენ და უკვე წაკითხულ ტექსტს, ჩვენს გონებაში გადახარშულსა და გათავისებულს, თავდაყირა აყენებენ, შეიძლება შეეჭვდე კიდეც – ნამდვილად წაიკითხე თუ არა ის ტექსტი, რომელიც არათუ წაგიკითხავს, არამედ გისწავლია, გიმსჯელია და მასზე დაგიწერია კიდეც სასკოლო თხზულება მაინც. ამ ტიპის წიგნების ერთ-ერთი სახეობაა „პარალელური წიგნი“, რომელიც იკითხება არა მხოლოდ ორიგინალთან ერთად, არამედ მთლიანად ცვლის ორიგინალის კითხვის კანონს.
რეცენზიის ავტორი ქეთი ქურდოვანიძე:
არის ისეთი წიგნები, რომლებიც გვიბიძგებენ ფიქრისკენ და უკვე წაკითხულ ტექსტს, ჩვენს გონებაში გადახარშულსა და გათავისებულს, თავდაყირა აყენებენ, შეიძლება შეეჭვდე კიდეც – ნამდვილად წაიკითხე თუ არა ის ტექსტი, რომელიც არათუ წაგიკითხავს, არამედ გისწავლია, გიმსჯელია და მასზე დაგიწერია კიდეც სასკოლო თხზულება მაინც. ამ ტიპის წიგნების ერთ-ერთი სახეობაა „პარალელური წიგნი“, რომელიც იკითხება არა მხოლოდ ორიგინალთან ერთად, არამედ მთლიანად ცვლის ორიგინალის კითხვის კანონს.
მსოფლიო კლასიკოსების არაერთი ტექსტის პარალელური წიგნი არსებობს, ბრონტეს „ჯეინ ეარით“ დაწყებული, ვულფის „მისის დოლოვეით“ დამთავრებული. მაგრამ ისევე, როგორც ბევრ საკაცობრიო მიღწევასაა მოკლებული ჩვენი ეროვნული კულტურა, არც ამ მიმართულებით გამოგვიჩენია თავი. ამიტომ უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიმაჩნია ნოდარ ლადარიას „ოთარაანთ ქვრივი – პარალელური წიგნი“, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოაქვეყნა, რისთვისაც მას დიდი მადლობა ეკუთვნის, რადგან პირველია ყველა სიახლის პოპულარიზაციისა და დამკვიდრების საქმეში.
რას ნიშნავს საერთოდ პარალელური წიგნი? ვფიქრობ, საკითხს რამდენიმე კუთხით უნდა მივუდგეთ.
ერთი – როდესაც მეორე ტექსტი პირველის, ანუ მთავარი ტექსტის პარალელურად ვითარდება. მაგალითად, ნოდარ ლადარია არ წერს უბრალოდ „ოთარაანთ ქვრივის“ მხატვრულ ან ლიტერატურულ ღირებულებაზე. ის შედის უკვე არსებულ ტექსტში და მის გვერდით ქმნის საკუთარ კომენტარ-ნარატივს. რას ნიშნავს ეს – თუ ტრადიციული ლიტერატურათმცოდნე ცდილობს ამოიცნოს, რას ფიქრობდა და გულისმობდა მწერალი, პარალელური წიგნის ავტორი სრულიად სხვა მიზანს ისახავს – თავად გახდეს ტექსტის ნაწილი და შეეცადოს იმის განსაზღვრას, რა შეიძლება კიდევ მოხდეს აქ. ამიტომ მისი ურთიერთობა პირველ ტექსტთან ინტერპრეტაციული კი არა, შემოქმედებითია. ასე ეძლევა ტექსტს მეორე სიცოცხლე, პერსონაჟებს ახალი ბიოგრაფია ექმნებათ, იკვეთება ალტერნატიული პერსპექტივა – რა შეიძლება მომხდარიყო, ტექსტის დეკონსტრუქცია და იმ ფაზლის მიხედვით აწყობა, რომელიც უფრო გამოკვეთს თანამედროვე დისკურსს. ასე იწყებს არსებობას ორი ტექსტი ერთ სივრცეში, თუმცა სხვადასხვა პერსპექტივითა და მომავლით, თანაც ერთგვარი პოლემიკური რეჟიმით.
არ ვიცი, რამდენად დამეთანხმება თავად ნოდარ ლადარია, მაგრამ, ჩემი აზრით, ასეთი წიგნები, მიუხედავად ჟანრობრივი ასკეტიზმისა, მაინც ვერ ემიჯნებიან პოსტმოდერნულ ელემენტებს, მაგალითად, თითქმის დერიდასეულად დეკონსტრუირდება ავტორის, ტექსტისა და მკითხველის სამკუთხედი და ქვეტექსტი ახალ ლეგიტიმურ ტექსტად იქცევა, ახალი ავტორითა და ახალი მკითხველით, რომელიც, შესაძლოა, სულაც არ იცნობდეს პირველ ტექსტს და ამით არაფერი დააკლდეს.
უფრო ცხადი რომ გახდეს, რაზე ვლაპარაკობ, რამდენიმე მაგალითს მოვიყვან წიგნიდან. მოთხრობის პირველი წინადადება თითქოს მნიშვნელოვანს არაფერს ამბობს:
„იმ ვეებერთელა სოფელში, რომელსაც თუნდაც „წაბლიანს“ დავარქმევ…“
პარალელური წიგნის ავტორი ამ წინადადებას მორფოლოგიურად შლის: რატომ არის სოფელი „ვეებერთელა“, რატომ ეწოდება მას „წაბლიანი“?, რას გულისხმობს აქ ჩვენებითი ნაცვალსახელი – „იმ“?
აქ სოფელი აღარ არის მხოლოდ მოქმედების ადგილი. ის იქცევა ჩვენ თვალწინ სამყაროს შექმნის აქტად. ეს კოსმოგონიური და მითოლოგიური ელემენტი ორიგინალ ტექსტში შეფარულ ერთგვარ ირონიას ახალ სარკასტულ ტექსტად აცოცხლებს. ამგვარად, პარალელური წიგნის ავტორი ტექსტს მხოლოდ სიუჟეტის დონეზე არ კითხულობს. ის აკვირდება, როგორ იქმნება სიტყვებით სამყარო, ძალაუფლება, სოციალური სტატუსი და თავად პერსონაჟებიც.
ამის კარგი მაგალითია ოთარაანთ ქვრივის ფრაზა:
„ფული რა არის?! ხელის ჭუჭყია…“
თუ ფული „ხელის ჭუჭყია“, რატომ იხარჯება ათი მანეთი საკუთარი ღირსების დასაცავად? თუ ეს მხოლოდ ჯავრის არშერჩენაა, რატომ იწვევს იგი სოციალური სტატუსის ამაღლებას? პარალელური წიგნის ავტორი ქვრივის საქციელში მხოლოდ მორალს კი არა, ეკონომიკასაც ხედავს. ღირსება აქ შინაგანი თვისება აღარ არის – ის სოციალური კაპიტალია: მისი შეძენა, დემონსტრირება და მოხმარება შესაძლებელი ხდება.
სწორედ ასე მუშობს „პარალელური წიგნი“. იგი ილიას ტექსტს კი არ ანაცვლებს, არამედ მასთან გვაბრუნებს სხვა ხედვითა და განწყობით აღჭურვილებს. ნაცვალსახელი, ზმნის დრო, ადგილის გარემოება ან თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი შეიძლება მთელი ინტერპრეტაციის ინსპირატორი გახდეს.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პარალელური წიგნის ავტორის ირონიული, ზოგჯერ კი პაროდიული თამაში ტექსტთან. მაგალითად, „წაბლიანის“ სამყაროში გზირს, ნაცვალს, იასაულს, დიამბეგს, გუბერნატორსა და მამასახლისს ლამის პარნასის მესვეურებად წარმოგვიდგენს. ეს მხოლოდ ხუმრობა არ არის. ამ ირონიით ჩანს, რომ ილიას რეალისტურ სამყაროში ძველი სოციალური წესრიგი თითქოს გაქრა, თუმცა მისი გადმონაშთები ჯერ კიდევ ცოცხლობენ. მითოლოგიური სახეები და რეალისტური ყოფა ერთმანეთშია გადახლართული – ერთი მხრივ, ხელმწიფე, ბაყბაყ-დევი, კოსმოგონია, ხოლო, მეორე მხრივ, ქათამი, ფული, შრომა და სოციალური სტატუსი.
ნოდარ ლადარიას ამ წიგნის კიდევ ერთი გამორჩეული მახასიათებელი ისაა, რომ ავტორი უკიდურესი სიზუსტით გვიჩვენებს ტექსტის ქსოვილს და გვახსენებს დეტალებს, რომელთა გარეშეც ნაწარმოების გაგება არაკმარია. თუმცა არც კარგი ლიტერატურული კრიტიკა ნიშნავს დაჟინებას – შეხედე კიდევ ერთხელ, ჩემო მკითხველო, აქ რაღაც ვერ შეგიმჩნევიაო.
ამიტომაც არ ვიქნები კატეგორიული, მაგრამ თითქმის დარწმუნებით ვიტყვი, რომ მსგავს პარალელურ წიგნს ქართული ლიტერატურა არ იცნობს. მკითხველს კი ვურჩევ, გაეცნოს ამ უმნიშვნელოვანეს სიახლეს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…