მამუკა გამყრელიძე: ...ფაქტი ის არის, რომ პუტინმა პრევენციული სვლა გააკეთა და დაასწრო სის და ტრამპს
17-19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჯენში (XXII საუკუნის ქალაქია!) იმართება აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის OPEC სამიტი. საქმიანი შეხვედრების შემდეგ გაიმართება ამ ქვეყნების ლიდერების 33-ე არაფორმალური შეხვედრა.
მამუკა გამყრელიძე, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 2011–2013 წლებში:
მოგეხსენებათ, 17-19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჯენში (XXII საუკუნის ქალაქია!) იმართება აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის OPEC სამიტი. საქმიანი შეხვედრების შემდეგ გაიმართება ამ ქვეყნების ლიდერების 33-ე არაფორმალური შეხვედრა.
OPEC სამიტი უმნიშვნელოვანესია იმით, რომ მასში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკები ამერიკა, ჩინეთი, კანადა, ავსტრალია, იაპონია, რუსეთი etc.
ამ ქვეყნების წილი მსოფლიო GDP-ში გახლავთ 64%, სავაჭრო ბრუნვაში - 48% და მოსახლეობაში 36%. თავად ხედავთ სამიტის მნიშვნელობას.
დღეს გახდა ცნობილი, რომ ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა ტრამპს და სი ძინპინს სამმხრივი შეხვედრის ჩატარება უკრაინის ომის საკითხების განსახილველად.
გადავხედოთ, ვის რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ამ შეხვედრაში.
1. ჩინეთის ინტერესი მარტივი და მუდმივია. მშვიდობისმყოფელის როლი და ჩინეთი, როგორც მედიაციის პლატფორმა;
2. ამერიკას სჭირდება ამ ომის სასწრაფოდ დამთავრება, რომ გამოითავისუფლოს ძალები მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ახლო აღმოსავლეთისთვის და პერსპექტივაში სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისთვის;
3. რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ჩემთვის სიურპრიზი იყო, რადგან აშკარად ჩანს, რომ პუტინს ომის გაგრძელება სურს. მინიმუმ მომავალი ზამთრის განმავლობაში. ორი ლიდერი კი, დიდი ალბათობით, ომის დამთავრებას მოსთხოვს. როგორც ჩანს, პუტინი თვლის, რომ ძლიერი სავაჭრო პოზიცია მიიღო ენერგოკრიზისის პირობებში. ეს კრიზისი მომავალში კიდევ გამძფრდება. პუტინი შესთავაზებს ამერიკას ირანის დახმარებისაგან თავის შეკავებას (ორმხრივი ლოგისტიკა კასპიის ზღვაზე), ხოლო ჩინეთს ენერგომატარებლების ფასის შემცირებას. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ორმა დიდმა ქვეყანამ უკრაინაზე ზეწოლა მოახდინონ.
ეს მხოლოდ ვარაუდია და არ ნიშნავს, რომ მართლაც ასეთია რუსეთის გათვლები ან ისე მოხდება, როგორც პუტინს სურს. ფაქტი ის არის, რომ პუტინმა პრევენციული სვლა გააკეთა და დაასწრო სის და ტრამპს.
დიდი ალბათობით, სამიტის წინ რუსეთის შეტევები გაძლიერდება.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.