საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
კარი III მტკიცებულება
თავი X მტკიცებულება, მტკიცების საგანი და პროცესი
მუხლი 75. მოწმის ჩვენება
1. მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს.
1¹. მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
2. თუ პირის მიერ გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციასა და მის ჩვენებას შორის ან მოწმის ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა, მხარე უფლებამოსილია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა ჩვენების/ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე.
3. მოწმის ჩვენება დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამ მოწმის გამოკითხვის ოქმი არ გადაეცა მეორე მხარეს ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6842 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4046 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
მუხლი 76. ირიბი ჩვენება
1. ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
2. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია.
3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
მუხლი 77. ნივთიერი მტკიცებულება
1. შედარებითი კვლევის ნიმუში შენაცვლებადი ნივთიერი მტკიცებულებაა.
2. ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს; დათვალიერებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები.
3. ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულების განმეორებით დათვალიერება დასაშვებია.
4. საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება. დასაშვები მტკიცებულებაა აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 2¹პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ფარგლებში გამოყენებული წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5621 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
მუხლი 78. დოკუმენტის მტკიცებულებითი ძალა
1. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. მტკიცებულებითი ძალა აქვს აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 2¹ პუნქტით გათვალისწინებული კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლებულ წინასწარ ნიშანდებულ ან/და ყალბ (სიმულაციურ) დოკუმენტს. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა ან/და რომელთანაც სასამართლოსთვის წარდგენამდე ინახებოდა იგი.
2. დოკუმენტი იმავდროულად შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულება, თუ მას შეუნაცვლებლობის თვისება აქვს.
3. თუ ამოღებული და სისხლის სამართლის საქმეზე დართული დოკუმენტი საჭიროა მიმდინარე აღრიცხვისათვის, ანგარიშგებისათვის და სხვა მართლზომიერი მიზნებისათვის, ის ან მისი ასლი შეიძლება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს ან გადაეცეს დროებით გამოსაყენებლად.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5621 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
მუხლი 79. ნივთიერი მტკიცებულების შენახვა
1. ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვას და მისი თვისებების შეცვლას.
2. ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება, მესაკუთრეს ან მფლობელს არ უბრუნდება ან სახელმწიფოს არ გადაეცემა, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
3. ძვირფასი ლითონები, ქვები (თვლები), ფულის ნიშნები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, თუ მათ ინდივიდუალურ ნიშნებს მტკიცებულების მნიშვნელობა არა აქვს, ინახება საბანკო დაწესებულებაში.
4. ნივთიერი მტკიცებულება შეიძლება ინახებოდეს ასევე სხვა ადგილას.
მუხლი 80. გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე
1. სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული. სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, კომპიუტერული სისტემა ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებები, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული.
2. თუ ნივთიერი მტკიცებულება არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მესაკუთრის/მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი კანონიერი მფლობელობიდან, საქმის მწარმოებელი ორგანო უშუალოდ ან უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით წერილობით შესთავაზებს მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს, თუ ეს პირი ცნობილია, დაიბრუნოს კუთვნილი საგანი. საქმის მწარმოებელმა ორგანომ წერილობითი შეტყობინება საგნის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს მისი ვინაობის დადგენისთანავე უნდა გაუგზავნოს. წერილობითი შეტყობინების მიღება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტით ან ამ შეტყობინებაზე საგნის მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის ხელმოწერით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისად ოჯახის წევრის ან/და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 90 დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს კუთვნილი საგნის დაბრუნებასა და ტრანსპორტირებას.
3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგნის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი ცნობილი არ არის, არ არსებობს ამ საგნის კანონიერი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან აღნიშნული საგნის დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, საგანი შეიძლება ჩაჰბარდეს შესაბამის პირს (ორგანიზაციას) გამოსაყენებლად, შესანახად ან მოსავლელად.
4. თუ მესაკუთრემ/კანონიერმა მფლობელმა ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში არ დაიბრუნა სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე თუ სატრანსპორტო საშუალების ამოღებიდან 90 დღეში ვერ დადგინდა მისი მესაკუთრის ან კანონიერი მფლობელის ვინაობა ან იმავე ვადაში ვერ ჩაჰბარდა მას შეტყობინება, სატრანსპორტო საშუალება პროკურორის დადგენილებით უბრუნდება პირს, რომელმაც ის შეიძინა და შეძენის მომენტისათვის არ იცოდა სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის შესახებ (კეთილსინდისიერი შემძენი).
5. თუ სატრანსპორტო საშუალების შემძენმა შეძენის მომენტისათვის იცოდა სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის შესახებ ან ამ მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს მიმართავს დასაბუთებული შუამდგომლობით სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ. მაგისტრატი მოსამართლე ამ კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, წარდგენიდან არაუგვიანეს 5 დღისა განიხილავს აღნიშნულ შუამდგომლობას ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ან კეთილსინდისიერი შემძენისათვის დაბრუნების შესახებ. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე სატრანსპორტო საშუალების შემძენი კეთილსინდისიერად ითვლება. სატრანსპორტო საშუალების შემძენის არაკეთილსინდისიერების მტკიცების ტვირთი პროკურორს ეკისრება.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის მიერ გამოტანილი განჩინება შეიძლება ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს პროკურორმა ან დაინტერესებულმა პირმა.
6¹. თუ ნივთიერი მტკიცებულება არის სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) მოპოვებული მერქნიანი მცენარე, პროკურორი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიმართვის საფუძველზე მოითხოვოს ამ ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი მცენარის) გასხვისების მიზნით მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემა. ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი მცენარის) გასხვისების შედეგად მიღებული თანხა სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე განთავსდება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე და ამის შესახებ ეცნობება პროკურორს.
7. ამ მუხლის შესაბამისად ნივთიერი მტკიცებულების ბედის გადაწყვეტა დაინტერესებულ პირს არ ართმევს უფლებას, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იდავოს საგნის კუთვნილების თაობაზე.
8. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საგნის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის კანონი №893 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5390 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1105 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1575 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3163 – ვებგვერდი, 05.07.2023წ.
მუხლი 81. გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას
1. განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს:
ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია;
ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, – ნადგურდება;
გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, – ნადგურდება;
გ¹) ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ტყვია-მასრები გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად;
გ²) ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთიერი მტკიცებულებები შეიძლება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე სასწავლო/საწვრთნელი ან/და სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ამ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაეცეს. ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთიერი მტკიცებულებების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ – საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, – გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს;
დ¹) ამ კოდექსის მე-80 მუხლის 6¹ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, აგრეთვე ამ კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ ან „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში ან იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემთხვევაში მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა რჩება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე, ხოლო ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში მერქნიანი მცენარის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა ეძლევა მის კანონიერ მესაკუთრეს;
ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
2. დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ასეთი დავის შემთხვევაში ნივთიერი მტკიცებულება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ინახება სისხლის სამართლის საქმესთან ერთად.
3. ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება იმ ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება საპროცესო კონფისკაციას, განადგურებას და საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5621 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1105 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
მუხლი 81¹. ნივთიერი მტკიცებულების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინება სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე და სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას
თუ სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ცნობილია, რომ ნივთიერი მტკიცებულება, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალება ან/და მისი მისაბმელი, განთავსებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე, ამ ნივთიერი მტკიცებულების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელმა ორგანომ უნდა მიაწოდოს აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ამ კოდექსის მე-80 მუხლის პირველი−მე-6 ნაწილებისა და 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტიდან 15 დღის ვადაში.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №615 – ვებგვერდი,14.06.2021წ.
მუხლი 82. მტკიცებულების შეფასება
1. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
2. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
3. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მუხლი 83. შესაძლო მტკიცებულებათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლა მხარეების მიერ
1. სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარე ასევე ვალდებულია ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები.
2. დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ბრალდების მხარე უფლებამოსილია დაცვის მხარისაგან მიიღოს ის ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც დაცვის მხარე აპირებს.
3. ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მხარეების მიერ ინფორმაციის გაცვლის თაობაზე დგება ოქმი, რომლის ასლიც ეგზავნება სასამართლოს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად.
5. დაცვის მხარის უფლება ინფორმაციის მიღებაზე შეიძლება ბრალდების მხარის შუამდგომლობით შეზღუდოს სასამართლომ მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ნაწილში და მხოლოდ წინასასამართლო სხდომამდე.
5¹. თუ მიღებულია გადაწყვეტილება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის დაფარვის შესახებ, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს, დაცვის მხარეს ამ ღონისძიების/მოქმედების და ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედების, აგრეთვე ყველა სხვა საპროცესო მოქმედების ამსახველი მტკიცებულებები გადაეცემა ამ პირის ვინაობის იდენტიფიცირებისგან დამცავი და ამოცნობის შესაძლებლობის შემზღუდავი ფორმით.
6. წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ.
7. მხარეებმა საკუთარი ხარჯით უნდა გადასცენ ერთმანეთს ინფორმაცია დოკუმენტის ასლის სახით, სხვა მასალის შემთხვევაში კი – ცნობის სახით. დასაშვებია ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებაც, თუ ეს არ იწვევს მის ან მასზე არსებული კვალის დაზიანებას ან განადგურებას.
8. ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე მხარეები ვალდებული არიან მისცენ ერთმანეთს იმ ინფორმაციისა და მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც ისინი აპირებენ, ასევე გადასცენ წერილობითი მტკიცებულებების ასლები.
9. დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული მტკიცებულება ბრალდების მხარემ უნდა გადასცეს ამ კოდექსის 165⁴ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონებით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება.
ცვლილებები ამ მუხლში (6)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №923 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.
მუხლი 83¹. დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული შესაძლო მტკიცებულების დაცვის მხარისთვის გადაცემა/გაცნობა
1. თუ ბრალდების მხარე აპირებს, სასამართლოში მტკიცებულებად წარადგინოს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული საგანი, დოკუმენტი, ნივთი, ნივთიერება, ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, იგი ვალდებულია აღნიშნული მასალა მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დაცვის მხარეს პირველადი გამოკვლევის დასრულებისთანავე, ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. თუ დაცვის მხარეს სურს თავისი შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებულ საგანზე, დოკუმენტზე, ნივთზე, ნივთიერებაზე, ინფორმაციის შემცველ სხვა ობიექტზე ექსპერტიზის ჩატარება და არ არსებობს ამ კოდექსის 144-ე მუხლის 3²−3⁵ ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევები, ბრალდების მხარე აღნიშნულ მასალას დაცვის მხარეს გადასცემს პირველადი გამოკვლევის დასრულებისთანავე, იმავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
3. თუ ბრალდების მხარე არ აპირებს, სასამართლოში მტკიცებულებად წარადგინოს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული საგანი, დოკუმენტი, ნივთი, ნივთიერება, ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ან თუ დაცვის მხარეს არ სურს თავისი შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებულ საგანზე, დოკუმენტზე, ნივთზე, ნივთიერებაზე, ინფორმაციის შემცველ სხვა ობიექტზე ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ ესაჭიროება ამ მასალის დათვალიერება, მისი შინაარსის გაცნობა ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ბრალდების მხარე ვალდებულია აღნიშნული მასალა მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს/გააცნოს დაცვის მხარეს პირველადი გამოკვლევის დასრულებისთანავე, ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი წესით.
4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდების მხარე დაცვის მხარისთვის შესაბამისი მასალის გადაცემას/გაცნობას აჭიანურებს, დაცვის მხარეს უფლება აქვს, გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მისთვის აღნიშნული მასალის ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი წესით გადაცემის/გაცნობის შესახებ. ეს შუამდგომლობა განიხილება ამავე კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2019 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5186 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.
მუხლი 84. (ძალადაკარგულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
თავი XI საპროცესო პასუხისმგებლობა სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის
მუხლი 85. პასუხისმგებლობა სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის
1. სასამართლოში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი. სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე, რომელიც უფლებამოსილია დარბაზში დამსწრე პირთა ადგილების გათვალისწინებით შეზღუდოს სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა.
2. პროცესის მონაწილის ან/და სასამართლო სხდომაზე დამსწრის მიერ სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ზეპირ შენიშვნას აძლევს მას და მოუწოდებს, შეწყვიტოს არასათანადო ქცევა. აღნიშნული მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სასამართლო სხდომის თავმჯდომარეს ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პირის დაჯარიმების ან/და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, მოსამართლის მითითებით სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს სასამართლოდან მის გაყვანას; ამასთანავე, აღნიშნული პირის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა ან პატიმრობა.
3. თუ სხდომის თავმჯდომარის განკარგულება სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ ეხება ბრალმდებელს ან ადვოკატს, სისხლის სამართლის საქმის განხილვა გადაიდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ერთი პირის ბრალდებას ან დაცვას თავიდანვე რამდენიმე ბრალმდებელი ან რამდენიმე ადვოკატი ახორციელებდა. გაძევებული ბრალმდებლის ან ადვოკატის არასათანადო ქცევის შესახებ სასამართლოს გამოაქვს კერძო განჩინება, რომელიც ეგზავნება შესაბამისად საქართველოს გენერალურ პროკურატურას ან ადვოკატთა გაერთიანებას.
4. თუ ბრალდებული გაძევებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოცხადდება მისი თანდასწრებით, ხოლო თუ იგი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, გადაწყვეტილება გამოცხადდება ბრალდებულის გარეშე. ამის შემდეგ მას გადაეცემა გადაწყვეტილების ასლი, რაც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.
5. პირი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებულად ითვლება იმავე ინსტანციის სასამართლოში ამ ბრალდების საქმის განხილვის დასრულებამდე. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გაძევებულ პირს მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მისცეს სხდომაზე დაბრუნების უფლება. გაძევებული პირი სხდომაზე დაბრუნდება იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი სასამართლო დააკმაყოფილებს ამ პირის საჩივარს სასამართლო სხდომის დარბაზიდან მისი გაძევების უკანონოდ ცნობისა და სხდომაზე მისი დაბრუნების შესახებ.
6. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის, გაძევებულ პირს, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებით შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 50 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით, რაზედაც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. თუ დაჯარიმებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია დაუყოვნებლივ გაზარდოს ჯარიმის ოდენობა ამ ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში.
7. თუ სასამართლო სხდომაზე პირის ქმედება მიმართულია პროცესის ჩაშლისაკენ ან იგი გამოხატავს აშკარა ან/და უხეშ უპატივცემულობას სასამართლოს, პროცესის მონაწილის ან მხარის მიმართ, სხდომის თავმჯდომარის მითითებით სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს პირის დაკავებას და დაკავების ოქმის შედგენას, ამასთანავე, სხდომის თავმჯდომარე ადგენს მიმართვას, რომელშიც აღწერს დარღვევას, და უგზავნის განკარგულების გამოტანაზე უფლებამოსილ სასამართლოს (მოსამართლეს). დაკავებული პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელსაც გაეგზავნა მიმართვა და რომელიც უფლებამოსილია გამოიტანოს განკარგულება ამ პირის 30 დღე-ღამემდე ვადით პატიმრობის შესახებ.
8. თუ სასამართლო დაადგენს, რომ პირს ერთხელ უკვე ჰქონდა შეფარდებული ამ მუხლით გათვალისწინებული პატიმრობა, იგი უფლებამოსილია გამოიტანოს განკარგულება ამ პირის 60 დღე-ღამემდე ვადით პატიმრობის შესახებ.
9. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი ან ორზე მეტი მოსამართლეა, განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე, განკარგულება გამოაქვს მის მიერ განსაზღვრულ სხვა მოსამართლეს. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ერთი მოსამართლეა, განკარგულება გამოაქვს უახლოესი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს. თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა მოხდა საქმის მაგისტრატი მოსამართლის მიერ განხილვისას, განკარგულება გამოაქვს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, რომლის შემადგენლობაშიცაა ეს მაგისტრატი მოსამართლე.
10. სააპელაციო სასამართლოში განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე, განკარგულება გამოაქვს მის მოადგილეს ან მის მიერ განსაზღვრულ სხვა მოსამართლეს.
11. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გარდა დიდი პალატისა, საქმის განხილვისას განკარგულება გამოაქვს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვისას განკარგულება გამოაქვს იმ მოსამართლეს, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. დაკავებული პირი, თუ ეს აუცილებელია, შეიძლება გადაეცეს პოლიციას.
12. თუ დაპატიმრების შესახებ განკარგულება გამოტანილ იქნა პროცესის მონაწილის მიმართ, სასამართლო სხდომა შეიძლება გადაიდოს აღნიშნული ვადით. განკარგულება გამოიტანება ზეპირი მოსმენის საფუძველზე, დაკავებული პირის წარდგენისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა.
13. სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია დააკავოს დამრღვევი პირი, რის შესახებაც ადგენს დაკავების ოქმს. სასამართლოს მანდატური ვალდებულია დაკავებული პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, წარუდგინოს იმავე სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს. სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, უფლებამოსილია დაკავებული პირის წარდგენისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, გამოიყენოს მის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.
14. ამ მუხლით გათვალისწინებული განკარგულება, გარდა დაპატიმრების შესახებ განკარგულებისა, შეიძლება გამოტანილ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე და იგი შეიძლება ამავე მუხლის მე-16 ნაწილით დადგენილი წესით გაასაჩივროს პირმა, რომელზედაც ვრცელდება განკარგულება. აღნიშნული საჩივრის განმხილველი მოსამართლე განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და გასაჩივრებული განკარგულების უცვლელად დატოვების შესახებ;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილების და პირის დაჯარიმების შესახებ განკარგულების გაუქმების ან/და სხდომაზე მისი დაბრუნების შესახებ.
14¹. დაჯარიმების შესახებ სასამართლო სხდომის თავმჯდომარის განკარგულების გასაჩივრება აჩერებს ამ განკარგულების აღსრულებას.
14². დაჯარიმების ან/და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ სასამართლო სხდომის თავმჯდომარის განკარგულება პირს, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა აღნიშნული ღონისძიება, გადაეცემა განკარგულების გამოტანიდან არაუგვიანეს 24 საათისა.
15. ამ მუხლით გათვალისწინებული პატიმრობის შესახებ საქმის განხილვისას სასამართლო დაკავებულ პირს აცნობებს საქმის განხილვის დროსა და ადგილს. მხარის გამოუცხადებლობა არ იწვევს სხდომის გადადებას. საქმის განხილვა იწყება სხდომის თავმჯდომარის მოხსენებით, რომელიც აცხადებს, ვის მიმართ შეიძლება იქნეს გამოყენებული პატიმრობა, საქმის განხილვაში მონაწილე პირებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, საჯაროდ კითხულობს წესრიგის დარღვევის თაობაზე შედგენილ მიმართვას და უსმენს საქმის განხილვაში მონაწილე პირებს. ზეპირი მოსმენისას დამრღვევ პირს/მის ადვოკატს საშუალება ეძლევა, სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები და მისცეს განმარტებები დაკავების კანონიერებისა და პასუხისმგებლობის ზომის თაობაზე. მხარეთა მოსმენის შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება დაპატიმრების შესახებ. განკარგულების გამომტანი სასამართლო ამ განკარგულების ასლს დაუყოვნებლივ გადასცემს დამრღვევ პირს, ასევე განკარგულების ასლს აღსასრულებლად უგზავნის სამართალდამცავ ორგანოებს. დაკავების ვადა ჩაითვლება პატიმრობის საერთო ვადაში.
16. დაპატიმრების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ შედის ძალაში. იგი შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა პატიმრობა, სათანადო წესით მისთვის განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. შემოსულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს. პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ან პალატის, გარდა დიდი პალატისა, თავმჯდომარის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში წესრიგის დარღვევის შესახებ მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება იმ მოსამართლესთან, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე და მისი განხილვის ვადა საჩივრის შეტანიდან 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული საჩივრის განმხილველი მოსამართლე განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და გასაჩივრებული განკარგულების უცვლელად დატოვების შესახებ;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილების, პირის დაპატიმრების შესახებ განკარგულების გაუქმებისა და პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შესახებ.
17. (ამოღებულია - 14.06.2013, №741).
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1443 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი № 3814 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
თავი XII საპროცესო ვადები და ხარჯები
მუხლი 86. საპროცესო ვადების გამოთვლის წესი
1. ამ კოდექსით დადგენილი ვადები გამოითვლება საათებით, დღე-ღამეებით, თვეებით. ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე და ის საათი, რომლებითაც იწყება ვადის დინება, გარდა დაკავებისა და პატიმრობის ვადებისა, რომლებიც გამოითვლება წუთებით.
1¹. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება ის დღე-ღამე და საათი, რომლებიდანაც იწყება ფარული საგამოძიებო მოქმედება.
2. საპროცესო ვადაში შედის არასამუშაო დროც, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეები.
3. დღე-ღამეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო დღე-ღამის 24 საათზე. თვეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო თუ ბოლო თვეს არა აქვს შესაბამისი რიცხვი – ამ თვის ბოლო დღე-ღამეს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1722 – ვებგვერდი, 14.09.2022წ.
მუხლი 87. ვადის დაცვა
1. საჩივარი, შუამდგომლობა ან სხვა დოკუმენტი ვადის ამოწურვამდე უნდა ჩაბარდეს მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს.
2. საჩივარი, შუამდგომლობა ან სხვა დოკუმენტი შეიძლება ნებისმიერი საშუალებით ჩაბარდეს მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს.
3. სასამართლოს გადაწყვეტილებით ვადა, გარდა დაკავებისა და პატიმრობის ვადებისა, გაცდენილად არ ჩაითვლება, თუ იგი გაცდენილია დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) გამო.
მუხლი 88. ვადის გაცდენის შედეგი
დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ჩატარებული საპროცესო ქმედება ბათილია, თუ გაცდენილი ვადა არ იქნება აღდგენილი.
მუხლი 89. გაცდენილი ვადის აღდგენა
1. სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადა, თუ ეს არ იწვევს ბრალდებულის უფლებებისა და გარანტიების არამართლზომიერ შეზღუდვას.
2. გაცდენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობა სასამართლოში წერილობით უნდა იქნეს შეტანილი საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან 1 კვირის განმავლობაში. სასამართლო ამ საკითხს იხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, 10 დღეში.
3. ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის მტკიცების ტვირთი ეკისრება ვადის გამცდენ პირს.
4. სასამართლოს გადაწყვეტილება გაცდენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობის თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მუხლი 90. საპროცესო ხარჯები
1. საპროცესო ხარჯებია:
ა) ბრალდებულის ადვოკატის მომსახურების ხარჯი;
ბ) ექსპერტის გამოცხადების და მისი საქმიანობის ანაზღაურების ხარჯი;
გ) თარჯიმნის გამოცხადების და მისი საქმიანობის ანაზღაურების ხარჯი;
დ) მოწმის გამოცხადების ხარჯი;
ე) ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის ხარჯი;
ვ) ბრალდებულის ან მისი ადვოკატის შუამდგომლობით სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხარჯი;
ზ) დაცვის მხარისათვის ბრალდების მხარის მიერ გადაცემული ინფორმაციის ასლის გადაღების ხარჯი;
თ) ნაფიც მსაჯულთა გამოცხადებისა და სასამართლო განხილვაში მონაწილეობის ხარჯი;
ი) მტკიცებულებათა მოპოვების ხარჯი.
2. ექსპერტს ან თარჯიმანს ანაზღაურება არ ეძლევა, თუ საქმიანობისათვის სახელმწიფოს მიერ დანიშნული აქვს ხელფასი.
მუხლი 91. საპროცესო ხარჯების გადახდევინება
1. ბრალდებულის ადვოკატის მომსახურების ხარჯს აანაზღაურებს უშუალოდ ბრალდებული, ხოლო თუ დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე ხორციელდება – სახელმწიფო ბიუჯეტი.
2. მსჯავრდებულს ეკისრება მის ან მისი ადვოკატის მიერ დაზარალებულის, მოწმის, თარჯიმნისა და ექსპერტის მოწვევის, წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის, მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების, ბრალდების მხარისგან მიღებული ინფორმაციის ასლის გადაღების ხარჯების ანაზღაურება. სასამართლოს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის შემთხვევაში მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს საპროცესო ხარჯების გადახდისაგან.
3. რამდენიმე პირის მსჯავრდების დროს საპროცესო ხარჯებს თითოეული მათგანი ბრალის ხარისხისა და დანიშნული სასჯელის სიმკაცრის გათვალისწინებით წილობრივად აანაზღაურებს.
4. გარდაცვლილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მემკვიდრეები თავისუფლდებიან საპროცესო ხარჯების გადახდისაგან.
5. საკუთარი საპროცესო ხარჯების შესახებ ცნობას გამოძიების სტადიაზე ადგენს პროკურორი და წარუდგენს საქმის არსებითად განმხილველ მოსამართლეს. საქმის არსებითი განხილვისას საკუთარი საპროცესო ხარჯების შეცვლის შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია შესაბამისი ცვლილებები ასახოს ცნობაში და წარუდგინოს სასამართლოს.
6. პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სასამართლო განხილვის ამ მიზეზით გადადების ხარჯების ანაზღაურება დაეკისრება აღნიშნულ პირს.
7. სასამართლო ხარჯების გამოანგარიშების მეთოდიკას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
8. სასამართლოში პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას მას სხდომის თავმჯდომარე განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით, რაც პროცესის მონაწილეს არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან. ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს პირის ფინანსურ მდგომარეობას.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინება №1/20/1219,1236 – ვებგვერდი, 19.10.2017წ.
მუხლი 92. ზიანის ანაზღაურება
1. პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. პირს უფლება აქვს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
თავი XIII შუამდგომლობა, საჩივარი და მათი განხილვის ზოგადი წესი
მუხლი 93. შუამდგომლობის დაყენების უფლება და წესი
1. მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება დააყენონ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.
2. შუამდგომლობა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი. წერილობითი შუამდგომლობა უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს. ზეპირი შუამდგომლობა შეტანილ უნდა იქნეს ოქმში. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს უნდა წარედგინოს წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს იმავე სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს, მასში კონკრეტულად უნდა იყოს გადმოცემული ჯერ მოთხოვნა და შემდეგ მოთხოვნის არგუმენტაცია და იგი უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ საკითხებთან.
3. შუამდგომლობის გადაწყვეტამდე მის დამყენებელ მხარეს უფლება აქვს, გაითხოვოს იგი.
4. იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოში აღარ განიხილება.
5. გამოძიების სტადიაზე შუამდგომლობა განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს მისი დაყენების მომენტიდან არა უგვიანეს 3 დღისა, ხოლო სასამართლოში – დაუყოვნებლივ, გარდა ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობის დასაყენებლად და დასასაბუთებლად სასამართლო მხარეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
7. სასამართლოში საქმის განხილვისას დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით პოზიციის გამოსახატავად სასამართლო მხარეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
მუხლი 94. შუამდგომლობის გადაწყვეტა
1. თუ შუამდგომლობაში გადმოცემული მოთხოვნის შესრულება ხელს უწყობს სისხლის სამართლის პროცესის ამოცანების განხორციელებას, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თუ შუამდგომლობა მიმართულია სისხლის სამართლის პროცესის გაჭიანურებისაკენ ან მისთვის ხელის შეშლისაკენ – უარი უნდა ითქვას მის დაკმაყოფილებაზე.
2. შუამდგომლობის ავტორი მას ზეპირად ასაბუთებს.
3. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობს პირი, რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა, აგრეთვე მისი ადვოკატი, მათაც ეძლევათ შესაძლებლობა, მისცენ განმარტებანი და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებანი.
4. შუამდგომლობის განხილვის შედეგად უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას მისი დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ.
5. შუამდგომლობის განხილვის შედეგების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება მის ავტორს. თუ შუამდგომლობის ავტორს უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე, მას ამ კოდექსით დადგენილი წესით გადაეცემა გადაწყვეტილების ასლი.
6. შუამდგომლობის დაყენებისას სასამართლოს წარედგინება სისხლის სამართლის საქმის იმ მასალების ასლები, რომლებიც აუცილებელია მისი განხილვისათვის.
მუხლი 95. საჩივრის შეტანის უფლება და წესი
1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება.
2. სასამართლოს ქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივარი შეიტანება გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოში.
3. საჩივარი წერილობითი უნდა იყოს. ის უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
4. საჩივარი შეაქვთ იმდენ ეგზემპლარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საჩივრის განხილვაში მონაწილეთათვის მისი გადაცემა.
5. საჩივრის შეტანა შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
6. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საჩივრის შეტანა შეიძლება 10 დღის ვადაში მას შემდეგ, რაც მომჩივნისათვის ცნობილი გახდა იმ ქმედების ან გადაწყვეტილების თაობაზე, რომელსაც იგი უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
7. საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები იქნა დარღვეული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. საჩივარს უნდა დაერთოს მასში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მასალები, მათ შორის, იმ ახალი გარემოებებისა, რომლებიც არ იყო ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას.
8. საჩივრის გადაწყვეტამდე მის შემტან მხარეს უფლება აქვს, გაითხოვოს იგი.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
მუხლი 96. გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით
ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის შეტანა აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სხვა შემთხვევაში საჩივრის შეტანა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებას აჩერებს, თუ ამას მხარის შუამდგომლობით საჭიროდ მიიჩნევს საჩივრის განმხილველი ორგანო ან პირი.
მუხლი 97. საჩივრის განხილვის ზოგადი წესი
1. საჩივარი არ შეიძლება განიხილოს იმ პირმა, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილებაც საჩივრდება.
2. საჩივრის განმხილველი ორგანო ან პირი ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა და სხვა პირთა დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აღსადგენად.
3. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საჩივარი განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოსათვის ან პირისათვის საჩივრის გადაცემიდან 3 დღეში.
მუხლი 98. გადაწყვეტილება საჩივარზე
1. საჩივრის განხილვის შედეგად შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის გაუქმების ან შეცვლის შესახებ;
ბ) საჩივრის უარყოფის შესახებ.
2. სისხლის სამართლის საქმეს უნდა დაერთოს საჩივარი და მიღებული გადაწყვეტილება.
მუხლი 99. საჩივარზე გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება
საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება მომჩივანს. თუ მომჩივანს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, მას ამ კოდექსით დადგენილი წესით გადაეცემა გადაწყვეტილების ასლი.
კერძო ნაწილი კარი IV გამოძიება
თავი XIV გამოძიების საფუძვლები
მუხლი 100. გამოძიების დაწყების მოვალეობა
1. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.
2. (ამოღებულია - 07.12.2010, №3891).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
მუხლი 101. ინფორმაცია დანაშაულის შესახებ
1. გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.
2. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეიძლება იყოს წერილობითი, ზეპირი ან სხვაგვარად დაფიქსირებული.
2¹. პირს, რომელიც დანაშაულის შესახებ განაცხადებს, უფლება აქვს, მიიღოს დანაშაულის შესახებ შეტყობინების დამადასტურებელი წერილობითი ცნობა.
3. დანაშაულის შესახებ ზეპირი შეტყობინების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და განცხადების მიმღები თანამდებობის პირი. გამომძიებელი უფლებამოსილია დანაშაულის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე დაიწყოს გამოძიება. დაუშვებელია პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე.
4. 14 წელს მიღწეულ განმცხადებელს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებენ ცრუ დასმენისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
მუხლი 102. საქმის ქვემდებარეობის მიხედვით გადაგზავნა
თუ გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სხვა საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაა, გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შემდეგ პროკურორი დაუყოვნებლივ გადააგზავნის საქმეს ქვემდებარეობის მიხედვით.
მუხლი 103. გამოძიების ვადა
გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა.
მუხლი 104. გამოძიების მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობა
1. პროკურორი/გამომძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გახდეს საჯარო. ამ მიზნით ის უფლებამოსილია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები, და გააფრთხილოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.
2. მართლმსაჯულებისა და მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება საქმის მონაწილეთა ან/და სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ პირთა მიმართ განსახილველი საქმის გარკვეული მონაცემების საჯაროდ გავრცელებისაგან დაცვის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 20 12 წლის 22 მაისის კანონი № 6253 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
მუხლი 105. გამოძიების შეწყვეტის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყებისან შეწყვეტის საფუძვლები
1. გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს:
ა) თუ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;
ბ) თუ ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო;
გ) თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას;
დ) თუ კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი;
ე) თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;
ვ) თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;
ზ) თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო ან/და სასამართლოს განჩინება იმავე ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე;
თ) თუ არსებობს პროკურორის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ;
ი) თუ პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
კ) დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლი);
ლ) ქმედითი მონანიების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე და 322-ე მუხლები და იმავე კოდექსის 164¹, 203-ე, 221-ე, 223-ე, 223¹, 223³, 223⁴, 236-ე, 260-ე, 339-ე, 339¹, 348¹, 371-ე, 375-ე, 388-ე და 389-ე მუხლების შენიშვნებით გათვალისწინებული შემთხვევები);
მ) თუ ვითარება შეიცვალა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ:
ა) პირს არ მიუღწევია იმ ასაკისათვის, რომლიდანაც დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;
ბ) პირი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, რაც დადასტურებულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით;
გ) ბრალდებული გარდაიცვალა;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286², 322¹, 344-ე ან 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143¹ ან/და 143² მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად ყოფნის გამო.
3. სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლოა აგრეთვე არ დაიწყოს ან შეწყდეს, თუ ის ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს.
4. (ამოღებულია - 12.06.2015, №3715).
5. (ამოღებულია - 12.06.2015, №3715).
6. (ამოღებულია - 12.06.2015, №3715).
ცვლილებები ამ მუხლში (6)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 662 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი № 3715 – ვებგვერდი, 24.06.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2153 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 27 აპრილის კანონი №461 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
მუხლი 106. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება
1. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იღებს პროკურორი დადგენილებით. ამ დადგენილების ასლს პროკურორი უგზავნის დაზარალებულს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე პროკურორი ვალდებულია დაზარალებულს შეატყობინოს ამის შესახებ და შეადგინოს ოქმი ამ კოდექსის 56-ე მუხლის 5¹ ნაწილით დადგენილი წესით.
1¹. დაზარალებულს უფლება აქვს, გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობა, იმავე კოდექსის 11¹ მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული ან დანაშაული, რომელიც, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს პროკურატურის ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი საჩივარს არ დააკმაყოფილებს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება ბრალდებულს, მის ადვოკატს და დაზარალებულს.
3. თუ სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წყდება, პროკურორი ვალდებულია მიმართოს განსჯადობის მიხედვით შესაბამის სასამართლოს ამ კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შუამდგომლობით.
4. პირს, რომლის მიმართაც არ დაწყებულა ან შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით, და მის ადვოკატს შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა ეცნობოთ 1 კვირის ვადაში. მათ უფლება აქვთ, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივრონ გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს განჩინება გამოაქვს 5 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
ცვლილებები ამ მუხლში (9)
საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2539 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5026 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №1/5/1355,1389 – ვებგვერდი, 31.07.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №697 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1263 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.
მუხლი 107. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განჩინების გასაჩივრება
1. განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს პროკურორმა.
2. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის შემთხვევაში სასამართლო აცხადებს განჩინების სარეზოლუციო ნაწილს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება.
მუხლი 108. შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლება
1. თუ ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ან სასამართლომ გააუქმა დადგენილება/განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა განახლდეს. ამ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლებისა და სხვა საპროკურორო საქმიანობის განხორციელების ვალდებულებას სხვა პროკურორს აკისრებს.
2. სისხლისსამართლებრივი დევნის განახლების შესახებ წერილობით ეცნობება ბრალდებულს, მის ადვოკატს და დაზარალებულს.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი № 3814 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
მუხლი 109. სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება
სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება გამოძიების სტადიაზე ხდება პროკურორის დადგენილებით, ხოლო სასამართლოში – მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით.
მუხლი 110. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა
1. გამოძიების სტადიაზე პროკურორს უფლება აქვს, სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებისათვის გამოყოს სისხლის სამართლის საქმე.
2. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებისათვის სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა ხდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით.
თავი XV საგამოძიებო მოქმედებები
მუხლი 111. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ზოგადი წესი # # # # # # #
1. მხარეებს ამ კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები. მხარეები საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში. დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებს გამომძიებელი, რომელიც არ შეიძლება იყოს იგივე პირი, რომელიც მოცემული საქმის გამოძიებას აწარმოებს. გამომძიებელი უნდა შეარჩიოს საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელმა და მისი ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები დაცვის მხარეს უნდა ეცნობოს შუამდგომლობით მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე. ამ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება ბრალდებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებითაც დადასტურდება მის მიერ ამ ხარჯების ანაზღაურების შეუძლებლობა. დაცვის მხარეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს თავისი მოთხოვნით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში.
2. დაცვის მხარის უფლება, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, არ ვრცელდება ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე. დაცვის მხარეს არა აქვს უფლება, სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩაატაროს ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის ჩატარებისათვის, ამ კოდექსის თანახმად, საჭიროა ასეთი ნებართვა.
3. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი მონაწილეებს განუმარტავს უფლება-მოვალეობებს და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესებს. საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს მონაწილეთა უფლებების განხორციელების შესაძლებლობა.
4. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საფუძველია გამომძიებლის დადგენილება ან სასამართლოს განჩინება, გამომძიებელი მას აცნობს იმ პირს, რომლისთვისაც დადგენილების (განჩინების) შესრულება სავალდებულოა, რასაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.
5. საგამოძიებო მოქმედების ღამით ჩატარება დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს გონივრულ ვადაში.
6. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღების მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები და მეთოდები.
7. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დასაშვებია იძულების პროპორციული ზომის გამოყენება.
8. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ქირურგიული ან სამედიცინო გამოკვლევის სხვა მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება, რომლებიც იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ამ პირის თანხმობით. თუ ამ პირს 16 წელი არ შესრულებია ან იგი ფსიქიკურად დაავადებულია, აუცილებელია მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობა ან სასამართლოს განჩინება.
9. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება განსაკუთრებულ პროფესიულ ცოდნას მოითხოვს, მხარე მას ატარებს ექსპერტის მონაწილეობით. თუ საგამოძიებო მოქმედება ითვალისწინებს გაშიშვლებას, შესამოწმებელი პირის მოთხოვნის შემთხვევაში ექსპერტი და მხარე უნდა იყვნენ იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის შესამოწმებელი პირი.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
მუხლი 112. სასამართლოს განჩინებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება
1. საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. მოსამართლე შუამდგომლობისა და მისი განხილვისათვის საჭირო ინფორმაციის შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს შუამდგომლობის დამყენებელი მხარის მონაწილეობით. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად.
2. სასამართლოს განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი; პირი, რომელმაც მას შუამდგომლობით მიმართა; განკარგულება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, იმის ზუსტი მითითებით, თუ რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება ის; განჩინების მოქმედების ვადა; პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს განჩინება; მოსამართლის ხელმოწერა.
3. ჩხრეკის ან ამოღების განჩინებაში აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს: ის უძრავ-მოძრავი ქონება, სადაც ნებადართულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, და ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მას ფლობს (თუ მისი ვინაობა ცნობილია); ფიზიკური პირი, რომლის პირადი ჩხრეკაც უნდა ჩატარდეს; ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები; წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება. ჩხრეკის ან ამოღების განჩინება (გარდა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში გაცემული განჩინებისა) ძალადაკარგულია, თუ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა 30 დღის ვადაში.
3¹. კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის განჩინებაში აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს: ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლისგანაც უნდა იქნეს გამოთხოვილი კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში არსებული ინფორმაცია (თუ მისი ვინაობა ცნობილია); გვარეობითი ნიშნის მიხედვით − ის კომპიუტერული სისტემა ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალება, საიდანაც უნდა იქნეს გამოთხოვილი კომპიუტერული მონაცემი; კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან გამოსათხოვი სავარაუდო დოკუმენტი ან ინფორმაცია; წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება. კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის განჩინება (გარდა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში გაცემული განჩინებისა) ძალადაკარგულია, თუ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა 30 დღის ვადაში.
4. კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული გზავნილის დაყადაღების და ამოღების განჩინებაში აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს: იმ პირის სახელი და გვარი, რომელსაც ეგზავნება დასაყადაღებელი გზავნილი; გამგზავნის სახელი და გვარი, მისამართი (თუ ის ცნობილია); დაყადაღებული გზავნილის სახე; ყადაღის დადების ვადა; იმ დაწესებულების დასახელება, რომელსაც ევალება დააკავოს გზავნილი; გამომძიებლის უფლება, დაათვალიეროს და ამოიღოს გზავნილი.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, ან როცა საქმისათვის საჭირო საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (თუ აღმოჩენილია მხოლოდ ზედაპირული დათვალიერების შედეგად), ან როცა არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე, შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშეც, რის შესახებაც მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით მოსამართლეს პროკურორმა უნდა აცნობოს საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. მოსამართლე მასალების შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს მხარეთა (თუ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია) და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მოსამართლე უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს განჩინების გარეშე ჩაატარა. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.
6. მასალების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება:
ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობისა და მიღებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ.
7. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
8. ამ მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინება საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულებიდან.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 112-ე მუხლის მე-8 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულებიდან) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება №1/4/1597 – ვებგვერდი, 06.06.2025წ.
ცვლილებები ამ მუხლში (6)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6549 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №665 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1575 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება №1/4/1597 – ვებგვერდი, 06.06.2025წ.
მუხლი 113. გამოკითხვის წესი
1. ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.
2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. გამოკითხვის ჩამტარებელმა მხარემ გამოსაკითხ პირს ამ უფლებების, აგრეთვე ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ განმარტება გამოკითხვის დაწყებამდე უნდა მისცეს.
3. გამოკითხვის წინ უნდა დადგინდეს გამოსაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.
4. გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია. განმარტების შესახებ უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.
5. გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე როგორც თანხმობის, ისე უარის თქმის შემთხვევაში ვალდებულია გამომკითხველს თავისი პირადი მონაცემების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.
6. გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე დათანხმების შემთხვევაში ვალდებულია გამოკითხვის ჩამტარებელ მხარეს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. გამოსაკითხი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
7. გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ დასმენისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. გაფრთხილების შესახებ უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.
8. გამოსაკითხი პირის მიერ გამოკითხვაზე უარის თქმის შემთხვევაში მხარე უფლებამოსილია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ იგი შეიძლება დაბარებულ იქნეს მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად, რომ ჩვენების მიცემა სავალდებულოა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოსაკითხი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს ოქმში.
9. გამოკითხვისას შესაძლებელია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალებების გამოყენება. გამოსაკითხ პირს მათი გამოყენების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს.
10. თუ ეს კოდექსი ბრალდებულის მიმართ ამ მუხლის დებულებებისგან განსხვავებულ წესს არ ადგენს, ამ მუხლის დებულებები ბრალდებულზედაც ვრცელდება.
11. პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი უფლებამოსილია დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოკითხოს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე, თუ ამგვარი წესით პირის გამოკითხვა დაშვებულია საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ამ პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართლით ან/და ამ სახელმწიფოს ნათლად ჩამოყალიბებული პრაქტიკით.
12. დაუშვებელია ამ მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი წესით პირის გამოკითხვა, თუ გამოსაკითხ პირს გამოკითხვაზე პირდაპირი და აშკარა თანხმობა არ გამოუხატავს.
13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებით დადგენილი წესით ასევე შესაძლებელია გამოძიების ეტაპზე პირის დაკითხვა.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3157 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 20 მარტის კანონი №5862 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4046 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
მუხლი 114. გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესი
1. გამოძიების სტადიაზე როგორც ბრალდების მხარის, ისე დაცვის მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება დაიკითხოს პირი, თუ:
ა) არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური საფრთხე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის მოწმედ დაკითხვას სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს;
ბ) იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს;
გ) არსებითად განსახილველად საქმის სასამართლოში წარმართვისათვის აუცილებელი მტკიცებულების სხვა წყაროებიდან მოპოვება არაგონივრულ ძალისხმევას საჭიროებს;
დ) ეს აუცილებელია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.
2. ბრალდების მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება ასევე დაიკითხოს გამოსაკითხი პირი, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი, და ეს პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს. ამავე უფლებით სარგებლობს დაცვის მხარე ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2¹. დაცვის მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება ასევე დაიკითხოს გამოსაკითხი პირი, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ პირს დააკმაყოფილებდა, რათა მას დაესკვნა აღნიშნული პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი, და ამ პირის დაკითხვა დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია, ამასთანავე, ეს პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს.
2². ამ მუხლის 2¹ ნაწილით გათვალისწინებული დაცვის მხარის უფლება არ ვრცელდება:
ა) ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ორგანოს თანამშრომელზე/მის ზემდგომ თანამდებობის პირზე, განხორციელებულ/განსახორციელებელ ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით;
ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელი ორგანოს თანამშრომელზე/მის ზემდგომ თანამდებობის პირზე/ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელებაში ჩართულ პირზე, განხორციელებულ/განსახორციელებელ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებასთან დაკავშირებით;
გ) პროკურორზე, გამომძიებელზე, მათ ზემდგომ თანამდებობის პირზე, ამ კოდექსით განხორციელებულ/განსახორციელებელ მოქმედებასთან დაკავშირებით.
3. ამ მუხლით დადგენილი წესით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემა სავალდებულოა. ჩვენების მიცემაზე უარის თქმა იწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს წესი არ მოქმედებს ამ მუხლის მე-15 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი. პროკურორი უფლებამოსილია მაგისტრატ მოსამართლეს შუამდგომლობით თავად მიმართოს ან შუამდგომლობით მიმართვა გამომძიებელს დაავალოს.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარე შუამდგომლობით მიმართავს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით. შუამდგომლობაში აღინიშნება მოწმის სახელი, გვარი, მისამართი და პირის იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია, აგრეთვე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ამ პირის მოწმედ დაკითხვის საფუძველი. ამ მუხლის 2¹ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარის შუამდგომლობა ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რომ გამოსაკითხი პირის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვა მნიშვნელოვანია.
6. მაგისტრატი მოსამართლე შუამდგომლობას ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოწმის დაკითხვა უნდა დაიწყოს გონივრულ ვადაში, მაგრამ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებით, თუ მოწმე დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ ცხადდება სასამართლოში. დაუშვებელია მოწმის ღამით დაკითხვა. დაწყებული დაკითხვა ღამის დადგომისთანავე უნდა შეწყდეს და მეორე დღისთვის უნდა გადაიდოს.
7. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მაგისტრატ მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება და მას დაკითხვის ინიციატორ მხარეს უგზავნის/გადასცემს. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 24 საათში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, მისი შეტანიდან არაუგვიანეს 24 საათისა. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინება დაუყოვნებლივ ეგზავნება საჩივრის ავტორს და გასაჩივრებული განჩინების გამომტან მაგისტრატ მოსამართლეს. ამ შემთხვევაში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვა უნდა დაიწყოს გონივრულ ვადაში, მაგრამ მაგისტრატი მოსამართლისთვის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინების გადაცემიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებით, თუ მოწმე დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ ცხადდება სასამართლოში.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო მოწმედ დასაკითხ პირს იძახებს უწყებით, ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალებით. გამოძახების შესახებ უწყებაში/სხვა შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს, ვინ, რა მიზნით, ვისთან და რა მისამართზე არის გამოძახებული, ზუსტი დრო, როდესაც ის უნდა გამოცხადდეს, აგრეთვე რა შედეგები მოჰყვება არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას. მოწმის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოქმედებს ამ კოდექსის 149-ე მუხლით დადგენილი წესი. ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით დადგენილი ვადები არ გამოიყენება. მოწმის დაკითხვა უნდა დაიწყოს მისი მიყვანისთანავე, გონივრულ ვადაში. დაკითხვის ინიციატორი მხარე უფლებამოსილია მოწმედ დასაკითხი პირის წერილობითი თანხმობით თავად უზრუნველყოს მაგისტრატ მოსამართლესთან მისი წარდგენა.
9. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით, მე-2 და 2¹ ნაწილებითა და მე-15 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის მოწმედ დაკითხვა მხარეთა მონაწილეობით მიმდინარეობს. დაკითხვის ინიციატორი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოწმე არ დაიკითხება. მეორე მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს დაკითხვის წარმოებას. მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე ან/და სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების, პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით, მხარის დასაბუთებული შუამდგომლობითა და მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოწმის დაკითხვა ჩატარდეს მეორე მხარის წინასწარი ინფორმირებისა და დასწრების გარეშე. ამ შემთხვევაში მოწმის მიერ მიცემული ჩვენება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ შესაძლებელია მისი ხელახალი დაკითხვა.
10. (ამოღებულია - 20.03.2020, №5862)..
11. მოწმეს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.
12. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს დახურულ სასამართლო სხდომაზე, ამ კოდექსის 115-ე მუხლით დადგენილი წესით. პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხვისას არ მოქმედებს ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა.
13. მოწმის დაკითხვის დასრულებისთანავე მაგისტრატი მოსამართლე უზრუნველყოფს მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების დაკითხვის ინიციატორი მხარისთვის როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით გადაცემას.
14. მხარე უფლებამოსილია წინასასამართლო სხდომაზე დააყენოს შუამდგომლობა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხული პირის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ეს პირი მოწმედ კანონის არსებითი დარღვევით დაიკითხა.
15. გამოძიების სტადიაზე დასაკითხი პირის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე შეიძლება ასევე დაიკითხოს პირი, თუ:
ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების, ინდივიდუალური შეთანხმების ან ნაცვალგების პირობების საფუძველზე შემოსულია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ;
ბ) დასაკითხი პირი გამოძახებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი წესით.
16. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება ბრალდებულზე.
ცვლილებები ამ მუხლში (6)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინება №2/12/1237 – ვებგვერდი, 29.10.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 20 მარტის კანონი №5862 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
მუხლი 115. დაკითხვის ზოგადი წესი
1. დაკითხვის დაწყებამდე სასამართლო ადგენს მოწმის ვინაობას. სასამართლო ფიცის დადების შემდეგ მოწმეს განუმარტავს, რა უფლება-მოვალეობები აქვს მას, რა საქმეზეა იგი გამოძახებული, რომ იგი ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმესთან დაკავშირებით, და აფრთხილებს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ასევე განუმარტავს, რომ იგი ვალდებული არ არის, მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი თავის ან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება. სასამართლო ასევე ადგენს, რა დამოკიდებულება აქვს მოწმეს ბრალდებულთან და დაზარალებულთან.
2. დაკითხვის დაწყებისთანავე მოწვევის ინიციატორმა მხარემ მოწმეს უნდა შესთავაზოს, თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმესთან დაკავშირებით. პასუხის გაცემისას მისი შეწყვეტინება დაუშვებელია, მაგრამ თუ დასაკითხი პირი საუბრობს იმ გარემოებებზე, რომლებიც აშკარად არ ეხება საქმეს, მოსამართლეს მხარის შუამდგომლობით შეუძლია მისი შეჩერება. ამის შემდეგ დასაკითხ პირს მისი ჩვენების შევსებისა და დაზუსტების მიზნით შეიძლება დაკითხვის ინიციატორმა დაუსვას შეკითხვები ამ კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად. პირდაპირი დაკითხვის დამთავრების შემდეგ მოწინააღმდეგე მხარე უფლებამოსილია აწარმოოს მოწმის ჯვარედინი დაკითხვა ამ კოდექსის 245-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
3. მოწმე შეიძლება დაიკითხოს მხოლოდ იმ გარემოების შესახებ, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმისათვის.
4. ნასამართლობის შესახებ შეკითხვა მოწმეს შეიძლება დაესვას, თუ ის საჭიროა მოწმის სანდოობის დადგენისათვის.
5. თუ მოწმეს უჭირს სიტყვიერად აღწეროს მოვლენა, რომლის თვითმხილველიც იგი იყო, მას შეუძლია თავისი ჩვენება ჩამოაყალიბოს სხვა ნიშნობრივი ფორმით, სახელდობრ, ნახაზის, სქემის, ჩანახატის ან სხვა ამგვარი სახით.
6. დაკითხვისას მოწმეს შეუძლია გამოიყენოს დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
7. მხარეებს შეუძლიათ დასაკითხ პირს მოსთხოვონ დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელსაც იგი იყენებდა დაკითხვისას, ხოლო შემოწმების შემდეგ დაუბრუნონ მას ან დაურთონ საქმეს.
8. დაკითხვისას მხარეებს შეუძლიათ მოწმეს წარუდგინონ საქმეზე დართული საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
9. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია, მოწმედ დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად, რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №923 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
მუხლი 116. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1729 - ვებგვერდი, 25.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი № 3715 – ვებგვერდი, 24.06.2015წ.
მუხლი 117. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან/და მძიმედ დაავადებულის გამოკითხვა/დაკითხვა
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გამოკითხვა/დაკითხვა უნდა განხორციელდეს შეზღუდვის შესაბამისი კორექტივების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მის მიერ პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილის როლის ეფექტიანი განხორციელება.
2. ყრუს და სმენადაქვეითებულის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმნის (სურდოთარჯიმნის) მონაწილეობით. თუ გამოსაკითხი/დასაკითხი პირი ყრუა, მისთვის შეკითხვების დასმა შეიძლება წერილობით, ხოლო თუ იგი მუნჯია, მას შეუძლია შეკითხვებს პასუხები წერილობით გასცეს.
3. მძიმედ დაავადებულის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება ექიმის ნებართვით და, საჭიროების შემთხვევაში, მისი დასწრებით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6842 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 118. მოწმის დაკითხვა საქმის არსებითი განხილვის დროს
1. ბრალდების მოწმის დაკითხვას იწყებს ბრალდების მხარე, აგრძელებს დაცვის მხარე და პირიქით.
2. მოწმე უნდა დაიკითხოს იმ მოწმეთაგან განცალკევებით, რომლებიც ჯერ არ დაკითხულან. ამასთანავე, სასამართლო იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს დაკითხვის დამთავრებამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. დაკითხვის დასრულების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს მოწმეს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება.
3. არ დაიკითხება ის მოწმე, რომელიც დასაკითხად ვერ გამოცხადდება სასამართლოში ამ კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის გამო. ამ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ქვეყნდება პირის წინასასამართლო ჩვენება. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ ეს ჩვენება, თუ იგი პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
მუხლი 118¹. პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა
1. პროკურორი უფლებამოსილია საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით დაფაროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს, თუ მისი ვინაობის გამჟღავნება ზიანს აყენებს ამ პირის უსაფრთხოებას ან/და არსებითად ხელყოფს მართლმსაჯულების ინტერესს.
2. ბრალდების მხარე უზრუნველყოფს საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ყველა დოკუმენტსა და მასალაში, აგრეთვე სხვა საპროცესო მოქმედებებში პირის ვინაობის იმგვარად დაფარვას, რომ შეიზღუდოს მისი ვინაობის იდენტიფიცირებისა და ამოცნობის შესაძლებლობა.
3. პროკურორის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის იდენტიფიცირების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, ამ პირის ვინაობა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ყველა ეტაპზე დაუფარავია მოსამართლისთვის, საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოსთვის, გამოძიების ორგანოსთვის, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ორგანოსთვის, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნაწილში − სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის, მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №923 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
მუხლი 118². პირის იდენტიფიცირების შეზღუდვის გამოყენების ვადა
1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უვადოდ.
2. პროკურორი უფლებამოსილია სისხლის სამართლის საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, დასაბუთებული გადაწყვეტილებით გააუქმოს პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №923 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
მუხლი 119. ამოღებისა და ჩხრეკის მიზანი და საფუძველი
1. დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
2. ჩხრეკის ჩატარება შეიძლება აგრეთვე ძებნილისა და გვამის აღმოსაჩენად.
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი შეიძლება ამოღებულ იქნეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ არის.
4. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოსაღებად ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მის აღმოსაჩენად საჭიროა ძებნა.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/2/1276 – ვებგვერდი, 30.12.2020წ.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/2/1276 – ვებგვერდი, 30.12.2020წ.
მუხლი 120. ამოღებისა და ჩხრეკის წესი
1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში − გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე გამომძიებელს უფლება აქვს, საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად შევიდეს საცავში, სადგომში, სათავსში ან სხვა მფლობელობაში.
2. ამოღების ან ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ვალდებულია სასამართლოს განჩინება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილება გააცნოს პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. განჩინების (დადგენილების) გაცნობას პირი ადასტურებს ხელმოწერით.
3. გამომძიებელს უფლება აქვს, ამოღების ან ჩხრეკის ადგილზე მყოფ ან იქ მისულ პირებს ამოღების ან ჩხრეკის დამთავრებამდე აუკრძალოს წასვლა, ერთმანეთთან ან სხვა პირთან ურთიერთობა, რაც აღინიშნება ოქმში.
4. განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილების წარდგენის შემდეგ გამომძიებელი პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, სთავაზობს ამოსაღები საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ნებაყოფლობით გადაცემას. ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტი ფიქსირდება ოქმში, ხოლო მის ნებაყოფლობით გადაცემაზე უარის თქმის ან მისი არასრულად გადაცემის შემთხვევაში ამოღება ხდება იძულებით.
5. ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელიც აღნიშნულია განჩინებაში ან დადგენილებაში. ასევე ამოღებულ უნდა იქნეს ინფორმაციის შემცველი ყველა სხვა ობიექტი, რომელსაც შესაძლოა მტკიცებულების მნიშვნელობა ჰქონდეს ამ საქმისათვის ან რომელიც აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულზე, აგრეთვე სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
6. ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და, შესაძლებლობის შემთხვევაში, შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე, ლუქის გარდა, აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ. არ დაილუქება დოკუმენტი, რომლის ამოღებაც ხდება მისი შინაარსის გამო.
7. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებელს უფლება აქვს, გააღოს დაკეტილი საცავი, სადგომი და სათავსი, თუ გასაჩხრეკი უარს ამბობს, ნებაყოფლობით გააღოს ისინი.
8. დასაშვებია ჩხრეკის ან/და ამოღების ადგილზე მყოფი პირის პირადი ჩხრეკა, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან დამალა ამოსაღები საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ასეთი შემთხვევა ითვლება გადაუდებელ აუცილებლობად და პირადი ჩხრეკა ტარდება სასამართლოს განჩინების გარეშე. ჩხრეკის ან/და ამოღების კანონიერებას ამოწმებს სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.
9. იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ამოღება ან ჩხრეკა უნდა ჩატარდეს მისი ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის დასწრებით.
10. დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული საგნის, დოკუმენტის, ნივთის, ნივთიერების, ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამ კოდექსით დადგენილი წესით პირველადი გამოკვლევის უფლება აქვს ბრალდების მხარეს.
ცვლილებები ამ მუხლში (6)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6549 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3090 - ვებგვერდი, 06.03.2015წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/4/809 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5186 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.
მუხლი 121. პირადი ჩხრეკა
1. პროკურორს, გამომძიებელს, დაკავების უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს უფლება აქვთ, დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული წესით პირადი ჩხრეკით ამოიღონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთში ან სატრანსპორტო საშუალებაში, სხეულზე ან სხეულში.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/2/1276 – ვებგვერდი, 30.12.2020წ.
2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით ჩაატაროს პირადი ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე, რაც აღინიშნება დაკავების ოქმში. ამ შემთხვევაში ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება. პირადი ჩხრეკის კანონიერებას ამოწმებს სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.
3. დამკავებელი ფიზიკური პირი უფლებამოსილია განაიარაღოს დაკავებული.
4. თუ პირად ჩხრეკას თან სდევს გაშიშვლება, იგი უნდა ჩაატაროს იმავე სქესის პირმა. ამ დროს დასაშვებია მხოლოდ იმავე სქესის პირთა მონაწილეობა.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6549 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/2/1276 – ვებგვერდი, 30.12.2020წ.
მუხლი 122. ამოღება და ჩხრეკა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში და დიპლომატიურ წარმომადგენელთან
1. დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მის ან/და მისი ოჯახის წევრის მიერ დაკავებულ შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაში ამოღება ან ჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ ამ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობით ან თხოვნით.
2. ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობის გამოთხოვა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 123. ჩხრეკა, ამოღება და დაყადაღება მასმედიის, გამომცემლობის რედაქციაში, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რელიგიური, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების სათავსებში
1. დაუშვებელია მასმედიის, გამომცემლობის რედაქციაში, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რელიგიურ, საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და პოლიტიკური პარტიის სათავსში არსებული იმ საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა სამეცნიერო, საგანმანათლებლო ობიექტის ჩხრეკა, ამოღება ან/და დაყადაღება, რომლის მიმართაც არსებობს საჯაროდ გავრცელების გონივრული მოლოდინი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამოსაღები საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი დანაშაულის საგანი ან იარაღია.
3. სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება ჩხრეკის, ამოღების ან/და დაყადაღების შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აშკარა და დამაჯერებელი დასაბუთება, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება არ გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიტყვის, აზრის, სინდისის თავისუფლების, აღმსარებლობის, რწმენის ან გაერთიანების უფლების ხელყოფას. ეს საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს ეფექტიანი და ამ უფლებათა და თავისუფლებათა ყველაზე მინიმალურად შემზღუდველი ფორმით.
მუხლი 124. ამოღებული ობიექტის დაბრუნება
1. თუ ამოღებული საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი მხარემ სასამართლოში მტკიცებულებად არ წარადგინა, იგი, როგორც წესი, უბრუნდება იმ პირს, რომლისგანაც იქნა ამოღებული.
2. თუ ამ მუხლის შესაბამისად დაბრუნებულ საგანთან, დოკუმენტთან, ნივთიერებასთან ან ინფორმაციის შემცველ სხვა ობიექტთან დაკავშირებით მესამე პირი პრეტენზიას აცხადებს, დავა განიხილება სამოქალაქო წესით.
მუხლი 124¹. საბანკო ანგარიშების მონიტორინგი
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს საბანკო ანგარიშის/ანგარიშების გამოყენებით, ან/და ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებული ქონების მოძიების/იდენტიფიცირების მიზნით, პროკურორი უფლებამოსილია, საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე, რომლითაც ბანკი ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მას მიმდინარე რეჟიმში მიაწოდოს ინფორმაცია ერთ ან რამდენიმე საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ.“.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელ ორგანოს უნდა ეცნობოს ოპერაციის შესრულებისთანავე.
3. საბანკო ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის ან/და გატანის შემთხვევაში ინფორმაცია საქმის მწარმოებელ ორგანოს უნდა ეცნობოს ოპერაციის შესრულებამდე.
4. საბანკო ანგარიშების მონიტორინგის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისათვის აუცილებელ ვადას.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი № 3814 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
მუხლი 125. დათვალიერება
1. დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
2. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით. სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც მხარე დათვალიერებას ატარებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით გამოხატავს თანხმობას. სასამართლოს განჩინება საჭირო არ არის აგრეთვე საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის, დოკუმენტის ან მონაცემის დათვალიერებისთვის.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1575 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.
მუხლი 126. დათვალიერების ზოგადი წესი
1. დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში. დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს, მხარის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოვლენას.
2. თუ ამოღებული საგნის, დოკუმენტის, ნივთიერებისა თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის დასათვალიერებლად საჭიროა დიდი დრო ან დამატებითი ტექნიკური საშუალება, საგამოძიებო მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს გამოძიების ჩატარების ადგილზე.
3. დათვალიერება შეიძლება ჩატარდეს ტექნიკური საშუალებებით, თუ ეს არ გამოიწვევს საგნის, დოკუმენტის, ნივთიერებისა თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ან მასზე არსებული კვალის განადგურებას ან დაზიანებას.
მუხლი 127. შემთხვევისა და სხვა ადგილის დათვალიერება
1. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. დათვალიერების დამთავრებამდე შემთხვევის ადგილი დაცული უნდა იყოს.
1¹. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე და 281-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, როდესაც არსებობს მტკიცებულების განადგურების, დაკარგვის ან დაზიანების საშიშროება, შემთხვევის ადგილის დაცვის უზრუნველმყოფ უფლებამოსილ თანამდებობის პირს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დაწყებამდე შეუძლია მტკიცებულების ფიქსაცია ტექნიკური საშუალების გამოყენებით და შენახვა.
2. საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომში ან დახურულ ტერიტორიაზე დათვალიერების მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. სასამართლოს ამ კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას დათვალიერების ჩასატარებლად გამოაქვს განჩინება. განჩინება ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც ტარდება დათვალიერება, ხოლო თუ დათვალიერება ტარდება იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში – მის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს.
3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება შესაძლოა ჩატარდეს ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5743 – ვებგვერდი, 09.03.2012წ.
მუხლი 128. გვამის დათვალიერება
1. გვამის გარეგნულ დათვალიერებას მხარე ატარებს ექსპერტის მონაწილეობით.
2. ამოუცნობი გვამის დაქტილოსკოპირება და საექსპერტო კვლევისთვის ნიმუშის აღება (მათ შორის, ბიოლოგიური ნიმუშის აღება და გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვა) სავალდებულოა.
3. ამოუცნობი გვამის დამარხვა ან კრემაცია პროკურორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
4. უპატრონო გვამის ან/და ამოუცნობი გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის, აგრეთვე სამედიცინო ან/და საექსპერტო დაწესებულებისთვის გადაცემა ხორციელდება პროკურორის ნებართვით, რომელიც აღსასრულებლად გადაეცემა გამოძიების მწარმოებელ ორგანოს.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2157 – ვებგვერდი, 04.05.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №344 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
მუხლი 129. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი
მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი.
მუხლი 130. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების წესი
1. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ ექსპერტი. საცდელ მოქმედებათა ჩატარებაში შეიძლება ჩააბან სხვა პირები.
2. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ პირი, რომლის ინფორმაციაც (ჩვენებაც) უნდა შემოწმდეს. მხარეებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს უნდა გააცნონ ექსპერიმენტის მიზანი და ჩატარების წესი.
3. თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება გამოსაკვლევი გარემოების აღსადგენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს შესამოწმებელ ინფორმაციას (ჩვენებას) ან ვერსიას. იმ პირს, რომლის მიერ მიცემული ინფორმაციაც (ჩვენებაც) მოწმდება, სთავაზობენ, აღიდგინოს შემთხვევის ვითარება, რომლის მონაწილე ან თვითმხილველიც თავად იყო. საჭიროების შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება არაერთგზის.
4. საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.
5. თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით, მხარე საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის თანდასწრებით კითხულობს შესამოწმებელ ინფორმაციას (ჩვენებას) და სთავაზობს ინფორმაციის (ჩვენების) მიმცემ პირს, დაადასტუროს ან დააზუსტოს მიცემული ინფორმაცია (ჩვენება), რასაც თან ახლავს გარკვეულ მოქმედებათა დემონსტრირება და მის მიერ მიცემული ინფორმაციის (ჩვენების) დაზუსტება.
6. რამდენიმე პირის ინფორმაციის (ჩვენების) ერთდროულად ადგილზე შემოწმება დაუშვებელია.
7. პირი, რომლის ინფორმაციაც (ჩვენებაც) ადგილზე მოწმდება, განმარტებას იძლევა სხვათა ჩაურევლად, კარნახისა და პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების გარეშე.
8. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეს შეუძლია დასვას კითხვები, მოითხოვოს მოქმედების გამეორება, მონაწილეობა მიიღოს აღმოჩენილი საგნის, დოკუმენტის, კვალის თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის დათვალიერებაში და მხარისა და სხვა მონაწილეთა ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.
მუხლი 131. პირის და ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა
1. გამოძიების დროს ამოსაცნობად წარდგენა ტარდება ამომცნობის თანხმობით.
2. ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი ამ კოდექსით დადგენილი წესით უნდა იყოს გამოკითხული/დაკითხული ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას ამოსაცნობ ობიექტთან ჰქონდა შეხება. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი.
3. ამომცნობს ამოსაცნობი უნდა წარედგინოს იმავე სქესის არანაკლებ 2 ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით.
4. ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი უნდა წარედგინოს არანაკლებ 2 სხვა ერთგვაროვან საგანთან ერთად. ამომცნობს სთავაზობენ, მიუთითოს ობიექტი, რომლის ამოცნობაც შეუძლია, და განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო იგი.
5. როცა ამომცნობისათვის ამოსაცნობი ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა შეუძლებელია ან ეს დაკავშირებულია არაგონივრულ ძალისხმევასთან, ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ 3 სხვა ფოტოსურათი, რომლებზე აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან. ფოტოსურათების ამოსაცნობად წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით.
6. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის, ან თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე.
7. ამომცნობის მიერ ამოსაცნობი ობიექტის განმეორებით ამოცნობა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წინა ამოცნობა ფოტოსურათით ჩატარდა.
8. გვამის, მისი ნაწილის, აგრეთვე ისეთი ობიექტის ამოცნობისას, რომლის ანალოგის შერჩევაც შეუძლებელია, ამოცნობა ტარდება მხოლოდ 1 ამოსაცნობი ობიექტის მიხედვით.
9. ამოცნობის ჩატარება აუცილებელი არ არის, თუ ამომცნობი ასახელებს ამოსაცნობი პირის პერსონალურ მონაცემებს, რომლებითაც შესაძლებელია მისი ზუსტი იდენტიფიცირება.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6549 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
მუხლი 132. ექსჰუმაციის საფუძველი და მიზანი
1. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით შეიძლება ჩატარდეს ექსჰუმაცია (გვამის საფლავიდან ამოღება).
2. შუამდგომლობით მხარე მიმართავს გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს, რომელიც ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს მას დაყენებიდან 48 საათში. სასამართლოს განჩინება არ საჩივრდება.
3. ექსჰუმაციის შესახებ განჩინება სავალდებულოა დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციისათვის (თუ ასეთი არსებობს), გარდაცვლილის ნათესავებისათვის და სხვა პირებისათვის.
მუხლი 133. ექსჰუმაციის წესი
1. ექსჰუმაციას მხარე ატარებს ამ კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციის (თუ ასეთი არსებობს) წარმომადგენლის მონაწილეობით. ექსჰუმაციაში მონაწილეობს ექსპერტი. ამ საგამოძიებო მოქმედებაში პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა.
2. გარდაცვლილის ნათესავებს უფლება აქვთ, დაესწრონ ექსჰუმაციას.
მუხლი 134. ზოგადი დებულებანი საგამოძიებო მოქმედების ოქმის შესახებ
1. საგამოძიებო მოქმედების ოქმი დგება უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მსვლელობისას ან მისი დამთავრებისთანავე.
2. საგამოძიებო მოქმედების ოქმი შეიძლება დაიწეროს ხელით ან შედგეს ტექნიკური საშუალებით.
3. საგამოძიებო მოქმედების ოქმში აღნიშნული უნდა იყოს: საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი; მისი დაწყებისა და დამთავრების დრო; საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირობები; იმ პირის თანამდებობა და გვარი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება; საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელები და გვარები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მათი მისამართებიც. ოქმში ჩამოყალიბებული უნდა იყოს საქმისათვის არსებითი გარემოებები, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა განცხადებები და შენიშვნები.
4. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოყენებული იყო ხმის ან/და გამოსახულების ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით ჩაწერა, დამზადდა კვალის ანაბეჭდი ან ტვიფარი, შედგა ნახაზი ან სქემა, საგამოძიებო მოქმედების ოქმში უნდა აღინიშნოს გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მახასიათებლები, მათი გამოყენების პირობები და მიღებული შედეგები. ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების შესახებ საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს წინასწარ უნდა ეცნობოს და ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს ოქმში. ამ ნაწილში მითითებული ინფორმაციის შემცველი მასალა უნდა დაილუქოს, დადასტურდეს საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა ხელმოწერებით და დაერთოს საქმეს.
5. შედგენის შემდეგ საგამოძიებო მოქმედების ოქმი გასაცნობად წარედგინება საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილეს. მათვე უნდა განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, გამოთქვან შენიშვნა, დამატება ან შესწორება, რომელიც ოქმში აისახება. ოქმში შეტანილი ყველა შენიშვნა, დამატება და შესწორება დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ხელმოწერით.
6. საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილე. თუ საგამოძიებო მოქმედების მონაწილე უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამ ფაქტის შესახებ ოქმში კეთდება აღნიშვნა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი. ოქმის ხელმოწერაზე უარის მთქმელ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განმარტოს ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი, რომელიც ასევე აღინიშნება ოქმში. თუ საგამოძიებო მოქმედების მონაწილე ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აწერს ხელს ოქმს, მოიწვევა გარეშე პირი, რომელიც ხელმოწერით მის ნაცვლად ადასტურებს ოქმს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6549 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.
მუხლი 135. ცალკეული საგამოძიებო მოქმედების ოქმის შედგენის თავისებურებანი
1. გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს გამოსაკითხი პირის სახელი, გვარი, ასაკი, მოქალაქეობა, განათლება, სამუშაო ადგილი, საქმიანობა ან/და თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, მისი ურთიერთობა ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან, მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი, მისი დამოკიდებულება სასამართლოში გამოცხადებისა და ჩვენების მიცემისადმი, აგრეთვე ამ კოდექსის 113-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია. გამოკითხვის ოქმში არ აღინიშნება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის მაიდენტიფიცირებელი მახასიათებლები (მონაცემები), რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია.
2. ყადაღის, ჩხრეკის ან/და ამოღების ოქმში უნდა მიეთითოს: რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი; ის ნებაყოფლობითაა გადაცემული თუ იძულებითაა ჩამორთმეული. ყველა ობიექტი ოქმში უნდა აღიწეროს რაოდენობის, წონის, ღირებულების (თუ ეს შესაძლებელია), ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას სცადეს, გაენადგურებინათ ან გადაემალათ მოსაძებნი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ან/და თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა წინააღმდეგობა გასწია, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლი გადაეცემა პირს, რომელთანაც ჩატარდა ამოღება ან ჩხრეკა, ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – სახლის მფლობელს ან/და გარეშე პირს (მეზობელს, ახლო ნათესავს, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელს), რომელიც ამოღებას ან ჩხრეკას ესწრებოდა. თუ ამოღება ან ჩხრეკა ჩატარდა იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ოქმის ასლი გადაეცემა შესაბამისად ამ საგამოძიებო მოქმედების დამსწრე იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს.
3. კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული გზავნილის დაყადაღების, დათვალიერების და ამოღების, შეჩერებული გზავნილის დათვალიერების ოქმში აღინიშნება, კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული რომელი გზავნილი დაათვალიერეს და ამოიღეს, რომელი უნდა გადაეცეს ადრესატს ან დროებით უნდა შეჩერდეს და რა ვადით, რომელი კორესპონდენციის ასლი გადაიღეს, რა ტექნიკური საშუალება გამოიყენეს და რა გამოვლინდა ამის შედეგად.
4. დათვალიერების ოქმში უნდა აღიწეროს ყველა აღმოჩენილი კვალი, საგანი, დოკუმენტი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ინდივიდუალური ან/და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. ოქმში უნდა აღინიშნოს, რა დროს, როგორ ამინდში და როგორი განათების პირობებში ჩატარდა დათვალიერება, რა ტექნიკური საშუალება იქნა გამოყენებული და რა შედეგი იქნა მიღებული, ვინ მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში, რა საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი დაილუქა. ოქმში ასევე უნდა აღინიშნოს ლუქის ინდივიდუალური ნიშნები და სად გაიგზავნა დათვალიერების შემდეგ გვამი ან/და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტი. ამოღებული ობიექტის მფლობელს გადაეცემა ოქმის ასლი. საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოღების შემთხვევაში ცალკე ოქმი არ დგება და ეს საგამოძიებო მოქმედება აღიწერება დათვალიერების ოქმში.
5. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში უნდა აღინიშნოს: რა მიზნით, სად და რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით ჩატარდა ექსპერიმენტი; კონკრეტულად რით გამოიხატა შემთხვევის ვითარების აღდგენა; რა შინაარსისაა ადგილზე მიღებული ინფორმაცია (ჩვენება); რა საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი იქნა აღმოჩენილი, დათვალიერებული და ამოღებული; რა დააზუსტა პირმა თავის ინფორმაციაში (ჩვენებაში); რა საცდელი მოქმედებები, როგორი თანამიმდევრობით, ვის მიერ, რამდენჯერ ჩატარდა და რა შედეგი იქნა მიღებული.
6. ამოსაცნობად წარდგენის ოქმში აისახება ამომცნობის, აგრეთვე ამოსაცნობად წარდგენილი პირის ვინაობა (მათ შორის, მისი მისამართი), ამოსაცნობად წარდგენილი სხვა ობიექტის ინდივიდუალური ან/და გვარეობითი ნიშან-თვისებები.
7. ექსჰუმაციის დროს დათვალიერების ან ამოცნობის ჩატარებისას ცალკე ოქმი არ დგება და ამ საგამოძიებო მოქმედების შინაარსი აღინიშნება ექსჰუმაციის ოქმში.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6549 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6949 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №923 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
თავი XVI კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები
მუხლი 136. დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვა
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი, დაცვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება შესაძლებელია ჩატარდეს პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წესით.
2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს მომსახურების მომწოდებლისაგან მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაციის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის, მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაცია არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მომსახურების მომწოდებელი ინახავს კომპიუტერული მონაცემების ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც დაკავშირებულია მისი მომსახურების მომხმარებლებთან, განსხვავდება ინტერნეტტრაფიკისა და შინაარსობრივი მონაცემებისაგან და რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დადგინდეს/განისაზღვროს:
ა) გამოყენებული კომუნიკაციის მომსახურების ტიპი, გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და მომსახურების დრო;
ბ) მომხმარებლის ვინაობა, საფოსტო ან საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის და სხვა საკონტაქტო ნომრები, ანგარიშისა და გადასახადების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მომსახურების ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე;
გ) დამონტაჟებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის თაობაზე არსებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მომსახურების ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე.
3¹. დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების, აგრეთვე ამ კოდექსის 138¹ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისგან დასაშვებია მხოლოდ იმ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემის გამოთხოვა, რომლის შენახვისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 8⁵ მუხლით დადგენილი ვადა გასული არ არის.
4. (ამოღებულია - 24.05.2022, №1575).
4¹. ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 111-ე, 112-ე და 134-ე მუხლების დებულებები.
4². გამომძიებელი უფლებამოსილია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, წერილობით ან მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემის საშუალებით წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შედეგად დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების დაუყოვნებლივ შეტყობინების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) დაუყოვნებლივ შეტყობინების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში პროკურორი ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისგან გამოითხოვს ინფორმაციას სატელეფონო ნომრისა და მისი მფლობელის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ. გამომძიებლისა და პროკურორის მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენის შემთხვევაში ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის უტყუარობის დასადასტურებლად საკმარისია მასზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ცვლილებები ამ მუხლში (7)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/650,699 – ვებგვერდი, 03.02.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1575 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 14 ივნისის კანონი №3147 – ვებგვერდი, 03.07.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
მუხლი 137. ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვება
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, გასცეს განჩინება ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვების შესახებ, რომლითაც მომსახურების მომწოდებელი ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაეხმაროს მას მიმდინარე რეჟიმში ინტერნეტტრაფიკის იმ მონაცემთა შეგროვებაში ან ჩაწერაში, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ და კომპიუტერული სისტემის მეშვეობით გადაცემულ კონკრეტულ კომუნიკაციებთან.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობა უნდა ითვალისწინებდეს მომსახურების მომწოდებლის ტექნიკურ შესაძლებლობებს ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვებისა და ჩაწერისათვის. ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვებისა და ჩაწერის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისათვის აუცილებელ ვადას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 143²–143¹⁰ მუხლების დებულებები.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.
მუხლი 138. შინაარსობრივი მონაცემების მოპოვება
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, გასცეს განჩინება შინაარსობრივ მონაცემთა მიმდინარე შეგროვების შესახებ, რომლითაც მომსახურების მომწოდებელი ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაეხმაროს მას მიმდინარე რეჟიმში შინაარსობრივ მონაცემთა შეგროვებაში ან ჩაწერაში, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ და კომპიუტერული სისტემის მეშვეობით გადაცემულ კონკრეტულ კომუნიკაციებთან.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობა უნდა ითვალისწინებდეს მომსახურების მომწოდებლის ტექნიკურ შესაძლებლობებს შინაარსობრივ მონაცემთა მიმდინარე შეგროვებისა და ჩაწერისათვის. შინაარსობრივ მონაცემთა მიმდინარე შეგროვებისა და ჩაწერის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისათვის აუცილებელ ვადას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 143²–143¹⁰ მუხლების დებულებები.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.
მუხლი 138¹. კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვება უცხო სახელმწიფოდან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის წარდგენის გარეშე
1. პროკურორი უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს (წარმოშობის სახელმწიფო) ტერიტორიაზე მყოფი ან რეგისტრირებული პირისგან უშუალოდ მიიღოს ამ პირის მფლობელობაში ან/და კონტროლის ქვეშ არსებული, სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი კომპიუტერული მონაცემი ან დოკუმენტი, თუ კომპიუტერული მონაცემის ან/და დოკუმენტის ამ წესით მოპოვება დაშვებულია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, წარმოშობის სახელმწიფოს სამართლით ან/და ამ სახელმწიფოს ნათლად ჩამოყალიბებული პრაქტიკით. პროკურორის მიერ ამ უფლებამოსილებით სარგებლობისას არ გამოიყენება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავით დადგენილი წესები.
2. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მიზნით უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი ან რეგისტრირებული პირის იძულება ან ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრება.
3. ამ მუხლით დადგენილი წესით შესაბამისი კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვებისას პროკურორი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.
4. ამ მუხლით დადგენილი წესით კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვება შესაძლებელია საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პროკურორის ან/და პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის მიერ.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3157 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
მუხლი 139. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 140. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 141. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 142. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
მუხლი 143. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
თავი XVI¹
მუხლი 143¹. ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეები # #
1. ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეებია:
ა) სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა;
ბ) ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურე აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია;
გ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა;
დ) საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი;
ე) ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება;
ვ) ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს.
2. დასაშვებია ერთდროულად რამდენიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №476 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
მუხლი 143². ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პრინციპები
1. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ამ კოდექსის 143³მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიებისას.
2. ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩატარება გათვალისწინებულია ამ კოდექსით და ის აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
3. ფარული საგამოძიებო მოქმედება აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუ მისი ჩატარება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და ის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალებაა.
4. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა საშუალებით გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
5. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფარგლები (ინტენსივობა) ფარული საგამოძიებო მოქმედების ლეგიტიმური მიზნის პროპორციული უნდა იყოს.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.
მუხლი 143³. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი
1. ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით. განჩინებას პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, გარდა ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ:
ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე დანაშაულის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებითა და თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო: 134-ე მუხლი, 139-ე მუხლის პირველი ნაწილი, 142-ე მუხლი, 142¹ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 143³ მუხლის პირველი ნაწილი, 144² და 155-ე მუხლები, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 192-ე მუხლი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 223-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილები, 223³ მუხლის პირველი ნაწილი, 226-ე, 235-ე, 239¹ და 252-ე მუხლები, 253-ე მუხლის პირველი ნაწილი, 254-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 259⁴ მუხლი, 262-ე მუხლის 1¹ ნაწილი, 263-ე მუხლის პირველი ნაწილი, 284-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 285-ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, 286¹ მუხლის პირველი ნაწილი, 286² მუხლის პირველი ნაწილი, 287-ე მუხლი, 288-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−302-ე მუხლები, 303-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, 304-ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე−306¹ და 317-ე მუხლები, 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 320-ე მუხლის პირველი ნაწილი, 321-ე მუხლის პირველი ნაწილი, 322¹ მუხლი, 322² მუხლის პირველი ნაწილი, 330¹ მუხლის პირველი ნაწილი, 331² მუხლი, XXXIX თავი, 343-ე, 343¹ და 344-ე მუხლები, 344¹ მუხლის პირველი ნაწილი, 344² მუხლის პირველი ნაწილი, 344³ მუხლი, 345-ე მუხლის პირველი ნაწილი და 381³ და 405-ე მუხლები;
ბ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს, რომლის მიმართაც უნდა ჩატარდეს ფარული საგამოძიებო მოქმედება, ჩადენილი აქვს ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული („დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი“), ან პირი იღებს ან გადასცემს დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირისათვის განკუთვნილ ან მისგან მომდინარე ინფორმაციას, ან დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი იყენებს პირის საკომუნიკაციო საშუალებებს;
გ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და არის დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად − აუცილებელი, მისი მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალება;
დ) მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული იქნება გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ის ინფორმაცია, რომლის სხვა საშუალებით მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
3. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია იმ საგამოძიებო მოქმედების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც შუამდგომლობის წარდგენამდე ჩატარდა ამ კოდექსით დადგენილი წესით და რომლითაც დასახული მიზანი ვერ იქნა მიღწეული.
4. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო:
ა) ამ კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების იმ ტერიტორიაზე განხორციელების უზრუნველსაყოფად, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, ვალდებულია გამოიყენოს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა;
ბ) ამ კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების იმ ტერიტორიაზე განხორციელების უზრუნველსაყოფად, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, ვალდებულია გამოიყენოს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა;
გ) ამ კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია გამოიყენოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ან/და არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.
5. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობისა და მისი დასაბუთებისთვის საჭირო, თანდართული მასალის სასამართლოში წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს შუამდგომლობას ამ თავითა და ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით. მოსამართლეს შეუძლია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. მოსამართლე შუამდგომლობას ზეპირი მოსმენით, პროკურორის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს და განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელთაგან ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. მოსამართლის განჩინების ეგზემპლარები შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით.
5¹. ამ კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე მიეწოდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ ნაწილით გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენების შემთხვევაში.
5². თუ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს.
5³. განჩინების გამომტანი სასამართლო პროკურორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მიმართვის მიღებიდან 12 საათის ვადაში, ან საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოფს მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილი წესით.
5⁴. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ელექტრონული სახით და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტებში ან/და სარეზოლუციო ნაწილში მონაცემი ან რეკვიზიტი ერთმანეთს არ ემთხვევა, გენერალური აუდიტორი ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს.
5⁵. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ელექტრონული სახით ან/და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, გენერალური აუდიტორი ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან/და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს.
5⁶. ამ მუხლის 5⁴ და 5⁵ ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისთანავე პროკურორი წერილობით მიმართავს განჩინების გამომტან სასამართლოს, რომელიც მიმართვის მიღებიდან 12 საათის ვადაში უზრუნველყოფს მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილი წესით. სასამართლო ვალდებულია მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრიდან 24 საათის ვადაში უზრუნველყოს ამ განჩინების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიწოდება.
5⁷. (ამოღებულია - 30.12.2021, №1314).
5⁸. (ამოღებულია - 30.12.2021, №1314).
5⁹. (ამოღებულია - 30.12.2021, №1314).
5¹⁰. (ამოღებულია - 30.12.2021, №1314).
6. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისთვის (გამოძიებისთვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება, ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს/დაიწყოს მოსამართლის განჩინების გარეშე, პროკურორის მოტივირებული დადგენილებით. პროკურორის დადგენილება უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკვიზიტებს (დადგენილების შედგენის თარიღი და ადგილი; მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლზე, რომლითაც მიმდინარეობს გამოძიება; პროკურორის სახელი და გვარი, ხელმოწერა; საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი), ხოლო დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის/ობიექტების, აგრეთვე განსახორციელებელი ფარული საგამოძიებო მოქმედების სახის შესახებ და უნდა განსაზღვრავდეს მოქმედების განხორციელების პერიოდს (მისი დაწყებისა და დასრულების თარიღებისა და დროის მითითებით), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ამ კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შემთხვევაში დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს აგრეთვე მითითებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის/ობიექტების ტექნიკური იდენტიფიკატორის/იდენტიფიკატორების სულ მცირე ერთი შესაბამისი მონაცემის შესახებ. პროკურორი ვალდებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 24 საათისა მიმართოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა/ტარდება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს შუამდგომლობით გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ. შუამდგომლობაში პროკურორმა უნდა დაასაბუთოს როგორც ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების, ისე იმ გარემოებების არსებობა, რომლებმაც განაპირობა ფარული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებლად ჩატარება/დაწყება. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობას განიხილავს მისი სასამართლოსთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს, შეესაბამება თუ არა ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, აუცილებელი იყო თუ არა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარება/დაწყება, და განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის და მისი ჩატარების ვადის არაუმეტეს 48 საათამდე გაგრძელების შესახებ. ეს ვადა აითვლება პროკურორის დადგენილებაში მითითებული ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყების დროიდან;
გ) ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის, მისი შეწყვეტის, შედეგების გაუქმების და მის შედეგად მოპოვებული მასალის/ინფორმაციის განადგურების შესახებ.
6¹. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეს შეუძლია უფლებამოსილი ორგანოდან წერილობით გამოითხოვოს გამოთხოვის მომენტისთვის მოპოვებული მასალის ელექტრონული ეგზემპლარი. მასალის გაცნობის შემდეგ მოსამართლე უზრუნველყოფს დადგენილი წესით მის განადგურებას.
6². გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ამ კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე მიეწოდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ ნაწილით გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.
6³. თუ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენილი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს. პროკურორი უზრუნველყოფს დადგენილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას.
6⁴. (ამოღებულია - 30.12.2021, №1314).
7. ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელთაგან ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. მოსამართლის განჩინების ეგზემპლარები შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით.
8. თუ ბრალდების მხარე საჭიროდ არ მიიჩნევს გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებას, მან ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ მისი დაწყებიდან არაუგვიანეს 24 საათისა შუამდგომლობით უნდა მიმართოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს. სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების მიღების შემდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ამ კოდექსის 143⁸ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით.
9. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედებით გამოვლინდა სხვა დანაშაულის ნიშნები, რომელზედაც არ მიმდინარეობს გამოძიება, ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია არის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი, ხოლო ამ ინფორმაციის ახალ საქმეზე დასაშვებ მტკიცებულებად ცნობის საკითხი გადაწყდება ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესით, ფარული საგამოძიებო მოქმედებისათვის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების გაუთვალისწინებლად.
10. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ განჩინებაში მოსამართლემ უნდა დაასაბუთოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ფარული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებლად ჩატარების/დაწყების აუცილებლობა. მოსამართლის განჩინება უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკვიზიტებს (განჩინების ნომერი; შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი, ხელმოწერა; საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი). მოსამართლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს:
ა) პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობა წარუდგინა;
ბ) სისხლის სამართლის საქმის ნომერი, რომელზედაც უნდა ჩატარდეს, ჩატარდა ან მიმდინარეობს ფარული საგამოძიებო მოქმედება;
გ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ან ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ განკარგულება, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული, რა სახის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაა ნებადართული ან რომელი ფარული საგამოძიებო მოქმედებაა კანონიერად ცნობილი;
დ) დროის რა მონაკვეთში (დაწყებისა და დასრულების თარიღებისა და დროის მითითებით) უნდა ჩატარდეს ან ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება;
ე) ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი/ობიექტები;
ვ) ამ კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემთხვევაში − ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის/ობიექტების ტექნიკური იდენტიფიკატორის/ იდენტიფიკატორების სულ მცირე ერთი შესაბამისი მონაცემი, რომლის/რომელთა კონტროლიც უნდა განხორციელდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების ადგილი;
თ) საჭიროების შემთხვევაში, ვისზე ვრცელდება ფარული საგამოძიებო მოქმედება;
ი) შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო, რომელმაც უნდა განახორციელოს ფარული საგამოძიებო მოქმედება;
კ) უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანო, რომელსაც უნდა გაეცნოს და გადაეცეს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა;
ლ) ფარული საგამოძიებო მოქმედების გაგრძელების შემთხვევაში − იმ განჩინების რეკვიზიტები, რომლის საფუძველზედაც მიმდინარეობს ფარული საგამოძიებო მოქმედება;
მ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის საჭირო სხვა მონაცემები.
11. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემაზე ან ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინებაში უნდა მიეთითოს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობით არ დასტურდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ფარული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებლად ჩატარების/დაწყების აუცილებლობა. მოსამართლის განჩინებაში უნდა აღინიშნოს: ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული რეკვიზიტები; პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა; მოსამართლის გადაწყვეტილება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ან ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობაზე უარის თქმის და მის შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ.
12. ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებაში მითითებული ვადით. აღნიშნული ვადა უნდა იყოს იმ ხანგრძლივობის, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად.
12¹. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს სამ ეტაპად, გარდა ამ მუხლის 12⁷ ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. პირველ ეტაპზე ფარული საგამოძიებო მოქმედება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით ტარდება არაუმეტეს 90 დღის ვადით, მეორე ეტაპზე − ზემდგომი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით − არაუმეტეს 90 დღის ვადით, ხოლო მესამე ეტაპზე − საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით − არაუმეტეს 90 დღის ვადით.
12². თუ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირველ ეტაპზე შესაბამისი მიზანი ვერ იქნა მიღწეული და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირველი ეტაპისთვის დადგენილი ვადა არ ამოწურულა, პროკურორი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის დარჩენილი ვადით გაგრძელების შესახებ.
12³. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირველი ეტაპისთვის დადგენილი 90-დღიანი ვადა ამოიწურა და შესაბამისი მიზანი ვერ იქნა მიღწეული, ზემდგომი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მეორე ეტაპისთვის დადგენილი ვადით − 90 დღით.
12⁴. თუ შესაბამისი მიზანი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მეორე ეტაპზედაც ვერ იქნა მიღწეული და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მეორე ეტაპისთვის დადგენილი ვადა არ ამოწურულა, ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის დარჩენილი ვადით გაგრძელების შესახებ.
12⁵. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მეორე ეტაპისთვის დადგენილი 90-დღიანი ვადა ამოიწურა და შესაბამისი მიზანი ვერ იქნა მიღწეული, საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მესამე ეტაპისთვის დადგენილი ვადით − 90 დღით.
12⁶. თუ შესაბამისი მიზანი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მესამე ეტაპზედაც ვერ იქნა მიღწეული და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მესამე ეტაპისთვის დადგენილი ვადა არ ამოწურულა, საქართველოს გენერალური პროკურორი ან მისი მოადგილე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის დარჩენილი ვადით გაგრძელების შესახებ. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია, გარდა ამ მუხლის 12⁷ ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
12⁷. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მესამე ეტაპისთვის დადგენილი 90-დღიანი ვადა ამოიწურა და შესაბამისი მიზანი ვერ იქნა მიღწეული, საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით:
ა) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ ერთხელ გაგრძელდეს არაუმეტეს 90 დღით, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე. თუ შესაბამისი მიზანი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამ ეტაპზედაც ვერ იქნა მიღწეული და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამ ეტაპისთვის დადგენილი ვადა არ ამოწურულა, საქართველოს გენერალური პროკურორი ან მისი მოადგილე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის დარჩენილი ვადით გაგრძელების შესახებ. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია;
ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც იარსებებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო, ამ თავით განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, თუ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 143-ე−143², 144-ე−144³, 223-ე−224¹, 230-ე−232-ე, 234-ე−235¹ და 255¹ მუხლებით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 260¹ მუხლის მე-3 ნაწილით, 260² და 260³მუხლებით, 261-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, 261¹ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, 262-ე და 263-ე მუხლებითა და XXXVII−XXXVIII და XLVII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა თითოეულ ჯერზე შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 90 დღით.
12⁸. ამ მუხლის 12¹−12⁷ ნაწილებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების გარდა, უნდა აისახოს ინფორმაცია დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემების თაობაზე და მიეთითოს, რის გამო ვერ მოხერხდა გამოძიებისთვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. ამ მუხლის 12¹−12⁷ ნაწილებით გათვალისწინებული განჩინების მიღებისას მოსამართლე მხედველობაში იღებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო, ამ თავით განსაზღვრულ შესაბამის სამართლებრივ საფუძველს.
12⁹. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება შეწყდა და შემდეგ კვლავ წარმოიშვა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, ფარული საგამოძიებო მოქმედება უნდა გაგრძელდეს იმ ეტაპიდან, რომელზედაც შეწყდა იგი. ფარული საგამოძიებო მოქმედება უნდა გაგრძელდეს ამ თავით დადგენილი წესით.
13. ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება საჯაროდ არ ცხადდება. მოსამართლის განჩინება ძალას კარგავს მისი მიღებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში ფარული საგამოძიებო მოქმედება არ დაიწყო.
14. პირს, რომლისთვისაც მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების მიმდინარეობისას ცნობილი გახდა მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, შეუძლია ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება ერთჯერადად გაასაჩივროს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, აღნიშნული ინფორმაციის და განჩინების გასაჩივრების უფლების შესახებ განმარტების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობა ქმნის ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ამ კოდექსით დადგენილი წესით დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას პირისთვის მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების/პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებით, შენახვით ან გამჟღავნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
15. პირი, რომლისთვისაც მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, შეუძლია ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება გაასაჩივროს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, აღნიშნული ინფორმაციის და განჩინების გასაჩივრების უფლების შესახებ განმარტების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში. ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სააპელაციო სასამართლოს მიერ უკანონოდ ცნობა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ კოდექსის 310-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებად განაჩენის გადასინჯვისათვის, თუ ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს. სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას პირის მიერ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების/პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებით, შენახვით ან გამჟღავნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
16. ამ მუხლის მე-14 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ საჩივარში უნდა აღინიშნოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ამ თავით დადგენილი წესის დარღვევის შესახებ. საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან არაუგვიანეს 72 საათისა. სააპელაციო სასამართლო შეტყობინებით უზრუნველყოფს მომჩივნის და ბრალდების მხარის მონაწილეობას საჩივრის განხილვაში. მათი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საჯაროდ ცხადდება და მოთხოვნის შემთხვევაში მომჩივანს და ბრალდების მხარეს გადაეცემა.
17. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, მოსამართლის და იმუნიტეტის მქონე პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.
ცვლილებები ამ მუხლში (19)
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 30 ნოემბრის კანონი №2870 - ვებგვერდი, 30.11.2014წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/625,640 - ვებგვერდი, 22.04.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №476 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №911 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 17 მაისის კანონი №2355 – ვებგვერდი, 29.05.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი № 3814 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 17 აპრილის კანონი №4512 - ვებგვერდი, 22.04.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4620 – ვებგვერდი, 03.06.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6755 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 27 აპრილის კანონი №461 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1722 – ვებგვერდი, 14.09.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1807 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
მუხლი 143⁴. ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება, კონტროლი და ზედამხედველობა
1. ფარულ საგამოძიებო მოქმედებას ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. ფარული საგამოძიებო მოქმედების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ცვლილებები ამ მუხლში (7)
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი № 2634 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 30 ნოემბრის კანონი №2870 - ვებგვერდი, 30.11.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №476 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
მუხლი 143⁵. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ორგანოს მიერ ინფორმაციის შენახვისა და აღრიცხვის ვალდებულება
1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის სათანადოდ დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელ ორგანოს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.
2. ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელმა ორგანომ უნდა აღრიცხოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული შემდეგი მონაცემები: ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე; ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებისა და დასრულების დრო; ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი; ამ კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას − ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი; მოსამართლის განჩინების ან/და პროკურორის მოტივირებული დადგენილების რეკვიზიტები.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 30 ნოემბრის კანონი №2870 - ვებგვერდი, 30.11.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №476 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.