მეწარმეთა შესახებ
კარი Iზოგადი ნაწილი
თავი XIVსააქციო საზოგადოება
მუხლი 160. სააქციო საზოგადოების მიერ ახალი აქციების თავის სასარგებლოდ განთავსების აკრძალვა
1. სააქციო საზოგადოებამ ახალი აქციები არ შეიძლება განათავსოს თავის სასარგებლოდ. 2. თუ სააქციო საზოგადოების აქციები განთავსდა ისეთი მესამე პირის სასარგებლოდ, რომელიც საკუთარი სახელით და სააქციო საზოგადოების დავალებით მოქმედებს, მიიჩნევა, რომ ეს აქციები განთავსდა მესამე პირის სასარგებლოდ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში სააქციო საზოგადოების აქციონერები, ხოლო განთავსებული კაპიტალის გაზრდისას − მმართველობითი ორგანოს წევრები ვალდებული არიან გადაიხადონ აქციების საფასური, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი დაამტკიცებენ საკუთარი ბრალის არარსებობას.
მუხლი 161. საკუთარი აქცია
1. სააქციო საზოგადოებას უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების დაცვით შეიძინოს და გაასხვისოს საკუთარი აქციები. 2. სააქციო საზოგადოებას საკუთარი აქციებიდან აქციონერის უფლებები არ წარმოეშობა. იგივე წესი ვრცელდება მისი შვილობილი საწარმოს კუთვნილი აქციებიდან გამომდინარე ხმის უფლებაზე. 3. სააქციო საზოგადოების მიერ საკუთარი აქციების გამოსყიდვა დასაშვებია შემდეგი პირობების დაცვით: ა) საერთო კრებამ უნდა გასცეს ნებართვა საკუთარი აქციების გამოსყიდვის შესახებ. ამ ნებართვაში უნდა მიეთითოს გამოსასყიდი აქციების მაქსიმალური რაოდენობა, ნებართვის მოქმედების ვადა, რომელიც უნდა იყოს არაუმეტეს 5 წლისა, აგრეთვე აქციების გამოსყიდვის მინიმალური და მაქსიმალური ფასები სასყიდლიანი გამოსყიდვის შემთხვევაში; ბ) საკუთარი აქციების გამოსყიდვამ არ უნდა გამოიწვიოს სააქციო საზოგადოების წმინდა აქტივის შემცირება სააქციო საზოგადოების ბოლო დამტკიცებულ საფინანსო წლის ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნულ განთავსებული კაპიტალის თანხაზე ნაკლებ ოდენობამდე, აგრეთვე კანონით ან წესდებით გათვალისწინებული იმ რეზერვების ჯამზე ნაკლებ ოდენობამდე, რომელთა აქციონერებზე განაწილება დაუშვებელია; გ) გამოსყიდული უნდა იქნეს მხოლოდ ის აქცია, რომლის შესაბამისი შენატანიც სრულად არის განხორციელებული. 4. სააქციო საზოგადოების მიერ გამოსყიდული საკუთარი აქციების ნომინალური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს განთავსებული აქციების 25 პროცენტს. იგივე წესი გამოიყენება ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების მიმართ, თუ აქციის ნომინალური ღირებულება განსაზღვრული არ არის. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკუთარი აქციების გამოსყიდვა დაუშვებელია, თუ ამ აქციების გამოსყიდვის მომენტში სააქციო საზოგადოება გადახდისუუნაროა ან აქციათა გამოსყიდვის შედეგად იგი შეიძლება გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგეს. 6. საკუთარი აქციები, რომლებიც სააქციო საზოგადოებამ განთავსებული კაპიტალის შესამცირებლად შეიძინა ან გამოისყიდა, უნდა გააუქმოს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა ორგანომ. 7. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში სააქციო საზოგადოება ვალდებულია 1 წლის ვადაში გაასხვისოს გამოსყიდული საკუთარი აქციები. თუ გამოსყიდული აქციები ამ ვადაში არ გასხვისდა, ისინი უნდა გაუქმდეს და განთავსებული კაპიტალი უნდა შემცირდეს. 8. ამ მუხლით დადგენილი წესები ვრცელდება აგრეთვე მესამე პირის მიერ აქციის საკუთარი სახელით და სააქციო საზოგადოების დავალებით შეძენის შემთხვევაზე. 9. სააქციო საზოგადოების მიერ საკუთარი აქციების შეძენის შემთხვევაში ამ აქციებიდან გამომდინარე უფლებები ჩერდება. 10. სააქციო საზოგადოების მიერ საკუთარი აქციების შეძენის შემთხვევაში ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა აისახოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. 11. სააქციო საზოგადოების მიერ უშუალოდ ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მესამე პირის მეშვეობით სააქციო საზოგადოების აქციების უზრუნველყოფის საშუალებად გამოსაყენებლად დაშვებაზე შესაბამის შემთხვევაში ვრცელდება ამ მუხლით საკუთარი აქციების შეძენისთვის დადგენილი წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციებს უზრუნველყოფის საშუალებად იყენებენ კომერციული ბანკები, მიკრობანკები ან სხვა ფინანსური ინსტიტუტები ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში. 12. თუ სააქციო საზოგადოება სხვა სააქციო საზოგადოებაში ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ფლობს ხმის უფლების მქონე აქციების ან წილების ნახევარზე მეტს ან სხვაგვარად იმყოფება დომინანტურ მდგომარეობაში, აღნიშნული სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ სააქციო საზოგადოების წილის შეძენა ან ფლობა ამ მუხლით გათვალისწინებული საკუთარი აქციის შეძენად მიიჩნევა და მასზე ვრცელდება შესაბამისი მომწესრიგებელი ნორმები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემძენი ნომინალური მფლობელია და არ მოქმედებს სააქციო საზოგადოების სახელით ან დავალებით ან იმ სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელით ან დავალებით, რომელშიც სააქციო საზოგადოება ფლობს ხმის უფლების მქონე აქციების ან წილების ნახევარზე მეტს ან სხვაგვარად იმყოფება დომინანტურ მდგომარეობაში. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2613 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
მუხლი 162. აქციათა რეესტრი, აქციის ფლობა, მასზე აქციონერის საკუთრების უფლების დადასტურება
1. თუ აქციონერთა რაოდენობა 50-ია ან 50-ზე ნაკლებია, სააქციო საზოგადოებას უფლება აქვს, აქციათა რეესტრი აწარმოოს თვითონ ან ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით. თუ აქციონერთა რაოდენობა 50-ზე მეტია, სააქციო საზოგადოებამ აქციათა რეესტრი უნდა აწარმოოს ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით. სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრი იწარმოება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული შესაბამისი წესების გათვალისწინებით. თუ სააქციო საზოგადოება აქციათა რეესტრს აწარმოებს თვითონ ან ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით, აქციაზე აქციონერის საკუთრების უფლება დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით, ხოლო თუ აქცია აქციათა რეესტრში არსებული ჩანაწერის შესაბამისად ნომინალურ მფლობელობაშია გადაცემული − შესაბამისი ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. აქციონერის მოთხოვნის შემთხვევაში მას უნდა მიეცეს ამონაწერი სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერიდან. თუ, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრირებული აქციის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, აქციაზე აქციონერის უფლება დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც აქციას ფლობს აქციონერის სასარგებლოდ. ეს პუნქტი არ ეხება იმ სააქციო საზოგადოებას, რომლის აქციებიც დემატერიალიზებულია. 2. დემატერიალიზებული აქციის ფლობა და მიმოქცევა წესრიგდება, აგრეთვე ასეთ აქციაზე აქციონერის საკუთრების უფლების დადასტურების წესი განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თუ, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დემატერიალიზებული აქციის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, აქციაზე აქციონერის უფლება დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც აქციას ფლობს აქციონერის სასარგებლოდ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 163. სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ცვლილების განხორციელების წესი
1. სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ცვლილება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და წესდების შესაბამისად. 2. განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება. 3. განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს ცვლილების განხორციელების საფუძველი, წესი და შესაბამისი თანხა. ეს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას განსათავსებელი ან გასაუქმებელი აქციების რაოდენობისა და ნომინალური ღირებულების შესახებ, თუ აქციის ღირებულება განსაზღვრულია. 4. განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება ნამდვილია მისი რეგისტრაციისა და გამოქვეყნების მომენტიდან. შესაბამისი მოთხოვნის უზრუნველყოფა ეკისრება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს. 5. განთავსებული კაპიტალის გაზრდისას შესაძლებელია: ა) გამოშვებულ და განთავსებულ იქნეს ახალი აქციები; ბ) გამოშვებულ და განთავსებულ იქნეს ახალი აქციები სააქციო საზოგადოების საკუთარი ქონების გამოყენებით; გ) გამოშვებულ და განთავსებულ იქნეს ახალი აქციები განთავსებული აქციების ნომინალური ღირებულების მომატების ხარჯზე, სააქციო საზოგადოების საკუთარი ქონების გამოყენებით. 6. ახალი აქციების გამოშვება, აგრეთვე განთავსებული აქციების ნომინალური ღირებულების მომატება უნდა დარეგისტრირდეს დადგენილი წესით. 7. განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ჩატარდეს ცალ-ცალკე კენჭისყრა ყველა კლასის აქციებისთვის, რომელთა მფლობელების უფლებებზედაც აღნიშნული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს. 8. ამ მუხლის მოთხოვნები გამოიყენება აქციად კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდის გამოშვებისას შესაბამის შემთხვევაში, მაგრამ არ მოქმედებს თავად კონვერტაციაზე.
მუხლი 164. კაპიტალის გაზრდა დამატებითი აქციების გამოშვებით
1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამატებითი აქციების გამოშვებით კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 3/4-ით. 2. დამატებითი აქციების გამოშვებით კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება განსათავსებელი აქციების რაოდენობა და სახე, აგრეთვე მათი განთავსების წესი და პირობები. 3. კაპიტალის გაზრდისას გამოშვებული აქციები მათი განთავსების მომენტისთვის განაღდებული უნდა იყოს ნომინალური ღირებულების სულ მცირე 25 პროცენტით, ხოლო ნომინალური ღირებულების არარსებობის შემთხვევაში − ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების სულ მცირე 25 პროცენტით. თუ აქციები ამ ღირებულებებზე მაღალ ფასად არის გამოშვებული, სხვაობა სრულად უნდა იქნეს გადახდილი. 4. თუ კაპიტალის გაზრდისას აქციები არაფულადი შენატანის სანაცვლოდ გაიცემა, ეს შენატანი სრულად უნდა განხორციელდეს კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 წლის ვადაში. აღნიშნულ შემთხვევაში არაფულადი შენატანი შეფასებული და გამოქვეყნებული უნდა იქნეს ამ კანონის 152-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილი წესით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება საჭირო არ არის, თუ სააქციო საზოგადოების კაპიტალი იზრდება აქციათა საჯარო შეთავაზების ფარგლებში ან შერწყმის/გაყოფის განხორციელებისას მიერთებული სამეწარმეო საზოგადოების/გაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების აქციონერების ანაზღაურების გაცემის მიზნით და შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი შემოწმებულია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ამ კანონის 70-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 165. ახალი აქციების გამოშვება სააქციო საზოგადოების საკუთარი ქონების ხარჯზე
თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საერთო კრებამ შეიძლება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 3/4-ით მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონის 156-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სააქციო საზოგადოების სარეზერვო კაპიტალის გარდაქმნით ან გაუნაწილებელი მოგების გამოყენებით ახალი აქციების გამოშვების შესახებ, რომლებიც აქციონერებზე პროპორციულად ნაწილდება. სარეზერვო კაპიტალი და გაუნაწილებელი მოგება არ შეიძლება განთავსებულ კაპიტალად გარდაიქმნას, თუ სააქციო საზოგადოების ბოლო წლიური ან შუალედური ბალანსი ზარალს მოწმობს.
მუხლი 166. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს მიერ კაპიტალის გაზრდა ნებადართული კაპიტალის ფარგლებში
1. წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ახალი აქციების წესდებით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობამდე გამოშვების შესახებ. ამ უფლებამოსილების მაქსიმალური ვადა დგინდება წესდებით. იგი 5 წელს არ უნდა აღემატებოდეს. გამოშვებული ახალი აქციების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნებადართული აქციების რაოდენობის 50 პროცენტს. თუ ახალი აქციების გამოშვების უფლებამოსილება მინიჭებულია არა წესდებით, არამედ საერთო კრების გადაწყვეტილებით, ეს გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს. 2. სადამფუძნებლო შეთანხმებაში ან საერთო კრების გადაწყვეტილებაში შეიძლება მიეთითოს განსათავსებელი აქციების რაოდენობა, კლასი და მინიმალური ფასი. 3. წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი პირობები ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოსაყენებლად. 4. ამ მუხლის მოთხოვნები გამოიყენება აქციად კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდის გამოშვებისას შესაბამის შემთხვევაში, მაგრამ არ მოქმედებს თავად კონვერტაციაზე. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 167. აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება
1. ახალი აქციების გამოშვების შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თავდაპირველად იმავე კლასის აქციის მფლობელ აქციონერს, ხოლო შემდგომ − სხვა აქციონერს საკუთარი წილის პროპორციულად აქვს ახალი აქციების უპირატესი შესყიდვის უფლება. 2. აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება გაუქმდეს ახალი აქციების გამოშვების შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, აგრეთვე ამ კანონის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებადართული კაპიტალის ფარგლებში კაპიტალის გაზრდისას საერთო კრების წინასწარი თანხმობით მიღებული სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით. ასეთ შემთხვევაში საერთო კრებაზე წარმოდგენილი უნდა იყვნენ საერთო ხმების არანაკლებ 2/3-ის მფლობელი აქციონერები. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წერილობითი მოხსენების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმების საფუძვლები და დასაბუთებულია ახალი აქციების გამოშვების ღირებულება. აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმების შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით. 3. აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება გაუქმებულად არ მიიჩნევა, თუ ახალი აქციების გამოშვების შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილება ითვალისწინებს ახალი აქციების კომერციული ბანკისთვის, მიკრობანკისთვის ან საბროკერო კომპანიისთვის გამოშვებას იმ ვალდებულებით, რომ ის მიღებულ აქციებს შესთავაზებს სააქციო საზოგადოების აქციონერებს აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებისთვის. 4. სააქციო საზოგადოებამ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების შესახებ ხმის უფლების მქონე აქციათა არანაკლებ 1 პროცენტის მფლობელ აქციონერებს დაზღვეული წერილით უნდა შეატყობინოს, ხოლო დანარჩენ აქციონერებს − დაზღვეული წერილით ან შესაბამისი ინფორმაციის საკუთარ ვებგვერდზე ან მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებით. სააქციო საზოგადოებამ აქციონერებს ამ უფლების გამოყენებისთვის უნდა მისცეს სულ მცირე 14 დღის ვადა, რომელიც აითვლება შეტყობინების შესაბამისი პირისთვის ჩაბარების ან ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტიდან. 5. ამ მუხლით დადგენილი წესები გამოიყენება სააქციო საზოგადოების მიერ აქციებში კონვერტაციის ან აქციებზე გადაცვლის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას ან სასესხო ვალდებულების აღებისას შესაბამის შემთხვევაში, მაგრამ არ მოქმედებს ამ ფასიანი ქაღალდებიდან ან სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე კონვერტაციის ან გადაცვლის უფლების გამოყენებაზე. 6. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება არ მოქმედებს: ა) იმ აქციების მიმართ, რომლებიც გამოშვებულია საწარმოს ან მისი შვილობილი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წევრების, წარმომადგენლების, დასაქმებულების, დაკავშირებული პირების ანაზღაურების გაცემის მიზნით, მათ შორის, მათი კუთვნილი, აქციებში კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდებიდან ან ოფციონებიდან გამომდინარე უფლებების დასაკმაყოფილებლად. თუ აღნიშნული აქციები ამ მიზნით, დანიშნულებისამებრ არ იქნა გამოყენებული, მათზე ვრცელდება აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლება; ბ) არაფულადი შენატანის სანაცვლოდ გამოშვებული აქციების მიმართ; გ) სააქციო საზოგადოების მიერ გამოსყიდული საკუთარი აქციების მიმართ, მათი ხელახალი განთავსების შემთხვევაში. 7. თუ სააქციო საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა კლასის აქციები, რომლებსაც ხმის ან სააქციო საზოგადოების ქონების განაწილებაში მონაწილეობის განსხვავებული უფლებები უკავშირდება, სადამფუძნებლო შეთანხმება შეიძლება ითვალისწინებდეს აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების იმ კლასის აქციების მფლობელი აქციონერების მიერ უპირატესი გამოყენების უფლებას, რომელი კლასის აქციების გამოშვებაც ხდება. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2613 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
მუხლი 168. სარეზერვო კაპიტალი
1. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სარეზერვო კაპიტალის შექმნას. სარეზერვო კაპიტალი უნდა შეადგენდეს განთავსებული კაპიტალის სულ მცირე 10 პროცენტს, თუ წესდებით უფრო დიდი ოდენობა არ არის დადგენილი. სარეზერვო კაპიტალის აღნიშნულ ოდენობაში ჩაითვლება ამ კანონის 156-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობა (არსებობის შემთხვევაში). 2. ვიდრე სარეზერვო კაპიტალის ოდენობა წესდებით დადგენილ ზღვარს არ მიაღწევს, სააქციო საზოგადოება ვალდებულია წლიური წმინდა მოგებიდან სარეზერვო კაპიტალში ყოველწლიურად გადაიტანოს სახსრები იმ ოდენობით, რომელსაც ადგენს საერთო კრება და რომელიც არ უნდა იყოს წლიური წმინდა მოგების 5 პროცენტზე ნაკლები. 3. სარეზერვო კაპიტალი განკუთვნილია სააქციო საზოგადოების გასული სამეურნეო წლის ზარალის ან ზარალის ნაშთის დაფარვისა და სააქციო საზოგადოების აქციათა გამოსყიდვისთვის, თუ სააქციო საზოგადოებას სხვა სახსრები არ აქვს.
მუხლი 169. განთავსებული კაპიტალის შემცირება
1. სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია შეამციროს განთავსებული კაპიტალი. 2. განთავსებული კაპიტალი შეიძლება შემცირდეს აქციათა ნომინალური ღირებულების ან ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების შემცირების ან აქციათა საერთო რაოდენობის შემცირების, მათ შორის, სააქციო საზოგადოების მიერ განთავსებული აქციების ნაწილის გამოსყიდვისა და გაუქმების, შემთხვევაში. 3. განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება და მისი შემცირების თაობაზე ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს. 4. განთავსებული კაპიტალის აქციათა ნომინალური ღირებულების ან ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების შემცირების შესახებ გადაწყვეტილებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სააქციო საზოგადოების მიერ შესაბამისი აქციონერებისთვის თანხის გადახდა. ამ გადაწყვეტილებით უნდა დადგინდეს: ა) ის ოდენობა, რომლითაც მცირდება განთავსებული კაპიტალი; ბ) იმ აქციათა სახეები, რომელთა ღირებულებაც მცირდება, და ის სიდიდე, რომლითაც მცირდება თითოეული აქციის ღირებულება; გ) თითოეული სახის აქციის შემცირებული ღირებულება; დ) ის თანხა, რომელიც ხმარდება აქციათა ღირებულების შემცირების შედეგად სააქციო საზოგადოების მიერ აქციონერების ანაზღაურების გაცემას. 5. განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით. ასეთ შემთხვევაში საერთო კრებაზე წარმოდგენილი უნდა იყვნენ საერთო ხმების არანაკლებ 2/3-ის მფლობელი აქციონერები. ამ გადაწყვეტილების მისაღებად უნდა ჩატარდეს ცალ-ცალკე კენჭისყრა ყველა კლასის აქციებისთვის, რომლებზედაც აღნიშნული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს. საერთო კრებამ ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მხოლოდ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წინადადების, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წინადადების საფუძველზე. საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებაში უნდა მიეთითოს განთავსებული კაპიტალის შემცირების მიზანი და მეთოდი. 6. იმ პირთა წრის შესახებ მონაცემები, რომლებსაც განთავსებული კაპიტალის აქციათა ღირებულების შემცირების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე უფლება აქვთ, სააქციო საზოგადოებისგან მიიღონ თანხა ან/და სააქციო საზოგადოების ფასიანი ქაღალდები, დგინდება წესდებაში განხორციელებული ცვლილების გამოქვეყნების თარიღით. 7. სააქციო საზოგადოებას არ აქვს უფლება, მიიღოს განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება, თუ: ა) შემცირების შედეგად განთავსებული კაპიტალის ოდენობა ამ კანონის 156-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს; ბ) არ დასრულებულა ყველა აქციის გამოსყიდვა, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოსყიდული უნდა იქნეს; გ) ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააქციო საზოგადოება მის მიერ აქციონერებისთვის თანხის გადახდის ან სააქციო საზოგადოების სხვა ფასიანი ქაღალდების გადაცემის შედეგად გადახდისუუნარო გახდება ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგება; დ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. 8. განთავსებული კაპიტალის შემცირების შედეგად აქციონერებისთვის თანხის გადახდა ან განთავსებულ კაპიტალში შენატანის განხორციელებისგან მათი მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არანაკლებ 6 თვის შემდეგ, თუ კრედიტორთა ის მოთხოვნები, რომლებიც განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე წარმოიშვა, სააქციო საზოგადოებამ დააკმაყოფილა ან უზრუნველყო, ან თუ სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აღნიშნული დაკმაყოფილება ან უზრუნველყოფა კრედიტორებმა სააქციო საზოგადოებისგან უნდა მიიღონ, თუ მათ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 6 თვის განმავლობაში განუცხადეს სააქციო საზოგადოებას ამის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სააქციო საზოგადოების აქტივების გათვალისწინებით, კრედიტორების დაცვა საჭირო არ არის. კრედიტორებს უფლება აქვთ, მოითხოვონ უზრუნველყოფა, თუ სააქციო საზოგადოების მიმართ მათი მოთხოვნები ვადამოსული არ არის. კრედიტორთა აღნიშნული უფლებების თაობაზე მითითებული უნდა იყოს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 170. კაპიტალის შემცირება სააქციო საზოგადოების მიერ აქციათა გაუქმებით
1. საერთო კრება უფლებამოსილია კაპიტალის შემცირების მიზნით გააუქმოს სააქციო საზოგადოების ან იმ მესამე პირის მიერ გამოსყიდული აქციები, რომელიც საკუთარი სახელით და სააქციო საზოგადოების დავალებით მოქმედებს, აგრეთვე იძულებით გააუქმოს განთავსებული აქციები. თუ აქციების გაუქმების პირობები და პროცედურა წესდებით დადგენილი არ არის, ისინი საერთო კრების გადაწყვეტილებით განისაზღვრება. 2. განთავსებული აქციების იძულებით გაუქმება დასაშვებია, თუ ეს პირდაპირ გათვალისწინებულია ან ნებადართულია წესდებით აქციების განთავსებამდე. თუ წესდებით ნებადართულია მხოლოდ აქციების იძულებით გაუქმება, აქციები იძულებით უქმდება საერთო კრების გადაწყვეტილებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციების იძულებით გაუქმებას ერთხმად ეთანხმებიან ის აქციონერები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება ეხება. 3. აქციის გაუქმებაზე ვრცელდება კაპიტალის შემცირების შესახებ წესები, ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით. 4. თუ სააქციო საზოგადოებას სხვადასხვა კლასის აქციები აქვს გამოშვებული, აქციების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას კენჭი ყველა კლასის აქციების მფლობელთათვის ცალ-ცალკე ეყრება, თუკი მათ უფლებებზე ეს გადაწყვეტილება გავლენას ახდენს. შესაბამის შემთხვევებში გამოიყენება ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი და 195-ე მუხლი. 5. ამ კანონის 169-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესები არ ვრცელდება იმ აქციებზე, რომელთა შესაბამისი შენატანიც სრულად არის განხორციელებული, თუ: ა) აქციები სააქციო საზოგადოებას უსასყიდლოდ გადაეცემა; ბ) აქციების გაუქმებისთვის კომპენსაცია გადაიხდება ამ კანონის 181-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაშვებული თანხის ფარგლებში. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააქციო საზოგადოებამ გაუქმებული აქციების ნომინალური ღირებულების, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − ამ კანონის 157-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების ოდენობით უნდა შექმნას რეზერვი, რომელიც არ შეიძლება განაწილდეს აქციონერებზე. აღნიშნული რეზერვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სააქციო საზოგადოების ზარალის დასაფარავად ან განთავსებული კაპიტალის გასაზრდელად. 7. აქციათა გაუქმებით კაპიტალის შემცირების შემთხვევაში ამ კანონის 169-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები არ გამოიყენება.
მუხლი 171. სააქციო საზოგადოების კაპიტალის არსებითი დანაკარგი
თუ, საანგარიშგებო პერიოდის ან შუალედური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, სააქციო საზოგადოების წმინდა აქტივის ღირებულება სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ნახევარზე ნაკლებია, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული საერთო კრება, რომელიც განიხილავს სააქციო საზოგადოების შესაძლო დაშლის საკითხს ან სხვა აუცილებელი ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობას, მათ შორის, განთავსებული კაპიტალის შემცირებას ან აქციონერთა მიერ დამატებითი შენატანების განხორციელებას.
მუხლი 172. აქციონერის უფლებები
1. აქციონერს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში; ბ) გაეცნოს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს; გ) კანონითა და წესდებით დადგენილი წესით გაეცნოს სააქციო საზოგადოების დოკუმენტებს და მიიღოს მათი ასლები ბეჭდური ფორმით ან ელექტრონულად, თუ აქციონერს წინასწარ აქვს განცხადებული თანხმობა ინფორმაციის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მიღებაზე, აგრეთვე სააქციო საზოგადოებისგან მიიღოს ინფორმაცია ამ კანონის 202-ე მუხლითა და წესდებით დადგენილი წესით; დ) მიიღოს დივიდენდი; ე) თავისუფლად განკარგოს თავის საკუთრებაში არსებული აქციები; ვ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააქციო საზოგადოებას მოსთხოვოს თავის საკუთრებაში არსებული აქციების გამოსყიდვა; ზ) მიიღოს ნარჩენი ქონება სააქციო საზოგადოების ლიკვიდაციის შედეგად; თ) განახორციელოს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით ან, კანონიდან გამომდინარე, წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 2. აქციონერს უფლება აქვს, თავისუფლად განკარგოს თავის მფლობელობაში არსებული აქციები სააქციო საზოგადოების ან სხვა აქციონერების თანხმობის გარეშე, თუ კანონით ან წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 173. აქციონერთა დამატებითი უფლებები
1. ხმათა 5 პროცენტის მფლობელ აქციონერებს, ამ კანონის 172-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების გარდა, ამ კანონის ან წესდების შესაბამისად, უფლება აქვთ: ა) სააქციო საზოგადოების შესაბამის ხელმძღვანელ ორგანოს მოსთხოვონ სააქციო საზოგადოების სახელით დადებული გარიგებების ასლები. სააქციო საზოგადოების შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, სააქციო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, უარი განაცხადოს ამ ასლების/ინფორმაციის გაცემაზე; ბ) მოითხოვონ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება; გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოიწვიონ რიგგარეშე საერთო კრება; დ) მოითხოვონ საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატება ამ კანონის 191-ე მუხლით დადგენილი წესით. 2. წესდებამ აქციონერს ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აქციონერებს/აქციონერთა ჯგუფს შეიძლება სხვა დამატებითი უფლებები მიანიჭოს.
მუხლი 174. სპეციალური აუდიტორის დანიშვნა
1. სააქციო საზოგადოება ვალდებულია აქციების სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელი აქციონერების მიმართვისა და საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს სააქციო საზოგადოების სამეურნეო მოქმედების ან წლიური ფინანსური ანგარიშგების სპეციალური შემოწმება, თუ ის კანონით არ ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს. ამისთვის იგი ნიშნავს სპეციალურ აუდიტორს. 2. აქციონერს, რომლის ინტერესსაც ეხება სააქციო საზოგადოების სამეურნეო მოქმედების სპეციალური შემოწმება, ხმის უფლება არ აქვს. 3. თუ საერთო კრება უარს იტყვის სპეციალური აუდიტორის დანიშვნაზე სააქციო საზოგადოების იმ სამეურნეო მოქმედების სპეციალური შემოწმების განსახორციელებლად, რომლის შემდეგ 5 წელზე მეტი არ გასულა, სპეციალურ აუდიტორს აქციების სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელი აქციონერების განცხადების საფუძველზე ნიშნავს სასამართლო, თუკი არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ სამეურნეო მოქმედების განხორციელებისას კანონი ან წესდება უხეშად დაირღვა. 4. თუ საერთო კრება სპეციალურ აუდიტორს დანიშნავს, აქციების სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელი აქციონერების განცხადების საფუძველზე სასამართლომ შეიძლება ჩაანაცვლოს საერთო კრების მიერ დანიშნული სპეციალური აუდიტორი, თუკი მას არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია ან არსებობს ეჭვი მის მიუკერძოებლობასა და სანდოობასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვის ვადაა 14 დღე, რომელიც აითვლება საერთო კრების ჩატარების თარიღიდან. 5. სასამართლოს მიერ სპეციალური აუდიტორის დანიშვნის შემთხვევაში სააქციო საზოგადოებას ეკისრება სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების, აგრეთვე სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური აუდიტორისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. 6. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო და სამეთვალყურეო საბჭო ვალდებული არიან ითანამშრომლონ სპეციალურ აუდიტორთან, მათ შორის, მისცენ მას სააქციო საზოგადოების დოკუმენტაციის, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო მარაგების შემოწმების შესაძლებლობა და მიაწოდონ ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია. 7. თუ სასამართლოს მიერ სპეციალური აუდიტორის დანიშვნა განმცხადებელთა მიერ სასამართლოსთვის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიწოდებულ არასწორ ინფორმაციას ეფუძნებოდა, განმცხადებლებს ეკისრებათ სააქციო საზოგადოებისთვის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება. 8. სპეციალურმა აუდიტორმა სამეურნეო მოქმედების სპეციალური შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით წერილობითი დასკვნა უნდა შეადგინოს. ამ დასკვნაში უნდა აისახოს აგრეთვე ის გარემოებები, რომლებმაც შეიძლება სააქციო საზოგადოების ინტერესებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, მაგრამ რომელთა გაცნობა აუცილებელია საერთო კრების მიერ შემოწმებული სამეურნეო მოქმედების შესაფასებლად. 9. სპეციალურმა აუდიტორმა თავის მიერ ხელმოწერილი დასკვნა დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს. ეს დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა ორგანომ აღნიშნული დასკვნა სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს უნდა წარუდგინოს და მისი განხილვის საკითხი მორიგი საერთო კრების დღის წესრიგში უნდა შეიტანოს.
მუხლი 175. აქციონერის მოვალეობები
აქციონერი ვალდებულია: ა) განახორციელოს შენატანი კუთვნილი აქციის მისაღებად; ბ) სააქციო საზოგადოებას ან ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს/ნომინალურ მფლობელს/ანგარიშის მწარმოებელს მიაწოდოს ინფორმაცია მასთან დაკავშირებული ნებისმიერი იმ მონაცემის ცვლილების შესახებ, რომელიც აქციათა რეესტრში/ნომინალურ მფლობელთან/ანგარიშის მწარმოებელთან არის რეგისტრირებული; გ) შეასრულოს სხვა მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით ან, კანონიდან გამომდინარე, წესდებით. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 176. აქციონერის მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
1. თუ სააქციო საზოგადოების დომინანტმა აქციონერმა თავისი დომინანტური მდგომარეობა განზრახ გამოიყენა ამ სააქციო საზოგადოების საზიანოდ, მან უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. 2. დომინანტ აქციონერად მიიჩნევა აქციონერი ან ერთად მოქმედ აქციონერთა ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს საერთო კრებაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგზე. ეს აქციონერი/აქციონერთა ჯგუფი ვალდებულია, სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის გარდა, აანაზღაუროს აგრეთვე აქციონერისთვის მიყენებული ზიანი, გარდა იმ ზიანისა, რომელიც მას მიადგა სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანიდან გამომდინარე, მათ შორის, მისი აქციების ღირებულების შემცირებით. 3. პირი, რომელიც განზრახ იყენებდა თავის ძალაუფლებას სააქციო საზოგადოების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ზემოქმედებას ახდენდა სააქციო საზოგადოების მმართველი ორგანოს წევრზე, რათა ამ წევრს სააქციო საზოგადოების საწინააღმდეგო ისეთი ქმედება ჩაედინა, რომელმაც ზიანი გამოიწვია, ვალდებულია სააქციო საზოგადოებას აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი. აღნიშნული პირი ვალდებულია, სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის გარდა, აანაზღაუროს აგრეთვე აქციონერისთვის მიყენებული ზიანი, გარდა იმ ზიანისა, რომელიც მას მიადგა სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანიდან გამომდინარე, მათ შორის, მისი აქციების ღირებულების შემცირებით. 4. სააქციო საზოგადოების მმართველი ორგანოს წევრი, რომელმაც არ შეასრულა მოვალეობა, პასუხს აგებს სოლიდარულად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირთან ერთად. სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელი ორგანოს მიერ ამ ქმედების მოწონება სააქციო საზოგადოების მმართველი ორგანოს წევრს არ ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან. ხელმძღვანელი პირი ვალდებული არ არის აანაზღაუროს ზიანი, თუ მისი ქმედება კანონის შესაბამისად მიღებულ საერთო კრების გადაწყვეტილებას ეფუძნებოდა. 5. სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანისთვის სოლიდარულად აგებს პასუხს ის პირიც, რომელმაც ზიანის გამომწვევი ქმედების შედეგად სარგებელი მიიღო და განზრახ მოახდინა ზემოქმედება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირზე. 6. კრედიტორისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ უქმდება სააქციო საზოგადოების მიერ შესაბამის მოთხოვნებზე უარის თქმით ან იმაზე მითითებით, რომ ზიანის გამომწვევი ქმედება საერთო კრების გადაწყვეტილებას ეფუძნებოდა.
მუხლი 177. აქციონერთა შეთანხმება
1. აქციონერები ან აქციონერები და მესამე პირი უფლებამოსილი არიან დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ვალდებული იქნებიან დადგენილი წესით განახორციელონ აქციიდან გამომდინარე ან სხვა უფლებები და შეასრულონ შესაბამისი მოვალეობები (აქციონერთა შეთანხმება). აქციონერთა შეთანხმების დადების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააქციო საზოგადოებას. 2. აქციონერთა შეთანხმება სპეციალურ ფორმას არ მოითხოვს. აქციონერთა შეთანხმების მონაწილე მხარის მიერ იმ აქციის გასხვისების შემთხვევაში, რომელთან დაკავშირებითაც დადებულია აქციონერთა შეთანხმება, აქციონერთა შეთანხმებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები შემძენზე არ გადადის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სპეციალურად იყო გათვალისწინებული აქციონერთა შეთანხმებითა და აქციის გასხვისების ხელშეკრულებით. 3. აქციონერთა შეთანხმების შესრულება სავალდებულოა მხოლოდ მისი მხარეებისთვის. აქციონერს აქციიდან გამომდინარე უფლებების განხორციელებაზე უარი არ უნდა ეთქვას მის მიერ აქციონერთა შეთანხმების დარღვევის შემთხვევაშიც კი. აქციონერთა შეთანხმების დარღვევა არ შეიძლება გახდეს სააქციო საზოგადოების ორგანოთა გადაწყვეტილებების გაბათილების საფუძველი.
მუხლი 178. აქციონერთა შეთანხმებაში სააქციო საზოგადოების მონაწილეობა
სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს აქციონერთა შეთანხმებაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან წესდებას.
მუხლი 179. სააქციო საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვა
1. აქციონერს უფლება აქვს, სააქციო საზოგადოებას ამ მუხლით დადგენილი წესით მოსთხოვოს თავისი აქციების შეფასება და გამოსყიდვა, თუ მან საერთო კრებაზე მხარი არ დაუჭირა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაუმართლებლად და არსებითად ლახავს ამ აქციონერის უფლებებს ან ეხება სააქციო საზოგადოების რეორგანიზაციას. წესდება შეიძლება დეტალურად აწესრიგებდეს აქციების შეფასებასა და გამოსყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. თუ დაგეგმილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება, საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებაში დეტალურად უნდა აღიწეროს გადასაწყვეტი საკითხი, მასთან დაკავშირებული აქციების გამოსყიდვის მოთხოვნის უფლება და მისი განხორციელების წესი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 45 დღის განმავლობაში აქციონერს უფლება აქვს, სააქციო საზოგადოებას წერილობით მოსთხოვოს თავისი აქციების გამოსყიდვა. ეს უფლება არ არსებობს, თუ: ა) აქციონერმა სრულად არ განახორციელა გამოსასყიდი აქციების შესაბამისი შენატანი; ბ) აქციონერმა გამოსასყიდი აქციები ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ შეიძინა. 4. აქცია გამოსყიდული უნდა იქნეს სულ მცირე მისი საბაზრო ღირებულებით. აქციის საბაზრო ღირებულება განისაზღვრება ღირებულების იმ ცვლილების გაუთვალისწინებლად, რომელიც აქციის გამოსყიდვის უფლების წარმომშობმა ქმედებამ გამოიწვია. 5. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა ორგანომ გამოსასყიდი აქციების რაოდენობისა და გამოსყიდვის ფასის შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 დღის განმავლობაში, ხოლო აქციების გამოსყიდვისთვის თანხა გადახდილი უნდა იქნეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ. 6. აქციონერს, რომელიც არ ეთანხმება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს უარს აქციების გამოსყიდვაზე ან სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ აქციების გამოსყიდვის პირობებს, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან 30 დღის განმავლობაში. 7. აქციების გამოსყიდვა დაუშვებელია, თუ: ა) აქციების გამოსყიდვისთვის გადასახდელი თანხა აღემატება საკუთარი კაპიტალის 25 პროცენტს; ბ) აქციების გამოსყიდვის მომენტში სააქციო საზოგადოება გადახდისუუნაროა ან აქციათა გამოსყიდვის შედეგად იგი შეიძლება გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგეს. 8. თუ შეთავაზებულია იმაზე მეტი აქციის გამოსყიდვა, ვიდრე დაშვებულია ამ მუხლის მე-7 პუნქტით, ეს აქციები სხვადასხვა გამყიდველისგან პროპორციულად უნდა იქნეს გამოსყიდული.
მუხლი 180. წლიური ანგარიშისა და სამეურნეო მდგომარეობის შესახებ ანგარიშის შედგენა
1. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ადგენს წლიურ ანგარიშსა და სამეურნეო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს, აგრეთვე წმინდა მოგების გამოყენების შესახებ წინადადებას სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარსადგენად. 2. წმინდა მოგების გამოყენების შესახებ წინადადების მოწონების შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო მას დასამტკიცებლად წარუდგენს საერთო კრებას. თუ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო და სამეთვალყურეო საბჭო ვერ შეთანხმდებიან წმინდა მოგების გამოყენებაზე, მათ წმინდა მოგების გამოყენების შესახებ ორივე წინადადება უნდა გააცნონ საერთო კრებას და უნდა უზრუნველყონ საერთო კრების მიერ ალტერნატიულ წინადადებებს შორის არჩევანის გაკეთება. 3. საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება წმინდა მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ დარჩეს სააქციო საზოგადოებას და გათვალისწინებულ იქნეს ახალი ანგარიშის შედგენის დროს.
მუხლი 181. სააქციო საზოგადოებაში დივიდენდის გაცემის წესი
1. სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია შუალედური ან წლიური ფინანსური შედეგების მიხედვით, კანონით დადგენილი წესით მიიღოს განთავსებულ აქციებზე დივიდენდის სახით მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) დივიდენდის განაწილებამდე ან დივიდენდის განაწილების შედეგად სააქციო საზოგადოების ბოლო ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნული წმინდა აქტივის ოდენობა იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე განთავსებული კაპიტალის ოდენობა და კანონით ან წესდებით გათვალისწინებული იმ რეზერვების ოდენობა, რომელთა აქციონერებზე განაწილება დაუშვებელია; ბ) გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობა აღემატება ბოლო ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნულ, ხოლო შუალედური დივიდენდის შემთხვევაში − ბოლო ფინანსური ანგარიშგების შედგენის შემდეგ მიღებულ, სააქციო საზოგადოების წმინდა მოგებისთვის წინა წლების გაუნაწილებელი მოგებისა და თავისუფალი რეზერვებიდან გამოთავისუფლებული სახსრების დამატებით და წინა წლების დაუფარავი ზარალისა და კანონით ან წესდებით დადგენილ რეზერვებში გადასარიცხი თანხების გამოკლებით მიღებულ ოდენობაზე; გ) დივიდენდის გადახდის დღისთვის ან დივიდენდის გადახდის შედეგად სააქციო საზოგადოება გადახდისუუნარო გახდება ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგება. 2. თუ განთავსებული კაპიტალის მოუთხოვნელი ნაწილი საბალანსო დოკუმენტში აღნიშნულ აქტივებში მითითებული არ არის, მისი ღირებულება უნდა გამოაკლდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განთავსებულ კაპიტალს. 3. დივიდენდი გადახდილი უნდა იქნეს ფულით, თუ დივიდენდის გადახდის შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილებით დივიდენდის სხვა ქონებით გაცემა დადგენილი არ არის. 4. დივიდენდის გადახდის (მათ შორის, დივიდენდის მოცულობისა და თითოეული სახის აქციაზე დივიდენდის გაცემის ფორმის) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება. დივიდენდის მოცულობა არ შეიძლება აღემატებოდეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს მიერ 2/3-ის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით რეკომენდებულ ოდენობას. 5. დივიდენდის გაცემის ვადა და წესი განისაზღვრება წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით. დივიდენდის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საერთო კრების მიერ დივიდენდის გადახდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 6 თვეს, თუ წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით დივიდენდის გაცემის უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი. 6. აქციონერზე გაცემული დივიდენდი, რომელსაც ეს აქციონერი არ მიიღებს, დივიდენდის გადახდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 წლის შემდეგ უნდა გაუქმდეს და სააქციო საზოგადოებისთვის მისი მოთხოვნა დაუშვებელია. 7. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს დივიდენდის აქციასთან დაკავშირებული შენატანის განხორციელებული ნაწილის პროპორციულად განაწილებას.
მუხლი 182. სააქციო საზოგადოების ორგანოთა სისტემა
1. სააქციო საზოგადოების ორგანოებია: საერთო კრება და ხელმძღვანელი ორგანო (მართვის მონისტური სისტემის არჩევისას) ან საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და ხელმძღვანელი ორგანო (მართვის დუალისტური სისტემის არჩევისას). 2. სააქციო საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს მართვის დუალისტური ან მონისტური სისტემა. დუალისტურია მართვის სისტემა, როდესაც სააქციო საზოგადოებას, საერთო კრებისა და ხელმძღვანელი ორგანოს გარდა, ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო. მონისტურია მართვის სისტემა, როდესაც სააქციო საზოგადოებას არ ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო. მართვის სისტემის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას და აღინიშნება წესდებაში. მართვის სისტემის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს, თუ მის შეცვლას მხარს დაუჭერს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 3/4-ით. 3. თუ სააქციო საზოგადოება არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე, ან თუ სააქციო საზოგადოება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის ლიცენზირებული, სავალდებულოა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 21 წევრისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა.
მუხლი 183. სააქციო საზოგადოების წლიური და რიგგარეშე საერთო კრებები
1. საერთო კრება მოიწვევა კანონითა და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. სააქციო საზოგადოების წლიური საერთო კრება ტარდება წესდებით განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ სამეურნეო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მუხლი 184. საერთო კრების კომპეტენცია
1. საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებებს ამ კანონითა და წესდებით საერთო კრების კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის: ა) წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ, წესდების ახალი რედაქციის მიღების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე; გ) სააქციო საზოგადოების მართვის სისტემის (მონისტური ან დუალისტური) შეცვლის შესახებ; დ) სააქციო საზოგადოების რეორგანიზაციის შესახებ; ე) სააქციო საზოგადოების დაშლის, ლიკვიდატორის დანიშვნის, შუალედური და საბოლოო სალიკვიდაციო ბალანსების დამტკიცების შესახებ; ვ) სააქციო საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვის ნებართვის გაცემის შესახებ; ზ) განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ; თ) სამეთვალყურეო საბჭოს (მართვის დუალისტური სისტემის შემთხვევაში) ან ხელმძღვანელი ორგანოს (მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში) შემადგენლობის, წევრების რაოდენობის, მათი არჩევის, ვადამდე გამოწვევის, ანაზღაურების ოდენობისა და სტრუქტურის განსაზღვრის შესახებ; ი) სააქციო საზოგადოების აუდიტის ანგარიშის დამტკიცებისა და აუდიტის განმახორციელებელი პირის შერჩევის შესახებ; კ) ფინანსური ანგარიშის დამტკიცებისა და დივიდენდის განაწილების შესახებ; ლ) საერთო კრების მიმდინარეობის წესის დადგენისა და ხმის დამთვლელი კომისიის არჩევის შესახებ; მ) სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს/პირების და სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესში მონაწილეობის შესახებ, მათ შორის, აღნიშნული პროცესისთვის წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე; ნ) თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სააქციო საზოგადოების მიერ იმ ქონების შეძენის, გასხვისების, გაცვლის (ერთმანეთთან დაკავშირებული გარიგებების) ან სხვაგვარად დატვირთვის შესახებ, რომლის ღირებულება სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების ნახევარზე მეტს შეადგენს, გარდა ისეთი გარიგებისა, რომელიც ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას ეხება; ო) აქციათა რაოდენობის, ნომინალური ღირებულების, კლასებისა და მათთან დაკავშირებული უფლებების განსაზღვრის შესახებ; პ) აქციათა ნომინალური ღირებულების ცვლილების ან დამატებითი აქციების განთავსების შესახებ; ჟ) ამ კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ გარიგებაზე თანხმობის გაცემის შესახებ; რ) სხვა იურიდიული პირის დაფუძნების ან წილობრივი მონაწილეობის შესახებ; ს) ხელმძღვანელ პირთა ანაზღაურების ფორმისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ; ტ) აქციების დემატერიალიზაციის შესახებ. 2. წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“−„ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება შეიძლება გადაეცეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელ ორგანოს. 3. საერთო კრებას არ აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილებები იმ საკითხებზე, რომლებიც სხვა ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ორგანოები საერთო კრებას მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტის თხოვნით მიმართავენ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 185. გაწეული მუშაობის მოწონება
1. წლიური ანგარიშის, წლიური ბალანსისა და მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცებისას მორიგი საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს და ხელმძღვანელი ორგანოს მიერ წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის მოწონების თაობაზე. საერთო კრების გადაწყვეტილებით ან ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტის მფლობელი აქციონერების მოთხოვნით სამეთვალყურეო საბჭოს ცალკეული წევრებისა და ცალკეული ხელმძღვანელი პირების მიერ გაწეული მუშაობის მოწონებისთვის ცალკე კენჭისყრა ტარდება. 2. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს და ხელმძღვანელი ორგანოს მიერ გაწეული მუშაობის მოწონება მათ არ ათავისუფლებს სააქციო საზოგადოების წინაშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
მუხლი 186. საერთო კრების მოწვევის წესი
1. საერთო კრებას იწვევს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო. კანონი ან წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს აგრეთვე საერთო კრების სხვა პირების მიერ მოწვევას. 2. თუ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო არ ასრულებს თავის მოვალეობას და არ იწვევს საერთო კრებას, სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია მოიწვიოს საერთო კრება. 3. საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, რის თაობაზედაც დგება სხდომის ოქმი. სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს, არის თუ არა საერთო კრება მოწვეული აქციონერთა ინიციატივით. 4. საერთო კრების მოწვევის, მომზადებისა და ჩატარების ხარჯები ეკისრება სააქციო საზოგადოებას.
მუხლი 187. საერთო კრების მოწვევა აქციონერის/აქციონერების მოთხოვნით
1. აუცილებლობის შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია კაპიტალის სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელი აქციონერის/აქციონერების (აქციონერთა ჯგუფის) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოაქვეყნოს გადაწყვეტილება საერთო კრების მოწვევის შესახებ. 2. საერთო კრების მოწვევის შესახებ აქციონერის/აქციონერების წერილობით მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს საერთო კრების მოწვევის აუცილებლობა, მიზანი და მიზეზი, აგრეთვე მისი დღის წესრიგი, რომელშიც ასახულია აქციონერის/აქციონერების მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს უფლება აქვს, საერთო კრების დღის წესრიგში დაამატოს საკითხები. 3. თუ საერთო კრების მოწვევის შესახებ აქციონერების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აღნიშნულ აქციონერთა განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია განმცხადებელ აქციონერებს მიანიჭოს საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილება და დანიშნოს საერთო კრების თავმჯდომარე. 4. რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის, მომზადებისა და ჩატარების ხარჯები ეკისრება სააქციო საზოგადოებას.
მუხლი 188. საერთო კრების მომზადება
1. საერთო კრების მომზადებისას სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს შემდეგი საკითხები: ა) საერთო კრების ჩატარების თარიღი და ადგილი; ბ) საერთო კრების ჩატარებისა და ხმის მიცემის ფორმები; გ) საერთო კრების დღის წესრიგი; დ) საერთო კრების დანიშვნის შესახებ აქციონერებისთვის შეტყობინების ფორმა; ე) აქციონერებისთვის გადასაცემი მასალების ნუსხა და ამ მასალების გადაცემის წესი; ვ) საერთო კრების სააღრიცხვო დღე. 2. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია გადაწყვიტოს საერთო კრების ჩატარებისთვის აუცილებელი ყველა ორგანიზაციული საკითხი.
მუხლი 189. შეტყობინება საერთო კრების მოწვევის შესახებ
1. საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე საერთო კრების ჩატარების თარიღამდე სულ მცირე 21 დღით ადრე. 2. საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება აგრეთვე სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში). 3. ყოველი მომდევნო საერთო კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მინიმალურ ვადაზე ადრე, თუ საერთო კრება მოიწვევა პირველი საერთო კრების მოწვევისთვის მოთხოვნილი კვორუმის არარსებობის გამო, პირველი საერთო კრება მოწვეულ იქნა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მის დღის წესრიგში დამატებული არ არის საკითხი. ამ შემთხვევაში ბოლო საერთო კრებისა და მომდევნო საერთო კრების თარიღებს შორის სულ მცირე 10-დღიანი შუალედი უნდა იყოს. 4. საერთო კრების მოწვევის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის სისწორისა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს. 5. საერთო კრების მოწვევის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს: ა) სააქციო საზოგადოების საფირმო სახელწოდებასა და იურიდიულ მისამართს; ბ) საერთო კრების ჩატარების ადგილს, თარიღსა და დროს; გ) აღნიშვნას, მორიგი საერთო კრება ტარდება თუ რიგგარეშე; დ) საერთო კრების სააღრიცხვო დღეს და მითითებას, რომ საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სააღრიცხვო დღეს აქციონერებად ირიცხებიან; ე) საერთო კრების დღის წესრიგს. 6. იმ სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე, რომელიც არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე, საერთო კრების ჩატარებამდე არანაკლებ 21-დღიან უწყვეტ პერიოდში, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − შესაბამისად შემცირებულ ვადაში, აგრეთვე საერთო კრების ჩატარების დღეს აქციონერებისთვის, ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა მონაცემების გარდა, დამატებით ხელმისაწვდომი უნდა იყოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია: ა) ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება საერთო კრების მოწვევის შესახებ; ბ) ინფორმაცია საერთო კრების მოწვევის თარიღისთვის აქციათა საერთო რაოდენობისა და ხმების შესახებ (მათ შორის, ინფორმაცია თითოეული კლასის აქციათა საერთო რაოდენობის თაობაზე, თუ სააქციო საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია ორი ან ორზე მეტი კლასის აქციებად); გ) საერთო კრებისთვის წარსადგენი დოკუმენტები; დ) მისაღები გადაწყვეტილების პროექტი, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს კომენტარი საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ თითოეულ საკითხზე, აგრეთვე ამ კანონის 191-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად აქციონერების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების პროექტები, რომლებიც სააქციო საზოგადოებამ უნდა განათავსოს თავის ვებგვერდზე ამ გადაწყვეტილებების მიღებიდან გონივრულ ვადაში; ე) საჭიროების შემთხვევაში, ხმის წარმომადგენლის მეშვეობით და წერილობით მიცემის ფორმები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფორმები თითოეულ აქციონერს პირადად ეგზავნება; ვ) იმ პროცედურის ზუსტი აღწერა, რომელიც უნდა გაიაროს აქციონერმა საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემისთვის, მათ შორის: ვ.ა) ამ კანონის 191-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, თუ ამ უფლებებით სარგებლობა შესაძლებელია საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების შემდეგ, ამავე კანონის 202-ე მუხლის მოთხოვნებისა და აღნიშნული უფლებებისთვის დადგენილი ვადების გათვალისწინებით; ვ.ბ) წარმომადგენლის მიერ ხმის მიცემის პროცედურა, კერძოდ, ხმის მიცემის ფორმა და წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ შეტყობინების სააქციო საზოგადოების მიერ ელექტრონული ფორმით მიღების შესაძლებლობა; ვ.გ) ამ კანონის 194-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციონერის მიერ ხმის წერილობით ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიცემის პროცედურა; ზ) საერთო კრების მასალების სრულად გაცნობის ადგილი და პირობები. 7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხმის მიცემის ფორმები სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე ტექნიკური მიზეზების გამო ხელმისაწვდომი არ არის, სააქციო საზოგადოებამ უნდა მიუთითოს მათი მატერიალური ფორმით ხელმისაწვდომობის შესახებ. აქციონერის მოთხოვნის შემთხვევაში სააქციო საზოგადოებამ ეს ფორმები მას ფოსტით უფასოდ უნდა გაუგზავნოს.
მუხლი 190. საერთო კრების მასალების გაცნობა
1. საერთო კრების დღის წესრიგის მასალები უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა ინფორმაციას. 2. თუ საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულია წესდების შეცვლა ან მისი ახალი რედაქციის მიღება, ცვლილების ან ახალი რედაქციის ტექსტი უნდა გამოქვეყნდეს საერთო კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დოკუმენტაცია ყველა აქციონერს პირადად ეგზავნება. 3. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო და სამეთვალყურეო საბჭო ვალდებული არიან გამოაქვეყნონ საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მათ მიერ მომზადებული გადაწყვეტილებების პროექტები და მიუთითონ ამ გადაწყვეტილებების საფუძვლები.
მუხლი 191. საერთო კრების დღის წესრიგში საკითხების დამატებისა და მისაღები გადაწყვეტილების პროექტის წარდგენის უფლებები
1. კაპიტალის სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელ აქციონერს/აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვს, საერთო კრების ჩატარების თარიღამდე 14 დღით ადრე წერილობით მიმართოს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს და: ა) მოითხოვოს საერთო კრების დღის წესრიგში საკითხების დამატება და თითოეულ საკითხს დაურთოს შესაბამისი დასაბუთება ან მისაღები გადაწყვეტილების პროექტი; ბ) წარადგინოს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ან გასათვალისწინებელ საკითხებზე მისაღები გადაწყვეტილებების პროექტები და დასაბუთება. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა იწვევს საერთო კრების იმ დღის წესრიგში ცვლილების შეტანას, რომელიც უკვე მიეწოდა აქციონერებს, სააქციო საზოგადოება ვალდებულია აქციონერებს საერთო კრების სააღრიცხვო დღემდე მიაწოდოს განახლებული დღის წესრიგი ამ კანონის 189-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით. თუ საერთო კრების განახლებული დღის წესრიგის აქციონერებისთვის მიწოდების ვალდებულება სააღრიცხვო დღის შემდეგ წარმოიშობა, იგი მიწოდებული უნდა იქნეს საერთო კრების ჩატარებამდე გონივრული ვადით ადრე, რათა აქციონერებს საშუალება ჰქონდეთ, დანიშნონ წარმომადგენლები ან ხმა მისცენ წერილობით. 3. ხმის უფლების მქონე აქციათა სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელ აქციონერს/აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წევრად ასარჩევ პირთა კანდიდატურები, თუ იგი რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების დღემდე სულ მცირე 14 დღით ადრე წარუდგენს სათანადო განცხადებას/წინადადებას ხელმძღვანელ ორგანოს. ეს წინადადება უნდა შეიცავდეს აღნიშნული კანდიდატებისთვის კანონით დადგენილ საიდენტიფიკაციო მონაცემებს. 4. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა ორგანომ შეთავაზებული საკითხი შესაბამისი განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა შეიტანოს საერთო კრების დღის წესრიგში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვეულია განცხადების წარდგენის ვადა ან საკითხი არ განეკუთვნება საერთო კრების კომპეტენციას. საერთო კრების დღის წესრიგში შესატანი ცვლილების, აგრეთვე აქციონერის მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების პროექტის მიმართ შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება გამოქვეყნების შესახებ ამ კანონის 189-ე მუხლით დადგენილი წესები. 5. საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის შეტანის შესახებ აქციონერთა განცხადებაზე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. სასამართლოს შეუძლია განმცხადებელ აქციონერებს მიანიჭოს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებით დღის წესრიგში საკითხის დამატების უფლებამოსილება. შესაბამისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს ხარჯები ეკისრება სააქციო საზოგადოებას. 6. საერთო კრების დღის წესრიგი საერთო კრებაზე შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კრებას ყველა აქციონერი ესწრება. საერთო კრების დღის წესრიგში აღნიშნული მოთხოვნის დარღვევით შეტანილ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება ბათილია.
მუხლი 192. საერთო კრების მონაწილე აქციონერები
1. საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც საერთო კრების სააღრიცხვო დღისთვის აქციებზე საკუთრების უფლება ჰქონდათ. 2. საერთო კრების სააღრიცხვო დღე არ უნდა იყოს საერთო კრების ჩატარების თარიღამდე 30 დღით ადრე. ამ კანონის 189-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის თარიღსა და სააღრიცხვო დღეს/თარიღს შორის უნდა იყოს არანაკლებ 6 დღე. 3. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სია უნდა შეიცავდეს უფლებამოსილი პირების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელ მონაცემებს, აქციათა და პარტნიორთა კატეგორიებს, ხმათა რაოდენობასა და მისამართებს, რომლებზედაც უნდა გაიგზავნოს შეტყობინება საერთო კრების მონაწილეთა სიაში შეყვანის შესახებ. 4. აქციონერს უფლება აქვს, სააქციო საზოგადოებას მოსთხოვოს საერთო კრების მონაწილეთა სიაში შეყვანის, მისი კუთვნილი აქციებისა და ხმების რაოდენობის დადასტურების გაცემა. აქციონერის ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა საერთო კრების მოწვევის პროცედურის არსებით დარღვევად მიიჩნევა. 5. აქციონერის სტატუსის დადასტურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ აქციონერის იდენტიფიცირებისთვის და მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებიც პროპორციულია ამ მიზნის მისაღწევად. 6. აქციონერის უფლება, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს თავისი წილი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სააღრიცხვო თარიღს/დღეს და საერთო კრების მოწვევის თარიღს შორის პერიოდში, არ შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ შეზღუდვას, რომელიც, ჩვეულებრივ, არ იმოქმედებდა მის მიმართ. 7. საერთო კრების მონაწილეთა სიის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საერთო კრების მომწვევ ორგანოს.
მუხლი 193. საერთო კრებაში მონაწილეობა
1. აქციონერს საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების განხორციელება შეუძლია როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით. 2. წარმომადგენლის დანიშვნა და წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ შეტყობინება ხდება წერილობით ან ელექტრონულად. ამასთანავე, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა ანგარიშვალდებულმა საწარმომ, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე, აქციონერებს თავად ან მესამე პირის მეშვეობით უნდა შესთავაზოს შეტყობინების სულ მცირე 1 ეფექტიანი ელექტრონული საშუალება. 3. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არ აქვთ უფლება, საერთო კრებაში მონაწილეობა მიიღონ, როგორც აქციონერთა წარმომადგენლებმა. 4. წარმომადგენელს აქვს საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისა და შეკითხვების დასმის იგივე უფლებები, რომლებიც მის მიერ წარმოდგენილ აქციონერს ექნებოდა. 5. დაუშვებელია აქციონერის უფლებების წარმომადგენლის მეშვეობით განხორციელების შეზღუდვა, გარდა წარმომადგენელსა და იმ აქციონერს შორის პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევისა, რომლის სახელითაც უნდა იმოქმედოს წარმომადგენელმა. 6. წარმომადგენელი ვალდებულია გაამჟღავნოს აქციონერების მიერ იმ რისკის შესაფასებლად საჭირო ფაქტები, რომ წარმომადგენელმა შეიძლება განახორციელოს არა აქციონერის, არამედ სხვა პირის ინტერესები. 7. წარმომადგენელსა და აქციონერს შორის ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა, თუ წარმომადგენელი არის: ა) სააქციო საზოგადოების საკონტროლო პაკეტის მფლობელი აქციონერი ან სხვა სამეწარმეო საზოგადოება, რომელსაც ასეთი აქციონერი აკონტროლებს; ბ) სააქციო საზოგადოების ან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო საზოგადოების მმართველობითი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; გ) სააქციო საზოგადოების ან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო საზოგადოების აუდიტორი ან დასაქმებული; დ) ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფიზიკური პირის ოჯახის წევრი. 8. წარმომადგენელმა ხმა უნდა მისცეს მის მიერ წარმოდგენილი აქციონერის ინსტრუქციების შესაბამისად. 9. თუ რამდენიმე აქციონერის წარმომადგენელი ერთი და იგივე პირია, მას უფლება აქვს, სხვადასხვა აქციონერისთვის სხვადასხვაგვარად მისცეს ხმა. 10. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტაზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტი. 11. ხელმძღვანელი ორგანო და სამეთვალყურეო საბჭო ვალდებული არიან მონაწილეობა მიიღონ საერთო კრების მუშაობაში. 12. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს სულ მცირე თითო წევრს უნდა მიეცეს საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა.
მუხლი 194. საერთო კრების ჩატარებისა და ხმის მიცემის ფორმები
1. წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია საერთო კრებას მონაწილეები არა მხოლოდ უშუალოდ ესწრებოდნენ, არამედ ამ ფორმასთან ერთად ან მის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებები. 2. წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს აქციონერის მიერ ხმის მიცემა საერთო კრებაზე დაუსწრებლად, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით. წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით აქციონერმა ხმა შეიძლება მისცეს წერილობით/ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით საერთო კრების დაწყებამდე ან საერთო კრების მიმდინარეობისას. 3. ხმის მიცემისას ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა და ელექტრონული კომუნიკაციის სისტემის უსაფრთხოება, რისთვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს. 4. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს საერთო კრების ვიდეო- და აუდიოტრანსლირება, აგრეთვე უზრუნველყოფილ იქნეს ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია, რაც აქციონერებს საშუალებას მისცემს, საერთო კრებას დისტანციურად მიმართონ.
მუხლი 195. ხმათა უმრავლესობის პრინციპი და წესდებაში/სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილების შეტანა
1. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ამ კანონით ან წესდებით გადაწყვეტილების მისაღებად ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული. 2. კენჭისყრა შეიძლება აქციათა კლასების მიხედვით ცალ-ცალკე ჩატარდეს. 3. წესდებაში/სადამფუძნებლო შეთანხმებაში შესატანი ცვლილება მიღებული უნდა იქნეს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 196. აქციონერის ხმის უფლება
1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აქციონერის ხმის უფლება განისაზღვრება აქციათა რაოდენობის მიხედვით. 2. აქციონერის ხმის უფლება წარმოიშობა აქციის სანაცვლოდ შენატანის სრულად განხორციელების მომენტიდან, თუ წესდებით დადგენილი არ არის ხმის უფლების წარმოშობა შენატანის ნაწილობრივ განხორციელების შემთხვევისთვის. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 197. ხმის უფლების დამოუკიდებლად განხორციელება
1. ბათილია ხელშეკრულება ან წესდების ჩანაწერი, რომლითაც აქციონერს ევალება ხმის უფლების სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს მითითებით განხორციელება. 2. ბათილია შეთანხმება, რომელიც ზოგადად ავალდებულებს აქციონერს, ხმის უფლება სააქციო საზოგადოების ორგანოთა მითითებების შესაბამისად გამოიყენოს. 3. აქციონერი ან მისი წარმომადგენელი ხმის უფლებას ვერ გამოიყენებს, თუ საერთო კრება იხილავს ამ აქციონერისთვის სააქციო საზოგადოების მოთხოვნის წაყენების ან მასთან გარიგების დადების საკითხს, აღნიშნულ აქციონერს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტი აქვს ან ეს საკითხი სხვაგვარად პირდაპირ უკავშირდება მას.
მუხლი 198. საერთო კრების მიმდინარეობა
1. საერთო კრება მიმდინარეობს ამ კანონით ან წესდებით დადგენილი წესით. 2. საერთო კრებას თავმჯდომარეობს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე. მათი არყოფნისას საერთო კრების თავმჯდომარეს ხმათა უმრავლესობით ირჩევს საერთო კრება. წესდება შეიძლება ადგენდეს საერთო კრების თავმჯდომარის განსაზღვრის სხვა წესს. 3. საერთო კრების გახსნამდე ტარდება საერთო კრებაზე გამოცხადებული აქციონერების (მათი წარმომადგენლების) რეგისტრაცია. აქციონერი, რომელმაც რეგისტრაცია არ გაიარა, კვორუმის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება და მას არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. 4. კენჭისყრის ფორმა შეიძლება დადგინდეს წესდებით. თუ წესდება კენჭისყრის ფორმას არ ადგენს, მას განსაზღვრავს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით. საერთო კრებაზე კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 3/4-ით შეიძლება განისაზღვროს წესდებით დადგენილი კენჭისყრის ფორმისგან განსხვავებული კენჭისყრის ფორმა. 5. საერთო კრების თავმჯდომარემ საერთო კრების მონაწილე ყველა აქციონერს უნდა მისცეს მისი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისას სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა. 6. კენჭისყრის შედეგები ცხადდება საერთო კრებაზე.
მუხლი 199. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრისა და ხელმძღვანელი პირის არჩევა ხმების აკუმულირების მეთოდით
წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან საერთო კრების გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრისა და ხელმძღვანელი პირის ასარჩევად გამოიყენება ხმების აკუმულირების მეთოდი, რომლის მიხედვით: ა) აქციონერი თავის ყველა ხმას ანაწილებს ნებისმიერი რაოდენობის კანდიდატებზე, ისე, რომ კენჭისყრაში მონაწილეობისას მის ხმათა ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს მის განკარგულებაში არსებულ ხმათა საერთო რაოდენობას; ბ) აქციონერს შეუძლია თითოეული თავისი ხმით მხოლოდ მხარი დაუჭიროს კანდიდატს; გ) თუ კანდიდატების რაოდენობა ასარჩევ წევრთა/პირთა დადგენილ რაოდენობაზე ნაკლებია ან მისი ტოლია, ყველა ის კანდიდატი, რომელმაც თუნდაც 1 ხმა მიიღო, არჩეულად მიიჩნევა. თუ კანდიდატების რაოდენობა აღემატება ასარჩევ წევრთა/პირთა დადგენილ რაოდენობას, არჩეულად მიიჩნევიან ის კანდიდატები, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობა მიიღეს.
მუხლი 200. საერთო კრების ოქმი
1. საერთო კრების დამთავრებიდან 15 დღის განმავლობაში უნდა შედგეს საერთო კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საერთო კრების თავმჯდომარე. თუ საერთო კრებას ნოტარიუსი ესწრება, საერთო კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს ნოტარიუსიც. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე, საერთო კრების ოქმს ადგენს ნოტარიუსი და მას ხელს აწერენ ნოტარიუსი და საერთო კრების თავმჯდომარე. 2. საერთო კრების ოქმში უნდა აღინიშნოს: ა) სააქციო საზოგადოების საფირმო სახელწოდება; ბ) საერთო კრების ჩატარების ადგილი და თარიღი; გ) ხმის უფლების მქონე აქციათა საერთო რაოდენობა; დ) საერთო კრებაში მონაწილე ან საერთო კრებაზე წარმოდგენილი ხმის უფლების მქონე აქციების რაოდენობა; ე) საერთო კრების ჩატარების ფორმა, ხმის მიცემის ფორმა და მიღებული გადაწყვეტილებები საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების რიგითობის მიხედვით; ვ) ყოველი გადაწყვეტილებისთვის − იმ აქციების რაოდენობა, რომლებიდან გამომდინარეც მართლზომიერად იყო ხმები მიცემული, ამ ხმებით წარმოდგენილი წილი განთავსებულ კაპიტალში, ხმების საერთო რაოდენობა, როგორც გადაწყვეტილების სასარგებლოდ, ისე მის საწინააღმდეგოდ მიცემული ხმების რაოდენობა და მათი რაოდენობა, ვინც ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. 3. საერთო კრების ოქმს უნდა დაერთოს საერთო კრების დადგენილი წესით მოწვევის დამადასტურებელი ყველა საბუთი.
მუხლი 201. კენჭისყრის შედეგების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება
იმ სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე, რომელიც არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე, საერთო კრების ჩატარებიდან არაუგვიანეს 15 დღისა უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია კენჭისყრის შედეგების შესახებ.
მუხლი 202. აქციონერის უფლება ინფორმაციაზე
1. საერთო კრების მიმდინარეობისას საერთო კრების მონაწილე აქციონერს უფლება აქვს, მისი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს/პირებს დაუსვას შეკითხვები და მოსთხოვოს ამ საკითხების სათანადოდ განხილვისა და შეფასებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია. 2. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია აქციონერის შეკითხვებს უპასუხოს და მას მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად მიაწოდოს. 3. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს უფლება აქვს, აქციონერს უარი უთხრას მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე, თუ: ა) შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამ სააქციო საზოგადოებას შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს; ბ) შესაბამისი ინფორმაციის გაცემით კონფიდენციალური ინფორმაცია გამჟღავნდება; გ) დასმულ შეკითხვას პასუხი საერთო კრების დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე კითხვა-პასუხის ფორმატით აქვს გაცემული. 4. თუ საერთო კრების დაწყებამდე სააქციო საზოგადოებამ თავისი ინიციატივით რომელიმე აქციონერს, აქციონერის სტატუსიდან გამომდინარე, მიაწოდა ინფორმაცია, იგივე ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საერთო კრების მონაწილე ყველა სხვა აქციონერს, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ინფორმაცია საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განსახილველად აუცილებელი არ არის. 5. ინფორმაციის მიწოდებაზე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს უარი შეიძლება საერთო კრების ოქმის შედგენიდან 15 დღის ვადაში გასაჩივრდეს სასამართლოში. 6. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს აქციონერის მოთხოვნას, აქციონერს მოთხოვნილი ინფორმაცია საერთო კრების გარეშეც მიეწოდება. სააქციო საზოგადოებამ იგივე ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ყველა სხვა დაინტერესებული აქციონერისთვის.
მუხლი 203. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო
1. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო სააქციო საზოგადოებას მართავს საკუთარი პასუხისმგებლობით. 2. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო თავისი ფუნქციების შესრულებისას ვალდებული არ არის შეასრულოს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს, საერთო კრების ან ცალკეული აქციონერების მითითებები. კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილებები სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შეუთანხმოს. 3. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია შეასრულოს საერთო კრებისა და სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები. 4. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია საერთო კრების მოთხოვნით მოამზადოს ის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნება. 5. ყველა საკითხი, რომლებიც კანონით ან წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრების ან სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას, განეკუთვნება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს კომპეტენციას. 6. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წევრები სააქციო საზოგადოებას ერთობლივად ხელმძღვანელობენ. იგივე წესი მოქმედებს მართვის მონისტურ სისტემაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება 1 ხელმძღვანელ პირს აქვს გადაცემული. 7. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული. 8. წესდებით ან კანონითა და წესდებით დადგენილ ფარგლებში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს დებულებით შეიძლება ისე განისაზღვროს ხელმძღვანელ პირებს შორის ფუნქციათა განაწილება და მათ მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, რომ უზრუნველყოფილ იქნეს თითოეული ხელმძღვანელი პირისთვის მინიმალური აუცილებელი ფუნქციის შენარჩუნება. 9. მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირთა წინააღმდეგ მიმდინარე დავაში, იმ წევრის გამოკლებით, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს დავა.
მუხლი 204. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი პირის დანიშვნა
1. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირს არაუმეტეს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში მას თანამდებობაზე ნიშნავს სააქციო საზოგადოების საერთო კრება, ხელახლა დანიშვნის უფლებით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. პირის სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირად დანიშვნის შემდეგ სააქციო საზოგადოება მასთან ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად დებს სასამსახურო ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა უნდა შეესაბამებოდეს პირის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის ვადას. სასამსახურო ხელშეკრულებას სააქციო საზოგადოების სახელით დებს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − საერთო კრების თავმჯდომარე. 3. თუ ჭიანურდება სააქციო საზოგადოების იმ ხელმძღვანელი პირის დანიშვნა, რომლის გარეშეც სააქციო საზოგადოება თავის საქმიანობას ვერ ახორციელებს, ხელმძღვანელი პირი აქციონერის ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე შეიძლება დანიშნოს სასამართლომ. სასამართლოს მიერ დანიშნულ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირს უფლება აქვს, თავისი საქმიანობისთვის სააქციო საზოგადოებას მოსთხოვოს გასამრჯელო და გონივრულ ფარგლებში ფულადი დანახარჯების ანაზღაურება. სასამართლოს მიერ დანიშნული ხელმძღვანელი პირისა და სააქციო საზოგადოების შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლომ თავად უნდა განსაზღვროს აღნიშნული გასამრჯელოს და ასანაზღაურებელი ფინანსური დანახარჯების ოდენობები. 4. სასამართლოს მიერ დანიშნულ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირს უფლებამოსილება უწყდება იმ მომენტიდან, როდესაც ახალ ხელმძღვანელ პირს დანიშნავს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − საერთო კრება.
მუხლი 205. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე
1. სააქციო საზოგადოების რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობისას სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს ერთ-ერთი წევრი დანიშნოს ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარედ. 2. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე, როგორც კოლეგიური ორგანოს წარმომადგენელი, კოორდინაციას უწევს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობას, თავმჯდომარეობს ხელმძღვანელი ორგანოს სხდომებს და აკონტროლებს ხელმძღვანელი ორგანოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარის დამატებით ფუნქციებს. 3. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე თანამდებობაზე აირჩევა და თანამდებობიდან თავისუფლდება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული. 4. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი, როგორც ხელმძღვანელი ორგანოს წევრის, უფლებამოსილების ვადას. 5. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარემ სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − საერთო კრებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელი ორგანოს და მისდამი დაქვემდებარებული ორგანოების საქმიანობის შესახებ.
მუხლი 206. სააქციო საზოგადოების აღმასრულებელი ხელმძღვანელი პირი
წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების სააქციო საზოგადოების აღმასრულებელი ხელმძღვანელი პირისთვის გადაცემას. სააქციო საზოგადოებას შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე აღმასრულებელი ხელმძღვანელი პირი.
მუხლი 207. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს სხდომა
1. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს სხდომის მოწვევისა და ჩატარებისთვის გამოიყენება ამ კანონით სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მოწვევისა და ჩატარებისთვის დადგენილი წესები, თუ წესდებით განსაზღვრული არ არის სხდომის მოწვევისა და ჩატარების სხვა წესი. 2. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს სხდომა ან ამ სხდომის ნაწილი შეიძლება დაიხუროს იმ ხელმძღვანელი პირისთვის, რომელთან დაკავშირებული საკითხიც განიხილება აღნიშნულ სხდომაზე.
მუხლი 208. ინტერესთა კონფლიქტი
1. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი ვალდებულია შესაბამისი ფაქტის შეტყობისთანავე აცნობოს საერთო კრებას ან სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − საერთო კრებას ან სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს ისეთი დადებული ან დასადები გარიგების შესახებ, რომლის მიმართაც ის დაინტერესებული პირია, აგრეთვე მიუთითოს თავისი დაინტერესების ხასიათი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელმძღვანელი პირი დაინტერესებულ პირად მიიჩნევა, თუ ის ან მასთან დაკავშირებული პირი: ა) გარიგების მეორე მხარეა; ბ) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს იმ სამეწარმეო საზოგადოების წილთა 50 პროცენტს ან 50 პროცენტზე მეტს, რომელიც გარიგების მეორე მხარეა; გ) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს იმ სამეწარმეო საზოგადოების წილთა 50 პროცენტს ან 50 პროცენტზე მეტს, რომლის სულ მცირე 50-პროცენტიანი წილის მესაკუთრე გარიგების მეორე მხარეა; დ) არის იმ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც გარიგების მეორე მხარეა; ე) გარიგების შედეგად იღებს სარგებელს, რომელიც სამეწარმეო საზოგადოებაში წილის ფლობასთან ან ხელმძღვანელი ორგანოს წევრობასთან დაკავშირებული არ არის; ვ) დაინტერესებულ პირად მიიჩნევა წესდების თანახმად. 3. ამ კანონის მიზნებისთვის „დაკავშირებული პირი“ განიმარტება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. გარიგებას, რომელშიც დაინტერესებული პირი მონაწილეობს, წინასწარ ამტკიცებს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − საერთო კრება. დაინტერესებულ პირს ეკრძალება შესაბამის საკითხზე ხმის მიცემა სააქციო საზოგადოების ნებისმიერ ორგანოში. 5. თუ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა დაინტერესებული პირია, გარიგებას საერთო კრება ამტკიცებს. 6. იმ გარიგების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებაში, რომელშიც დაინტერესებული პირი მონაწილეობდა, მითითებული უნდა იყოს ამ პირის დაინტერესების ხასიათი, მოცულობა და გარიგების სხვა მნიშვნელოვანი პირობები. 7. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ სააქციო საზოგადოებაზე, რომელსაც ჰყავს მხოლოდ ერთი პარტნიორი, რომელიც იმავდროულად სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი პირია, აგრეთვე იმ გარიგებაზე, რომელიც იდება სააქციო საზოგადოებასა და მის 100-პროცენტიან შვილობილ საწარმოს ან 100-პროცენტიან პარტნიორს შორის. 8. თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტისთვის ცნობილი იყო ინტერესთა კონფლიქტის არსებობისა და სააქციო საზოგადოების ნებართვის არარსებობის შესახებ, სააქციო საზოგადოებას აქვს ასეთი ხელშეკრულების შეცილების უფლება. 9. ინტერესთა კონფლიქტის წესების დაცვის მოვალეობის დარღვევისას სააქციო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს მოსთხოვოს მისი დარღვევით სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინტერესთა კონფლიქტის არარსებობისას გარიგება არსებითად იმავე პირობებით დაიდებოდა. სააქციო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ მოსთხოვოს საკუთარი ან მესამე პირის სახელით დადებული გარიგებიდან დამრღვევის მიერ მიღებული სარგებლის სააქციო საზოგადოებისთვის გადაცემა ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობა.
მუხლი 209. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენცია
1. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობის კონტროლს და დადგენილ ფარგლებში თანამშრომლობს მასთან სააქციო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში. 2. მართვის მონისტური სისტემის არსებობისას სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციას ასრულებს/ასრულებენ არააღმასრულებელი ხელმძღვანელი პირი/პირები. თუ ხელმძღვანელი ორგანო მხოლოდ აღმასრულებელი ხელმძღვანელი პირებისგან შედგება, სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციას ასრულებს საერთო კრება. შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციის შესახებ. 3. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს: ა) სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს სააქციო საზოგადოების საქმიანობის ანგარიში; ბ) გამოითხოვოს, განიხილოს, შეამოწმოს და შეისწავლოს სააქციო საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაცია, მათ შორის, საბუღალტრო დოკუმენტაცია, სააქციო საზოგადოების ქონებრივი ობიექტები და სალარო; ამ მოქმედებების განხორციელება დაავალოს სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს ან მათ განსახორციელებლად მოიწვიოს ექსპერტები; გ) შეამოწმოს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წლიური ანგარიშები, წინადადებები მოგების განაწილების შესახებ, საქმიანობის ანგარიში და ამის თაობაზე მოახსენოს საერთო კრებას; დ) წარმოადგინოს სააქციო საზოგადოება ხელმძღვანელ პირთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში; ე) ამ კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაასაჩივროს საერთო კრების გადაწყვეტილებები. 4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უფლება აქვს, გაეცნოს ხელმძღვანელი ორგანოს/ხელმძღვანელი პირის მიერ წარდგენილ ანგარიშებსა და ინფორმაციას. 5. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია მოიწვიოს საერთო კრება, თუ ამას მოითხოვს სააქციო საზოგადოების ინტერესები. 6. წესდებით ან კანონითა და წესდებით დადგენილ ფარგლებში სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს დებულებით შეიძლება ისე განისაზღვროს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის ფუნქციათა განაწილება და მათ მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს თითოეული წევრისთვის მინიმალური აუცილებელი ფუნქციის შენარჩუნება.
მუხლი 210. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პასუხისმგებლობა
სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრზე შესაბამის შემთხვევებში ვრცელდება ამ კანონის 50-ე, 51-ე, 53-ე და 55-ე მუხლები სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის შესახებ.
მუხლი 211. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა
1. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს ფუნქციები სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობის სფეროში არ შეიძლება გადაეცეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს. 2. წესდებით ან სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განისაზღვროს საკითხები, რომელთა გადასაწყვეტად სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობას საჭიროებს. 3. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მიერ თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი თანხმობის საერთო კრების მიერ გაცემა. საერთო კრების მიერ თანხმობის გაცემისთვის საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 3/4-ის უმრავლესობა.
მუხლი 212. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევა
1. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო უნდა შედგებოდეს სულ მცირე 3 წევრისგან. წესდებით შეიძლება განისაზღვროს მის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა. 2. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პირი, ისე იურიდიული პირი. 3. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ირჩევს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით ან სამეთვალყურეო საბჭოში წევრის დელეგირებით, თუ კანონით ან წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოში წევრის დელეგირების უფლება წესდებით შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ცალკეულ აქციონერებს ან გარკვეული აქციების მფლობელებს. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს დელეგირებულ წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა 1/3-ს. 5. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ყოველი წევრი აირჩევა არაუმეტეს 3 წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა მისი ამოწურვის შემდეგ ავტომატურად გრძელდება საერთო კრების ჩატარებამდე და ამ კრებაზე ახალი წევრების არჩევამდე. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება ახალი ვადით აირჩეს.
მუხლი 213. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გამოწვევა და გასვლა
1. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს არჩეული წევრი საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს გამოწვეული სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან. ეს გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული. 2. უფლებამოსილმა პირმა ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიწვიოს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს დელეგირებული წევრი. თუ წესდებით გათვალისწინებული დელეგირების საფუძვლები აღარ არსებობს, სამეთვალყურეო საბჭოს დელეგირებული წევრის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება. 3. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია გავიდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, ისე, რომ ზიანი არ მიადგეს სააქციო საზოგადოებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს საპატიო მიზეზი. 4. თუ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გასვლიდან 6 თვის განმავლობაში არ აირჩევა ახალი წევრი, სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია დანიშნოს სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა წესდებით განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლებია. 5. სასამართლოს მიერ დანიშნულ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრის კანონით დადგენილი წესით არჩევისთანავე.
მუხლი 214. თანამდებობათა შეთავსების დაუშვებლობა
1. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წევრი. 2. წესდება დამატებით შეიძლება განსაზღვრავდეს იმ თანამდებობათა ნუსხას, რომელთა შეთავსებაც ეკრძალება სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრს.
მუხლი 215. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება
სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია გამოაქვეყნოს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის ცვლილების, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევისა და მასთან დაკავშირებული ყველა ცვლილების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე აღნიშნული ინფორმაცია განათავსოს სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 216. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე
1. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ირჩევს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო თავის წევრთაგან, კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით. თუკი კანდიდატები თანაბარი რაოდენობის ხმებს მიიღებენ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნება მათ შორის უხუცესი კანდიდატი, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოორდინაციას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას, თავმჯდომარეობს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს და წარმოადგენს სამეთვალყურეო საბჭოს სააქციო საზოგადოების სხვა ორგანოებთან, თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებთან ურთიერთობებში. 3. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია სისტემატურად ჰქონდეს ურთიერთობა სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოსთან, განიხილოს მასთან სააქციო საზოგადოების განვითარების სტრატეგია და მოსალოდნელი რისკები. 4. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მიაწოდოს ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სააქციო საზოგადოების საქმიანობაზე, აგრეთვე მოსალოდნელი შედეგების შეფასება. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია მიღებული ინფორმაცია მიაწოდოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს და საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა. 5. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებს მისი არყოფნის ან მის მიერ მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში. 6. წესდებით შეიძლება განისაზღვროს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის დამატებითი უფლებამოსილება, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს.
მუხლი 217. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა
1. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს წელიწადში ერთხელ მაინც. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ჩატარება. 2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ან ხელმძღვანელ ორგანოს უფლება აქვს, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მოსთხოვოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევა. ამ მოთხოვნაში უნდა მიეთითოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების მიზეზები და მიზნები. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია მოთხოვნიდან 10 დღის განმავლობაში უზრუნველყოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ჩატარება. 3. თუ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ან ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია თავად მოიწვიოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა. 4. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნისას − სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი. აღნიშნული სხდომის მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ დგება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი. ამ ოქმის სისწორისა და სრულყოფილებისთვის პასუხისმგებელია სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.
მუხლი 218. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები
1. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა სულ მცირე ნახევარი. წესდება შეიძლება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებაუნარიანობის საკითხს სხვაგვარად აწესრიგებდეს. 2. თუკი სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანი არ არის, მისი სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია არაუგვიანეს 10 დღისა მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება, კენჭისყრაში მონაწილე საბჭოს წევრთა რაოდენობის მიუხედავად, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს აქვს 1 ხმა, თუ კანონით ან წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − სხდომის თავმჯდომარის ხმა. 4. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება მისი სხდომის ოქმში ჩანაწერით.
მუხლი 219. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურება
1. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის შეიძლება მიეცეთ ანაზღაურება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სააქციო საზოგადოების ფინანსურ შესაძლებლობებს. 2. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ანაზღაურების ოდენობა, სტრუქტურა და გაცემის პერიოდულობა განისაზღვრება წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს წარმატებული საქმიანობისთვის დამატებით შეიძლება მიეცეს წინასწარ დადგენილი წესით განსაზღვრული პრემიები ან სხვა ბონუსები. 3. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს ის შეღავათები და პრივილეგიები, რომლებითაც ისარგებლებენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები წევრობის პერიოდში.
მუხლი 220. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომიტეტები
1. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია თავისი წევრებისგან შექმნას კომიტეტები, რომელთა მიზანი, სხვა უფლებამოსილებების განხორციელებასთან ერთად, იქნება საბჭოს სხდომების მოწვევის ან მათზე განსახილველი საკითხების მომზადება და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი. 2. კომიტეტების ხელმძღვანელებმა სამეთვალყურეო საბჭოს რეგულარულად უნდა მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია. 3. კომიტეტების სახელწოდებები და რაოდენობა შეიძლება განისაზღვროს წესდებით. 4. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციები არ შეიძლება სრულად გადაეცეს კომიტეტებს.
მუხლი 221. პასუხისმგებლობის ინიციირება
1. საერთო კრებას, სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს და სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვთ, მოითხოვონ ამ ორგანოთა წევრების მიერ სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 2. საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელ ორგანოს დაევალოს, რომ მან თანამდებობის პირებს მოსთხოვოს მათ მიერ საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობით სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 3. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს მისი მიღებიდან 6 თვის ვადაში. საერთო კრებას უფლება აქვს, აღნიშნული მოთხოვნის შესრულების მიზნით დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი.
მუხლი 222. აქციონერის სარჩელი სააქციო საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე
1. ერთ ან რამდენიმე აქციონერს უფლება აქვს, შეიტანოს სარჩელი საკუთარი სახელით და სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ სააქციო საზოგადოების კუთვნილი მოთხოვნის განსახორციელებლად, მათ შორის, სააქციო საზოგადოების თანამდებობის პირთა წინააღმდეგ, მათ მიერ საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობით სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ან მიყენებული ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ მიღებული სარგებლის სააქციო საზოგადოებისთვის გადაცემის ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობის მოთხოვნით. 2. აქციონერი სათანადო მოსარჩელედ მიიჩნევა, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) მის მიერ სარჩელის აღძვრის მოთხოვნით სააქციო საზოგადოებისთვის წერილობით მიმართვიდან გასულია 90 დღე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააქციო საზოგადოება ამ ვადის გასვლამდე უარს იტყვის სარჩელის აღძვრაზე ან აღნიშნული ვადის დაცვამ შეიძლება სააქციო საზოგადოებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ აქციონერის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ ეწინააღმდეგება სააქციო საზოგადოების უპირატეს ინტერესს. 3. სააქციო საზოგადოებას უფლება აქვს, სარჩელის შემტან აქციონერთან შეთანხმებით ნებისმიერ დროს ჩაენაცვლოს მას. 4. სასამართლოს მიერ აქციონერის სათანადო მოსარჩელედ მიჩნევის შემთხვევაში სააქციო საზოგადოება ვალდებულია მას გონივრულ ფარგლებში აუნაზღაუროს სარჩელთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები. სააქციო საზოგადოება თავისუფლდება ამ ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისგან, თუ იგი დაამტკიცებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება სააქციო საზოგადოებისთვის საზიანო აღმოჩნდა. თუ აქციონერი არასათანადო მოსარჩელედ იქნა მიჩნეული, მას ეკისრება სააქციო საზოგადოების მიერ გონივრულ ფარგლებში გაწეული იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც აქციონერის მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოიშვა.
მუხლი 223. მნიშვნელოვანი გარიგება
1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მნიშვნელოვან გარიგებად მიიჩნევა გარიგება ან ერთი მიზნისთვის განკუთვნილი რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული გარიგება, რომელიც/რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული სააქციო საზოგადოების ქონების (სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების) 25 პროცენტის ან მეტის შეძენასთან, გასხვისებასთან ან უფლებრივად დატვირთვასთან. 2. სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულება დგინდება ბოლო ფინანსური ანგარიშგების მონაცემების საფუძველზე. გამონაკლისია ის გარიგებები, რომლებიც დაკავშირებულია სააქციო საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობასთან, სააქციო საზოგადოების ჩვეულებრივი აქციების ხელმოწერის (რეალიზაციის) მეშვეობით განთავსებასთან, აგრეთვე სააქციო საზოგადოების მიერ ჩვეულებრივ აქციებში კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდების განთავსებასთან.
მუხლი 224. მნიშვნელოვანი გარიგების დადების წესი
1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია მნიშვნელოვანი გარიგების დადებამდე მიიღოს სამეთვალყურეო საბჭოს ან საერთო კრების, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − არააღმასრულებელი ხელმძღვანელი პირის ან საერთო კრების თანხმობა, იმის მიხედვით, თუ როგორ ანაწილებს ასეთი გარიგების დადების თანხმობისთვის ორგანოთა შორის კომპეტენციას კანონი ან წესდება. 2. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იმ მნიშვნელოვანი გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ღირებულება შეადგენს სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების 25-დან 50 პროცენტამდე, იღებს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო ან საერთო კრება, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − არააღმასრულებელი ხელმძღვანელი პირი ან საერთო კრება. 3. იმ მნიშვნელოვანი გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ღირებულება შეადგენს სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების 50 პროცენტზე მეტს, იღებს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. მნიშვნელოვანი გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მონაცემებს იმ პირის თაობაზე, რომელიც ამ გარიგების მხარეა, აგრეთვე ინფორმაციას აღნიშნული გარიგების ღირებულების, საგნისა და სხვა არსებითი პირობების შესახებ. 5. თუ მნიშვნელოვანი გარიგება შეიცავს ინტერესთა კონფლიქტის შემცველი გარიგების ნიშნებს, მის მიმართ გამოიყენება ამ კანონით ინტერესთა კონფლიქტის შემცველი გარიგებისთვის დადგენილი ნორმები. 6. მნიშვნელოვანი გარიგება, რომლის მიმართ დარღვეულია ამ კანონით დადგენილი ნორმები ქონების ღირებულების განსაზღვრის ან თანხმობის გაცემის წესის შესახებ, საცილოა იმ შემთხვევაში, თუ გარიგების მეორე მხარემ იცოდა, რომ ეს გარიგება მნიშვნელოვანი გარიგების დადებისთვის დადგენილი წესების დარღვევით დაიდო. 7. თუ სააქციო საზოგადოება რეგისტრაციიდან 2 წლის განმავლობაში სააქციო საზოგადოების აქციონერისგან შეიძენს აქტივს, რომლის ღირებულება შეადგენს საკუთარი განთავსებული კაპიტალის არანაკლებ 10 პროცენტს, ამ გარიგებასთან დაკავშირებით უნდა შედგეს დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში. ეს ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონის 152-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების შესაბამისად. იგი უნდა დაამტკიცოს საერთო კრებამ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარიგება დაიდო სააქციო საზოგადოების ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში ან საფონდო ბირჟაზე განხორციელებულ შესყიდვასთან დაკავშირებით.
მუხლი 225. მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვა
1. თუ აქციონერს აქციების შეძენის შედეგად საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმების არანაკლებ 95 პროცენტისა, ამ აქციონერს (ამ მუხლის მიზნებისთვის – მყიდველი) უფლება აქვს, სამართლიან ფასად გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები. 2. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აქციათა გამოსყიდვის სამართლიან ფასსა და გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღს განსაზღვრავს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებით. 3. მყიდველი სასამართლოსთვის მიმართვამდე არაუგვიანეს 1 თვისა აქვეყნებს თავის განცხადებას აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აქციათა გამოსყიდვის მიზეზების/პირობების და პროცედურების შესახებ. 4. რეგისტრირებულ აქციათა რეესტრის მწარმოებელი პირი ან დემატერიალიზებული აქციების შემთხვევაში − „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ცენტრალური დეპოზიტარი (ამ მუხლის მიზნებისთვის – რეგისტრატორი) სასამართლოს მიერ დადგენილ გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღს ამ თარიღამდე არაუგვიანეს 5 დღისა ყველა ნომინალურ მფლობელს/ანგარიშის მწარმოებელს ატყობინებს. გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღიდან აქციათა გამოსყიდვის პროცედურების დასრულებამდე წყდება აღნიშნულ აქციებთან დაკავშირებული ოპერაციები, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისა. რეგისტრატორი გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის მდგომარეობით ადგენს ყველა აქციონერის სიას (ამ სიაში მიეთითება აქციონერთა ვინაობა, მისამართები და მათ საკუთრებაში არსებულ აქციათა რაოდენობა) (გამოსყიდვის რეესტრი) და მყიდველის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ქმედებათა განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტების (მათ შორის, აქციათა გამოსასყიდი თანხის სრულად დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტის) წარდგენის საფუძველზე ყველა აქციას მყიდველის სახელზე ან მყიდველის არჩევით შესაბამისი ნომინალური მფლობელის/ანგარიშის მწარმოებლის სახელზე გადააფორმებს. აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებულ რეგისტრატორის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი. მყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს დანარჩენ აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე კომერციულ ბანკში, ცენტრალურ დეპოზიტართან ან საბროკერო კომპანიასთან და მას გადასცემს გამოსყიდვის რეესტრს. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2613 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
თავი XVკოოპერატივი
მუხლი 226. კოოპერატივის ცნება
1. კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა ეკონომიკური თუ სოციალური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამეწარმეო საზოგადოება, რომლის ამოცანაა მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და რომლის უპირატესი მიზანი არ არის მოგების მიღება. 2. კოოპერატივებს მიეკუთვნება: ა) ნედლეულის მომპოვებელი კოოპერატივი, რომელიც ნედლეულს საკუთარი წევრებისთვის მოიპოვებს; ბ) სასოფლო-სამეურნეო ან სარეწაო პროდუქციის ერთობლივად გამსაღებელი კოოპერატივი; გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი და სხვადასხვა საგნის დამამზადებელი და ერთობლივი ხარჯებით მათი რეალიზაციის განმახორციელებელი კოოპერატივი (სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო კოოპერატივი); დ) მასობრივი მოხმარების საქონლის საბითუმო ვაჭრობის წესით შემძენი და საცალო ვაჭრობით მათი რეალიზაციის განმახორციელებელი კოოპერატივი; ე) სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის ან სარეწისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შემძენი, მწარმოებელი ან მათი ერთობლივად გამომყენებელი კოოპერატივი; ვ) სასოფლო-საკრედიტო კოოპერატივი; ზ) სამომხმარებლო (მრავალდარგოვანი) კოოპერატივი, რომლის სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონით; თ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი; ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომლის სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება ამ კანონითა და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. კოოპერატივი საკუთარი ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ თავისი ქონებით.
მუხლი 227. კოოპერატივის დამფუძნებლები
1. კოოპერატივის დამფუძნებლები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური პირები, ისე იურიდიული პირები. 2. კოოპერატივის დასაფუძნებლად აუცილებელია სულ მცირე 5 დამფუძნებელი.
მუხლი 228. კოოპერატივის განთავსებული კაპიტალი
1. წესდებით შეიძლება განისაზღვროს კოოპერატივის განთავსებული კაპიტალი. 2. კოოპერატივის წევრს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე პაი. 3. კოოპერატივის განთავსებული კაპიტალი შეიძლება გაიზარდოს კოოპერატივში დამატებითი წევრების მიღებით და მათ მიერ შენატანების განხორციელებით, აგრეთვე კოოპერატივის წევრების მიერ დარჩენილი შენატანის სრულად განხორციელებით ან დამატებითი შენატანების განხორციელებით.
მუხლი 229. კოოპერატივის წევრთა რეესტრი
1. კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია აწარმოოს კოოპერატივის წევრთა რეესტრი, რომელშიც შეიტანება კოოპერატივის თითოეული წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემები, აგრეთვე მისი პაის ოდენობა და კატეგორია. 2. კოოპერატივის წევრთა რეესტრი კოოპერატივის ყველა წევრისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს კოოპერატივის ვებგვერდზე, თუ კოოპერატივს აქვს ვებგვერდი. ამ ვალდებულების შესრულება ეკისრება ხელმძღვანელ ორგანოს. 3. კოოპერატივში წევრის მიღება, კოოპერატივიდან წევრის გასვლა, პაის შეცვლა ან ახალი პაის შეძენა იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ კოოპერატივის წევრთა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 4. კოოპერატივის წევრთა რეესტრში ის ფაქტი, რომლის რეგისტრაცია სავალდებულოა, უნდა დარეგისტრირდეს მისი წარმოშობიდან 1 თვის ვადაში.
მუხლი 230. პაი
1. კოოპერატივის წესდების მიხედვით, პაის გასხვისება შეიძლება დამოკიდებული იყოს ხელმძღვანელი ორგანოს თანხმობაზე. 2. კოოპერატივის წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სხვადასხვა კატეგორიის პაის. 3. ერთი და იმავე კატეგორიის პაის მფლობელებს აქვთ ერთნაირი უფლებები და მოვალეობები.
მუხლი 231. კოოპერატივში წევრის მიღება
1. კოოპერატივის კოოპერატივის წევრთა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ კოოპერატივის წევრობის მსურველის კოოპერატივის წევრად მისაღებად აუცილებელია მისი წერილობითი განცხადება კოოპერატივში შესვლის თაობაზე. 2. კოოპერატივის წევრად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო ხმათა უმრავლესობით. კოოპერატივის წევრად მიღებაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს საერთო კრებაზე. 3. კოოპერატივის წევრად მიღების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელმა ორგანომ უნდა განახორციელოს კოოპერატივის წევრობის მსურველის კოოპერატივის წევრთა რეესტრში რეგისტრაცია. კოოპერატივის წევრობა წარმოიშობა კოოპერატივის წევრობის მსურველის განცხადების საფუძველზე მისი კოოპერატივის წევრთა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 4. კოოპერატივის წევრობის მსურველის განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს კოოპერატივის წევრის ვალდებულება, რომ იგი კანონისა და წესდების შესაბამისად განახორციელებს დადგენილ შენატანს (შეიტანს პაის). 5. თუ წესდებით გათვალისწინებულია, რომ კოოპერატივის წევრმა დამატებითი შენატანი სრულად ან შეზღუდულად, მხოლოდ საგარანტიო თანხის ოდენობით უნდა განახორციელოს, კოოპერატივის წევრობის მსურველის განცხადებაში უნდა აღინიშნოს, კოოპერატივის წევრი კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად სრულად განახორციელებს დამატებით შენატანს თუ გადაიხდის წესდებაში დათქმულ საგარანტიო თანხას დადგენილი ოდენობით.
მუხლი 232. კოოპერატივის ინვესტორი წევრი
1. წესდებით შეიძლება გათვალისწინებული იყოს კოოპერატივში ინვესტორი წევრის მიღება. 2. კოოპერატივის ინვესტორ წევრს წესდებით შეიძლება მიენიჭოს ვეტოს უფლება იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ეხება. 3. კოოპერატივის ინვესტორ წევრს არ შეიძლება ჰქონდეს ხმათა 25 პროცენტზე მეტი.
მუხლი 233. კოოპერატივის წევრობის შეწყვეტა
1. კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წევრის გასვლა კოოპერატივიდან; ბ) წევრის გარიცხვა კოოპერატივიდან; გ) კოოპერატივის წევრის მიერ პაის გასხვისება; დ) კოოპერატივის წევრი იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმება; ე) კოოპერატივის წევრის გარდაცვალება. 2. წესდება შეიძლება კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის სხვა საფუძვლებსაც ითვალისწინებდეს.
მუხლი 234. წევრის გასვლა კოოპერატივიდან
1. კოოპერატივის წევრს უფლება აქვს, გავიდეს კოოპერატივიდან. კოოპერატივიდან წევრის გასვლა დასაშვებია მხოლოდ სამეურნეო წლის ბოლოს. კოოპერატივიდან გასვლის შესახებ განცხადება შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, გასვლამდე სულ ცოტა 3 თვით ადრე. წესდებით შეიძლება განისაზღვროს კოოპერატივიდან გასვლის უფრო ხანგრძლივი ვადა, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა. 2. თუ წესდებაში შეტანილ იქნა ისეთი ცვლილება, რომელიც არსებითად ცვლის კოოპერატივის საქმიანობის საგანს, კოოპერატივიდან გასვლის უფლება აქვთ: ა) საერთო კრების მონაწილე კოოპერატივის წევრს, თუ მან გადაწყვეტილების მიმართ გამოხატა უარყოფითი პოზიცია, რომელიც შეტანილ იქნა საერთო კრების ოქმში, ან თუ ამ ოქმში აღნიშნული ინფორმაციის შეტანა უარყოფილ იქნა; ბ) საერთო კრებაზე გამოუცხადებელ კოოპერატივის წევრს, თუ იგი კანონის ან წესდების მოთხოვნათა დარღვევით არ იქნა დაშვებული საერთო კრებაზე, ან თუ დაირღვა საერთო კრების მოწვევის პროცედურა, ანდა თუ მას გადაწყვეტილების საგანი ჯეროვნად არ გააცნეს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოოპერატივიდან გასვლის შესახებ განცხადება შეიძლება შეტანილ იქნეს გადაწყვეტილების კოოპერატივის შესაბამისი წევრისთვის გაცნობიდან 1 თვის განმავლობაში. კოოპერატივიდან წევრის გასვლა ფორმდება სამეურნეო წლის ბოლოს, მაგრამ წესდებაში ამ პერიოდში შეტანილი ცვლილება კოოპერატივიდან გამსვლელ წევრზე არ ვრცელდება. 4. კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია კოოპერატივიდან წევრის გასვლის გამო ცვლილება შეიტანოს კოოპერატივის წევრთა რეესტრში. 5. კოოპერატივის წევრთა რეესტრში დაუყოვნებლივ უნდა მიეთითოს კოოპერატივიდან წევრის გასვლის დასაბუთებული მიზეზი. კოოპერატივის წევრი კოოპერატივიდან გასულად მიიჩნევა კოოპერატივიდან მისი გასვლის კოოპერატივის წევრთა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
მუხლი 235. კოოპერატივიდან გასულ წევრთან ანგარიშსწორება
1. კოოპერატივიდან გასულ წევრთან ანგარიშსწორება ხორციელდება კოოპერატივიდან მისი გასვლის დღისთვის არსებული კოოპერატივის ბალანსის საფუძველზე პაის კომპენსაციით. კომპენსაცია იანგარიშება კოოპერატივიდან გასული წევრის შენატანისა და გაუნაწილებელ მოგებაში მისი წილის შესაბამისად. 2. კოოპერატივიდან გასულ წევრს კოოპერატივის სხვა ქონების მოთხოვნის უფლება არ აქვს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. კოოპერატივმა კოოპერატივიდან გასულ წევრთან ანგარიშსწორება უნდა განახორციელოს კოოპერატივიდან მისი გასვლიდან 6 თვის ვადაში.
მუხლი 236. წევრის გარიცხვა კოოპერატივიდან
1. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას კოოპერატივის წევრი შეიძლება გაირიცხოს კოოპერატივიდან. 2. მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, თუ კოოპერატივის წევრმა ბრალეულად დაარღვია მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რითაც კოოპერატივს ზიანი მიაყენა. 3. კოოპერატივიდან წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე იღებს საერთო კრება. 4. კოოპერატივიდან გარიცხულ წევრთან ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის 235-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 237. კოოპერატივის წევრის მიერ პაის გასხვისება
1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კოოპერატივის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს, სამეურნეო წლის განმავლობაშიც გაასხვისოს თავისი პაი და ამით გამოვიდეს კოოპერატივიდან საბოლოო ანგარიშსწორების გარეშე. 2. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ კოოპერატივის სხვა წევრებს აქვთ პაის უპირატესი შესყიდვის უფლება. 3. პაის გასხვისებისას კოოპერატივიდან წევრის გასვლის თარიღად მიიჩნევა კოოპერატივიდან მისი გასვლის რეგისტრაციის დღე.
მუხლი 238. კოოპერატივის წევრის გარდაცვალება
1. კოოპერატივის წევრის გარდაცვალებისას წევრობა მის მემკვიდრეებზე გადადის. კოოპერატივის წევრის მემკვიდრეებს შეუძლიათ საერთო კრებაზე ხმის უფლება მხოლოდ ერთი საერთო წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელონ. 2. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ კოოპერატივის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში წევრობის გაგრძელება დამოკიდებული გახდეს მისი მემკვიდრის პიროვნულ შესაძლებლობებზე. მემკვიდრეობის რამდენიმე მემკვიდრის მიერ მიღების შემთხვევაში წესდებით შეიძლება ასევე გათვალისწინებული იყოს, რომ კოოპერატივის წევრობა შეწყდება, თუ იგი წესდებით განსაზღვრულ ვადებში კოოპერატივის წევრის ერთ-ერთ მემკვიდრეს არ გადაეცემა. ამ შემთხვევაში კოოპერატივის წევრობა წყდება იმ სამეურნეო წლის ბოლოს, როდესაც სამკვიდრო გაიხსნა. შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 235-ე მუხლით დადგენილი წესები. 3. კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია კოოპერატივის წევრის გარდაცვალების შესახებ აღნიშნოს კოოპერატივის წევრთა რეესტრში.
მუხლი 239. კოოპერატივის საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ კანონით ან წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა ან სხვა, დამატებითი მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული. 2. წესდების ცვლილება მიღებული უნდა იქნეს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული. 3. წესდება შეიძლება კოოპერატივის ორგანოების წევრთა არჩევნებისთვის კენჭისყრის განსხვავებულ წესს ადგენდეს. 4. კოოპერატივის წევრს აქვს 1 ხმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 1 პაის ერთზე მეტი მფლობელი ჰყავს, რა დროსაც 1 პაის რამდენიმე მფლობელს აქვს 1 ხმა. წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტნიორთა ცალკე ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს ხმათა განსხვავებული გადანაწილება.
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.