მეწარმეთა შესახებ
კარი Iზოგადი ნაწილი
თავი IXსამეწარმეო საზოგადოების დაშლა. ხარვეზიანი საზოგადოება
მუხლი 80. ხარვეზიანი საზოგადოება
1. თუ სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრირებული მონაცემები აღარ შეესაბამება ამ კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის სავალდებულო პირობებს, მარეგისტრირებელი ორგანო თავისი ინიციატივით იღებს გადაწყვეტილებას ხარვეზის დადგენის შესახებ და სამეწარმეო საზოგადოებას ანიჭებს ხარვეზიანი საზოგადოების სტატუსს, რის შესახებაც მიეთითება რეესტრში და ეცნობება სამეწარმეო საზოგადოებას. ხარვეზიანი საზოგადოების სტატუსის არსებობის პერიოდში ჩერდება რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება და რეესტრიდან ამონაწერი არ გაიცემა. 2. მარეგისტრირებელი ორგანო „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ, რომლის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი, შესაბამისი ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ამის თაობაზე წერილობით აცნობებს საქართველოს ეროვნულ ბანკს. 3. რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერებისა და რეესტრიდან ამონაწერის გაცემის დაუშვებლობის წესი მოქმედებს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაშიც. 4. ხარვეზიანი საზოგადოების მიერ ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის/დოკუმენტის წარდგენისა და მის საფუძველზე რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ ხარვეზიანი საზოგადოების სტატუსი უქმდება.
მუხლი 81. სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყება
1. სამეწარმეო საზოგადოების დაშლის რეგისტრაცია იწვევს სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამეწარმეო საზოგადოების ქონების მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, აგრეთვე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოება ინარჩუნებს იურიდიული პირის სტატუსს და იყენებს თავის საფირმო სახელწოდებას დამატებით „ლიკვიდაციის პროცესში“. 3. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოების ორგანოები ინარჩუნებენ თავიანთ უფლებამოსილებებს, გარდა ხელმძღვანელი პირებისა, რომლებსაც ლიკვიდატორების რეგისტრაციისთანავე უწყდებათ ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები. 4. იურიდიული პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტამდე დაუშვებელია სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიმართვის საფუძველზე იურიდიული პირის მიმართ ლიკვიდაციასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება.
მუხლი 82. სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ კრედიტორებისთვის შეტყობინების ვალდებულება
1. ლიკვიდატორებმა მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე ან თავიანთ ვებგვერდზე განცხადების გამოქვეყნებით დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ კრედიტორებს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ და უნდა მოიწვიონ ისინი მოთხოვნების განსაცხადებლად. 2. მარეგისტრირებელი ორგანო საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, რომელიც შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოსთვის სუბიექტის მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსალოდნელია სუბიექტის საგადასახადო ვალდებულების არსებობა, უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ვადაზე, რომელშიც ჩატარდება საგადასახადო შემოწმება საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების არსებობის შემოწმების მიზნით. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 90 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების ჩატარების 90-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 2 თვისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების 10-დღიანი ვადის, აგრეთვე ამ ინფორმაციაში მითითებული საგადასახადო შემოწმების ჩატარების ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში სუბიექტი საგადასახადო დავალიანების არმქონედ მიიჩნევა.
მუხლი 83. ლიკვიდატორი
1. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესს ერთობლივად ხელმძღვანელობენ ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ინიშნებიან ლიკვიდატორებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წესდება ან საერთო კრების გადაწყვეტილება ლიკვიდატორებად სხვა პირების დანიშვნას ითვალისწინებს. 2. იურიდიული პირის იძულებითი დაშლის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იურიდიული პირის ლიკვიდაციას ახორციელებს სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირი. 3. ლიკვიდატორი უნდა აკმაყოფილებდეს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. 4. საერთო კრება უფლებამოსილია ნებისმიერ მომენტში გაათავისუფლოს ლიკვიდატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიკვიდატორი სასამართლოს მიერ არის დანიშნული. 5. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია სამეწარმეო საზოგადოების რომელიმე პარტნიორის, სააქციო საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ან კოოპერატივში − პარტნიორთა 10 პროცენტის, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში − აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს განცხადების საფუძველზე გაათავისუფლოს ლიკვიდატორი ან დანიშნოს ახალი ლიკვიდატორი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ საკითხს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო სამეწარმეო საზოგადოების იურიდიული მისამართის მიხედვით. 6. ხელმძღვანელი პირი ვალდებულია მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართოს განცხადებით ლიკვიდატორების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ. მარეგისტრირებელი ორგანოსთვის ამ განცხადებით მიმართვის უფლება აქვს პარტნიორს. აღნიშნულ განცხადებას უნდა ერთოდეს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამოწმებული დოკუმენტი ლიკვიდატორის დანიშვნის ან გათავისუფლების და მისი უფლებამოსილების შესახებ, ლიკვიდატორის ხელმოწერის ნიმუში, ხოლო თუ ლიკვიდატორი ხელმძღვანელი პირი არ არის − აგრეთვე ლიკვიდატორის თანხმობა. ლიკვიდატორის ან მისი უფლებამოსილების ყოველი ცვლილებისას ცვლილების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადებას წარადგენენ ლიკვიდატორები.
მუხლი 84. ლიკვიდატორის უფლებამოსილება
1. ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას ლიკვიდატორები სარგებლობენ იმავე უფლებებით და ეკისრებათ იგივე მოვალეობები, რომლებიც აქვთ ხელმძღვანელ პირებს, გარდა კონკურენციის აკრძალვისა. ლიკვიდატორებზე ვრცელდება ამ კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება. 2. ლიკვიდატორები ვალდებული არიან დაასრულონ მიმდინარე საქმეები, მოახდინონ აქტივების რეალიზაცია და შეასრულონ სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებები. ლიკვიდატორებს უფლება აქვთ, დადონ ახალი გარიგებები, თუ ეს ლიკვიდაციისთვის აუცილებელია. 3. ლიკვიდატორებმა დანიშვნისთანავე უნდა შეადგინონ ბალანსი ლიკვიდაციის დაწყების დღის მდგომარეობით.
მუხლი 85. ქონების განაწილება
1. თუ წესდებით სხვა წესი არ არის დადგენილი, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოების ქონება ნაწილდება პარტნიორთა შორის მათ წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად. 2. თუ შენატანები სრულად არ იყო განხორციელებული, თავდაპირველად ბრუნდება შენატანები ან მათი ღირებულება, ხოლო ნარჩენი ქონება ნაწილდება პარტნიორთა წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად. 3. თუ ქონება შენატანების დასაბრუნებლად საკმარისი არ არის, ნარჩენი ქონება ნაწილდება წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად, ხოლო თუკი შენატანები სრულად არ იყო განხორციელებული − განხორციელებული შენატანების პროპორციულად.
მუხლი 86. ლიკვიდაციის პროცესში კრედიტორთა დაცვა
1. ქონება შეიძლება განაწილდეს მხოლოდ სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებების დაფარვიდან და სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 5 თვის შემდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქონება შეიძლება განაწილდეს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 3 თვის შემდეგ, თუ არსებობს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა, რომ ყველა ვალდებულება შესრულებულია და, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქონების განაწილება საფრთხეს არ უქმნის მესამე პირთა უფლებებს. 2. თუ ცნობილი კრედიტორები არ განაცხადებენ თავიანთი მოთხოვნების შესახებ, ქონება შეიძლება განაწილდეს მხოლოდ მათი მოთხოვნების შესაბამისი ღირებულების სასამართლოს ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების შემდეგ. 3. თუ ვალდებულება სადავოა ან მისი შესრულების ვადა არ დამდგარა, ქონება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში განაწილდეს, თუკი კრედიტორს წარედგინება ვალდებულების ტოლფასი უზრუნველყოფა. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი (შემდგომ − საპენსიო ფონდი) ამ კანონის მიზნებისთვის არ არის კრედიტორი. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაწილის საკუთრებაში არსებულ საპენსიო აქტივებთან მიმართებით კრედიტორი/კრედიტორები არის/არიან შესაბამისი მონაწილე ან მონაწილის მემკვიდრე/მემკვიდრეები. ამ კანონის შესაბამისად ლიკვიდატორის მიმართვის შემთხვევაში საქართველოს საპენსიო ფონდი ვალდებულია აღნიშნულ პირს/პირებს მიაწოდოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია შესაბამისი დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შესახებ, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ მონაცემებთან შედარების შედეგად მიღებული ინფორმაცია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3604 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4314 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მუხლი 87. დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების მიერ არსებობის გაგრძელება
1. პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე დაშლილმა სამეწარმეო საზოგადოებამ შეიძლება გააგრძელოს არსებობა, თუ ამას გადაწყვეტს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით და სამეწარმეო საზოგადოების ქონების პარტნიორთა შორის განაწილება არ დაწყებულა. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ხმათა უფრო დიდი რაოდენობის ან სხვა წინაპირობების არსებობის აუცილებლობას. 2. დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების მიერ არსებობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას მარეგისტრირებელ ორგანოს რეესტრში რეგისტრაციისთვის ლიკვიდატორები წარუდგენენ. მათვე ეკისრებათ იმის დადასტურების ვალდებულება, რომ სამეწარმეო საზოგადოების ქონების პარტნიორთა შორის განაწილება დაწყებული არ არის. 3. დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების მიერ არსებობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მხოლოდ რეესტრში მისი რეგისტრაციის შემდეგ.
მუხლი 88. სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმება
1. სამეწარმეო საზოგადოების ქონების სრულად განაწილება იწვევს საწარმოს ლიკვიდაციის დასრულებას. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი უნდა დასრულდეს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 4 თვისა, ხოლო საგადასახადო შემოწმების ჩატარების ვადის გაგრძელების შემთხვევაში − საგადასახადო შემოწმების დასრულების შესახებ ინფორმაციის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 2. ლიკვიდატორებმა მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიმართონ ლიკვიდაციის რეგისტრაციის მოთხოვნით, რომლის საფუძველზედაც მარეგისტრირებელი ორგანო გააუქმებს სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციას. 3. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სამეწარმეო საზოგადოების გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი სასამართლო განჩინება მისი გამოტანიდან 30 დღის ვადაში, რის შედეგადაც სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაცია უქმდება.
მუხლი 89. ლიკვიდირებული სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტაციის შენახვის ვალდებულება
ლიკვიდირებული სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტაცია შენახული უნდა იქნეს მისი შექმნიდან 6 წლის განმავლობაში, ხოლო თუ ეს დოკუმენტაცია მოიცავს სამეწარმეო საზოგადოების მიერ დადებულ ხელშეკრულებას − ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან 6 წლის განმავლობაში, უსაფრთხო ადგილზე, რომელსაც განსაზღვრავენ ლიკვიდატორები, ხოლო მათი შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ლიკვიდატორის ან პარტნიორის განცხადების საფუძველზე მას განსაზღვრავს სასამართლო. ყოფილ პარტნიორებსა და კრედიტორებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად გაეცნონ ამ დოკუმენტაციას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
მუხლი 90. ლიკვიდაციის პროცესის განახლება დარჩენილი ქონების აღმოჩენის ან დამატებითი სალიკვიდაციო მოქმედებების განხორციელების აუცილებლობის გამო
თუ სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ გაირკვა, რომ დარჩენილია ქონება ან აუცილებელია დამატებითი სალიკვიდაციო მოქმედებების განხორციელება, სასამართლომ იურიდიული ინტერესის მქონე პირის განცხადების საფუძველზე უნდა დანიშნოს იგივე ან ახალი ლიკვიდატორი. ლიკვიდატორების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ კანონის 84-ე მუხლით. ლიკვიდაციის პროცესი დასრულდება ამ კანონით დადგენილი ზოგადი წესით.
მუხლი 91. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება
1. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, აგრეთვე მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 2. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება იწვევს გენერალური სავაჭრო მინდობილობის (არსებობის შემთხვევაში) შეწყვეტას. 3. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლეა შესაბამისი ფიზიკური პირი. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია უქმდება ნებისმიერი პირის მოთხოვნით ან მარეგისტრირებელი ორგანოს ინიციატივით.
თავი Xხანდაზმულობა და შეცილება. გასაჩივრების უფლებამოსილება და ვადები
მუხლი 92. ხანდაზმულობისა და შეცილების ვადები
1. ამ კანონით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნათა ხანდაზმულობის ზოგადი ვადაა 5 წელი. შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე−146-ე მუხლები. 2. ამ კანონის მიხედვით, შეცილების ზოგადი ვადაა 6 თვე, რომელიც აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც შეცილების უფლების მქონე პირმა გაიგო ან უნდა გაეგო შეცილების უფლების შესახებ.
მუხლი 93. საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოს, ხელმძღვანელი ორგანოს/ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების შეცილების/გასაჩივრების უფლებამოსილება და ვადები
1. საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოს, ხელმძღვანელი ორგანოს/ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება საცილოა და შეიძლება გასაჩივრდეს, თუ ის არღვევს საქართველოს კანონმდებლობის ან წესდების მოთხოვნებს. ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დაუშვებელია, თუ დარღვევა არაარსებითია. 2. საერთო კრების გადაწყვეტილების შეცილების უფლება აქვთ: ა) საერთო კრების მონაწილე პარტნიორს, რომელიც ესწრებოდა ამ კრებას და ხმა აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ მისცა, ხოლო სააქციო საზოგადოების შემთხვევაში − პარტნიორს, რომელმაც თავისი საწინააღმდეგო აზრი დამატებით შეიტანა საერთო კრების ოქმში ან სასამართლოს წარუდგინა იმის მტკიცებულებები, რომ მისი საწინააღმდეგო აზრი საერთო კრების ოქმში დაუსაბუთებლად არ იქნა შეტანილი; ბ) პარტნიორს, რომელიც საერთო კრებას არ დასწრებია, თუ მას სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ეთქვა უარი ამ კრებაზე დაშვებაზე, ან კრება დადგენილი წესების დარღვევით იქნა მოწვეული, ან/და საკითხი, რომელზედაც აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, დღის წესრიგში შეტანილი არ ყოფილა; გ) ხელმძღვანელ ორგანოს; დ) ხელმძღვანელი ორგანოს წევრს, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება მას ვალდებულებას აკისრებს ან უფლებას უზღუდავს. 3. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების შეცილების უფლება აქვთ პარტნიორს და ხელმძღვანელ ორგანოს/ხელმძღვანელ პირს, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, თუ ეს გადაწყვეტილება მას ვალდებულებას აკისრებს ან უფლებას უზღუდავს. 4. ხელმძღვანელი ორგანოს/ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების შეცილების უფლება აქვთ პარტნიორს და სამეთვალყურეო საბჭოს, აგრეთვე სხვა ხელმძღვანელ პირს, თუ ეს გადაწყვეტილება მას ვალდებულებას აკისრებს ან უფლებას უზღუდავს და შემცილებელ პირს მხარი არ დაუჭერია ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. 5. გადაწყვეტილების შეცილების შესახებ სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს იმ მომენტიდან 1 თვის ვადაში, როდესაც შეცილების უფლების მქონე პირმა გაიგო ან უნდა გაეგო ამ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, მაგრამ არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების დღიდან 6 თვისა, ხოლო თუ საერთო კრება კანონის ან წესდების მოთხოვნათა უხეში დარღვევით იქნა მოწვეული ან ჩატარებული − გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. გადაწყვეტილების ან ინფორმაციის დამალვის შემთხვევაში შეცილების ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც შეცილების უფლების მქონე პირისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ. გადაწყვეტილების გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
კარი IIკერძო ნაწილი
თავი XIსოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება
მუხლი 94. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ცნება
1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის პარტნიორები ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას და ამ საზოგადოების ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ უშუალოდ და შეუზღუდავად, როგორც სოლიდარული მოვალეები. 2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას უნდა ჰყავდეს სულ მცირე 2 პარტნიორი.
მუხლი 95. წესდებაში ცვლილების შეტანა კონსენსუსით
წესდებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ ყველა პარტნიორის თანხმობით (კონსენსუსის პრინციპი), თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 96. შენატანის განხორციელების ვალდებულება
1. თუკი პარტნიორმა წესდების მიხედვით იკისრა შენატანის განხორციელების ვალდებულება, ამ ვალდებულების წესდებით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში დანარჩენ პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პარტნიორის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას მხოლოდ 2 პარტნიორი ჰყავს. თუ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას მხოლოდ 2 პარტნიორი ჰყავს, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება შეიძლება დაიშალოს ამ კანონის IX თავით დადგენილი წესით. 2. პარტნიორს უფლება აქვს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელით მოითხოვოს სხვა პარტნიორის მიერ ნაკისრი შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულება და ამ მიზნით სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება სასამართლოში წარმოადგინოს. 3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელით სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის უფლება პარტნიორს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ამის შესახებ შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პარტნიორი წერილობით იქნა გაფრთხილებული და მან გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაში არ შეასრულა აღნიშნული ვალდებულება.
მუხლი 97. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წარმომადგენლობა
1. მესამე პირებთან ურთიერთობაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილება აქვს ყველა პარტნიორს. 2. პარტნიორს მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, დანარჩენი პარტნიორების სარჩელის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შეიძლება ჩამოერთვას წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, თუ პარტნიორმა ნაკისრი ვალდებულებები უხეშად დაარღვია, ან თუ იგი მესამე პირებთან ურთიერთობაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წარმომადგენლობას სათანადოდ ვერ ახორციელებს და სხვა.
მუხლი 98. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის შესაგებელი
1. თუ პარტნიორს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალდებულებასთან დაკავშირებით კრედიტორის მოთხოვნა წარედგინება, მას შეუძლია წარადგინოს შესაგებელი. მისი წარდგენის უფლება აქვს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ან პირადად პარტნიორს კრედიტორის აღნიშნული მოთხოვნის საწინააღმდეგოდ. 2. პარტნიორს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას აქვს იმ გარიგების შეცილების უფლება, რომელიც საფუძვლად უდევს კრედიტორის წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალდებულებას. 3. პარტნიორს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვადამოსული საპირისპირო მოთხოვნის შესრულებით (მოთხოვნათა გაქვითვა). 4. პარტნიორის ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების განსახორციელებლად კრედიტორი ვალდებულია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან ერთად მოითხოვოს აღნიშნული პარტნიორის მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
მუხლი 99. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საერთო კრება
1. პარტნიორს შეუძლია 1-კვირიანი ვადის დაცვით მოიწვიოს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საერთო კრება ყველა სხვა პარტნიორისთვის მოსაწვევის დაზღვეული წერილით ან ელექტრონული ფოსტით გაგზავნით. მოსაწვევი უნდა შეიცავდეს საერთო კრების დღის წესრიგის პროექტს. მოსაწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ მოითხოვონ საერთო კრების დღის წესრიგში დამატებების შეტანა. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. 2. საერთო კრებაზე პარტნიორები საკუთარი შემადგენლობიდან, კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით ირჩევენ საერთო კრების თავმჯდომარეს. საერთო კრებაზე ყოველ პარტნიორს აქვს 1 ხმა.
მუხლი 100. საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. თუკი საერთო კრების მიერ მისაღები გადაწყვეტილება ეხება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის საგნის შეცვლას ან სცილდება მისი ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს, მის მისაღებად აუცილებელია ყველა პარტნიორის თანხმობა, თუ წესდებით ან წესდებაში შეტანილი ცვლილებით, რომელიც ყველა პარტნიორის თანხმობით არის მიღებული, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ საერთო კრების გადაწყვეტილება რომელიმე პარტნიორს სხვა პარტნიორთან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, აუცილებელია ამ პარტნიორის თანხმობა. 3. თუ საერთო კრების მიერ მისაღები გადაწყვეტილება ეხება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და პარტნიორს შორის დავას ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და პარტნიორს შორის დასადებ გარიგებას, ეს პარტნიორი კენჭისყრაში არ მონაწილეობს.
მუხლი 101. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობა
1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება აქვს ყველა პარტნიორს. პარტნიორი, რომელიც სარგებლობს ამ უფლებით და არ არის ჩამოცილებული ხელმძღვანელობით საქმიანობას, ვალდებულია განახორციელოს აღნიშნული საქმიანობა. პარტნიორმა არ უნდა განახორციელოს თავისი ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ისეთი ქმედება, რომელსაც ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე სხვა პარტნიორი ეწინააღმდეგება. 2. თუ წესდებით ხელმძღვანელობის უფლებამოსილება ერთ ან რამდენიმე პარტნიორს აქვს მინიჭებული, სხვა პარტნიორები ხელმძღვანელობით საქმიანობას არ ახორციელებენ. 3. დაუშვებელია ყველა პარტნიორის ხელმძღვანელობითი საქმიანობისგან სრულად ჩამოცილება. 4. თუ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი იურიდიული პირია, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განხორციელება მის ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს ეკისრება/ეკისრებათ.
მუხლი 102. პარტნიორების თანხმობა და ხელმძღვანელი პარტნიორისთვის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ჩამორთმევა
1. ზოგიერთი გარიგების დადებისთვის წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს პარტნიორების წინასწარ, სავალდებულო თანხმობას. 2. ხელმძღვანელ პარტნიორს უფლება აქვს, გარიგება დანარჩენი პარტნიორების თანხმობის გარეშეც დადოს, თუ მისი დადების გაჭიანურება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის მძიმე შედეგებს გამოიწვევს, რის შესახებაც მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს აღნიშნულ პარტნიორებს. 3. ხელმძღვანელ პარტნიორს მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, დანარჩენი პარტნიორების სარჩელის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შეიძლება ჩამოერთვას ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება. მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, თუ პარტნიორმა თავისი ვალდებულებები უხეშად დაარღვია, ან თუ იგი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობას სათანადოდ ვერ ახორციელებს და სხვა.
მუხლი 103. პარტნიორის მიერ კონტროლის განხორციელების უფლება
1. ყველა პარტნიორს, მათ შორის, იმ პარტნიორს, რომელიც სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობაში არ მონაწილეობს, უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის შესახებ და გაეცნოს მის საქმიან დოკუმენტაციას. ეს უფლება არ შეიძლება შეიზღუდოს. 2. ყველა პარტნიორს, მათ შორის, იმ პარტნიორს, რომელიც სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობაში არ მონაწილეობს, უფლება აქვს, მოსთხოვოს სხვა პარტნიორებს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება და ამის თაობაზე სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელით წარადგინოს სარჩელი.
მუხლი 104. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგება და ზარალი
1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყოველი სამეურნეო წლის ბოლოს ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე დგინდება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წლიური მოგება ან ზარალი და გამოითვლება მასში ყოველი პარტნიორის წილი. 2. პარტნიორის წილი მოგება მიემატება ამ პარტნიორის შენატანს, თუ ის სრულად არ იყო განხორციელებული. 3. პარტნიორის წილი ზარალი და მის მიერ სამეურნეო წლის განმავლობაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ანგარიშიდან გახარჯული ფული გამოაკლდება ამ პარტნიორის წილ მოგებას.
მუხლი 105. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგებისა და ზარალის განაწილება
1. პარტნიორს უფლება აქვს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წლიური მოგებიდან, რომელიც სამეურნეო წლის ბოლოს არის დადგენილი, მოითხოვოს დივიდენდი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში მისი წილის შესაბამისი თანხის 4 პროცენტის ოდენობით. თუ წლიური მოგების თანხა საკმარისი არ არის, დივიდენდის დაანგარიშების პროცენტი შესაბამისად მცირდება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დივიდენდის დაანგარიშებისას გაითვალისწინება პარტნიორის მიერ სამეურნეო წლის განმავლობაში განხორციელებული შენატანი მისი განხორციელებიდან სამეურნეო წლის ბოლომდე დარჩენილი დროის პროპორციულად. თუ პარტნიორმა სამეურნეო წლის განმავლობაში გახარჯა ფული სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში მისი წილიდან, გახარჯული ფული/თანხა გაითვალისწინება გახარჯვამდე გასული დროის პროპორციულად. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად დივიდენდის დაანგარიშებისას თანხის გამოთვლის შედეგად დარჩენილი მოგება, აგრეთვე სამეურნეო წლის ზარალი პარტნიორებს შორის თანაბრად ნაწილდება. 4. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგების ან ზარალის განაწილების ამ მუხლით დადგენილისგან განსხვავებულ წესს. 5. პარტნიორი ვალდებული არ არის დააბრუნოს ის თანხა, რომელსაც იგი კეთილსინდისიერად და სათანადოდ შედგენილი ბალანსის საფუძველზე მოგების სახით მიიღებს.
მუხლი 106. პარტნიორის მიერ ფულის გახარჯვა
1. პარტნიორს უფლება აქვს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების სალაროდან საკუთარი ხარჯებისთვის გამოიტანოს ბოლო სამეურნეო წელს მისთვის განკუთვნილი წილი კაპიტალის 10 პროცენტამდე ოდენობის თანხა და, თუ ეს ამ საზოგადოებას აშკარად ზიანს არ აყენებს, მოითხოვოს ბოლო სამეურნეო წლის მოგებიდან თავისი წილი მოგების გამოტანა, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს აღნიშნულ თანხას. 2. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს პარტნიორის მიერ ფულის გახარჯვისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილისგან განსხვავებულ წესებს, მათ შორის, პარტნიორის მიერ ფულის გახარჯვის თაობაზე საერთო კრების გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, პარტნიორს არ აქვს უფლება, თავის წილ კაპიტალს მოაკლოს თანხა დანარჩენი პარტნიორების თანხმობის გარეშე.
მუხლი 107. პარტნიორისთვის ხარჯების ანაზღაურება
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება ვალდებულია პარტნიორს აუნაზღაუროს ყველა ის აუცილებელი ხარჯი, რომელიც მან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის უზრუნველსაყოფად გასწია.
მუხლი 108. პარტნიორის მიერ წილის გასხვისება
1. პარტნიორს შეუძლია ყველა სხვა პარტნიორის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში გაასხვისოს თავისი წილი, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. პარტნიორის მიერ წილის გასხვისებისთვის საჭიროა წერილობითი ხელშეკრულება.
მუხლი 109. პარტნიორის გასვლა ან გარიცხვა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან
1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასვლის სურვილის შემთხვევაში პარტნიორმა ამის შესახებ სამეურნეო წლის დასრულებამდე სულ ცოტა 6 თვით ადრე უნდა განაცხადოს. 2. თუ პარტნიორის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში გაკოტრების პროცესი იწყება, იგი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასულად მიიჩნევა გაკოტრების რეჟიმის დაწყების მომენტიდან. 3. თუ პარტნიორმა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წინაშე ნაკისრი არსებითი მოვალეობა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეასრულა, ან თუ იგი ამ მოვალეობას ვეღარ ასრულებს, ან თუ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი, სხვა პარტნიორების მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ.
მუხლი 110. ურთიერთობები სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის/გარიცხვის შემდეგ
1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის/გარიცხვის შემთხვევაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში მისი წილი დაემატება სხვა პარტნიორების წილებს ამ წილების პროპორციულად. 2. სხვა პარტნიორები ვალდებული არიან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასული/გარიცხული პარტნიორი გაათავისუფლონ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალებისგან და მას გადაუხადონ კომპენსაცია იმ თანხის ოდენობით, რომელსაც იგი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაშლის შემთხვევაში მიიღებდა. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასულ/გარიცხულ პარტნიორს უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება არ აქვს. 3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასული/ გარიცხული პარტნიორის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების კრედიტორების წინაშე ნაკისრი ის ვალდებულებები, რომლებიც სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან მის გასვლამდე/გარიცხვამდე წარმოიშვა, ძალაში რჩება ამ პარტნიორის გასვლიდან/გარიცხვიდან 3 წლის განმავლობაში. 4. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონების ღირებულება უნდა შეფასდეს იმ დღისთვის, როდესაც სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლა ძალაში შედის ან პარტნიორის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში გაკოტრების პროცესი იწყება ანდა აღიძვრება სარჩელი პარტნიორის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ. შესაბამისი მოთხოვნა უნდა შესრულდეს გამოყოფის ბალანსის წარდგენისას.
მუხლი 111. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის გარდაცვალება
1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში მისი წილი დაემატება სხვა პარტნიორების წილებს. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრეებს უნდა გადაუხადოს ამ კანონის 110-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ წესდებით გათვალისწინებულია, რომ გარდაცვლილი პარტნიორი მისმა მემკვიდრემ უნდა ჩაანაცვლოს, ყოველ მემკვიდრეს შეუძლია მიიღოს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება, იმის მიხედვით, მიენიჭება თუ არა მას კომანდიტის სტატუსი და მიიჩნევა თუ არა გარდაცვლილი პარტნიორის შენატანიდან მისი კუთვნილი წილი საკომანდიტო შენატანად. 3. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომანდიტის წილი მოგება განისაზღვრება გარდაცვლილი პარტნიორის შენატანიდან მემკვიდრის კუთვნილი წილის მიხედვით. 4. თუ დანარჩენი პარტნიორები არ დაეთანხმებიან გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრის კომანდიტად დარჩენას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტი. 5. გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრემ შეიძლება შესაბამისი განცხადება გააკეთოს მემკვიდრეობის მიღებიდან 6 თვის ვადაში. თუ მემკვიდრე არ შედის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, როგორც სოლიდარულად პასუხისმგებელი პარტნიორი, იგი პასუხს აგებს ამ საზოგადოების იმ ვალებისთვის, რომლებიც მისი სტატუსის გარკვევამდე წარმოიშვა, და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი იმ წესების შესაბამისად, რომლებიც საანდერძო დანაკისრისთვის მემკვიდრის პასუხისმგებლობას განსაზღვრავს. 6. თუ პარტნიორობა გარდაცვლილი პარტნიორის რამდენიმე მემკვიდრეს სურს, ისინი თანაპარტნიორები იქნებიან. 7. გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრის მიერ მისი კომანდიტის სტატუსით ჩანაცვლება იწვევს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების კომანდიტურ საზოგადოებად გარდაქმნას, რაზედაც არ ვრცელდება ამ კანონით სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციისთვის დადგენილი ნორმები. კომანდიტური საზოგადოება ვალდებულია უზრუნველყოს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის კომანდიტური საზოგადოების მარეგულირებელ წესებთან შესაბამისობა გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრის მიერ მისი კომანდიტის სტატუსით ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში.
თავი XIIკომანდიტური საზოგადოება
მუხლი 112. კომანდიტური საზოგადოების ცნება
1. კომანდიტური საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის პარტნიორები ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას და რომელთაგან სულ მცირე 1 პარტნიორის პასუხისმგებლობა კომანდიტური საზოგადოების კრედიტორების წინაშე შეზღუდულია შესაბამისი საგარანტიო თანხის ოდენობით (კომანდიტი), ხოლო სხვა პარტნიორი/პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს/აგებენ უშუალოდ და შეუზღუდავად, როგორც სოლიდარული მოვალეები (კომპლემენტარი). 2. კომანდიტური საზოგადოების მიმართ ამ კანონის ზოგადი ნაწილით დადგენილ წესებთან ერთად გამოიყენება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მომწესრიგებელი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 113. კომანდიტის მიერ კონტროლის განხორციელების უფლება
1. კომანდიტს უფლება აქვს, მოითხოვოს კომანდიტური საზოგადოების წლიური ანგარიშის ასლი და შესაბამისი საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის საფუძველზე შეამოწმოს ამ ანგარიშის სისწორე. 2. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი კომანდიტის განცხადების საფუძველზე ნებისმიერ დროს მოითხოვოს კომანდიტური საზოგადოების ბალანსისა და წლიური ანგარიშის მონაცემების, აგრეთვე სხვა ინფორმაციისა და დოკუმენტების მისთვის წარდგენა. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უფლება კომანდიტს არ შეიძლება ჩამოერთვას ან შეეზღუდოს წესდებით.
მუხლი 114. კომანდიტური საზოგადოების ხელმძღვანელობა
1. კომანდიტს არ შეუძლია იმოქმედოს კომანდიტური საზოგადოების ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში კომპლემენტარების მიერ განხორციელებული ხელმძღვანელობითი საქმიანობის საწინააღმდეგოდ. თუ კომპლემენტარების მოქმედება სცილდება კომანდიტური საზოგადოების ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას, საჭიროა საერთო კრების გადაწყვეტილება, რომლის მიღებაში კომანდიტებიც მონაწილეობენ. 2. თუ კომანდიტს ხელშეკრულებით მინიჭებული აქვს იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელების უფლებამოსილება, იგი კომანდიტური საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო. კომანდიტის მიერ წილის გასხვისების შემთხვევაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება წილის შემძენზე არ გადადის.
მუხლი 115. კომანდიტის ხმის უფლება
1. კომანდიტს აქვს საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება. 2. კომანდიტს საერთო კრებაზე ხმის უფლება აქვს მხოლოდ კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ყოველ კომანდიტს აქვს 1 ხმა, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 116. კომანდიტის საგარანტიო თანხა
1. კომანდიტის საგარანტიო თანხა კომანდიტური საზოგადოების კრედიტორების მიმართ განისაზღვრება რეესტრში მითითებული საგარანტიო თანხის ოდენობით. 2. კომანდიტი კომანდიტური საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ საგარანტიო თანხით. თუ საგარანტიო თანხა სრულად არ არის შეტანილი, კომანდიტი კომანდიტური საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მის მიერ განუხორციელებელი შენატანის ოდენობითაც. 3. კომანდიტისთვის საგარანტიო თანხის დაბრუნების შემთხვევაში კომანდიტური საზოგადოების კრედიტორების მიმართ საგარანტიო თანხა შეტანილად არ მიიჩნევა. 4. რეესტრში მითითებული საგარანტიო თანხის არარეგისტრირებულ მომატებას კრედიტორები შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეყრდნონ, თუ მომატება საქმიან ურთიერთობებში დამკვიდრებული წესით გახდება ცნობილი ან კომანდიტური საზოგადოება ამის შესახებ კრედიტორებს სხვა გზით შეატყობინებს.
მუხლი 117. კომანდიტის საგარანტიო თანხის შემცირება
კომანდიტის საგარანტიო თანხის შემცირება არ იწვევს მისი პასუხისმგებლობის შემცირებას, თუ კრედიტორის წინაშე კომანდიტური საზოგადოების ვალდებულება მისი საგარანტიო თანხის შემცირებამდე წარმოიშვა.
მუხლი 118. კომანდიტური საზოგადოების წარმომადგენლობა
მესამე პირებთან ურთიერთობაში კომანდიტურ საზოგადოებას წარმოადგენენ კომპლემენტარები, თუ წესდებით კომპლემენტარს წარმომადგენლობის უფლებამოსილება შეზღუდული არ აქვს.
მუხლი 119. კომანდიტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება
კომანდიტური საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილება კომანდიტს აქვს მხოლოდ მინდობილობის საფუძველზე, რომელსაც კომპლემენტარები გასცემენ.
მუხლი 120. კომანდიტური საზოგადოების მოგებისა და ზარალის განაწილება
1. კომანდიტის წილი მოგება მხოლოდ მანამდე დაერიცხება კომანდიტური საზოგადოების კაპიტალში მის წილს, სანამ ეს წილი წესდებით გათვალისწინებული საგარანტიო თანხის ოდენობას არ მიაღწევს. 2. კომანდიტი კომანდიტური საზოგადოების ზარალის ანაზღაურებაში მონაწილეობს თავისი საგარანტიო თანხისა და მის მიერ განუხორციელებელი შენატანის ოდენობით.
მუხლი 121. კომანდიტის მიერ მოგების მიღება
1. კომანდიტმა კუთვნილი მოგება შეიძლება მიიღოს მხოლოდ თავისი წილის პროპორციულად. მას არ შეუძლია მოითხოვოს ეს მოგება, ვიდრე მისი შენატანი წესდებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლებია. 2. კომანდიტი ვალდებული არ არის დააბრუნოს ის თანხა, რომელსაც იგი კეთილსინდისიერად და სათანადოდ შედგენილი ბალანსის საფუძველზე მოგების სახით მიიღებს.
მუხლი 122. კომანდიტის მიერ წილის გასხვისება ან მემკვიდრეობით გადაცემა
1. კომანდიტმა თავისი წილი შეიძლება გაასხვისოს ან მემკვიდრეობით გადასცეს სხვა პარტნიორების თანხმობის გარეშე, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. კომანდიტის მიერ წილის გასხვისებისთვის საჭიროა წერილობითი ხელშეკრულება.
თავი XIIIშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
მუხლი 123. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ცნება
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წილებად, ხოლო ამ საზოგადოების ვალდებულებებისთვის პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდულია. 2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კრედიტორის წინაშე მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს. 3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება პარტნიორთა ვალდებულებებისთვის პასუხს არ აგებს.
მუხლი 124. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ხელმძღვანელობს და მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე ხელმძღვანელი პირისგან. რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისი ნორმები სააქციო საზოგადოების ორგანოების შესახებ. ხელმძღვანელი პირი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პირი, ისე იურიდიული პირი. 2. ხელმძღვანელი პირი ვალდებულია ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელებისას პარტნიორთა გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. 3. ხელმძღვანელი პირი უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს ყველა იმ საკითხზე, რომელიც, კანონის ან წესდების თანახმად, არ განეკუთვნება პარტნიორთა ან სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას. ამასთანავე, საერთო კრება უფლებამოსილია ამ კანონის 195-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე. 4. ხელმძღვანელ პირთან ურთიერთობის შინაარსი და მისი საქმიანობის ანაზღაურება განისაზღვრება ამ კანონითა და სასამსახურო ხელშეკრულებით, რომელსაც ხელმძღვანელ პირთან დებს საერთო კრება, ხოლო მართვის დუალისტური სისტემის შემთხვევაში − სამეთვალყურეო საბჭო. 5. ხელმძღვანელი პირის გარდაცვალების, თანამდებობიდან გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში პარტნიორებმა ახალი ხელმძღვანელი პირი 1 თვის ვადაში უნდა აირჩიონ.
მუხლი 125. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ქმნის სამეთვალყურეო საბჭოს, თუ კანონი ან წესდება ითვალისწინებს სამეთვალყურეო საბჭოს არსებობას. 2. სამეთვალყურეო საბჭოზე შესაბამის შემთხვევაში ვრცელდება ამ კანონის 209-ე−220-ე მუხლები, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრზე ვრცელდება ამ კანონის 51-ე და 53-ე მუხლები, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 126. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება
1. პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია შემდეგი საკითხების გადასაწყვეტად: ა) ფინანსური ანგარიშის დამტკიცება; ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონების პარტნიორთა შორის განაწილება; გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენა; დ) წილებიდან ან წილების კლასებიდან გამომდინარე უფლებების ცვლილება; ე) პარტნიორის გარიცხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან; ვ) პარტნიორის გასვლა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან; ზ) ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე დანიშვნა, მასთან სასამსახურო ხელშეკრულების დადება და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება; თ) სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა კანონით არის გათვალისწინებული; ი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევა, არჩევის ვადის განსაზღვრა, გათავისუფლება; კ) დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშების დამტკიცება; ლ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრის საქმიანობის ანაზღაურების განსაზღვრა; მ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან დირექტორის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესში მონაწილეობა (მათ შორის, ამ პროცესისთვის წარმომადგენლის დანიშვნა); ნ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეორგანიზაცია; ო) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაშლა; პ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების ცვლილების მიღება. 2. პარტნიორთა გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პარტნიორის ხმების რაოდენობა გამოითვლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში ამ პარტნიორის წილის მიხედვით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების ცვლილება მიღებული უნდა იქნეს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული. 4. იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ეხება წილების რომელიმე კლასთან დაკავშირებული უფლების ცვლილებას (მათ შორის, უფლების განხორციელების პროცედურის ცვლილებას), დამატებით საჭიროებს ცვლილებისადმი დაქვემდებარებული კლასის განთავსებულ წილებთან დაკავშირებული ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 3/4-ის მფლობელთა თანხმობას, თუ წესდების შესაბამისი ნაწილით, რომელიც პარტნიორებმა ერთხმად მიიღეს, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 5. თუ პარტნიორი, მისაღები გადაწყვეტილების თანახმად, თავისუფლდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებისგან, მისი ვალდებულების მოცულობა მცირდება, გადაწყვეტილება ეხება მასთან გარიგების დადებას ან მის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრას, მორიგებას ან სარჩელზე უარის თქმას, ამ პარტნიორს არ აქვს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ხმის მიცემის უფლება. მას ასევე არ აქვს უფლება, სხვა პარტნიორის სახელით მისცეს ხმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მინდობილობა ამ საკითხს ეხება.
მუხლი 127. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საერთო კრება
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო, ხოლო წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სამეთვალყურეო საბჭო საერთო კრებას იწვევს წელიწადში ერთხელ მაინც, გარდა ამ კანონის 129-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. საერთო კრება, რომელიც იხილავს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის წლიურ შედეგებს, მოიწვევა წლიური ბალანსის შედგენიდან 6 თვის ვადაში, თუ წესდებით უფრო მცირე ვადა არ არის გათვალისწინებული. 3. საერთო კრება ტარდება ხელმძღვანელი ორგანოს, ხოლო წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნებიდან და პარტნიორებისთვის მოსაწვევების გაგზავნიდან სულ ცოტა 14 დღის შემდეგ. წესდებით შეიძლება დადგინდეს განსხვავებული ვადა. საერთო კრების ჩატარების ადგილი და დრო გაუმართლებლად არ უნდა ზღუდავდეს პარტნიორის საერთო კრებაში მონაწილეობის უფლებას. 4. საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება/მოსაწვევი უნდა შეიცავდეს საერთო კრების დღის წესრიგს. 5. პარტნიორს უფლება აქვს, ხელმძღვანელ ორგანოს მოსთხოვოს საერთო კრების დღის წესრიგის თითოეული საკითხის თაობაზე განმარტებების გაცემა და წარადგინოს თავისი მოთხოვნა/აზრი. თუ პარტნიორის მოთხოვნა საერთო კრებამდე სულ ცოტა 3 დღით ადრე წერილობით იქნება წარდგენილი, იგი უნდა დაკმაყოფილდეს ან შეტანილი უნდა იქნეს დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად. პარტნიორს შეუძლია ამავე წესით მოითხოვოს დღის წესრიგში საკითხის შეტანა/დამატება. საერთო კრების დღის წესრიგის საკითხის თაობაზე განმარტებების გაცემაზე ან დღის წესრიგში საკითხის შეტანის მოთხოვნაზე უარის თქმა დასაშვებია მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების არსებითი ინტერესების დასაცავად, რაც წერილობით უნდა იქნეს დასაბუთებული. 6. საერთო კრებაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ აგრეთვე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი პირები, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და სხვა პირები.
მუხლი 128. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა რიგგარეშე კრება
1. პარტნიორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვს/აქვთ ხელმძღვანელ ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს (არსებობის შემთხვევაში), ხოლო ხელმძღვანელი პირების არყოფნის შემთხვევაში (გარდაცვალება, თანამდებობიდან გადადგომა, მათი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა და სხვა) − პარტნიორს/პარტნიორებს, რომელიც/რომლებიც ფლობს/ფლობენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილების ან ხმის უფლების მქონე წილების სულ მცირე 5 პროცენტს. 2. პარტნიორს/პარტნიორებს, რომელიც/რომლებიც ფლობს/ფლობენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილების ან ხმის უფლების მქონე წილების სულ მცირე 5 პროცენტს (ინიციატორი პარტნიორი/პარტნიორები), უფლება აქვს/აქვთ, წესდების შესაბამისად კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ორგანოს მოსთხოვოს/მოსთხოვონ პარტნიორთა რიგგარეშე კრების მოწვევა. პარტნიორთა რიგგარეშე კრების მოწვევის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა ბოლო საერთო კრების ჩატარებიდან არაუადრეს 1 თვისა. 3. პარტნიორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ ინიციატორი პარტნიორის/პარტნიორების მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი და უნდა შეიცავდეს მისი დღის წესრიგის საკითხებს. ამ საკითხების შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიზნებსა და საქმიანობის ხასიათს. საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ორგანო ვალდებულია აღნიშნული მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა ჩაატაროს პარტნიორთა რიგგარეშე კრება. 4. თუ პარტნიორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ ინიციატორი პარტნიორის/პარტნიორების მოთხოვნის წარდგენიდან 20 დღის ვადაში ის არ მოიწვევა, ინიციატორ პარტნიორს/პარტნიორებს უფლება აქვს/აქვთ, თავად მოიწვიოს/მოიწვიონ რიგგარეშე კრება, დაამტკიცოს/დაამტკიცონ მისი დღის წესრიგი და აირჩიოს/აირჩიონ რიგგარეშე კრების თავმჯდომარე ამ კანონის 36-ე მუხლით დადგენილი წესით. პარტნიორთა რიგგარეშე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრებიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხმების უმრავლესობის მფლობელი პარტნიორები. 5. პარტნიორთა რიგგარეშე კრების მოწვევის ხარჯები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ეკისრება. პარტნიორთა რიგგარეშე კრება მოიწვევა და ტარდება საერთო კრებისთვის ამ კანონით ან წესდებით დადგენილი ზოგადი წესების დაცვით.
მუხლი 129. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საერთო კრების გადაწყვეტილების საერთო კრების ჩატარების გარეშე მიღება
1. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტნიორთა გადაწყვეტილების მისაღებად საერთო კრების მოწვევა აუცილებელი არ არის. საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ორგანო/პირი გადასაწყვეტი საკითხების შემცველ დღის წესრიგს და პარტნიორთა გადაწყვეტილების პროექტს უგზავნის პარტნიორებს მათ რეგისტრირებულ მისამართებზე, ხოლო წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ელექტრონული ფორმით. გზავნილი პარტნიორთა გადაწყვეტილების პროექტსა და დღის წესრიგთან ერთად უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას იმ ვადაზე, რომელშიც პარტნიორებმა საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ორგანოს წერილობით უნდა აცნობონ თავიანთი პოზიცია გადასაწყვეტ საკითხებთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ვადა განსაზღვრულია წესდებით ან გადაწყვეტილების პროექტით. თუ აღნიშნული ვადა წესდებით ან გადაწყვეტილების პროექტით განსაზღვრული არ არის, ის 15 დღეს შეადგენს და აითვლება პარტნიორის მიერ გადაწყვეტილების პროექტის მიღებიდან; ბ) გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ ყველა ინფორმაციას/მონაცემს და დოკუმენტს; გ) წესდებით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებსა და ინფორმაციას/მონაცემებს. 2. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს პარტნიორის წერილობით პოზიციაზე პარტნიორის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმებას. 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში პარტნიორი საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ორგანოს წერილობით არ აცნობებს თავის თანხმობას პარტნიორთა გადაწყვეტილების პროექტზე, მიიჩნევა, რომ იგი ამ პროექტს არ ეთანხმება. 4. პარტნიორთა გადაწყვეტილების საერთო კრების ჩატარების გარეშე მიღებისას ხმათა უმრავლესობა გამოითვლება ყველა პარტნიორის ხმების საერთო რაოდენობიდან. 5. ამ მუხლის თანახმად მიღებულ პარტნიორთა გადაწყვეტილებას ხელს აწერს საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ორგანო. იგი მის ასლებს, რომლებზედაც მითითებულია გადაწყვეტილების მიღების თარიღი, უგზავნის პარტნიორებს ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
მუხლი 130. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის საერთო კრებაში მონაწილეობა
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი საერთო კრებაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობს. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება (მინდობილობა) გაიცემა წერილობით, ერთ ან რამდენიმე საერთო კრებაზე წარმომადგენლობის ან გარკვეული ვადის განმავლობაში წარმომადგენლობის უფლებით. 2. საერთო კრებაში პარტნიორის წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის თაობაზე უნდა ეცნობოს საერთო კრების მომწვევ ორგანოს და მას შესაბამისი მინდობილობა ამ კრების ჩატარებამდე ან კრების დაწყებისთანავე უნდა წარედგინოს.
მუხლი 131. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ ხმის მიცემისა და პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის წესები და პირობები
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ ხმის მიცემისა და პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის წესები და პირობები დგინდება წესდებით. აუცილებელია, ამ წესებსა და პირობებზე მიეთითოს საერთო კრების მოწვევის შესახებ დოკუმენტში ან პარტნიორთათვის გაგზავნილ პარტნიორთა გადაწყვეტილების პროექტში. თუ წესდება აღნიშნულ წესებსა და პირობებს არ ადგენს, მათ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო განსაზღვრავს. 2. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ პარტნიორს, რომელიც საერთო კრებაში არც პირადად და არც წარმომადგენლის მეშვეობით არ მონაწილეობს, შეუძლია ამ კრების ჩატარებამდე დისტანციურად, წერილობით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით მისცეს ხმა მისი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ პარტნიორმა მონაწილეობა მიიღო საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაში. 3. თუ წესდებით დაშვებულია საერთო კრებაზე დამსწრე ან არმყოფი პარტნიორის მიერ ხმის ტექნიკური საშუალების გამოყენებით მიცემა, ამგვარად მიცემული ხმა მხოლოდ მაშინ იქნება გათვალისწინებული, თუ შესაძლებელია ხმის უფლების გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირისა და შესაბამისი წილების სარწმუნო იდენტიფიცირება. ნების ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოვლენისას აუცილებელია, იგი დადასტურდეს ნოტარიუსის მიერ ან ელექტრონული ხელმოწერით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ხმის უფლების გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირისა და შესაბამისი წილების სარწმუნო იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელი არიან საერთო კრების თავმჯდომარე და ამ კრების მომწვევი ორგანო.
მუხლი 132. ხმების აკუმულირების მეთოდის გამოყენება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში
წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან პარტნიორთა გადაწყვეტილებით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს ასარჩევად გამოიყენება ამ კანონის 199-ე მუხლით გათვალისწინებული ხმების აკუმულირების მეთოდი.
მუხლი 133. წილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში
1. წილი არის უფლების საგანი, რომელიც განსაზღვრავს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში პირის მონაწილეობას. 2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში პარტნიორის შენატანი განისაზღვრება მისი წილის პროპორციულად.
მუხლი 134. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების განთავსებული კაპიტალი
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს განთავსებული კაპიტალი. 2. თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების მქონე წილები, განთავსებული კაპიტალის ოდენობა უნდა შეადგენდეს ნომინალური ღირებულების მქონე წილების ჯამს. თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას განთავსებული აქვს როგორც ნომინალური ღირებულის მქონე წილები, ისე ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალის ოდენობა აღემატება ნომინალური ღირებულების მქონე წილების ჯამს. თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას განთავსებული აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით. 3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების განთავსებული კაპიტალი ეროვნულ ვალუტაში უნდა გამოისახოს. 4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების განთავსებული კაპიტალის თავდაპირველი ოდენობა განისაზღვრება სადამფუძნებლო შეთანხმებით. განთავსებული კაპიტალის ოდენობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას პარტნიორები იღებენ. 5. სადამფუძნებლო შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს წილების/რომელიმე კლასის წილების მისაღები მინიმალური შენატანი (წილის ნომინალური ღირებულება). სხვადასხვა კლასის წილების ნომინალური ღირებულებები შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა ოდენობით.
მუხლი 135. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილების კლასები
1. წესდებით შეიძლება დაშვებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილების განსხვავებული კლასების არსებობა. წილები, რომლებიც იდენტურ უფლებებსა და ვალდებულებებს წარმოშობს, წილების ერთ კლასს ქმნის. 2. ერთი კლასის ყველა წილის ნომინალური ღირებულება ერთი და იგივე უნდა იყოს. 3. სხვადასხვა კლასის წილებთან დაკავშირებულ უფლებებსა და მოვალეობებს და მათ შინაარსს აწესრიგებს წესდება. 4. იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ეხება წილების რომელიმე კლასთან დაკავშირებული უფლების ცვლილებას (მათ შორის, უფლების განხორციელების ან ვალდებულების შესრულების პროცედურის ცვლილებას), დამატებით საჭიროებს შესაბამისი კლასის განთავსებულ წილებთან დაკავშირებული ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 3/4-ის მფლობელთა თანხმობას, თუ წესდების შესაბამისი ნაწილით, რომელიც პარტნიორებმა ერთხმად მიიღეს, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 136. წილის სახეები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ ახალი წილების გამოშვება
1. წილი განთავსებულად მიიჩნევა, თუ ის გასცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ სხვა პირზე გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, მიღებული აქვს თუ არა ამ საზოგადოებას ეს საზღაური. 2. წილები, რომელთა განთავსების შესახებ გადაწყვეტილებაც პარტნიორთა გადაწყვეტილებით ან წესდებით განსაზღვრულმა ორგანომ მიიღო ან პარტნიორებმა მიიღეს, არის გამოშვებული წილები. გამოშვებული წილები რეესტრში აღირიცხება და განთავსებამდე უფლებებსა და მოვალეობებს არ წარმოშობს. წილების განთავსებას ახორციელებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო. 3. წილი, რომელიც პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად შესაძლოა მომავალში იქნეს გამოშვებული და განთავსებული, არის ნებადართული წილი. ნებადართული წილის ოდენობა, კლასი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში შესაბამისი წილი, აგრეთვე მისი ნომინალური ღირებულება (თუ ასეთი ღირებულება დადგენილია) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებაში უნდა აისახოს. 4. პარტნიორთა გადაწყვეტილებით ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში და რომელთა შესაბამისადაც უნდა იქნეს გამოშვებული და განთავსებული ნებადართული წილები. 5. ნებადართული წილების ფარგლებში წილების გამოშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ პარტნიორები ან იღებს წესდებით ან პარტნიორთა გადაწყვეტილებით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს წილების ოდენობას, ნომინალურ ღირებულებას (თუ ასეთი ღირებულება დადგენილია) და კლასს. ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეიცავდეს აგრეთვე წილების განთავსების ვადას, მინიმალურ ფასს ან სხვა პირობებს. 6. წესდებით ან პარტნიორთა გადაწყვეტილებით შეიძლება განისაზღვროს, რომ წილების გარკვეული პირობებით განუთავსებლობის შემთხვევაში განუთავსებელი წილები შესაძლოა გაუქმდეს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს გამოშვებული წილების ოდენობის გაუქმებული წილების ოდენობით შემცირება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო სადამფუძნებლო შეთანხმებაში შესაბამის ცვლილებას ახორციელებს. 7. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად, წილები შეიძლება გაიცეს პარტნიორებზე ან ერთი ან რამდენიმე კლასის წილების მფლობელ პარტნიორებზე პროპორციულად, შენატანების განხორციელების მოთხოვნის გარეშე (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონებიდან წილების გამოშვება). ერთი კლასის წილები არ შეიძლება გაიცეს, როგორც წილები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონებიდან, სხვა კლასის წილების მფლობელ პარტნიორებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასაცემი წილების ან მათი ნაწილის გამოშვებამდე წესდება ითვალისწინებდა ასეთ შესაძლებლობას ან გამოსაშვები კლასის წილების მფლობელი პარტნიორები ხმათა უმრავლესობით დაეთანხმნენ ამ წილების გაცემას ან/და განთავსებულ წილებში გამოსაშვები წილების კლასი არ არსებობს.
მუხლი 137. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება
1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება აქვთ პარტნიორებს. 2. თუ წესდებით ან ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას არ აქვს უფლება, განათავსოს გამოშვებული წილები ან პირთა განუსაზღვრელ წრეს შესთავაზოს წილების ნებისმიერი პირობებით განთავსება, ვიდრე იგი პარტნიორებს წერილობით არ შესთავაზებს გამოშვებული წილების იმავე პირობებით შეძენას და ამისთვის გონივრულ ვადას არ განუსაზღვრავს. 3. გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების შეთავაზების შემთხვევაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ პარტნიორს ამ უფლების გამოყენებისთვის უნდა მისცეს გონივრული ვადა, მაგრამ არანაკლებ 14 დღისა. 4. გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება მოქმედებს წილის პროპორციულად, თუ ყველა პარტნიორი ამ უფლების გამოყენების სხვა წესზე არ შეთანხმდა. თუ პროპორციულობის დაცვით შეთავაზებული წილები პარტნიორებს შორის ზუსტად ვერ ნაწილდება, იმ წილების უპირატესი შესყიდვის წესს, რომლებიც პარტნიორებს შორის ვერ ნაწილდება, ხმათა უმრავლესობით განსაზღვრავენ პარტნიორები. 5. პარტნიორს, რომელსაც აქვს გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება, შეუძლია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში უარი თქვას აღნიშნულ უფლებაზე ნებისმიერი მესამე პირის სასარგებლოდ. 6. ახალი წილის გამოშვებისას მისი უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს პარტნიორთა გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების სულ მცირე 3/4-ის უმრავლესობით. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს მოხსენების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია აღნიშნული უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის გონივრული საფუძვლები და დასაბუთებულია წილის გადაცემის ღირებულება.
მუხლი 138. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ შენატანის განხორციელება
1. პარტნიორი ვალდებულია შეთანხმებული შენატანი განახორციელოს ფულადი სახით ან არაფულადი სახით, თუ არაფულადი შენატანი წესდებით აკრძალული არ არის. 2. საერთო კრება უფლებამოსილია გაათავისუფლოს პარტნიორი შენატანის განხორციელების ვალდებულებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შენატანის განხორციელება აუცილებელია კრედიტორთა მოთხოვნების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი ინტერესის დასაკმაყოფილებლად. 3. თუ შენატანის განხორციელების ვალდებულებისგან გათავისუფლება ეხება ნომინალური ღირებულების მქონე წილს, გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ განთავსებული კაპიტალის შესაბამისად შემცირებით. 4. შენატანი უნდა განხორციელდეს წესდებით ან პარტნიორთა შეთანხმებით დადგენილი წესით. შენატანის სრულად ან ნაწილობრივ განხორციელება წილების განთავსებისთანავე სავალდებულო არ არის. შენატანის განხორციელების ვადის თაობაზე შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში შენატანი უნდა განხორციელდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში, რომელიც განისაზღვრება ამ საზოგადოების საჭიროების, პარტნიორთა ქონებრივი მდგომარეობისა და შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით.
მუხლი 139. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ შენატანის განუხორციელებლობა და მისი შედეგები
1. თუკი პარტნიორი დადგენილ ვადაში არ განახორციელებს შენატანს, ვადაგადაცილებული შენატანის ღირებულებას ერიცხება ამ ვადის გადაცილების წლიური პროცენტი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი პერიოდისთვის დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ორმაგი ოდენობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. შენატანის განხორციელების ვადის გადაცილების შემთხვევაში ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს წილის ჩამორთმევის პროცესი. პარტნიორს უნდა გაეგზავნოს შეტყობინება ამ პროცესის დაწყების შესახებ და შენატანის განხორციელებისთვის უნდა მიეცეს დამატებითი ვადა არანაკლებ 30 დღისა. 3. შენატანის განხორციელების დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მის დამრღვევ პარტნიორს შესაბამისი წერილობითი შეტყობინება ეგზავნება და იგი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სასარგებლოდ კარგავს თავის წილს, ნაწილობრივ განხორციელებულ შენატანს და მასთან დაკავშირებულ უფლებებს. შენატანთან დაკავშირებული მოთხოვნები ძალაში რჩება.
მუხლი 140. სავალდებულო და ნებაყოფლობითი დამატებითი შენატანები
1. წილების განთავსებამდე წესდება ან წესდების ცვლილება, რომელიც შესაბამისი წილის მფლობელმა პარტნიორებმა ერთხმად მიიღეს, შეიძლება ითვალისწინებდეს პარტნიორთა გადაწყვეტილების თანახმად პარტნიორების მიერ დამატებითი შენატანის ფულადი სახით განხორციელების ვალდებულებას და ადგენდეს, რომელ წილს ეხება დამატებითი შენატანის განხორციელების ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში წესდება უნდა განსაზღვრავდეს დამატებითი შენატანის მაქსიმალურ ოდენობას. 2. პარტნიორები დამატებით შენატანს თავიანთი წილების პროპორციულად ახორციელებენ. 3. სავალდებულო დამატებითი შენატანის განუხორციელებლობისას შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 139-ე მუხლი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარტნიორი გადის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან ამ კანონის 144-ე მუხლის შესაბამისად. 4. პარტნიორს, დირექტორის თანხმობით, შეუძლია განახორციელოს დამატებითი ნებაყოფლობითი შენატანი არაფულადი სახითაც, მაშინაც კი, როცა წესდება დამატებითი შენატანის განხორციელების ვალდებულებას არ ითვალისწინებს.
მუხლი 141. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილის გადაცემა
1. პარტნიორს შეუძლია გადასცეს (გაასხვისოს ან უფლებრივად დატვირთოს) თავისი წილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და პარტნიორთა თანხმობის გარეშე. 2. გადაწყვეტილება, რომელიც ზღუდავს, კრძალავს ან/და პარტნიორების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების თანხმობაზე დამოკიდებულს ხდის პარტნიორის მიერ თავისი წილის გადაცემას (გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას) ანდა ცვლილება შეაქვს მოქმედ შეზღუდვაში, აკრძალვაში ან წილის გადაცემისთვის (გასხვისებისთვის ან უფლებრივად დატვირთვისთვის) საჭირო თანხმობის გაცემის წესში, მიიღება მხოლოდ ყველა იმ პარტნიორის თანხმობით, რომელსაც აღნიშნული შეზღუდვა ან აკრძალვა ეხება. 3. წილის გადაცემის შესახებ შეთანხმება წერილობით უნდა გაფორმდეს. 4. პარტნიორი ვალდებულია წილის გადაცემის შესახებ შეთანხმების გაფორმებისთანავე აცნობოს ამის თაობაზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას. 5. წილის გადაცემა ძალაში შედის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წილის ახალი პარტნიორის სახელზე რეგისტრაციისთანავე. ამ შემთხვევაში გამოიყენება კეთილსინდისიერი შემძენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. 6. წილის გასხვისების მომენტში გასხვისებულ წილთან დაკავშირებული შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წინაშე სოლიდარულად აგებენ პასუხს წილის გამსხვისებელი და წილის შემძენი პარტნიორები, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 142. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენა
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენისას შესაბამის შემთხვევებში გამოიყენება ამ კანონის 145-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-7 პუნქტები. დასაშვებია საკუთარ კაპიტალში იმ წილის შეძენა, რომლის მისაღები შენატანი სრულად არის განხორციელებული. 2. დაუშვებელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში იმ წილის სრულად შეძენა, რომელიც იძლევა შეუზღუდავ ხმის უფლებას ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისას მისი ქონების მიღების უფლებას. 3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენის ან იმავე წილის აღნიშნული საზოგადოების შვილობილი საწარმოს მიერ შეძენის შემთხვევაში ეს წილი ხმების დათვლის, ამ საზოგადოების ქონების განაწილების, მისი დაშლის მოთხოვნის და წილის ფლობიდან გამომდინარე სხვა უფლებების განხორციელების მიზნებისთვის არ გაითვალისწინება. 4. თუ წესდება ითვალისწინებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში შეძენილი წილის გაუქმებას, ამ წილის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას პარტნიორები იღებენ. აღნიშნული წილის გაუქმება წესდებაში უნდა აისახოს. 5. ამ კანონის ან წესდების დარღვევით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში შეძენილი წილი უნდა გაიყიდოს ან გაუქმდეს იმ კალენდარული წლის დასრულებამდე, რომელშიც ის იქნა შეძენილი. 6. ამ მუხლის მოთხოვნები შესაბამის შემთხვევაში ვრცელდება მესამე პირის მიერ თავისი სახელით და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხარჯით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში წილის შეძენაზე.
მუხლი 143. პარტნიორის გარიცხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან
1. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას სასამართლოს შეუძლია პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სარჩელის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ. 2. მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, როდესაც პარტნიორის ქმედება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესებს ან მისი პარტნიორად დარჩენა საზიანოა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემდგომი საქმიანობისთვის, თუ პარტნიორი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ წერილობით უშედეგოდ გააფრთხილა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესების დამაზიანებელი ქმედების შეწყვეტისა და შესაძლო გარიცხვის შესახებ. 3. თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტნიორთა გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების იმ წილების საერთო ოდენობის ნახევრისა, რომლებიც იძლევა ამ საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. ამ შემთხვევაში პარტნიორს, რომლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაც უნდა იქნეს მიღებული, ხმის უფლება არ აქვს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, რომელსაც 2 პარტნიორი ჰყავს, გადაწყვეტილებას ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იღებს მეორე პარტნიორი. 4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარჩელით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში. 5. სასამართლოს შეუძლია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოთხოვნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პარტნიორს შეუჩეროს ხმის უფლება ან სხვა არაქონებრივი უფლებები. 6. სასამართლოს მიერ პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პარტნიორი გარიცხულად მიიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. 7. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხული პარტნიორის წილები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას გადაეცემა. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გარიცხული პარტნიორის წილების დარჩენილი პარტნიორებისთვის პროპორციულად გადაცემას ან წილის/წილების გაუქმებას. 8. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხულ პარტნიორს უნდა მიეცეს წილის სამართლიანი ფასი. შესაბამის შემთხვევებში გამოიყენება ამ კანონის 145-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-7 პუნქტები.
მუხლი 144. პარტნიორის გასვლა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან
1. პარტნიორს უფლება აქვს, გავიდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობის ან სხვა პარტნიორების ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს მის ინტერესებს, ანდა თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი მნიშვნელოვანი საფუძველი/გარემოება: ა) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის საგანი მნიშვნელოვნად შეიცვალა; ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას დივიდენდი ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გაუნაწილებია, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას იძლეოდა; გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ მიიღო ამ კანონის 135-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება; დ) სხვა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება დამატებითი შენატანის განხორციელების ვალდებულების შესახებ, რომელიც მასზედაც ვრცელდება. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების წარმოშობის საფუძველია პარტნიორთა გადაწყვეტილება, პარტნიორს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასვლის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობა, თუ მას აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მხარი არ დაუჭერია. 3. პარტნიორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წერილობით უნდა შეატყობინოს ამ საზოგადოებიდან მისი გასვლისა და გასვლის მიზეზების თაობაზე. აღნიშნული შეტყობინების მიღებისთანავე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო სხვა პარტნიორებს აცნობებს ამ პარტნიორის საზოგადოებიდან გასვლის შესახებ, რის შემდეგაც პარტნიორები იღებენ გადაწყვეტილებას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლაზე თანხმობის მიცემის, აგრეთვე მისი წილის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის გადაცემის, დანარჩენ პარტნიორებზე პროპორციულად გადანაწილების ან გაუქმების შესახებ. 4. თუ შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში პარტნიორები არ მიიღებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს ან გადაწყვეტილებით უარს იტყვიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლაზე თანხმობის მიცემაზე, ხელმძღვანელი ორგანო ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საზოგადოებიდან გასვლის მსურველ პარტნიორს. თუ ხელმძღვანელი ორგანო შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში არ აცნობებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასვლის მსურველ პარტნიორს პარტნიორთა მიერ რაიმე გადაწყვეტილების მიღების შესახებ, მიიჩნევა, რომ პარტნიორებმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლაზე თანხმობის მიცემაზე უარი განაცხადეს. 5. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასვლის მსურველი პარტნიორის წილის ღირებულება უნდა დადგინდეს მხარეთა შეთანხმებით, ხოლო მათი შეთანხმების შეუძლებლობის შემთხვევაში − მხარეების მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. თუ მხარეები დამოუკიდებელი აუდიტორის კანდიდატურაზე ვერ თანხმდებიან, დამოუკიდებელ აუდიტორს ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე ნიშნავს სასამართლო. 6. მხარეებს დამოუკიდებელი აუდიტორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება თანაბრად ეკისრებათ და ისინი აუდიტორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისთვის მის წინაშე სოლიდარულად აგებენ პასუხს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 7. პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო პარტნიორის განცხადების საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული განცხადების წარდგენა დასაშვებია პარტნიორთა მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, ხოლო თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა − 30-დღიანი ვადის უშედეგოდ გასვლიდან 30 დღის განმავლობაში. სასამართლო განსაზღვრავს აგრეთვე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გამსვლელი პარტნიორის წილის ღირებულებას და მისთვის წილის ღირებულების ანაზღაურების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 30 დღეს. 8. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გამსვლელ პარტნიორს წილის ღირებულება უნდა აუნაზღაურდეს: ა) ანაზღაურების ოდენობაზე მხარეთა შეთანხმებიდან 15 დღის განმავლობაში, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმებულან; ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მხარეებისთვის წერილობითი დასკვნის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში; გ) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 145-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-7 პუნქტები.
მუხლი 145. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დივიდენდის განაწილება
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ფინანსური ანგარიშგების მონაცემების გათვალისწინებით ამზადებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დივიდენდის პარტნიორებზე განაწილების შესახებ წინადადებას და მას პარტნიორებს წარუდგენს. ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია პარტნიორებს დივიდენდის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებზე განაწილების შესახებ წინადადებასთან ერთად წარუდგინოს განცხადება საზოგადოების გადახდისუნარიანობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დივიდენდის განაწილების დღიდან მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ეს საზოგადოება შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას. 2. პარტნიორები იღებენ ხელმძღვანელი ორგანოს წინადადების შესაბამის ან მისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას დივიდენდის პარტნიორებზე განაწილების შესახებ. დივიდენდის პარტნიორებზე განაწილების შესახებ პარტნიორთა გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს დივიდენდის განაწილების თარიღი. 3. დივიდენდის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა იმ პირს, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების მომენტში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორია. 4. დივიდენდი პარტნიორებზე უნდა განაწილდეს დივიდენდის პარტნიორებზე განაწილების შესახებ პარტნიორთა გადაწყვეტილებაში მითითებული თარიღიდან წესდებით ან ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 9 თვეს. თუ დივიდენდის პარტნიორებზე განაწილების შესახებ გადაწყვეტილებაში თარიღი მითითებული არ არის, დივიდენდის განაწილების თარიღად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღი. დივიდენდი მის განაწილებამდე არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალდებულება. 5. განთავსებული კაპიტალის შემცირების შემთხვევაში დაუშვებელია განთავსებული კაპიტალის გამოთავისუფლებული ოდენობით დივიდენდის განაწილება განთავსებული კაპიტალის შემცირების თარიღიდან 6 თვის განმავლობაში. შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 169-ე მუხლი. 6. დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება დაუშვებელია, თუ დიდია იმის ალბათობა, რომ ამის შედეგად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას. ასევე დაუშვებელია დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება, თუ ამის შედეგად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების აქტივები ვეღარ დაფარავს ვალდებულებებსა და განთავსებული კაპიტალის ოდენობას. დაუშვებელია აგრეთვე რეზერვების განაწილება, თუ ეს აკრძალულია კანონით ან წესდებით. 7. პარტნიორს ან პარტნიორთან დაკავშირებულ პირს შეუძლია სახელშეკრულებო ურთიერთობა ჰქონდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასთან (მათ შორის, იყოს ხელმძღვანელი პირი ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და მიიღოს ამ საზოგადოებისგან შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაური), თუ ხელშეკრულების პირობები და ხელშეკრულებით დადგენილი საზღაური არსებითად შეესაბამება დამოუკიდებელ პირებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობებს. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პარტნიორი ვალდებულია დააბრუნოს მიღებული დივიდენდი/საზღაური, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა დივიდენდის განაწილების ან დივიდენდის/საზღაურის მიღების დაუშვებლობის შესახებ. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ხელმძღვანელი პირი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას არ შეუძლია უარი თქვას ამ უფლების გამოყენებაზე.
მუხლი 146. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ ინფორმაციის მიღებისა და დოკუმენტაციის გაცნობის უფლება
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია პარტნიორს მოთხოვნისთანავე, გონივრულ ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის შესახებ და მისცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა დასაშვებია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების არსებითი ინტერესების ხელყოფის რისკისგან დასაცავად. უარი წერილობით უნდა იქნეს დასაბუთებული. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ასევე დასაშვებია, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია. 3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ სპეციალური აუდიტორის დანიშვნის მოთხოვნის მიმართ გამოიყენება ამ კანონის 174-ე მუხლი.
მუხლი 147. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სასარგებლოდ პარტნიორის სარჩელის შეტანის უფლება
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სასარგებლოდ პარტნიორის სარჩელის შეტანის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 222-ე მუხლი.
მუხლი 148. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 176-ე მუხლი.
მუხლი 149. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა შეთანხმება
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა შეთანხმებაზე ვრცელდება ამ კანონის 177-ე და 178-ე მუხლები.
თავი XIVსააქციო საზოგადოება
მუხლი 150. სააქციო საზოგადოების ცნება
1. სააქციო საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია აქციებად. 2. აქციონერი სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისთვის პასუხს არ აგებს. 3. სააქციო საზოგადოება კრედიტორის წინაშე მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს. 4. სააქციო საზოგადოება აქციონერთა ვალდებულებებისთვის პასუხს არ აგებს.
მუხლი 151. აქციის ცნება
1. აქცია არის რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი ან დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი, რომელიც განსაზღვრავს სააქციო საზოგადოების კაპიტალში პირის მონაწილეობას. 2. რეგისტრირებული აქცია არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 928-ე მუხლით განსაზღვრული რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი. 3. თუ სააქციო საზოგადოების აქციები საჯარო ფასიანი ქაღალდებია, ეს აქციები დემატერიალიზებული უნდა იყოს, გარდა სპეციალური კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 152. სააქციო საზოგადოებაში შენატანის განხორციელება
1. სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა არ შეიძლება იყოს სააქციო საზოგადოებაში არაფულადი შენატანის განხორციელების საგანი. 2. შენატანის განხორციელების წესი და ვადა განისაზღვრება კანონით ან/და წესდებით. თუ აღნიშნული ვადა დადგენილი არ არის, აქციონერმა შენატანი უნდა განახორციელოს სააქციო საზოგადოების მოთხოვნის შემდეგ, გონივრულ ვადაში. აქციის გასხვისების მომენტისთვის მასთან დაკავშირებული შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის გამსხვისებელი აქციონერი შემძენთან ერთად სააქციო საზოგადოების წინაშე სოლიდარულად აგებს პასუხს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას ან მისი კაპიტალის გაზრდისას აქციონერმა შენატანი უნდა განახორციელოს სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის ან მისი კაპიტალის გაზრდის მომენტიდან 5 წლის ვადაში, თუ წესდებით უფრო მცირე ვადა არ არის გათვალისწინებული. 4. სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის ან კაპიტალის გაზრდის მომენტისთვის აქციონერმა ფულადი შენატანი უნდა განახორციელოს შესაბამისი გამოშვებული აქციის ნომინალური ღირებულების სულ მცირე 25 პროცენტის ოდენობით, ხოლო ნომინალური ღირებულების არარსებობის შემთხვევაში − ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების სულ მცირე 25 პროცენტის ოდენობით. 5. თუკი აქციონერმა დაარღვია ფულადი შენატანის განხორციელების ვადა, ვადამოსულ განუხორციელებელ ფულად შენატანს ერიცხება წლიური პროცენტი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი პერიოდისთვის დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ორმაგი ოდენობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სააქციო საზოგადოებამ დამატებით შეიძლება მოითხოვოს აღნიშნული ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. იგივე წესი ვრცელდება არაფულად შენატანზე. 6. აქციონერის მიერ ფულადი შენატანის განხორციელების ვადის დარღვევისას სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს აქციის ჩამორთმევის პროცესი. ამ შემთხვევაში სააქციო საზოგადოება ვალდებულია გააფრთხილოს აქციონერი აქციის ჩამორთმევის პროცესის დაწყების შესახებ და ფულადი შენატანის განხორციელებისთვის მისცეს მას დამატებითი ვადა არანაკლებ 30 დღისა. 7. დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ხელმძღვანელი ორგანოს მიერ გაგზავნილი შეტყობინებით აქციონერი სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ კარგავს აქციას, განხორციელებულ შენატანს და მასთან დაკავშირებულ უფლებებს. განუხორციელებელ შენატანთან დაკავშირებული სააქციო საზოგადოების მოთხოვნები ძალაში რჩება. 8. ხელმძღვანელ ორგანოს ნებისმიერ მომენტში შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება აქციის ჩამორთმევის პროცესის შეწყვეტის შესახებ. 9. ხელმძღვანელი ორგანოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის აუცილებლობას. ეს უფლებამოსილებები შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ განისაზღვროს საერთო კრების უფლებამოსილებებად, თუ წესდება ითვალისწინებს ასეთ შესაძლებლობას. 10. სააქციო საზოგადოების რეგისტრაციამდე აქციონერების მიერ შერჩეულმა დამოუკიდებელმა აუდიტორმა ნებისმიერ არაფულად შენატანთან დაკავშირებით უნდა შეადგინოს ანგარიში, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე. დამოუკიდებელი აუდიტორი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი. 11. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში სულ მცირე უნდა შეიცავდეს არაფულადი შენატანის შემადგენელი თითოეული აქტივის აღწერას, გამოყენებულ შეფასების მეთოდებს და მითითებას იმის თაობაზე, შეესაბამება თუ არა ამ მეთოდების გამოყენებით მიღებული ღირებულება შესაბამისი აქციების რაოდენობასა და ნომინალურ ღირებულებას, ხოლო ნომინალური ღირებულების არარსებობის შემთხვევაში − ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ღირებულებას. 12. შერწყმის/გაყოფის შედეგად დაფუძნებული ახალი სამეწარმეო საზოგადოების მიმართ ამ მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნა არ გამოიყენება, თუ შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი შემოწმებულია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ამ კანონის 70-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 153. ნებადართული, გამოშვებული და განთავსებული აქციები
1. ნებადართული აქციები განისაზღვრება სადამფუძნებლო შეთანხმებით გათვალისწინებულ განსათავსებელ აქციათა მაქსიმალური რაოდენობით. 2. გამოშვებულ აქციებად მიიჩნევა აქციები, რომელთა ზუსტი რაოდენობაც განისაზღვრება სააქციო საზოგადოების უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით და რომლებიც განთავსების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობით უნდა იქნეს განთავსებული და გადახდილი. 3. განთავსებულ აქციად მიიჩნევა აქცია, რომელიც გაცემულია სააქციო საზოგადოების მიერ სხვა პირისთვის გარკვეული თანხის ან სხვა საზღაურის გადახდის პირობით და რომელსაც ფლობს აქციონერი ამ კანონის 162-ე მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 154. აქციის ნომინალური ღირებულება
1. სადამფუძნებლო შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს ის ღირებულება, რომელზე ნაკლები ღირებულებითაც დაუშვებელია შესაბამისი კლასის აქციის გამოშვება (აქციის ნომინალური ღირებულება). 2. ერთი კლასის ყველა აქციის ნომინალური ღირებულება ერთი და იგივე უნდა იყოს.
მუხლი 155. აქცია ნომინალური ღირებულების გარეშე
1. სააქციო საზოგადოებას შეუძლია გასცეს აქცია ნომინალური ღირებულების გარეშე. 2. ნომინალური ღირებულების გარეშე აქციის გამოშვების მინიმალური ღირებულება დგინდება შესაბამის განთავსებულ კაპიტალში მისი წილით.
მუხლი 156. სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალი
1. სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისთვის უნდა შეადგენდეს სულ მცირე 100 000 ლარს. 2. თუ სააქციო საზოგადოებას აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების მქონე აქციები, განთავსებული კაპიტალის ოდენობა უნდა შეადგენდეს ნომინალური ღირებულების მქონე აქციათა ჯამს. თუ სააქციო საზოგადოებას განთავსებული აქვს როგორც ნომინალური ღირებულების მქონე აქციები, ისე ნომინალური ღირებულების არმქონე აქციები, განთავსებული კაპიტალის ოდენობა აღემატება ნომინალური ღირებულების მქონე აქციათა ჯამს. თუ სააქციო საზოგადოებას განთავსებული აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების არმქონე აქციები, განთავსებული კაპიტალის ოდენობა შეადგენს სულ მცირე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ოდენობას. 3. თუ აქციის განთავსების შედეგად მიღებული ღირებულება აღემატება აქციის ნომინალურ ღირებულებას, აღნიშნული ნამეტი არის სააქციო საზოგადოების სარეზერვო კაპიტალი, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 168-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები. 4. განთავსებული კაპიტალის ოდენობა აღინიშნება სააქციო საზოგადოების ბალანსში.
მუხლი 157. აქციების კონსოლიდირება და დანაწევრება
1. ნომინალური ღირებულების მქონე აქციები შეიძლება კონსოლიდირებულ ან დანაწევრებულ იქნეს თითოეული აქციის ნომინალური ღირებულებისა და რაოდენობის შესაბამისი ცვლილებით. 2. ნომინალური ღირებულების არმქონე აქციები შეიძლება კონსოლიდირებულ ან დანაწევრებულ იქნეს მათი რაოდენობის შესაბამისი ცვლილებით. 3. აქციების კონსოლიდირების ან დანაწევრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 3/4-ის უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სხვადასხვა კლასის აქციების არსებობის შემთხვევაში საჭიროა აგრეთვე კაპიტალის იმ ნაწილის მფლობელთა 3/4-ის უმრავლესობის თანხმობა, რომელზედაც მისაღები გადაწყვეტილება ახდენს გავლენას. 4. აქციების კონსოლიდირება და დანაწევრება ხდება სააქციო საზოგადოების კაპიტალში თითოეული აქციონერის წილის შენარჩუნების პირობით.
მუხლი 158. აქციის კლასი. აქციად კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდი
1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აქცია შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ან პრივილეგირებული. 1 ჩვეულებრივი აქცია საერთო კრებაზე 1 ხმის უფლებას უზრუნველყოფს. პრივილეგირებული აქცია ხმის უფლებას არ უზრუნველყოფს, გარდა კანონით ან წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პრივილეგირებულ აქციათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განთავსებული აქციების რაოდენობის ნახევარს. 2. პრივილეგირებული აქცია მის მფლობელს ანიჭებს წესდებით დადგენილ უპირატესობას დივიდენდის განაკვეთისა და მიღების რიგითობის მხრივ. იგივე უპირატესობა მოქმედებს დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების ქონების აქციონერთა შორის განაწილებისას, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. ერთი კლასის აქციები მათ მფლობელებს თანაბარ უფლებებს ანიჭებს. 4. სააქციო საზოგადოებამ შეიძლება შემოიღოს ამ მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებული კლასის აქციები. 5. ნებისმიერი კლასის აქციათა რაოდენობა, მათთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე ამ უფლებებისა და მოვალეობების შეცვლის პირობა უნდა აისახოს წესდებაში (ხოლო საჯარო შეთავაზების შემთხვევაში − აგრეთვე ემისიის პროსპექტში) ამ კლასის აქციის განთავსებამდე. აქციის განთავსების შემდეგ განთავსებულ აქციასთან დაკავშირებული უფლებისა და მოვალეობის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი კლასის აქციების მფლობელთა 3/4-ის თანხმობით. 6. სააქციო საზოგადოებას შეუძლია კანონით დადგენილი წესით გამოუშვას აქციად კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდი.
მუხლი 159. აქციათა გადაცემა, რომელიც დამოკიდებულია სააქციო საზოგადოების თანხმობაზე
1. ცალკეული სახეების აქციების გადაცემა შეიძლება დამოკიდებული იყოს სააქციო საზოგადოების თანხმობაზე. ასეთი აქციის გადაცემაზე სააქციო საზოგადოების თანხმობის გაცემის წესი დგინდება წესდებით აქციის გადაცემამდე. 2. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო ფასიანი ქაღალდის გადაცემაზე სააქციო საზოგადოების თანხმობის გაცემის დაწესება დაუშვებელია.
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.