პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
სარჩევი · 109 თავი
  1. კარი პირველი პირები
  2. თავი პირველი ფიზიკური პირები
  3. თავი მეორე იურიდიული პირი
  4. კარი მეორე გარიგებანი
  5. თავი პირველი ზოგადი ნორმები
  6. თავი მეორე ქმედუნარიანობა, როგორც გარიგების ნამდვილობის პირობა
  7. თავი მესამე გარიგების ფორმა
  8. თავი მეოთხე საცილო გარიგებანი
  9. თავი მეხუთე პირობითი გარიგებანი
  10. თავი მეექვსე თანხმობა გარიგებებში
  11. თავი მეშვიდე წარმომადგენლობა გარიგებებში
  12. კარი მესამე უფლების განხორციელება
  13. კარი მეოთხე ვადები
  14. თავი პირველი ვადების გამოთვლა
  15. თავი მეორე ხანდაზმულობა
  16. კარი პირველი ქონება
  17. კარი მეორე მფლობელობა
  18. კარი მესამე საკუთრება
  19. თავი პირველი საკუთრების შინაარსი
  20. თავი მეორე სამეზობლო სამართალი
  21. თავი მესამე საკუთრების შეძენა და დაკარგვა
  22. თავი მეოთხე ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლში
  23. თავი მეხუთე სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობა
  24. თავი მეექვსე საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება
  25. კარი მეოთხე საჯარო რეესტრი
  26. კარი პირველი სახელშეკრულებო სამართალი
  27. თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  28. თავი მეორე ხელშეკრულების დადება
  29. თავი მესამე ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
  30. თავი მეოთხე მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება
  31. თავი მეხუთე ხელშეკრულებიდან გასვლა
  32. კარი მეორე ვალდებულების შესრულება
  33. თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  34. თავი მეორე ფულადი ვალდებულების შესრულება
  35. თავი მესამე კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება
  36. კარი მესამე
  37. ვალდებულების დარღვევა თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  38. თავი მეორე მოვალის მიერ ვადის გადაცილება
  39. თავი მესამე ვალდებულების დარღვევა ორმხრივი ხელშეკრულების დროს
  40. კარი მეოთხე ზიანის ანაზღაურების მოვალეობა
  41. კარი მეხუთე მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი
  42. თავი პირველი პირგასამტეხლო
  43. თავი მეორე ბე
  44. თავი მესამე მოვალის გარანტია
  45. კარი მეექვსე ვალდებულების შეწყვეტა
  46. თავი პირველი ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით
  47. თავი მეორე ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით
  48. თავი მესამე ვალდებულების შეწყვეტა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით
  49. თავი მეოთხე ვალდებულების შეწყვეტა ვალის პატიებით
  50. თავი მეხუთე ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლები
  51. კარი მეშვიდე კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში
  52. თავი პირველი სოლიდარული კრედიტორები
  53. თავი მეორე სოლიდარული მოვალეები
  54. კარი პირველი სახელშეკრულებო სამართალი
  55. თავი პირველი ნასყიდობა. გაცვლა
  56. თავი მეორე ჩუქება
  57. თავი მესამე ქირავნობა
  58. თავი მეოთხე ლიზინგი
  59. თავი მეხუთე იჯარა
  60. თავი მეექვსე სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
  61. თავი მეშვიდე ფრენშაიზინგი
  62. თავი მერვე თხოვება
  63. თავი მეცხრე სესხი
  64. თავი მეათე ნარდობა
  65. თავი მეთერთმეტე ტურისტული მომსახურება [თავი მეთერთმეტე (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
  66. თავი მეთორმეტე გადაზიდვა-გადაყვანა
  67. თავი მეცამეტე დავალება
  68. თავი მეთოთხმეტე საკუთრების მინდობა
  69. თავი მეთხუთმეტე სატრანსპორტო ექსპედიცია
  70. თავი მეთექვსმეტე შუამავლობა
  71. თავი მეჩვიდმეტე ჯილდოს საჯაროდ დაპირება. კონკურსი
  72. თავი მეთვრამეტე მიბარება
  73. თავი მეცხრამეტე მიბარება სასაქონლო საწყობში
  74. თავი მეოცე დაზღვევა
  75. III¹. ჯანმრთელობის დაზღვევა
  76. თავი ოცდამეერთე საბანკო მომსახურება
  77. თავი ოცდამეორე თავდებობა
  78. თავი ოცდამესამე კონტოკორენტი
  79. თავი ოცდამეოთხე ფასიანი ქაღალდების ბრუნვიდან წარმოშობილი ვალდებულებანი
  80. თავი ოცდამეხუთე ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა)
  81. თავი ოცდამეექვსე სამისდღეშიო რჩენა
  82. თავი ოცდამეშვიდე თამაშობა. სანაძლეო
  83. კარი მეორე კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
  84. თავი პირველი საზიარო უფლებები
  85. თავი მეორე დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება
  86. თავი მესამე უსაფუძვლო გამდიდრება
  87. კარი მესამე დელიქტური ვალდებულებანი
  88. თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  89. თავი მეორე პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის
  90. კარი პირველი საავტორო სამართალი
  91. თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  92. თავი მეორე (ამოღებულია)
  93. თავი მესამე (ამოღებულია)
  94. თავი მეოთხე (ამოღებულია)
  95. თავი მეხუთე (ამოღებულია)
  96. თავი მეექვსე (ამოღებულია)
  97. თავი მეშვიდე (ამოღებულია)
  98. თავი მერვე (ამოღებულია)
  99. კარი მეორე სამრეწველო საკუთრება
  100. კარი პირველი ქორწინება
  101. თავი პირველი დაქორწინების წესი და პირობები
  102. თავი მეორე ქორწინების შეწყვეტა
  103. თავი მესამე ქორწინების ბათილობა
  104. თავი მეოთხე მეუღლეთა უფლებები და მოვალეობები
  105. თავი მეხუთე მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა
  106. კარი მეორე მშობლების, შვილებისა და სხვა ნათესავების ურთიერთობა
  107. თავი პირველი შვილების წარმოშობის დადგენა
  108. თავი მეორე მშობლების უფლებები და მოვალეობები შვილების მიმართ
  109. თავი მესამე მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი
  110. თავი მეოთხე ოჯახის სხვა წევრების საალიმენტო მოვალეობანი
  111. თავი მეხუთე ალიმენტის გადახდისა და გადახდევინების წესი
  112. თავი მეექვსე შვილება
  113. კარი მესამე მეურვეობა, მზრუნველობა და მხარდაჭერა
  114. თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  115. თავი მეორე მეურვისა და მზრუნველის უფლება-მოვალეობანი
  116. თავი მესამე მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობა
  117. თავი მეოთხე არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების და ბავშვთან ურთიერთობის უფლებები საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
  118. თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  119. თავი მეორე მემკვიდრეობა კანონით
  120. თავი მესამე მემკვიდრეობა ანდერძით
  121. თავი მეოთხე ანდერძის ფორმა
  122. თავი მეხუთე მემკვიდრის მემკვიდრის დანიშვნა
  123. თავი მეექვსე სავალდებულო წილი
  124. თავი მეშვიდე საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)
  125. თავი მერვე ანდერძის შეცვლა ან მოშლა
  126. თავი მეცხრე ანდერძის აღსრულება
  127. თავი მეათე სამკვიდროს მიღება და უარი მის მიღებაზე
  128. თავი მეთერთმეტე სამკვიდროს გაყოფა
  129. თავი მეთორმეტე კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ
  130. თავი მეცამეტე სამკვიდროს დაცვა
  131. თავი მეთოთხმეტე სამკვიდრო მოწმობა
  132. სამოქალაქო კოდექსის გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

კარი მესამე მეურვეობა, მზრუნველობა და მხარდაჭერა

თავი მეორე მეურვისა და მზრუნველის უფლება-მოვალეობანი

მუხლი 1304¹. მხარდაჭერის შეწყვეტის საფუძვლები

1. მხარდაჭერა შეწყდება, თუ:

ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა;

ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 1305. მეურვეობისა და მზრუნველობის საკითხების გასაჩივრება სასამართლოში

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილება მეურვის (მზრუნველის) დანიშვნის, გადაყენებისა და განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ყველა სხვა საკითხი დაინტერესებულ პირს შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში.

ბმული ამ მუხლზე

თავი მესამე მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობა

მუხლი 1305¹. მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობა

1. მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება ამ კოდექსის 1305² მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პერიოდულობით, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით.

4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია ზედამხედველობა გაუწიოს მხარდაჭერის მიმღებთან დადებული საქორწინო ხელშეკრულების შესრულებისას მხარდამჭერის მიერ თავისი მოვალეობების განხორციელებას.

5. მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კოდექსითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4870 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 1305². მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელების პერიოდულობა

მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ახორციელებს:

ა) 6 თვეში ერთხელ;

ბ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით;

გ) თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4870 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 1305³. მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია ამ კოდექსის 1289-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა.

2. მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობის განხორციელების ფორმა და მოცულობა განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4870 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 1305⁴. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნა

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ განხორციელებული ზედამხედველობის შედეგები აისახება ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნაში.

2. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.

3. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნა დადებითია, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნებისმიერი ფორმის ზედამხედველობის განხორციელების შედეგად დაადგენს, რომ მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი კეთილსინდისიერად ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ მოვალეობებს.

4. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნა უარყოფითია, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნებისმიერი ფორმის ზედამხედველობის განხორციელების შედეგად დაადგენს, რომ მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი კეთილსინდისიერად არ ასრულებს/ვერ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ მოვალეობებს ან მხარდაჭერის გაწევისას შეინიშნება გარკვეული ხარვეზები და აუცილებელია ამ კოდექსის 1305⁵ მუხლით დადგენილი წესით რეაგირება.

5. ზედამხედველობის შედეგების შესახებ დასკვნის თაობაზე ინფორმაცია შეიტანება ამ კოდექსის 1305⁶ მუხლში აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 1305⁵. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეაგირება მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობაზე/არაჯეროვნად შესრულებაზე

თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო დაადგენს, რომ მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი არ ასრულებს/არაჯეროვნად ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ მოვალეობებს, არღვევს სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის/მხარდაჭერის მიმღების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, მას უარყოფითი დასკვნა გამოაქვს და მოქმედებს შემდეგნაირად:

ა) თუ მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის მოქმედებების ინტენსივობა ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის არასაკმარისია:

ა.ა) სოციალური მუშაკის მეშვეობით ეხმარება მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს, რათა მან უკეთ გააცნობიეროს და შეასრულოს თავისი მოვალეობები;

ა.ბ) თავისი მოვალეობისაგან ათავისუფლებს მეურვეს/მზრუნველს;

ა.გ) მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);

ბ) მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის მოქმედებების ინტენსივობის შესაბამისად მოქმედებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 1305⁶. მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის ზედამხედველობის მონაცემთა ბაზა

1. მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის ზედამხედველობის შედეგების ასახვის მიზნით იქმნება შესაბამისი მონაცემთა ბაზა.

2. მონაცემთა ბაზაში შეიტანება:

ა) მეურვეობის/მზრუნველობის დაწესების შესახებ მონაცემები;

ბ) მხარდაჭერის დაწესების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მონაცემები;

გ) სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის/მხარდაჭერის მიმღების და მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადი მონაცემები;

დ) მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლების, მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მონაცემები;

ე) მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ მონაცემები;

ვ) მხარდაჭერის მიმღების მიერ ქონებრივი უფლებების განხორციელების შესახებ მონაცემები;

ზ) მხარდაჭერის მიმღებთან დადებული საქორწინო ხელშეკრულების დარღვევის შესახებ მონაცემები;

თ) სტაციონარში მოთავსებულ მხარდაჭერის მიმღებთა შესახებ ინფორმაცია;

ი) ზედამხედველობის შედეგების მოკლე აღწერა;

კ) სხვა მონაცემები, რომლებიც ეხება სამეურვეო პირს/სამზრუნველო პირს/მხარდაჭერის მიმღებს და რომლებიც, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანია მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობის განსახორციელებლად.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

თავი მეოთხე არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების და ბავშვთან ურთიერთობის უფლებები საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 1305⁷. ამ თავში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე თავის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონვენცია − „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენცია;

ბ) ცენტრალური ორგანო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

გ) ბავშვი − 16 წლამდე ასაკის პირი;

დ) განმცხადებელი − ნებისმიერი პირი ან ორგანო, რომელიც ცენტრალურ ორგანოს ან სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით/სარჩელით არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ე) მეურვეობის უფლება − უფლება, რომელიც შეეხება ბავშვზე მზრუნველობას და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას. ამ თავის მიზნებისათვის ჩაითვლება, რომ პირი ან ორგანო ახორციელებს მეურვეობას, თუ ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა საქართველოში ან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მის არამართლზომიერ გადაადგილებამდე/დაკავებამდე და მეურვეობას ეს პირი ან ორგანო რეალურად ახორციელებდა ინდივიდუალურად ან ისინი ახორციელებდნენ ერთობლივად, საქართველოს ან კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა გადაადგილებამდე/დაკავებამდე;

ვ) ბავშვთან ურთიერთობის უფლება − უფლება, რომელიც გულისხმობს ბავშვთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციას, მათ შორის, განსაზღვრული დროით ბავშვის ისეთ ადგილას წაყვანას, რომელიც არ არის მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილი;

ზ) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილება − პირისათვის ან ორგანოსათვის ინდივიდუალურად ან მათთვის ერთობლივად მიკუთვნებული იმ მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ გადაადგილებამდე, და რომელიც ბავშვის გადაადგილების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ინდივიდუალურად ან ერთობლივად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა მისი არამართლზომიერი გადაადგილება, ამასთანავე, ბავშვი ამ სახელმწიფოდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს ნებართვის გარეშე გადაადგილდა და მისი მოთხოვნის შემდეგ ბავშვის ქვეყანაში დაბრუნება არ ხდება;

თ) ბავშვის არამართლზომიერი დაკავება – პირისათვის ან ორგანოსათვის ინდივიდუალურად ან მათთვის ერთობლივად მიკუთვნებული იმ მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ დაკავებამდე, და რომელიც ბავშვის დაკავების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ინდივიდუალურად ან ერთობლივად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა მისი არამართლზომიერი დაკავება, ამასთანავე, ბავშვი ამ სახელმწიფოდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსაზღვრული ვადით, მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს ნებართვის შედეგად გადაადგილდა, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ, მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს მოთხოვნის მიუხედავად, ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში დაბრუნება არ ხდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

საქართველოს 2020 წლის 10 ივნისის კანონი №6053 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

მუხლი 1305⁸. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნება ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება

1. პირი ან ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს, რომ მას აქვს მეურვეობის უფლება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც არამართლზომიერად იქნა გადაადგილებული საქართველოდან კონვენციის ხელშემკვრელ რომელიმე სახელმწიფოში ან არამართლზომიერად იქნა დაკავებული კონვენციის ხელშემკვრელი ერთ-ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილია მიმართოს ცენტრალურ ორგანოს და მოითხოვოს ბავშვის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობის კონვენციის ხელშემკვრელი იმ სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოში გადაგზავნა, სადაც ბავშვი არამართლზომიერად იქნა გადაადგილებული/რომლის ტერიტორიაზედაც ბავშვი არამართლზომიერად იქნა დაკავებული.

2. პირი ან ორგანო, რომელიც ამტკიცებს, რომ მას აქვს იმ ბავშვთან ურთიერთობის უფლება, რომელიც კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფება, უფლებამოსილია მიმართოს ცენტრალურ ორგანოს და მოითხოვოს ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის კონვენციის ხელშემკვრელი იმ სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოში გადაგზავნა, რომლის ტერიტორიაზედაც ბავშვი იმყოფება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

საქართველოს 2020 წლის 10 ივნისის კანონი №6053 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

მუხლი 1305⁹. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბავშვის დაბრუნება ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება

1. პირი ან ორგანო, რომელიც ამტკიცებს, რომ მას აქვს მეურვეობის უფლება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც არამართლზომიერად შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე კონვენციის ხელშემკვრელი რომელიმე სახელმწიფოდან ან არამართლზომიერად იმყოფება საქართველოში, უფლებამოსილია ბავშვის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობით/სარჩელით მიმართოს ცენტრალურ ორგანოს ან სასამართლოს.

2. პირი ან ორგანო, რომელიც ამტკიცებს, რომ მას აქვს იმ ბავშვთან ურთიერთობის უფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, უფლებამოსილია ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით/სარჩელით მიმართოს ცენტრალურ ორგანოს ან სასამართლოს.

3. „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ მიმართვიანობის (რეფერირების) და აღსრულების პროცედურებს“ ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

წიგნი მეექვსე

მემკვიდრეობის სამართალი

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

საქართველოს 2020 წლის 10 ივნისის კანონი №6053 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

თავი პირველი ზოგადი დებულებანი

მუხლი 1306. ცნება

1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

2. კანონით მემკვიდრეობა – გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1307. მემკვიდრეები

მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ:

ა) კანონით მემკვიდრეობის დროს – პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;

ბ) ანდერძით მემკვიდრეობისას – პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1308. იურიდიული პირი, როგორც მემკვიდრე

ანდერძით მემკვიდრეობისას სამკვიდროს მისაღებად მოწვეული იქნება იურიდიული პირი, რომელიც შექმნილი იყო სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1309. ქორწინებისგარეშე შობილი ბავშვი, როგორც მამის მემკვიდრე

ქორწინებისგარეშე შობილი ბავშვი მამის მემკვიდრედ ჩაითვლება, თუ მამობა აღიარებულია კანონით დადგენილი წესით. თუკი იგი მამაზე ადრე გარდაიცვლება, მის შვილებს შეუძლიათ მოითხოვონ წილი იმ სამკვიდროდან, რომელიც მათ მამას ეკუთვნოდა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1310. უღირსი მემკვიდრე

არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე).

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1311. მშობლები, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები

შვილების კანონით მემკვიდრეებად ვერ იქნებიან მშობლები, რომლებსაც ჩამოერთმევათ მშობლის უფლება და სამკვიდროს გახსნის დღისათვის არ არიან აღდგენილნი ამ უფლებებში. კანონით მემკვიდრეები ვერ იქნებიან აგრეთვე პირნი, რომლებიც ბოროტად თავს არიდებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინათ მამკვიდრებელი, თუ ეს გარემოება დადასტურებულია სასამართლო წესით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1312. მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ

გარემოება, რომელიც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს, დადგენილ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ იმ პირის სარჩელით, რომლისთვისაც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა უღირსი მემკვიდრისათვის განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1313. პატიება უღირსი მემკვიდრისათვის

პირი, რომელიც მხილებულია იმ მოქმედებათა ჩადენაში, რომლებიც მემკვიდრეობის უფლების დაკარგვას იწვევს, ამის მიუხედავად დაიშვება მემკვიდრედ, თუ მამკვიდრებელი აპატიებს მას და თავის ამ გადაწყვეტილებას აშკარა ფორმით გამოხატავს ანდერძში. პატიების უკან წაღება არ დაიშვება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1314. მემკვიდრეობა წარმომადგენლობის უფლებით

მემკვიდრეობის უფლების დაკარგვა ხელს არ უშლის ნათესავების მემკვიდრეობას წარმომადგენლობის უფლებით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1315. მემკვიდრეობის უფლება სხვა მამკვიდრებლის ქონებაზე

მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა ხელს არ უშლის ამ უფლებაჩამორთმეულ პირს, იყოს სხვა მამკვიდრებლის ქონების მემკვიდრე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1316. უღირს მემკვიდრედ ცნობილი პირის მოვალეობა

თუ პირი სასამართლოს მიერ უღირს მემკვიდრედ იქნება ცნობილი სამკვიდროს მიღების შემდეგ, ის მოვალეა დააბრუნოს ყველაფერი, რაც მემკვიდრეობით მიიღო ნაყოფსა და შემოსავალთან ერთად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1317. უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ სარჩელის შეტანის ვადა

სარჩელი პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ დაინტერესებულ პირთა მიერ წარდგენილ უნდა იქნეს ხუთი წლის განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა ეს პირი შეუდგა სამკვიდროს ფლობას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1318. მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი

1. მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი გადადის მემკვიდრეებად მიწვეულ დანარჩენ მემკვიდრეებზე და თანასწორად ნაწილდება მათ შორის.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი არ მოქმედებს, თუ მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეულს მემკვიდრე ჰყავდა დანიშნული.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1319. სამკვიდროს გახსნა

სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1320. სამკვიდროს გახსნის დრო

სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1321. ერთ დღეს გარდაცვლილ პირთა მემკვიდრეობა

ერთმანეთის შემდეგ მემკვიდრეობის უფლების მქონე პირების ერთ დღეს გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო გაიხსნება თითოეულის შემდეგ დამოუკიდებლად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1322. სამკვიდროს გახსნა გარდაცვლილად პირის გამოცხადების შემდეგ

1321-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დადგება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სასამართლომ პირები გარდაცვლილად გამოაცხადა მათი ერთსა და იმავე გარემოებაში უგზო-უკვლოდ დაკარგვის შედეგად; ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს მათი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დროს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1323. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

მუხლი 1324. სამკვიდროს გახსნის ადგილი

1. სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, – სამკვიდროს ადგილსამყოფელი.

2. თუ სამკვიდრო სხვადასხვა ადგილას იმყოფება, მაშინ სამკვიდროს გახსნის ადგილად მიიჩნევა უძრავი ქონების ან მისი ფასეული ნაწილის ადგილსამყოფელი, ხოლო თუ უძრავი ქონება არ არის, მაშინ – მოძრავი ქონების ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1325. საზღვარგარეთ მცხოვრებ პირთა სამკვიდროს გახსნის ადგილი

სამკვიდროს გახსნის ადგილს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც დროებით ცხოვრობდა საზღვარგარეთ და იქ გარდაიცვალა, წარმოადგენს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე საქართველოში მისი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, მაშინ – სამკვიდროს ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1326. საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ პირთა სამკვიდროს გახსნა

სამკვიდროს გახსნის ადგილად იმ პირთა გარდაცვალების შემდეგ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ, ითვლება ის ქვეყანა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1327. სამკვიდროს გახსნა საზღვარგარეთ

საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, უცხო სახელმწიფოში სამკვიდროს მიიღებს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1328. სამკვიდრო ქონება

1. სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

2. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ – ამ ქონების ღირებულება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1329. მომავალი ქონება

მამკვიდრებელს შეუძლია ანდერძში გაითვალისწინოს ისეთი ქონება, რომელიც ანდერძის შედგენისას მას ჯერ კიდევ არ გააჩნდა, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ასეთი ქონება მისი საკუთრება იქნება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1330. პირადი ხასიათის უფლება-მოვალეობათა მემკვიდრეობით გადაცემის დაუშვებლობა

სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1331. მამკვიდრებლის არაქონებრივი უფლებების დაცვა

მამკვიდრებლის არაქონებრივი უფლებები, რომლებიც სამკვიდროში არ შედის, შეიძლება განახორციელონ და დაიცვან მემკვიდრეებმა კანონით გათვალისწინებული წესით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1332. ქონება, რომელიც სამკვიდროში არ შედის

1. სამკვიდროში არ შედის და მემკვიდრეთა შორის არ გაიყოფა საგვარეულო წიგნები (ან ჩანაწერები), ოჯახური მატიანე, სულის მოსახსენებელი და სხვა საკულტო საგნები და საფლავი. ეს საგნები გადაეცემა მემკვიდრეს საკუთრების უფლებით დამკვიდრებული ჩვეულების მიხედვით. ამ საგნების მიღება შეუძლია იმ მემკვიდრესაც, რომელმაც უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირად საპენსიო ანგარიშზე გათვალისწინებული უფლებები სამკვიდროში შედის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელმა ბენეფიციარი არ მიუთითა ან ბენეფიციარი გარდაიცვალა.

2. დოკუმენტები, რომლებიც ეხება მამკვიდრებლის პიროვნებას, მის ოჯახს ან მთელ სამკვიდროს, რჩება საერთო ქონებად.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3353 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.

მუხლი 1333. ანდერძით გათვალისწინებული უძრავი ქონების გაზრდის შედეგები

თუ მოანდერძემ ანდერძის შედგენის შემდეგ გაზარდა ანდერძით გათვალისწინებული უძრავი ქონება ისეთი ქონების შეძენით, რომელიც, თუმცა თან აკრავს ნაანდერძებ უძრავ ქონებას, სამკვიდროში არ შევა, თუ არ არის ახალი განკარგულება ანდერძის შედგენის შემდეგ შეძენილი ქონების თაობაზე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1334. თანამემკვიდრეები

თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. ამ ქონებიდან შეიძლება გადახდილ იქნეს მამკვიდრებლის მოვლისა და უკანასკნელი ავადმყოფობის მკურნალობის, დაკრძალვის, სამკვიდროს დაცვისა და მართვის, ხელფასის გასტუმრების, ანდერძის აღსრულების აუცილებელი ხარჯები. ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს სამკვიდროს ღირებულებიდან ყველა სხვა, მათ შორის, იპოთეკისა და სხვა გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნების უპირატესად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1335. სამკვიდროდან ნივთის გამოთხოვის უფლება

1. თუ მოანდერძემ არასწორად დაუტოვა მემკვიდრეს ნივთი, ამ ნივთის მესაკუთრეს უფლება აქვს გამოითხოვოს იგი საერთო წესის მიხედვით.

2. თუ გარდაცვლილის ქონებაში ფარულად არის სხვა პირის ქონება, აუცილებელია ქონების ამ ნაწილის გამოვლენა და გადაცემა სათანადო პირისათვის.

ბმული ამ მუხლზე

თავი მეორე მემკვიდრეობა კანონით

მუხლი 1336. კანონით მემკვიდრეები

კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან:

I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ.

შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.

II. მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.

III. მესამე რიგში – ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან.

IV. მეოთხე რიგში – ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები.

V. მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414

მუხლი 1337. რიგითობა კანონით მემკვიდრეობისას

წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1338. არაშრომისუნარიან პირთა უფლებები მემკვიდრეობისას

არაშრომისუნარიან პირებს, რომლებიც მამკვიდრებლის რჩენაზე იყვნენ და დამოუკიდებლად თავის შენახვა არ შეუძლიათ, თუ მათ შესახებ ანდერძში მითითებული არ არის, უფლება აქვთ მოითხოვონ სარჩო (ალიმენტი) სამკვიდროდან. თანხის ოდენობა, რაც გადახდილ უნდა იქნეს სარჩოს სახით, შეიძლება შემცირდეს სამკვიდროს აქტივის მოცულობის გათვალისწინებით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1339. ცოცხლად დარჩენილი მეუღლის უფლება თანასაკუთრების წილზე

ცოცხლად დარჩენილი მეუღლის მემკვიდრეობის უფლება არ ეხება ქონების იმ ნაწილს, რომელიც მას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ეკუთვნის.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1340. განქორწინებულ მეუღლეთა მდგომარეობა მემკვიდრეობისას

განქორწინებული მეუღლეები არ შეიძლება მემკვიდრეები იყვნენ ერთმანეთის გარდაცვალების შემდეგ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1341. მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა განქორწინებისას

სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეს შეიძლება ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1342. მემკვიდრეობის უფლების დაკარგვა ქორწინების ბათილობის გამო

ცოცხლად დარჩენილი მეუღლე დაკარგავს მემკვიდრეობის უფლებას, თუ არსებობდა ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველი და მამკვიდრებლის მიერ სარჩელი წარდგენილი იყო.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1343. უმკვიდრო ქონების გადასვლა სახელმწიფოზე

1. თუ არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო ან ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

2. უმკვიდრო ქონება სამეწარმეო საზოგადოებაში ან კოოპერატივში წილის, აქციის ან პაის სახით გადადის მათ ხელში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2239 - სსმ I, №54, 20.12.2005წ. მუხ.360

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №837 - ვებგვერდი, 03.07.2025წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება №2/3/1395 – ვებგვერდი, 23.09.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1757 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

თავი მესამე მემკვიდრეობა ანდერძით

მუხლი 1344. ცნება

ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1345. პირი, რომელიც შეიძლება იყოს მოანდერძე

მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1346. ანდერძის შედგენა პირადად

ანდერძი უნდა შეადგინოს პირადად მოანდერძემ. ანდერძის შედგენა წარმომადგენლის მეშვეობით არ დაიშვება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1347. ერთობლივი ანდერძი

ანდერძი უნდა შეიცავდეს ერთი მამკვიდრებლის განკარგულებას. ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივად ანდერძის შედგენა არ დაიშვება. მხოლოდ მეუღლეებს შეუძლიათ შეადგინონ ერთობლივი ანდერძი ურთიერთმემკვიდრეობის შესახებ, რომელიც შეიძლება გაუქმდეს ერთ-ერთი მეუღლის მოთხოვნით, მაგრამ – ჯერ კიდევ ორივე მეუღლის სიცოცხლეში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1348. წილის განსაზღვრა მოანდერძის მიერ

1. მოანდერძეს შეუძლია ანდერძით განსაზღვროს ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი სამკვიდროდან, ან მიუთითოს, თუ რომელ მემკვიდრეზე კონკრეტულად რომელი ქონება გადავა. თუ ანდერძში ასეთი მითითება არ არის, მაშინ სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის.

2. თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული, მაგრამ მასში მხოლოდ ერთი მათგანის წილია განსაზღვრული, სხვებისა კი – არა, მაშინ ეს უკანასკნელნი თანაბრად მიიღებენ დანარჩენ ქონებას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1349. სამკვიდროს განაწილება ანდერძით მემკვიდრეებს შორის

თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული და ერთ-ერთი მემკვიდრისათვის განსაზღვრული ქონება მთელ სამკვიდროს მოიცავს, მაშინ ყველა ანდერძით მემკვიდრემ თანაბარი წილი უნდა მიიღოს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1350. მემკვიდრეობა ანდერძის გარეთ დარჩენილ ქონებაზე

თუ ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი მთლიანად არ მოიცავს მთელ სამკვიდროს, მაშინ ანდერძის გარეთ დარჩენილ ქონებაზე განხორციელდება კანონით მემკვიდრეობა, რომელიც შეეხება იმ კანონით მემკვიდრეებსაც, რომლებსაც ეანდერძათ ქონების ნაწილი, თუკი ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1351. წილის თანაზომიერი გაზრდა ანდერძით მემკვიდრეებს შორის

თუ არიან მხოლოდ ანდერძით დანიშნული მემკვიდრეები, მაშინ მათი წილი თანაზომიერად გაიზრდება, თუკი თითოეულ მემკვიდრეს ანდერძით განსაზღვრული აქვს თავ-თავიანთი წილი, მაგრამ ყველას წილი არ ამოწურავს სამკვიდროს მთლიანად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1352. მესამე პირის მონაწილეობის დაუშვებლობა წილის განსაზღვრისას

მოანდერძეს არ შეუძლია ანდერძით დაავალოს სხვა პირს იმის განსაზღვრა, თუ ვინ უნდა მიიღოს წილი სამკვიდროდან და რა რაოდენობით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1353. მემკვიდრეთა ზუსტად დადგენის შეუძლებლობა

თუ მამკვიდრებელმა მემკვიდრის პიროვნება განსაზღვრა ისეთი ნიშნებით, რომლებიც რამდენიმე პირს შეიძლება მიუდგეს, და შეუძლებელია დადგენა, თუ რომელი ჰყავდა მხედველობაში მამკვიდრებელს, მაშინ ისინი ყველანი ჩაითვლებიან მემკვიდრეებად თანაბარი წილის უფლებით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1354. ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

1. მოანდერძეს შეუძლია ანდერძით მემკვიდრეობა ჩამოართვას ერთ, რამდენიმე ან ყველა კანონით მემკვიდრეს და იგი არ არის ვალდებული მიუთითოს ამის მოტივზე.

2. პირი, რომელსაც ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვა მემკვიდრეობა, ვერც კანონით მემკვიდრე ვერ იქნება ქონების იმ ნაწილზე, რომელიც ანდერძში არ შესულა, ასევე – მაშინაც, როცა ანდერძით მემკვიდრეებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1355. მემკვიდრეობის უფლების შენარჩუნება

კანონით მემკვიდრეები, რომლებიც მითითებულნი არ არიან ანდერძში, ინარჩუნებენ მემკვიდრეობის უფლებას სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელსაც ანდერძი არ შეხებია; ისინი აგრეთვე მიიღებენ ანდერძით გათვალისწინებულ ქონებასაც, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ცოცხლები არ არიან ანდერძით მემკვიდრეები, ან ყოველმა მათგანმა უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1356. კანონით მემკვიდრეობის დაუშვებლობა

თუ ანდერძით მთელი სამკვიდრო ქონება განაწილებული იყო ანდერძით მემკვიდრეებს შორის, მაგრამ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის, კანონით მემკვიდრეობა არ წარმოიშობა და მის წილ ქონებას სხვა ანდერძით მემკვიდრეები მიიღებენ თანაბრად.

ბმული ამ მუხლზე

თავი მეოთხე ანდერძის ფორმა

მუხლი 1357. სანოტარო ფორმა

1. ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე.

2. სანოტარო ფორმა მოითხოვს, რომ ანდერძი შედგენილი და ხელმოწერილ იქნეს მოანდერძის მიერ და დადასტურებული ნოტარიუსის მიერ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6989 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 1358. ანდერძის ჩაწერა ნოტარიუსის მიერ

1. დასაშვებია, რომ ანდერძი მოანდერძის სიტყვებით ჩაიწეროს ნოტარიუსმა ორი მოწმის თანდასწრებით. ანდერძის ჩაწერისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებები.

2. მოანდერძის სიტყვებით ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძი უნდა წაიკითხოს მოანდერძემ და ნოტარიუსისა და მოწმის თანდასწრებით მოაწეროს ხელი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1359. ნოტარიუსთან გათანაბრებული პირები

ანდერძის დადასტურებისას ნოტარიუსთან გათანაბრებულნი არიან:

ა) საავადმყოფოს, ჰოსპიტლის, სხვა სამკურნალო დაწესებულების ან სანატორიუმის მთავარი ექიმი, უფროსი, სამედიცინო ნაწილში მათი მოადგილეები და მორიგე ექიმი, აგრეთვე ხანდაზმულთა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულების დირექტორი ან მთავარი ექიმი, თუ მოანდერძე რომელიმე ამ დაწესებულებაში მკურნალობს ან ცხოვრობს;

ბ) საძიებო, გეოგრაფიული და სხვა მსგავსი ექსპედიციის უფროსი, თუ მოანდერძე ასეთ ექსპედიციაში იმყოფება;

გ) გემის კაპიტანი ან საჰაერო ხომალდის მეთაური, თუ მოანდერძე გემზე ან საჰაერო ხომალდზე იმყოფება;

დ) სამხედრო ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაური (უფროსი), თუ სამხედრო ნაწილების დისლოკაციის პუნქტში ნოტარიუსი არ არის და თუ მოანდერძე სამხედრო მოსამსახურე ან სამხედრო ნაწილში მომსახურე სამოქალაქო პირი ან მათი ოჯახის წევრია;

ე) პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, თუ მოანდერძე პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2719 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.56

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3532 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №837 - ვებგვერდი, 03.07.2025წ.

მუხლი 1360. ანდერძზე ხელის მოწერა სხვა პირის მიერ

თუ მოანდერძე რაიმე მიზეზით თვითონ ვერ მოაწერს ხელს ანდერძს, შეიძლება მისი თხოვნით ხელი მოაწეროს სხვა პირმა. ამასთან, უნდა აღინიშნოს მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ ვერ შეძლო ანდერძზე ხელის მოწერა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1361. ყრუს, წერა-კითხვის არმცოდნე ყრუს, უსინათლოს ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის ანდერძი

1. თუ მოანდერძე ყრუა ან წერა-კითხვის არმცოდნე ყრუა, საანდერძო განკარგულება შედგენილი უნდა იქნეს ნოტარიუსთან 2 მოწმისა და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია მას განუმარტოს საქმის არსი და თავისი ხელმოწერით დაადასტუროს, რომ ანდერძის შინაარსი მოანდერძის ნებას შეესაბამება.

2. თუ მოანდერძე უსინათლოა ან წერა-კითხვის არმცოდნე პირია, საანდერძო განკარგულება შედგენილი უნდა იქნეს ნოტარიუსთან 3 მოწმის თანდასწრებით და ამის შესახებ უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი, ხოლო შესაბამისი ტექსტი მოანდერძეს უნდა წაეკითხოს.

3. ჩამწერი და წამკითხველი შეიძლება იყვნენ მოწმეებიც, მაგრამ ჩამწერი არ უნდა იყოს წამკითხველი.

4. ჩანაწერში მითითებულ უნდა იქნეს, თუ ვინ გააკეთა ჩანაწერი და ვინ წაუკითხა მოანდერძეს. ჩანაწერს ხელი უნდა მოაწერონ მოწმეებმა და დაადასტუროს ნოტარიუსმა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №837 - ვებგვერდი, 03.07.2025წ.

მუხლი 1362. ანდერძის მოწმეები

ანდერძის მოწმეები არ შეიძლება იყვნენ: არასრულწლოვანი, ანდერძით მემკვიდრე და მისი ნათესავები დამავალი ხაზით და აღმავალი ხაზით, და, ძმა, მეუღლე, საანდერძო დანაკისრის მიმღები (ლეგატარი).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 1363. ანდერძის საიდუმლოება

ნოტარიუსს, სხვა პირს, რომელმაც დაადასტურა ანდერძი, მოწმეს, ასევე პირებს რომლებმაც ხელი მოაწერეს ანდერძს მოანდერძის ნაცვლად, უფლება არა აქვთ სამკვიდროს გახსნამდე გაამხილონ ცნობები, რომლებიც შეეხება ანდერძის შინაარსს, მის შედგენას, შეცვლას ან გაუქმებას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1364. შინაურული ანდერძი

მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1365. ანდერძის შენახვა ნოტარიუსთან

1. მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწერილი და ხელმოწერილი ანდერძი დალუქული კონვერტით გადასცეს ნოტარიუსს (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირს) სამი მოწმის თანდასწრებით, რაც დასტურდება კონვერტზე ხელის მოწერით.

2. აღნიშნული სახის ანდერძის შენახვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მისი ოფიციალური დეპონირებით ნოტარიუსთან (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირთან).

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1366. ანდერძის შედგენა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით

ანდერძის ტექსტი შეიძლება გადმოიცეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებებით, ოღონდ ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ. ასეთ შემთხვევაში ანდერძის შედგენა და მოანდერძის მიერ ხელის მოწერა უნდა მოხდეს ორი მოწმის თანდასწრებით, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ანდერძი შედგენილი იყო მათი თანდასწრებით ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოწმეთა მიერ ანდერძის დადასტურება უნდა მოხდეს მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ, მოანდერძისა და ორივე მოწმის თანდასწრებით ანდერძზე სათანადო წარწერის გაკეთებით, მოწმეთა სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1367. დახურული ანდერძი

1. მოანდერძის სურვილით მოწმეებმა ანდერძი უნდა დაადასტურონ ისე, რომ არ გაეცნონ მის შინაარსს (დახურული ანდერძი). ამ შემთხვევაში მოწმეები უნდა ესწრებოდნენ ანდერძის შედგენას.

2. დახურული ანდერძის დადასტურებისას მოწმეებმა უნდა მიუთითონ, რომ ანდერძი შედგენილ იქნა პირადად მოანდერძის მიერ მათი თანდასწრებით, მაგრამ ისინი არ გასცნობიან მის შინაარსს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1368. ანდერძის შედგენის თარიღი

ანდერძში მითითებული უნდა იყოს მისი შედგენის თარიღი. თარიღის არარსებობა იწვევს ანდერძის ბათილობას მხოლოდ მაშინ, თუ ვერ გაქარწყლდება ანდერძის შედგენის, შეცვლის ან გაუქმებისას, ასევე რამდენიმე ანდერძის არსებობისას მოანდერძის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული ეჭვი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1369. ანდერძის შინაარსის გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის

მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ ნოტარიუსი ნიშნავს დღეს და გააცნობს ანდერძის შინაარსს დაინტერესებულ პირებს, რის თაობაზედაც უნდა შედგეს სათანადო ოქმი. თუ კონვერტი, რომელშიც ანდერძია მოთავსებული, დალუქული იყო, უნდა აღინიშნოს ლუქის მთლიანობის შესახებ.

ბმული ამ მუხლზე

თავი მეხუთე მემკვიდრის მემკვიდრის დანიშვნა

მუხლი 1370. სათადარიგო მემკვიდრე

1. მოანდერძეს უფლება აქვს დაასახელოს ანდერძში სხვა მემკვიდრე (სათადარიგო მემკვიდრე) იმ შემთხვევისათვის, თუ მის მიერ დანიშნული მემკვიდრე სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვლება, სამკვიდროს არ მიიღებს ან მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთმევა.

2. ანდერძით მემკვიდრის უარი სამკვიდროზე არამემკვიდრის მემკვიდრედ დანიშნული პირის სასარგებლოდ არ დაიშვება.

3. სათადარიგო მემკვიდრე შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომელიც 1307 – 1309-ე მუხლებით შეიძლება იყოს მემკვიდრე.

ბმული ამ მუხლზე

თავი მეექვსე სავალდებულო წილი

მუხლი 1371. ცნება

მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1372. სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტი

სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთი მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1373. სავალდებულო წილის მოცულობის განსაზღვრა

სავალდებულო წილის მთლიანი მოცულობა განისაზღვრება მთელი სამკვიდროდან იმ ქონების ჩათვლით, რომელიც გათვალისწინებულია საანდერძო დანაკისრის ან საერთო-სასარგებლო მიზნით რაიმე მოქმედების შესასრულებლად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1374. თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრა

თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი რომ არ ყოფილიყო. ანდერძით მემკვიდრეები მხედველობაში არ მიიღებიან.

ბმული ამ მუხლზე

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.