დონალდ ტრამპი ახალი საბრძოლო გემების ვიზუალთანAlex Brandon/APგამოცემა Axios ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ შაბათს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში განახლებული კრიზისისა და ირანთან მოლაპარაკებების შესახებ სიტუაციების მართვის ოთახში თავისი ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრა გამართა.
Axios-ის კორესპონდენტი ბარაკ რავიდი წერს, რომ ირანთან დაკავშირებით ვითარება კრიტიკულ დონემდეა მისული იმ ფონზე, როცა მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა სამ დღეში იწურება, ხოლო აშშ-სა და ირანის დელეგაციების შეხვედრისთვის საბოლოო თარიღი ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული.
ცნობისთვის, დღეს ირანმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ ირანული პორტების ბლოკადის გამო, ჰორმუზის სრუტეს კვლავ კეტავს. ხოლო ერთი დღით ადრე პრეზიდენტი ტრამპი ამბობდა, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევას მომდევნო “ერთ-ორ დღეში” მოელოდა.
გავლენიანმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Axios-ს განუცხადა, რომ თუკი მალე თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებებზე წარმატება არ იქნება, მომდევნო დღეებში შესაძლოა, ირანში ომი განახლდეს.
აშშ-ს მაღალჩინოსნის მიხედვით, ტრამპთან ერთად შეხვედრას ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი და ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტიც ესწრებოდნენ.
მაღალჩინოსნის თქმით, თეთრ სახლში შეხვედრაზე ასევე მივიდნენ თეთრი სახლის აპარატის უფროსი სუზი უაილსი, ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) უფროსი ჯონ რეტკლიფი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი დენ კეინიც.
მანამდე ტრამპმა თეთრ სახლში რეპორტიორებს განუცხადა, რომ დღეს ირანმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით “საყვარლობა” სცადა, თუმცა, მისი თქმით, თეირანთან მოლაპარაკებები გრძელდება. ტრამპმა ასევე დაამატა, რომ ირანი აშშ-ს “შანტაჟს” ვერ შეძლებს.
დღეს დილით გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტომ (UKMTO) განაცხადა, რომ “ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებულმა ორმა სწრაფმავალმა კატერმა” ომანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტანკერს ცეცხლი გაუხსნა.
ამასთან, გამოცემა Axios-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აცნობა, რომ შაბათს ჰორმუზის სრუტეში, სულ მცირე, სამ კომერციულ გემს დაესხნენ თავს. გამოცემის მიხედვით, მათგან ერთ-ერთი ხომალდი ნაწილობრივ დაზიანდა, თუმცა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გუშინ, 17 აპრილს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანის დელეგაციები ერთმანეთს, სავარაუდოდ, ამ შაბათ-კვირას შეხვდებოდნენ.
ამასთან, ცალკე ინტერვიუებში მან აღნიშნა, რომ ამერიკა ირანიდან გამდიდრებულ ურანს გამოიტანს და აშშ-ში წაიღებს. ტრამპი ასევე ირწმუნებოდა, რომ ირანი ბირთვული პროგრამის განუსაზღვრელი ვადით შეჩერებაზეც დათანხმდა. თუმცა, მოგვიანებით ირანის რეჟიმის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა აშშ-ს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს “სიცრუე” უწოდა.
“შეთანხმებას 1-2 დღეში მოველით” – ტრამპის თქმით, ირანი ბირთვულ პროგრამას შეაჩერებს
ირანის პარლამენტის სპიკერი მოლაპარაკებების შესახებ ტრამპის განცხადებებს უარყოფს
ამ ფონზე გამოცემა Associated Press-ს თავდაცვის სფეროს ორმა მაღალჩინოსანმა აცნობა, რომ მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი, ამერიკული USS Gerald R. Ford, ახლო აღმოსავლეთის წყლებს დაუბრუნდა.
AP: ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R. Ford ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა
მანამდე კი გამოცემა Wall Street Journal წერდა, რომ ირანის წინააღმდეგ წამოწყებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის მიზნით აფრიკის სანაპირო ზოლის შემოვლით ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება მესამე ამერიკული ავიამზიდი, USS George H.W. Bush-იც.
მედია: ახლო აღმოსავლეთისკენ მე-3 ამერიკული ავიამზიდი და დამატებითი ძალები მიემართებიან