Association of architects of Georgia: მასიმილიანო ფუქსასი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტორია. მისი ნამუშევრის დანგრევა აღიქმება როგორც კულტურული ვანდალიზმი

მასიმილიანო ფუქსასი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტორია. მისი ნამუშევრის დანგრევა აღიქმება როგორც კულტურული ვანდალიზმი და უპატივცემულობა მსოფლიო დონის ხელოვნების მიმართ.
საზოგადოებისთვის გაუგებარია, რატომ ეთმობა ასეთი დიდი ყურადღება და რესურსი უკვე არსებული, უნიკალური ნაგებობის დემონტაჟს, მაშინ როდესაც ქალაქის სხვა ნაწილებში უხარისხო და ქაოტური მშენებლობები შეუფერხებლად გრძელდება.
ექსპერტები ითხოვდნენ ღია საერთაშორისო კონკურსის გამოცხადებას, რათა არქიტექტორებს შენობის შიდა სივრცე ახალი რეალობისთვის მოერგოთ. ნაცვლად დანგრევისა, არსებული კარკასის ბაზაზე შესაძლებელი იყო სასტუმროს, კომერციული თუ საზოგადოებრივი ცენტრის ინტეგრირება.
ვინაიდან ერთ-ერთი დოქი თავიდანვე საგამოფენო სივრცისთვის იყო განკუთვნილი, არსებობდა იდეა, რომ ნაგებობა ქცეულიყო მულტიფუნქციურ კულტურულ ჰაბად, სადაც მოეწყობოდა საერთაშორისო გამოფენები, ბიენალეები და სახელოვნებო პერფორმანსები.
განიხილებოდა შენობის გარდაქმნა ინოვაციების, სტარტაპებისა და ციფრული ტექნოლოგიების სივრცედ (მსგავსად Silicon Valley-ს ტიპის ჰაბებისა), რაც ახალგაზრდებისთვის მიზიდულობის ცენტრი გახდებოდა.
თავად Studio Fuksas ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ცდილობდა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებას. ისინი სთავაზობდნენ უფასო კონსულტაციებსა და ერთობლივ მუშაობას, რათა შენობის დემონტაჟის გარეშე მოეძებნათ ახალი ფუნქცია, თუმცა მათ წინადადებებს პასუხი არ მოჰყოლია
და ბოლოს!
საერთაშორისო ურბანული სტანდარტებით, დემონტაჟი არის ეკოლოგიური და ეკონომიკური დანაშაული, რადგან:
– შენობის აშენებაზე უკვე დაიხარჯა უზარმაზარი რესურსი (დაახლოებით 75 მილიონი ლარი).
– დემონტაჟი თავად მოითხოვს დიდ ფინანსურ ხარჯებს და აბინძურებს გარემოს.
– იკარგება უნიკალური არქიტექტურული ფორმა, რომლის ანალოგის შექმნაც მომავალში შეუძლებელი იქნება.
ტენდენცია გვიჩვენებს, რომ განვითარებული ქალაქები ყოველთვის ირჩევენ ადაპტაციასა და რეკონსტრუქციას, რადგან ნებისმიერი რთული არქიტექტურული ფორმის მქონე შენობის მორგება ახალ ფუნქციაზე (თუნდაც სასტუმროზე) თანამედროვე ინჟინერიისთვის სრულიად გადაჭრადი ამოცანაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში, დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი – ასეთი გზავნილები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოს