ექიმი გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა:
დადასტურდა აგენტ-პროვოკატორის ამბავი.
ისტორია ასეთია – ლიცენზირებულ ნევროლოგს მიუგზავნეს პაციენტად უწყების თანამშრომელი და დაიჭირეს გაბაპენტინის გამოწერაზე! ნევროლოგი… გაბაპენტინზე… ბოროტი სისულელე ქვია ამ ისტორიას, სხვა ეპითეტი არ მაფიქრდება.
ამ ამბავს სერიოზული დისკუსია უნდა მოყვეს სხვადასხვა მიმართულებით, ჩემი აზრით.
1. ტკივილის მართვა.
ქვეყანაში ძალიან ცუდი სიტუაციაა ამ კუთხით და ეს სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება. სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლის ეგიდით, ჩვენი ბებიები და ბაბუები არიან დარჩენილი პრეგაბალინის და სხვა მსგავსი წამლების გარეშე ან თუ ყიდულობენ – ძალიან მაღალ ფასში. მაღალი ფასი გამოიწვია ბაზარში მთავრობის უხეშმა ჩარევამ, ეკონომისტი არ გჭირდებათ ამისთვის, უბანში შეგიძლიათ გახვიდეთ და “ლირიკის” ფასების დინამიკას ზუსტად მოგახსენებენ ბიჭები.
2. ნარკოპოლიტიკა.
ეს ამბავი ხდება იმის გამო, რომ მთავრობა “დაკავდა” ნარკოპოლიტიკით. რა გამოიწვია ამან, ვხედავთ. ამ დარგში მომუშავე კოლეგები გვაფრთხილებენ, რომ სიტუაცია ამ დინამიკით უარესი გახდება მხოლოდ. ნარკოპოლიტიკა უნდა გადაიხედოს. რაც არის – საშინლად მუშაობს. მომხმარებელი მაინც არ მცირდება და მსგავსი “კოლატერალური ზიანი” კი იმატებს.
3. ექიმების შემოწმების მექანიზმის შემუშავება.
კამერამიმაგრებული აგენტით ექიმის შემოწმება არის ისეთი უკიდურესი აუცილებლობა, რო რავი, ერთ ტონა კოკაინს თუ არ ამოიღებენ შემოწმების შედეგად ან იმას, რასაც თავისი ჩინოვნიკების სახლიდან იღებენ, ისე ეს დაუშვებელია. რატომ? იმიტომ, რომ გამოიწვევს ექიმების გადასვლას თავდაცვით რეჟიმში, რაშიც დღეს ისედაც არიან მოწყვლადი ექიმები. თავდაცვის რეჟიმში მყოფი ექიმი კი პაციენტის დახმარების ნაცვლად იმაზე ფიქრობს რომ რამე შარში არ გაეხვეს. ამ მიდგომით პაციენტის დახმარება შეუძლებელია.




