თვითმფრინავით მოსკოვში, მატარებლით და პირველად კიევში – რას მიაღწიეს ტრამპის წარმომადგენლებმა?

პირველი ჩასვლა კიევში – მატარებლით„როგორც ვხვდები, სტივს მოეწონა ჩვენი მატარებელი“, – ღიმილით გახედა 6 სექტემბრის პრესკონფერენციაზე შესავალი განცხადების დასრულებისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფს, რომელიც მოსკოვში არაერთჯერადი ვიზიტების შემდეგ ჯარედ კუშნერთან ერთად პირველად ჩავიდა კიევში. უიტკოფმა საჭიროდ ჩათვალა, თავისი გამოსვლის დასაწყისშივე გაესვა ხაზი იმისთვის, რომ კიევში მატარებლით ჩასვლა არათუ არ მოეწონა, არამედ მისთვის და ჯარედ კუშნერისთვის ეს ძალიან სასიამოვნო გამოცდილებაც კი იყო:„მინდა, არ დავეთანხმო ერთ რამეს, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა – რომ მატარებელი არ მომეწონა. მე ძალიან მომეწონა მატარებელი, პრეზიდენტო ზელენსკი. შესანიშნავი დრო გავატარე. მომაგონდა დრო, როცა ბებიის სანახავად მატარებლით ჩავდიოდი ფლორიდაში და ეს შესანიშნავი დრო იყო. მე და ჯარედმა შესანიშნავი დრო გავატარეთ“.
უიტკოვი და კუშნერი კიევის ვაგზალზე. 6 სექტემბერი, 2026
მოსკოვიდან პოლონეთის გავლით კიევში მატარებლით ჩასვლა ამერიკელ მომლაპარაკებლებს იმიტომ მოუწიათ, რომ კრემლმა 5-6 სექტემბრის ღამითაც გააგრძელა უკრაინის, მათ შორის კიევის ოლქის დაბომბვა. დარტყმები არ ყოფილა საკუთრივ კიევზე, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის აეროპორტებიც მომზადებული იყო აშშ-ის წარმომადგენლების რეისის მისაღებად, რასაც ხელი შეუშალა რუსეთის საჰაერო დარტყმებმა, მათ შორის – კიევთან მდებარე აეროპორტების სიახლოვეს, რის გამოც უიტკოფისა და კუშნერის თვითმფრინავით ჩასვლა გამოირიცხა. Kyiv Independent-ი, თავის წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ უიტკოფს კარგა ხანია დიდად არ მიუწევდა გული კიევში მატარებლით ჩასვლისკენ.კიევის რკინიგზის სადგურში პრეზიდენტ ტრამპის სპეცწარგზავნილებს დახვდნენ კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე სერჰი კისლიცია, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი რუსტემ უმეროვი და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავიდ არახამია.იგივე შემადგენლობამ მოგვიანებით პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად მონაწილეობა მიიღო მოლაპარაკებებში, რომელზეც დავიდ არახამია წარწერიანი მაისურით მივიდა, რომლის სტუმრებისთვის საჩვენებლად საგანგებოდ პიჯაკიც გადაიწია. „Київський режим” – ეწერა არახამიას მაისურზე – ასე უკრაინის ხელისუფლებას კრემლი მოიხსენიებს.
რუსტემ უმეროვი და დავიდ არახამია სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან შეხვედრაზე, 2026 წლის 6 სექტემბერი, კიევი
კიდევ ერთი გადაკრული საუბრის ეპიზოდი პრეზიდენტ ზელენსკის მიერ უიტკოფის “პეტრიოტის” სისტემებთან შედარებას უკავშირდებოდა:“დღეს თქვენ უკეთესად იმუშავეთ ჩვენს დედაქალაქში მყოფი მოქალაქეებისთვის, ვიდრე “პეტრიოტის” სისტემებმა. გმადლობთ. თუ შეიძლება, უფრო ხშირად ჩამოდით ხოლმე და ჩვენ – ჩვენს ხალხს მეტხანს სიცოცხლის შესაძლებლობა მიეცემა”.კიევში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერთა მრჩევლები უსაფრთხოების საკითხებში.მოსკოვში – თვითმფრინავითერთი დღით ადრე, 5 სექტემბერს სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად თვითმფრინავით ჩაფრინდნენ. პუტინმა სტუმრებს პრეზიდენტ ტრამპისთვის „საუკეთესო სურვილებისა და მადლიერების სიტყვების“ გადაცემა სთხოვა და განუცხადა, რომ მათ მიმართ მაღალი ნდობით არის გამსჭვალული:
უიტკოფი (მარჯვნივ) დიმიტრევი და კუშნერი მოსკოვის აეროპორტში. 5 სექტემბერი, 2026
„ვიცი, რომ მოსკოვის შემდეგ აპირებთ კიევში ჩასვლას. ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შემდგომში იქ რაც არ უნდა მოხდეს, მსგავსი კონტაქტები, უდაოდ, ყოველთვის სასარგებლოა. აქ კი, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია შუამავლობის ხარისხი, ნდობა იმათ მიმართ, ვინც ამით არის დაკავებული. მსურს გითხრათ, რომ ჩვენთვის თქვენთან მუშაობა კომფორტულია და უდაოდ, ამ საქმიანობისას ჩვენი მხრიდან საკმაოდ მაღალია ნდობის ხარისხი“.უიტკოფმა კი პუტინს უთხრა, რომ მისთვის და კუშნერისთვის, პენსიაზე გასვლის შემდეგ, “საუკეთესო და ყველაზე დასამახსოვრებელ” მოგონებათა შორის პუტინთან ურთიერთბა იქნება. მან რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სამდღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისთვის:“ბატონო პრეზიდენტო, მსურს მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენ, რუსეთის ფედერაცია დათანხმდით ამ სამი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას, რომ არც კიევსა და არც მოსკოვზე არ იქნება არანაირი დარტყმები იმისთვის, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვქონოდა ამ სამი დღის განმავლობაში უსაფრთხო რეჟიმში ჩამოვფრენილიყავით”.რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი უფრო „ფართო ცეცხლის შეწყვეტას“ ითხოვდა, რასაც მოსკოვი არ დათანხმდა:„ეს თხოვნა მივიღეთ ოფიციალური არხებით – სპეცსამსახურების, საგარეო საქმეთა სამინისტროს არხებით, რომ კიევზე დარტყმები შეგვეჩერებინა. მე გავეცი შესაბამისი ბრძანება და ამ დღეღამის ნოლი საათიდან ეს დარტყმები კიევზე არ განხორციელებულა.მსურს აღვნიშნო, რომ უკრაინის მხარემაც მნიშვნელოვნად შეამცირა დარტყმების რაოდენობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მათ შორის მოსკოვზეც.უკრაინის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა თავისი მოწოდება ამ სამი დღის განმავლობაში უფრო ფართო ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ჩვენ ამის თაობაზე მათთან არასდროს შევთანხმებულვართ. თუმცა, გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული იმისათვის, რომ მოლაპარაკებების პროცესის, თქვენი სახით შუამავლებისა და ალბათ, თქვენი თანმხლები პირების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ“.
მოსკოვში გამართული შეხვედრა, რომელსაც პრეზიდენტ პუტინის გარდა ესწრებოდნენ: მისი თანაშემწე იური უშაკოვი და საზღვარგარეთის ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი კირილ დმიტრიევი, ხანგრძლივი აღმოჩნდა.შეხვედრის შემდეგ იური უშაკოვმა განაცხადა:„საუბარი სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, უფრო ზუსტად კი – სამ საათსა და ათ წუთს. ის იყო ძალიან შინაარსიანი, კონსტრუქციული, ძალიან გულწრფელი და კონფიდენციური. საუბარი უკიდურესად სერიოზულ საკითხებზე გაგრძელდა როგორც სამუშაო, ისე არაფორმალურ გარემოში – სადილის სუფრასთან.გამართული მსჯელობის არსზე თუ ვიტყვით, რუსეთის მხრიდან მკაფიოდ და ამომწურავად შეფასდა სიტუაციები, რომლებიც სპეციალური სამხედრო ოპერაციისას იქმნება. კერძოდ, აღინიშნა რუსეთის არმიის რეალური წარმატებები საბრძოლო მოქმედებების ზონაში წინსვლაში, გამოითქვა დასახული მიზნების მიღწევისადმი რწმენა და რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა კონფლიქტის ყველა წინაპირობის აღმოფხვრის აუცილებლობას….აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკელებმა გაითვალისწინეს ერთი მომენტი, რომელსაც ჩვენმა პრეზიდენტმა საგანგებოდ მიაპყრო მათი ყურადღება, კერძოდ ის, რომ კიევის რეჟიმი უკვე აღარ მალავს თავის არსს, როცა ის ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაცისტი დამნაშავის ხელახლა დაკრძალვას შეუდგა.გამართული მოლაპარაკებები არ შემოფარგლულა უკრაინის კრიზისის მოგვარებაზე მოსაზრებების გაცვლით, არამედ საკმაოდ დეტალურად იყო განხილული ეკონომიკური თემატიკა და შესაძლო მსხვილი ურთიერთმომგებიანი რუსულ-ამერიკული პროექტები“.კიევში, მედიის პირისპირ6 სექტემბერს, კიევში სხვადასხვა ფორმატის სამი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტ ტრამპის სიძემ და სპეცწარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა შეკითხვას – თუკი არც ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებს მოჰყვება პუტინის პოზიციის ცვლილება და გარღვევა მშვიდობის მიღწევის კუთხით, აპირებს თუ არა აშშ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას – უპასუხა პრეზიდენტ ტრამპის მიდგომის ასეთი განმარტებით:„ჩვენ ახლა გერმანიის [იგულისხმა დარბაზში მყოფი გერმანიის კანცლერის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში – რთ], აშშ-ის ყოფილი მტრის წინ ვსხედვართ. მსოფლიოში არ არსებობს მუდმივი მტრებისა და მუდმივი მეგობრების გაგება. ჩვენ უპირატეს პრინციპად უნდა ავიღოთ – რა შეიძლება იყოს საუკეთესო გამოსავალი, რომელიც ყველასთვის მომგებიანი იქნება.იცით, რომ პრეზიდენტი ტრამპი ბიზნესსამყაროდან მოდის, სადაც საკითხებზე მსჯელობენ ურთიერთმომგებიანობის კონტექსტში – როგორ შექმნან შესაძლებლობები ორივე მხარისთვის. ომს უარყოფითი ანგარიში აქვს – ომისგან ყველა აგებს, როცა არანაირი ბიზნესი არ არის. მშვიდობას დადებითი ანგარიში აქვთ, საიდანაც, პოტენციურად, დიდი, მასშტაბური სარგებელი შეიძლება მიიღო. როლში, რომელსაც სტივი და მე ვასრულებთ – ჩვენ ვართ ნაწილი აშშ-ის მთავრობის გუნდისა, რომელსაც ხელმძღვანელობენ პრეზიდენტი ტრამპი, ვიცეპრეზიდენი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ცხადია ამ გუნდში არიან თავდაცვის მინისტრი ჰეგსეთი, სამხედრო და სადაზვერვო ჯგუფები.ჩვენი როლია ვისწრაფვოდეთ მშვიდობისკენ. უფრო იოლი იქნებოდა ეს დიდი ხნის წინ რომ გაკეთებულიყო, თუმცა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიო მისია და ამას გავაკეთებთ ყველა გზით, რაც გაგვაჩნია. პრეზიდენტ ტრამპს, ცხადია, ამის გაკეთება შეუძლია სხვადასხვა გზით, თუმცა ის ფოკუსირებულია აშშ-ის საუკეთესო ინტერესებზე და იმაზე, რაც მოემსახურებოდა ყველაზე კარგად ამ ინტერესებს“.
მარცხნიდან: კუშნერი, უიტკოფი და ზელენსკი კიევში გამართულ პრეკონფერენციაზე. 6 სექტემბერი, 2026
უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრო გორდონმა სტივ უიტკოფს მიმართა:”თქვენ ძალიან ბევრჯერ შეხვედრიხართ პრეზიდენტ პუტინს. არ გეჩვენებათ, რომ პუტინი თქვენ გასულელებთ? არ ფიქრობთ, რომ პუტინს, რუსებსა და რუსეთს კარგად ესმით მხოლოდ ერთი ენა – ძალის ენა? დასასრულ, არ გეზიზღებათ საერთაშორისო სამხედრო დამნაშავესთან, უკრაინელი ხალხის მკვლელთან, უკრაინის ტრაგედიაზე პერსონალური პასუხისმგებლობის მქონე პირთან ერთ მაგიდასთან ჯდომა?”სტივ უიტკოფის პასუხი:”მე დაახლოებით რვაჯერ ჩავედი მოსკოვში პრეზიდენტ პუტინსა და მის გუნდთან შესახვედრად. მე და ჯარედი მინიმუმ სამჯერ ვიყავით იქ ერთად. პრეზიდენტი პუტინი და მისი გუნდი ყოველთვის პატივისცემით გვეპყრობიან.ასეთი კონფლიქტების გადაწყვეტაში ურთიერთობებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუკი არ გაგაჩნია ურთიერთობა ორივე მხარესთან და გაქვს ცუდი კომუნიკაცია, ალბათ, მშვიდობიანი გზით მოგვარების ძალიან მცირე შანსი გაქვს.ჩვენ ჯერ ჩავედით პრეზიდენტ პუტინთან, რომ მოგვესმინა მისი პოზიციის შესახებ. გვქონდა კარგი, კონკრეტული საუბარი მასთან, რაზეც პრეზიდენტ ზელენსკისა და მის გუნდთან ვისაუბრეთ. ორივე მხარე უნდა მივიდეს გადაწყვეტასთან. ჩემი და ჯარედის საქმე არის მხარეების შეკრება, საკითხების დაახლოება, საკომუნიკაციო არხების შექმნა და იმედია, ეს პროცესი კონსტრუქციულად დავიწყეთ ბოლო 48 საათის განმავლობაში. დარწმუნებულები ვართ, რომ კარგი გადაწყვეტა იქნება”.ზელენსკი მოლაპარაკებების შედეგებზეუკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ჩანს, ომი ამ ზამთარსაც გაგრძელდება და ასეთ შემთხვევაში, უკრაინას დასჭირდება მრავალმხრივი დახმარება დასავლელი პარტნიორებისგან:“დიდ იმედს ვამყარებთ ასეთ მხარდაჭერაზე – როგორც საჰაერო თავდაცვის, ისე ენერგოსექტორის მიმართულებით. იცით, რომ ამერიკიდან დიდი მოცულობის თხევადი ბუნებრივი აირის მიღებისა და გამოყენების იმედი გვაქვს”.პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ტერიტორიების საკითხის აქტუალურობას:“მე კვლავაც მიმაჩნია, რომ ასეთი კომპლექსური საკითხები მხოლოდ ლიდერების დონეზე შეიძლება გადაწყდეს”.უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “დონბასის საკითხი, მხოლოდ დონბასის საკითხი არ არის – ანუ, იქ წყდება არაერთი გეოპოლიტიკური საკითხი”.ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისა და ომის შემდგომ უკრაინის აღდგენის მნიშვნელობა, როცა უსაფრთხოების გარანტიების პარალელურად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ეკონომიკურ გარანტიებს.სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის უმთავრესად მიიჩნევს უკრაინის არმიის ძლიერებას:“ჩვენი არმია უნდა იყოს ძლიერი და ეს არის ჩვენთვის უსაფრთხოების მთავარი გარანტია”.გარანტიების ზოგადი შეფასებისას კი, ზელენსკი აცხადებს, რომ ისინი უნდა მოემსახურონ იმას, რომ “ომი აღარ განახლდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა გვეშინოდეს მომავალი გამოწვევების”.
“აქსიოსის” ინფორმაციით, მოსკოვში ვიზიტისას უიტკოფსა და კუშნერს ახლდა სტივ ლანგე, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის სანქციების განყოფილების ხელმძღვანელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პუტინის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან მოსამზადებელ შეხვედრაში, თუმცა არ დასწრებია ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას.უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩები მოლაპარაკებების შედეგებზე5-6 სექტემბერს მოსკოვსა და კიევში გამართულ მოლაპარაკებებზე რადიო რადიო თავისუფლება გაესაუბრა უკრაინაში აშშ-ის სამ ყოფილ ელჩს.უილიამ ტეილორი უმცროსი, რომელიც უკრაინაში ელჩად ორი ვადით მსახურობდა, ამბობს, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლების კიევში ვიზიტი „კარგი ამბავია“, თუმცა, დიპლომატიის მთავარი გამოცდის ადგილი კიევში არ არის:„დიპლომატიის პრობლემა რეალურად კიევში არ წყდება. დიპლომატიის პრობლემა სინამდვილეში არც ვაშინგტონშია. დიპლომატიის რეალური გამოცდის ადგილი მოსკოვია“.მსგავს შეფასებას გამოთქვამს ტეილორის წინამორბედი უკრაინაში, ჯონ ჰერბსტი, რომელიც ელჩად ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობისას მსახურობდა. ის ამბობს, რომ აშშ-ის დიპლომატიური ინიციატივა ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვნად იმიტომ ფასდება, რომ იანვრის შემდეგ ძალიან ცოტა რამ გაკეთდა:„საკითხავი ისაა – რამე სერიოზული თუ ხდება? პასუხი კი არის: არ ვიცით“.ეს გაურკვევლობა, სავარაუდოდ, თან სდევს დიპლომატიის მომდევნო ფაზასაც.ამერიკის ჩართულობის განახლებას მიესალმება ჯეფრი პაიეტიც, რომელიც უკრაინაში ელჩი იყო 2013-2016 წლებში და ისიც აღნიშნავს, რომ მშვიდობის მიღწევის ფუნდამენტურ წინაღობად რჩება რუსეთის ნება.არარსებული მშვიდობაგასულ შაბათ-კვირას სტივ უიტკოფის ყველაზე დამაინტრიგებელი განცხადება მოსკოვში მოსმენილ „ახალ იდეებს“ უკავშირდება. არც მას და არც კუშნერს არ განუმარტავთ, რა იდეებს გულისხმობდნენ.უილიამ ტეილორის აზრით, მთავარი ნიშანი კონკრეტული სამხედრო დეესკალაცია იქნებოდა.რთე/რთ-ს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ვაშინგტონი კვლავაც მზად არის და ოპტიმისტურად განიხილავს მოსკოვისა და კიევის მონაწილეობით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვის შესაძლებლობას. იგივე წყარო აცხადებს, რომ, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმამდე, ადმინისტრაცია შეაფასებს სპეცწარგზავნილთა მიერ გამართულ შეხვედრებს, მომდევნო კვირებში კი შემუშავდება უფრო დეტალური გზამკვლევი. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აგრეთვე განაცხადა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მომავალი სესია შესაძლოა იქცეს სასარგებლო გარემოდ პროცესის გასაგრძელებლად.ტერიტორიები და უსაფრთხოება რჩება უმნიშვნელოვანეს საკითხებადკუშნერის მიერ ნახსენები უფრო ფართო „სამშვიდობო პაკეტი“ ბადებს კითხვას, რას შეიძლება ის მოიცავდეს. ყოფილი ელჩების ვარაუდები ორ ფუნდამენტურ საკითხთან იყრის თავს. ესენია: ტერიტორიები და უკრაინის მომავალი უსაფრთხოება.უილიამ ტეილორს მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის დაახლოებით 19 პროცენტის დე ფაქტო კონტროლის გათვალისწინებით, შესაძლებელია რუსეთი წასულიყო კომპრომისზე და აღარ მოეთხოვა ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში ცნობა. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ არაფერი მიანიშნებს, პუტინი ასეთ კომპრომისზე დათანხმებისთვის იყოს მზად.ჯონ ჰერბსტი კი ამბობს, რომ რუსეთის მიზნები ტერიტორიების საკითხს სცდება და კრემლს სურს როგორც უკრაინის ტერიტორიის, ისე მისი პოლიტიკური მიმართულების გაკონტროლება – ორივე ეს მიზანი უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შეუსაბამოა.ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობასაბრძოლო მოქმედებების შეჩერებასა და ომის მოგვარებას შორის სხვაობის გამოკვეთა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ტეილორის თქმით, გრძელვადიანი მოგვარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა: ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში.ჰერბსტის შეფასებით, დაპირისპირების არსებულ ხაზებზე ცეცხლის შეწყვეტას უნდა ახლდეს უსაფრთხოების გარანტიები და უკრაინის აღმშენებლობის ძალისხმევა, რომ უკრაინას თავდაცვის ეკონომიკურ და სამხედრო უნარები ჰქონდეს. შესაძლოა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა უფრო მნიშვნელოვანიც კი იყოს, ვიდრე ტერიტორიების საკითხის განსაზღვრა. კიევს არაერთხელ განუცხადებია, რომ უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს იმდენად ძლიერი, რომ მან შეძლოს შეთანხმების შემდეგ რუსეთის თავდასხმის შეკავება.ტეილორმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ უსაფრთხოების გარანტიებს უფრო სარწმუნოდ წარმოაჩენდა ევროპის ჯარების უკრაინაში განთავსება „მსურველთა კოალიციის“ სახელმწიფოების ეგიდით, რომლებსაც მხარს დაუჭერდა აშშ – საჰაერო ძალებით, დაზვერვითა და სხვა საშუალებებით. უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებად კი ის ასახელებს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის შეკავების ეფექტიანი შესაძლებლობების გარეშე, უკრაინისთვის ნიშნავს პაუზას მორიგ ომამდე. დასავლეთის მიერ კიევის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფა არის ის, რასაც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება რუსეთი.

ასევე დაგაინტერესებთ