ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი:
რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული ქალი და რატომ არ უთითებს ამას შსს? მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე, ეს ბუნებრივად აჩენს ეჭვებსა და კითხვებს.
რამდენი ხანია, რაც დაური და ეს ქალი მეგობრობდნენ? იციან თუ არა დაურის სხვა ახლო მეგობრებმა მის შესახებ რამე?
შსს-ს განცხადებით, ნარკოტიკის მოხმარების შემდეგ „ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა“. თუმცა, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ქალმა შეძლო ბინის დატოვება, კარის გასაღებით ჩაკეტვა და შემთხვევის ადგილიდან წასვლა, მისი მდგომარეობა იმ მომენტში ბუავასთან შედარებით აშკარად ნაკლებად მძიმე (ქმედითუნარიანი) ხომ იყო?
რატომ ჩაკეტა კარი გარედან? კარის გარედან ჩაკეტვით მან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ხომ გადარჩენის უკანასკნელი შანსიც მოუსპო, თუნდაც ფორთხვით გამოსვლის, ყვირილის ან მეზობლების მიერ კარის გაღების გზით?
თუ ქალს ეშინოდა, რომ სასწრაფო დახმარებას პოლიციაც მოჰყვებოდა, საკმარისი ხომ ისიც იყო, რომ ბინა უბრალოდ დაეტოვებინა და კარი მიეხურა? მეორე გასაღებით კარის ჩაკეტვა პირდაპირ მიზანმიმართულ ქმედებაზე ხომ არ მიუთითებს?
თუ ქალი იმდენად ადეკვატური იყო, რომ მოძებნა/გამოიყენა მეორე გასაღები და კარი გარედან ჩაკეტა, გაურკვეველია, რატომ ვერ იაზრებდა ამ ქმედების სასიკვდილო შედეგს?
ამ გარემოების გათვალისწინებით, ხომ არ სცდება ეს ქმედება „განსაცდელში მიტოვებას“ და ხომ არ იკვეთება ბევრად უფრო მძიმე დანაშაულის ნიშნები?
დაურ ბუავა იყო პირი, რომელსაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში „სახელმწიფოს ღალატის“ ბრალდება ჰქონდა წაყენებული. მან საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით (ეჭვგარეშეა, სუს-ის თანხმობით) მიიღო და მის გადაადგილებას (როგორც ჩემი წყაროები აღნიშნავენ) სუს-ი აქტიურად აკონტროლებდა. ჩემი მეგობრები, რომელთა მონათხრობშიც ეჭვს ვერ შევიტან, ამას პირადად მიდასტურებენ.
თუ დაური ასეთი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, 4 დღის განმავლობაში, როცა ის გაუჩინარებული იყო და კონტაქტზე არ გამოდიოდა, სუს-ი სად იყო? რატომ არ განახორციელეს ოპერატიული რეაგირება? დაკარგეს თუ არა დაკვირვების ობიექტი მხედველობიდან, თუ ადგილი ჰქონდა შეგნებულ, განზრახ უმოქმედობას ან თანამონაწილეობასაც კი?




