კახა კოჟორიძე: პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული სისტემას უბრუნდება

„წიხლებით გამიგდო ხუთმა პოლიციელმა. ადვოკატს წიხლებით ურტყამდნენ, ასეთი რამ სად გაგონილა! ესენი პოლიციელები არიან თუ კრიმინალები?“ – ამბობს ადვოკატი ია სირანაშვილი. ის ამბობს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის სახლში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ თუ სიტყვიერ ძალადობაზე საუბრობენ მოქალაქეები.

რატომ გადაიქცნენ პოლიციელები მოძალადეებად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ადვოკატ კახა კოჟორიძეს ესაუბრა.

  • ბატონო კახა, თქვენი შეფასებით, რამ განაპირობა ის, რომ დღეს მოქალაქეებისთვის პოლიცია არა ადამიანის უფლებების, კანონის დამცველია, არამედ მოძალადე, რომლისგან ელიან საფრთხეს?

სამწუხარო ის არის, რომ პოლიციაში რა პრობლემებიც არსებობდა, ის რჩება სისტემურ პრობლემებად.

მახსოვს, ხელისუფლება რომ შეიცვალა 2012 წელს, მაშინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ვიყავი და მალევე, დეკემბერში ამირჩიეს თავმჯდომარედ. არაერთი განცხადება მაქვს გაკეთებული იმ პერიოდში მსგავსი ფაქტების გამო, როცა პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევები იყო მოქალაქეებზე.

მთავარი მიზეზი, რის გამოც 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა, იყო ძალადობრივი სისტემა და ახლაც იგივე ფაქტებს აქვს ადგილი.

ბუნებრივია, ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც ჩვენ იგივე საქმეს ვაგრძელებდით და მსგავს შემთხვევებზე როცა ვსაუბრობდით, არსებული ხელისუფლება არ იღებდა ამ კრიტიკას. ჩვენ ვამბობდით, რომ კრიტიკის მიზანი იყო არა ახალი პოლიტიკური ძალა დისკრედიტაცია, არამედ „მოყვარეს პირში უძრახეს“ პრინციპი, რომ დაენახათ ეს სისტემური პრობლემები და ჰქონოდათ სწორი მიდგომა, რადგან თუ ზედა რგოლებიდან არ იქნებოდა სწორი გზავნილები, ისე არაფერი შეიცვლებოდა ქვედა რგოლებშიც.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გაცხადებულ პოლიტიკურ დონეზე ჰქონდათ ცვლილებების სურვილი, მოქალაქეები მაინც საუბრობდნენ ძალადობის ფაქტებზე.

ბოლოს მოვედით იმ ფაქტებამდე, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, რაც მოვისმინეთ თუნდაც ადვოკატის მხრიდან, რომ მასზე იძალადეს და ასე შემდეგ.

ამ ძალადობების მიზეზი, ვფიქრობ არის დაუსჯელობის განცდა. ადამიანების საუბრობენ მათზე ძალადობის შემთხვევებზე, მაგრამ ამ ფაქტებზე არ იწყება გამოძიება დამნაშავის გამოსავლენად.

პოლიციის შენობაში არის ვიდეოთვალები და ფაქტების დადასტურება შეუძლიათ. არიან მოწმეებიც. არ გამოძიება არის პოლიციელისთვის გზავნილი – „სისტემა არის თქვენ მხარეს“.

გახსოვთ, ალბათ, გორში მოქალაქის ცემის კადრები რომ გავრცელდა. ამ შემთხვევაშიც თანამდებობის პირები იმაზე კი არ წუხდნენ, რომ ძალადობა მოხდა, არამედ იმაზე, ამ კადრებს ჩვენი დისკრედიტაციისთვის გამოიყენებენო.

მთავარი საწუხარი უნდა იყოს ის, რომ ასეთი რამ ხდება პოლიციაში.

  • თქვენი შეფასებით, სისტემა მათ მხარესაა და აქვთ დაუსჯელობის განცდა. მაგრამ თავად ამ პოლიციელებს რა აიძულებთ, რომ ადამიანი დახურულ კარს მიღმა სცემონ, ურტყან ფეხები და შეურაცხყოფა მიაყენონ. ესეც ბრძანებაა?

ეს უფრო ფსიქოლოგიური ამბავია და მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. ზოგიერთი პოლიციელი შეიძლება მოიქცეს ასე, ვიღაც ასე არ მოიქცევა.

მე ისეთი პოლიციელებიც ვიცი, რომლებსაც არავინ უცემიათ და ეს ადამიანებიც იმ სისტემაში მუშაობენ. აღზრდის ბრალიც არის ალბათ და ბევრი სხვა ფაქტორიც შეიძლება მუშაობდეს.

  • იქნებ პოლიტიკაა ასეთი, რომ დააშინონ დაკავებული, ზეგავლენა მოახდინონ ამ ფორმით მასზე?

არ ვიცი ასეთი ბრძანება არსებობს თუ არა, მაგრამ ჩემი, როგორც ერთი იურისტის განცდა ასეთია, რომ აქციებზე დაკავებული ადამიანების მიმართ ჰქონდათ მწვანე ანთებული. იძალადეს მათზე და შემდეგ არც გამოიძიეს ეს ფაქტები.

ათეულობით ასეთი შემთხვევა იყო, თუმცა რაღაც ერთ საქმეზე მისცეს ვიღაც პასუხისგებაში და ისიც – საჩვენებლად.

სისტემური დანაშაულის გამოსაჩენად ზოგჯერ ერთი ფაქტიც კი საკმარისია, როცა ცალსახად დანაშაულზეა საუბარი და ამაზე სისტემა არ რეაგირებს. რიგითი გამომძიებელი იმ შემთხვევაში არის დაინტერესებული, თუ ეტყვიან -„გამოიძიე“, მაგრამ თუ ზემდგომი პირისგან მოდის მესიჯი – „არ გამოიძიო“, არ გამოიძიებს.

ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, რომ რიგითი გამომძიებელი სისტემას აღუდგეს წინ. ასე არ ხდება, სამწუხაროდ.

სამართალდამცავ ორგანოებს თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში საზოგადოება რომ დაეხმაროს, მაგალითად, მიაწოდოს ინფორმაცია სავარაუდო დამნაშავეების შესახებ, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა ამ უწყებების მიმართ. ეს ქრესტომათიული ჭეშმარიტებაა და კვლევები არსებობს, რომ სამართალდამცავი ორგანოების გამართული მუშაობის ერთ-ერთი მთავარი საწინდარი არის ის, რომ ენდობოდეს საზოგადოება.

თუ მოქალაქე ხედავს, რომ პოლიციელის მხრიდან ჩადენილი დანაშაული დაუსჯელია, ის უსამართლოდ მიიჩნევს სისტემას, პოლიციელს მიიჩნევს უსამართლოდ და ნორმალურ ადამიანს აღარ სურს უსამართლო სისტემასთან თანამშრომლობა.

საზოგადოებრივი თანამშრომლობის გარეშე კი სისტემა ეფექტური ვერ იქნება.

  • სააკაშვილის ხელისუფლება ბევრს მუშაობდა იმაზე, რომ მაგალითად პატრულის მიმართ ნდობა ყოფილიყო მაღალი და არაერთი ადამიანისგან მსმენია კიდეც, რომ მაშინ ბევრად დაცულად გრძნობდნენ ისინი თავს, ვიდე დღეს, თუნდაც ქუჩაში. თუ დღეს, მოქალაქეს პატრულის ეშინია და საფრთხეს უფრო ხედავს მისგან, ვიდრე კანონის დამცველს. ეს რას ნიშნავს?

მე არ ვფიქრობ, რომ ვინც ამ სისტემაში მუშაობს, ყველა კრიმინალია და ყველა ცუდად იქცევა.

ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი მუშაობს ამ სისტემაში. მაგრამ ასმა პოლიციელმა რომ თავისი საქმე კარგად გააკეთოს, შეიძლება ორი არასწორად მოიქცეს და ეს გახდება განსჯის საგანი.

თუ რომელიმე პოლიციელი თავის საქმეს კარგად აკეთებს, ეს ასეც უნდა იყოს, რადგან მათი პროფესიული ვალდებულებაა, მაგრამ მეორე მხრივ, თუ რომელიმე პოლიციელი მოქალაქეს სცემს, ფეხებს ურტყამს და ისინი ამას დამალავენ, იმ ასი პოლიციელის კარგად გაკეთებული საქმეც აღარ გამოჩნდება.

თუ პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულები არ იქნება გამოძიებული, საზოგადოების ნდობა ვერ ექნებათ. პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაულის არგამოძიება არის პრობლემა.

საიაში მუშაობის დროს, ჩემი ინიციატივით ჩავატარეთ კვლევა და გვინდოდა შემოგვეღო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც არ იქნებოდა პროკურატურის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან კონტროლირებადი და პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებდა.

ამაზე ვიმუშავეთ სახალხო დამცველთან ერთად და საბოლოოდ მივაღწიეთ იმას, რომ ხელისუფლებამ რაღაცები გაიაზრა, გადადგა ნაბიჯები და მიიღეს კიდეც კანონი დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნაზე. სამწუხაროდ, ეს კარგი ინიციატივაც აღმოჩნდა მკვდრადშობილი იმ კუთხით, რომ ისევ ხელისუფლება აკონტროლებს ამ უწყებას.

  • როგორც ვიცით, პროკურატურას დაუქვემდებარეს ეს უწყება, არა?

დიახ. ამ ორგანომ ვერ მიიღო ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ. იმიტომ კი არა, რომ კანონი ვერ დაწერეს, არა, პოლიტიკური ნება არ არსებობდა, რომ ასეთი ტიპის საქმეები ყოფილიყო დამოუკიდებლად, პროფესიულად გამოძიებული.

  • საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების სასამართლო პროცესებზე ბევრი პოლიციელი ვნახეთ, რომლებიც ცრუ ჩვენებებს იძლეოდნენ. ასევე, ხშირი იყო დაკავებები „პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობის“ მუხლით და აქაც, როგორც მოქალაქეები და მათი ადვოკატები აცხადებდნენ, ცრუ ჩვენებების საფუძველზე ხდებოდა მათი დაკავება. ეს არის მიზეზი, რომ პოლიციელი დღეს ცრუმოწმესთან ან პოტენციურ მოძალადესთან არის გაიგივებული?

რასაკვირველია. ცრუ მოწმეებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ნამდვილად. მე, პირადად, ვიყავი არაერთ საქმეზე ადვოკატი, სადაც პოლიციელები ცალსახად ცრუ ჩვენებას აძლევდნენ, ცალსახად დანაშაულს ჩადიოდნენ და ეს რეაგირების გარეშე რჩებოდა.

ერთი საქმე მახსოვს, სადაც პოლიციელმა სასამართლო დარბაზში მისცა ცრუ ჩვენება. ამბობდა, რომ ფაქტის დროს ის იმყოფებოდა, მაგრამ სასამართლო დარბაზში მისმა მეზობელმა იცნო და თქვა, რომ, უბრალოდ, ვერ იქნებოდა ის იმ დროს იქ.

ასეთი ბევრი შემთხვევა იყო და ამის შესახებ იციან ჟურნალისტებმა და საზოგადოებამაც. იმან, რაც, მაგალითად, მზია ამაღლობელთან მიმართებაში გააკეთეს, ვფიქრობ, პოლიციელის იმიჯს ძალიან მძიმედ დაარტყა.

პოლიციაში დასაქმებული არაერთი ადამიანი ვიცი, ვისთვისაც მიუღებელი იყო ის, რაც მოხდა მზიას საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ ბედავენ ეს ადამიანები საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებას, რადგან იციან, რომ სისტემა გაწირავთ. მათ არ აქვთ დაცულობის განცდა.

ერთი მხრივ, პოლიციელი, რომელიც დანაშაულს ჩადის, დაუსჯელია, მეორე მხრივ კი, დაუცველად გრძნობს ის თავს, ვისთვისაც ეს მიუღებელია.

  • ის, რომ ამ ქვეყანაში არც მოქალაქეა დაცული და არც სამართალდამცავი, „ოცნების“ გამიზნული პოლიტიკის შედეგია?

რასაკვირველია, ყველაფრის თავი და თავი არის ამ პოლიტიკის შედეგი. თუმცა იმის თქმა, რომ რა ვქნათ ახლა, ასეთი სისტემა და ყველას შეუძლია თავისი ცუდი საქციელის გამართლება, ასე არ არის.

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც რიგით მოქალაქეზე, ასევე რიგით პოლიციელზეა პასუხისმგებლობა.

თუნდაც იმავე არჩევნების საკითხს შევეხოთ, ბევრი ამბობს – „რა მექნა, აბა ვინ შემომეხაზა“, „სოციალურს შემიწყვეტენ“, „სამსახურიდან გამათავისუფლებენ“ და ასე შემდეგ. მაგრამ უნდა დავფიქრდეთ და გავიაზროთ, რომ თუ ჩვენ, რიგითი მოქალაქეები ვიქნებით შეშინებულები, მოსყიდულები და ჩვენს სათქმელს ვერ ვიტყვით, მაშინ შანსი იმისა, რომ უკეთესი ქვეყანა გვქონდეს, უბრალოდ არ არსებობს.

თუ უკეთესობა გვინდა, ეს უკეთესობა მხოლოდ პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის, საზოგადოების პასუხისმგებლობაა საჭირო. თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენს თავზე უნდა ვაგოთ პასუხი. თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნებაც გადამწყვეტია.

  • ხელისუფლება მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ ტრადიციების, ოჯახური ღირებულებების დამცველია, მაგრამ ახალისებს და ვერ ხედავს სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას ქალებზე. ეს არის რუსული გავლენების შედეგი, როცა არ ინდობს სისტემა არავის, თუ რატომ იცვალეს ასე სახე?

ია სირანაშვილის შემთხვევაზე მე ვერ ვისაუბრებ, როგორც მომხდარ ფაქტზე, მან ისაუბრა ძალადობაზე და ეს გამოსაძიებელი ამბავია, თუმცა მე პირადად დავწერე, რომ ის, რაც ადვოკატმა თქვა, ცალსახად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და გამოძიება უნდა დაწყებულიყო.

თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ ისეთ ფაქტებზე, რაც ხელის გულზე დევს. თუნდაც იგივე მზია ამაღლობელის საქმეზე, ხომ?!

თუ ტრადიციებზე საუბრობენ, მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში და ლიტერატურაში ერთი პერსონაჟიც კი, რომელიც ისე მოიქცეოდა, როგორც მოიქცა მაგალითად დგებუაძე.

არც თქმულება ან ზღაპარი მახსენდება, არც რომელიმე კუთხის წეს-ჩვეულება, სადაც კაცები ასე იქცევიან. მე ასეთი ქართული ტრადიცია და კულტურა არ ვიცი. თვითონ თუ აქვთ სხვანაირად ნასწავლი ან წაკითხული სადმე, გვითხრან სად გაიგონეს. ამ ფსევდოღირებულებებს არაფერი აქვთ საერთო ქართულ ტრადიციულ ღირებულებებთან.

ჩემთვის, როგორც იურისტისა და მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია ის პრობლემა, რასაც დღეს ვხედავთ. რუსეთიდან მოდის ეს თუ საიდან, მე ეს არ ვიცი, მაგრამ საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის.

ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ ძალიან ცალსახა პოზიცია, რომ პოლიციელის მხრიდან მოქალაქეების ცემისა და მათზე ძალადობის ფაქტებს, არანაირი გამართლება არ აქვს.

პოლიციელი, რომელიც ასე იქცევა, არა მხოლოდ ჩადის დანაშაულს, არამედ აზიანებს სამართალდამცავი სისტემის იმიჯს, რაც ისევ პოლიციას უბრუნდება ბუმერანგივით – უკარგავს თითოეულ პოლიციელს ნდობას და ზოგადად, ინსტიტუტს აზიანებს.