“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე:
ბესო შენგელია არის დევნილი, რომელიც ბევრს მუშაობს ამ თემებზე. მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ყველას ვთხოვ, ეს კაცი ალაპარაკონ ამ თემებზე, იცის საკითხი და ეს გამოჩნდა.
“ჩვენი ინფორმაციით, საქართველოდან გასული საწვავის 85% პირდაპირ საოკუპაციო ძალებთან მიდის და მარაგდება უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართული სამხედრო-სტრატეგიული ობიექტები:
1. რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა გუდაუთაში (სამხედრო ნაწილი №09332), რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში პირველივე დღეებიდან მონაწილეობს რამდენიმე მოტომსროლელი ბატალიონით;
2. რუსეთის ფსბ-ს სასაზღვრო დივიზიონი და საზღვაო ფლოტი ოჩამჩირის პორტში — ქართული საწვავი პირდაპირ ისხმება ფსბ-ს „სობოლისა“ და „მანგუსტის“ ტიპის სამხედრო კატარღებში;
3. გუდაუთის ბომბორას სამხედრო აეროდრომი, რომელიც სტრატეგიული დანიშნულებისაა;
4. წაბელდისა და ნაგვალოუს პოლიგონები, სადაც ამ საწვავით ოკუპანტების ძირითადი საბრძოლო წვრთნები ტარდება.
დარჩენილი 15%-იდან 10%-ს ინაწილებს ე.წ. დეფაქტო ძალოვანი სტრუქტურები — სადაც საწვავის გაყოფაზე ხელჩართული ბრძოლაა გაჩაღებული რობერტ კიუტს, ბესლან ცვიჯბასა და ჯემალ დბარს შორის. ხოლო ბოლო 5%-ის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს გალის მილიციის უფროსი ბადრი ჯიკირბა და „გაის“ ხელმძღვანელი ასტამურ ტანია ებრძვიან.
და აი, აქ არის ყველაზე დიდი უზნეობა და ღალატი: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, სადაც შეყვანილნი არიან საქართველოს მოქალაქეების მკვლელები და ოკუპანტები! ადამიანები, რომლებიც ციხეში უნდა ისხდნენ, დღეს „ქართული ოცნების“ მიერ მიწოდებული საწვავით გადაადგილდებიან! „ქართული ოცნება“ საწვავს უსხამს გიგა ოთხოზორიას მკვლელს, რაშიდ კანჯი-ოღლის და მისნაირ დამნაშავეებს!
არცერთი ლიტრი საწვავი რიგით მოქალაქემდე უფასოდ ან პირდაპირი წესით არ მიდის! ადგილობრივებს საწვავის ყიდვა მხოლოდ შავ ბაზარზე შეუძლიათ, რომელსაც სწორედ ჯიკირბასა და ტანიას დაჯგუფებები აკონტროლებენ, სადაც 1 ლიტრის ფასი 130-დან 220 რუბლამდე (4.04-დან 6.50 ლარამდე) აღწევს.
ფაქტების გასაჯაროების შემდეგ, კობახიძის სიძემ, აფხაზეთის დევნილთა ე.წ. მინისტრმა დავით ფაცაციამ პირდაპირ აღიარა, რომ ქართული მხარე სრულად ინფორმირებულია საწვავის შეტანის ყოველ ეტაპზე. ამას ემატება დეფაქტო ენერგეტიკის მინისტრის, ბატალ მუჟბას აღიარებაც, რომ ეს არ ყოფილა ბიზნესი და საწვავი „ოცნების“ რეჟიმისგან პირდაპირი წესით მიიღეს.
ამავდროულად, საწვავის გამსხვისებელი კომპანია „რეპსოლი“ (იგივე „ქონექთი“) წლების განმავლობაში რუსული საწვავის იმპორტიორი იყო, ხოლო არსებული მასალები სავარაუდო კავშირს ადგენს ბიძინა ივანიშვილის ძმასთან, ალექსანდრე ივანიშვილთან.




