ილუსტრატორი დათო სიმონია:
იმერეთში, სოფელი გოგნის მიმდებარედ კოლხური ტყის ჩეხვა დაიწყო. კოლხური ტყე არის ტყეების ტიპი, რომელიც მსოფლიო მასშტაბის მემკვიდრეობად ითვლება. მასში შედის უძველესი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები: ბზა, მუხა, წაბლი, უთხოვარი და ა.შ.
09.07.2026-ში ირაკლი კობახიძემ შპს “გოგნის ქარის კომპანიას” მისცა უფლება, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის მოჭრას 7,533 წაბლი, 2,115 კოლხური ბზა და 40 უთხოვარი https://cutt.ly/Byy7dfkU ეს ხეები შესულია “წითელ ნუსხაში”, ანუ გადაშენების პირას არიან.
მანამდე, 30.03.2026-ში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გასცა ნებართვა, პროექტის საჭიროებებისთვის, სხვა ხეებთან ერთად, გაიჩეხოს იმერული მუხა, ძელქვა, კავკასიური მოცვი და იელი https://cutt.ly/OyiLXO71 ეს ხეებიც იშვიათი და ძვირფასია. ზოგი მათგანი დაცულია საერთაშორისო კონვენციით.
კომპანია, რომელიც ელექტროსადგურს აშენებს, 90%-ით ეკუთვნის საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს – არჩილ გაჩეჩილაძეს. ის ჰესებსაც აშენებს მდინარე რიონზე. 10%-ის მფლობელი ემზარ გამეზარდაშვილია. მისი კომპანია აშენებდა მზის ელექტროსადგურებს ხაშურსა და ქსანში.
ქარის ელექტროსადგური ითვლება ენერგიის წყაროდ, რომელიც ნაკლებად აზიანებს გარემოს. ანუ იდეაში კარგი რამეა, თუ კეთდება სწორად და სწორ ადგილზე. ის, რაც ახლა იმერეთში ხდება, ცნობილია “მწვანე თვალთმაქცობის” (Greenwashing) სახელით. ამ ტერმინით მოიხსენიებენ პროექტებს, რომლებიც შეფუთულები არიან ეკომეგობრული იერით, მაგრამ თან ანადგურებენ საარსებო გარემოს.
როგორც კი ამ პრობლემური პროექტის შესახებ ცნობადობა გაიზარდა, ადგილობრივ საკრებულოებში დასაქმებულებმა დაიწყეს მისი გამართლება. ამაზე დეტალურად მოგიყვებით სხვა დროს. პირადად ჩემთვის საინტერესოა იმაზე დაკვირვება, როგორ შეიძლება ქართველმა პარტია ანაცვალოს იმას, რაც შეუცვლელი, მრავალსაუკუნოვანი და შეუფასებელია.
ეს ტყეები, რასაც ახლა კერძო კომპანია მხოლოდ თავისი ფინანსური ინტერესისთვის ჩეხავს, არ ეკუთვნის არავის – არც მე, არც მმართველ პარტიას, არც რომელიმე ერთ რეგიონს. ის, პირველ რიგში, მსოფლიო მემკვიდრეობაა, მერე – ყველა ქართველის საგანძური და პასუხისმგებლობა. მისი დაზიანება დანაშაულია როგორც მთელი მსოფლიოს, ისე საქართველოს მომავლის წინაშე. კლიმატი ისე იცვლება, კოლხური ტყე სულ უფრო გაიშვიათდება. ეს ნიშნავს, რომ ახლა გაჩეხილი ტყე შეიძლება აღდგეს საუკუნეების მერე ან უფრო რეალისტურები თუ ვიქნებით – ვერასდროს.
ფოტოები მთის ამბების ვიდეოდანაა. ლინკი




