სოფო კილასონია: ანდრო ჭიჭინაძის დაბადების დღეა. მადლობა დიდი ბრძოლისთვის. შენ შეცვალე საქართველოს მიძინებული და დიდწილად კორუმპირებული კულტურის დღის წესრიგი

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია:

ანდრო ჭიჭინაძის დაბადების დღეა. გაუმარჯოს. ძლიერსა და თავდადებულს. შენნაირ ძლიერ სახელმწიფოში გეცხოვროს, ანდრო. შენ რომ იმსახურებ, ისეთ საქართველოში. გაუტეხელში, პატიოსანში, მართალ და ფხიზელ საქართველოში. მადლობა დიდი ბრძოლისთვის. ძალიან დიდი ბრძოლისთვის. შენ შეცვალე საქართველოს მიძინებული და დიდწილად კორუმპირებული კულტურის დღის წესრიგი. აახმაურე ხელოვანები, დაუბრუნე თეატრს და არა მხოლოდ მას, ხმა, სიცოცხლე და ხალხთან კავშირი. შენ გახდი ჩვენი სინდისი და არც ერთ დღეს არ გვქონია ამის გამო შიში ან ღელვა. მხოლოდ ვამაყობთ.

შენი პატიმრობის შემდეგ, შენი პრინციპულობის ფონზე, შეუძლებელია გამართულმა გაიაროს ვინმემ, ვინც სიმართლის მხარეს არ არის. არასდროს მინახიხარ ახლოს. არასდროს გვილაპარაკია, მხოლოდ სცენაზე, რამდენჯერმე. დარწმუნებული ვარ, მალე დაბრუნდება განწყობა, რომ მე ისევ წავიდე თეატრში, უბრალოდ საღამოს გასატარებლად და შენ გექნება განწყობა, ისევ დადგე სცენაზე. მაგრამ არ დაგვავიწყდება რა გზა გამოვიარეთ. ამიტომ ალბათ დაგიცდი თეატრის წინ, შენობიდან გამოსულს რომ გითხრა, მადლობა ყველაფრისთვის, დიდი ხნის მეგობარო. იმ გამარჯვებისთვის იქნება ეს მადლობა, იმ დღეს ახლო წარსულში რომ იქნება უკვე გაყუჩებული და დღეს რომ ახლო მომავალში გველის ხმაურიანი. ბედნიერი იყავი ანდრო და მადლობა შენს მშობლებს ზურგს რომ გიმაგრებენ და უკან დახევას არ გთხოვენ. უზარმაზარ ტკივილს რომ ატარებენ და მაინც უძლებენ. მადლობა შენს შვილს, რომ ითმენს უშენობას და მის დედას, რომ ზრდის მას უშენოდ. დიდი მადლობა მაღლა რომ დადეთ თამასა და გვექაჩებით ამ სიმაღლემდე ყველას.