“ბავშვს ტანსაცმელს ვუცვლიდი, უცბად გავიგე ყვირილი, – “მიშველეთო” – რას ჰყვება ლელა ფარტენაძე, რომელმაც ბათუმში 16 წლის ბიჭი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა

29 წლის ლელა ფარტენაძემ ბათუმში, სანრემოს ხიდთან, ზღვაში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა. სოციალურ ქსელში ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქე მელ გორგაძე ბათუმის ჯგუფში წერს: „დღეს, სანრემოს ხიდთან, ბიჭი დახრჩობას რომ გადაარჩინე, იმ გოგოს მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ. ამ გოგოს გარდა, კიდევ ბევრი გაიქცა საშველად, მაგრამ ამ გოგომ ყველაზე მეტად გარისკა. პირველი გაიქცა, მით უმეტეს, ბავშვებთან ერთად იყო. შენ იბედნიერე შენი შვილებით, უმაგრესი ადამიანი ხართ, ზღვა მადლობა თქვენ.“

მომხდარს სხვა თვითმხილველებიც ეხმაურებიან, ლელას გმირს უწოდებენ და მადლობას უხდიან: „ეს გოგო არის მართლაც გმირი. “მიშველეს, თქმა და წყალში შესვლა ერთი იყო. ღმერთს მადლობა, მშვიდობიანად გამოიყვანეს”.

ჩვენ ლელა ფარტენაძეს დავუკავშირდით. მან მორიდებით თქვა, ბიჭის ნათესავს რომ არ გაევრცელებინა ეს ამბავი, ამის თქმას მე არ ვაპირებდიო.

– იმ ბიჭის ნათესავს გაუვრცელებია ეს ამბავი, მეძებდა მე, არც ვიცოდი ჯგუფში რომ დაიწერა – ჩემმა მულმა ნახა მისი სტატუსი და მომნიშნა, თორემ გამოჩენას არ ვაპირებდი. მერე ბიჭის და, მისი მამიდა და ნათესავები გამომეხმაურნენ.

– ლელა, გვიამბეთ, როგორ გადაარჩინეთ ახალგაზრდა?

– 24 ივლისი იყო, დაახლოებით, ორის ნახევარი იქნებოდა. მე და ჩემი მული ვიყავით ზღვაზე, პატარებთან ერთად. ბავშვები ერთობოდნენ, უკვე წამოსვლას ვაპირებდით… ბავშვს ტანსაცმელს ვუცვლიდი, უცბად გავიგონე ყვირილის ხმა, – მიშველეთო… მაშინვე კამერას მოვკიდე ხელი და გავიქეცი მის დასახმარებლად. იმ მომენტში საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი, ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო, ბიჭს დავხმარებოდი. მივედი მასთან და კამერა მივაწოდე, მალევე მივხვდი, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდა, თან ამ დროს სხვა ბიჭებიც მოვიდნენ და ნაპირზე მშვიდობით გამოვიყვანეთ.

– როცა ნაპირზე გამოიყვანეთ, რა განცდა დაგეუფლათ?

– იმ მომენტში მეც ძალიან ცუდად ვიყავი, ისეთ ემოციებში ვიყავი, აზრზე ვერ მოვდიოდი. მინდოდა, ბოლომდე დავრწმუნებულიყავი, რომ მართლა კარგად იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. როცა ამაში დავრწმუნდით, ამის შემდეგ წამოვედით.

– ცურვა კარგად იცით?

– ცურვა პატარა ასაკში ვისწავლე და გამოცდილებაც მაქვს. ვცხოვრობდი ბათუმში, ზღვა ძალიან მიყვარს. ეს ამბავი რომ გავრცელდა და ამდენი უცხო ადამიანის მადლობისა და დალოცვის წაკითხვა მიწევდა, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი და ყველას მადლობელი ვარ, ვინც ჩემთვის თბილი სიტყვები გაიმეტა. მერე ბიჭის მამიდა, და და ნათესავები გამოვიდნენ კონტაქტზე. მთავარი ის გავიგე, რომ ბიჭი მშვიდობით და კარგად არის. ის 16 წლის აღმოჩნდა, ბათუმელია. როგორც გავიგე, ცურვაც იცოდა, მაგრამ როგორც ჩანს, მოულოდნელად ცუდად გახდა – ძლიერი სიცხეც იყო იმ დღეს და ეტყობა ამან იმოქმედა. მთავარია, ყველაფერი კარგად არის. სხვა დროს არასდროს შევსწრებივარ მსგავს ფაქტს და სიმართლე გითხრათ, ემოციურად რთული იყო ჩემთვის, ამ დროს ერთადერთი რასაც ფიქრობ ადამიანი, არის ის, რომ გადაარჩინო სხვისი სიცოცხლე და დაეხმარო. ცურვა კარგად ვიცი და თამამად შევედი. ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ პანიკაში მყოფ ადამიანს წყალში უკანა მხრიდან უნდა მიუახლოვდე, მხრებში უნდა მოკიდო ხელი, მე ეს არ დამჭირვებია, შევედი და კამერა მივეცი, მალევე სხვებიც მოვიდნენ და ერთად გამოვიყვანეთ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.

– ცოტა რამ თქვენზეც გვიამბეთ, პროფესიით ვინ ხართ, რა რეაქცია ჰქონდა თქვენს ოჯახს ამ ამბავზე?

– თავიდან ოჯახის წევრებს შეეშინდათ, რამე არ მომსვლოდა, მაგრამ შემდეგ როცა გაიგეს დეტალები და ის, რომ კარგად ვიყავი, დამშვიდდნენ. ახლა ჩემით ამაყობენ. პროფესიით ექთანი ვარ, მაქვს საექთნო განათლება და გავლილი მაქვს, ასევე, ინკლუზიური განათლების კურსები. ბათუმში ვცხოვრობდი, მაგრამ დაოჯახების შემდეგ თბილისში ვცხოვრობ. ახლა ვარ ჩამოსული ჩემებთან. მყავს მეუღლე და ბედნიერად ვზრდით 3 წლის პატარას. მადლობა ყველას, ვინც თბილი სიტყვებით ცდილობს ჩემს გახარებას.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი პესკოვი პუტინი-ფაშინიანის საუბარზე – ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის, რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა

ეროვნული ბანკი – ბანკები გააგრძელებენ „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად