ლელა ჯეჯელავა – მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტის, ყულევის სანქციას „ჩალის ფასი“ ნამდვილად არ ექნება – ნავთობექსპორტიორი ქვეყანა რუსეთი იმპორტზე საუბრობს და ჩვენ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით? – ჩამოსანგრევად განწირული!

ასეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტი[ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა] რომ დასანქცირდება, ეს ბუნებრივია აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც. თუ მყისიერი ეფექტი არ იქნება, ეფექტი სულ უფრო საგრძნობი გახდება დროის განმავლობაში , – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ლელა ჯეჯელავას თქმით, საქართველოში არის რუსული რეალობისა და სცენარის გამეორების საფრთხე, რადგან „ქართული ოცნება“ ჭრის ყველა იმ გზას, რომელმაც შეიძლება შესაძლებელი კვლავ შესაძლებელი გახადოს ევროკავშირთან და ევროპულ ქვეყნებთან დიალოგი.

„ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შესახებ საუბარი დიდი ხანია მიდიოდა. რამდენადაც ვიცი, ეს იყო გარკვეული დისკუსიის საგანი ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. იყო ამასთან დაკავშირებით გაფრთხილებები, იყო გარკვეული პირობები, რომელიც ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას. როგორც ჩანს, იმ პირობებში, როდესაც არანაირი დიალოგი არ არსებობს ევროკავშირთან, დღის წესრიგში დადგა სანქციების საკითხი. ყველა თვლიდა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქცია იყო ფუჭი გასროლა, ეს რუსეთის ეკონომიკაზე არ მოქმედება, მას დასჭირდა გარკვეული დრო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ როგორ აისახა რუსეთის ეკონომიკაზე სწორედ სანქციები. ასეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტი რომ დასანქცირდება, ბუნებრივია ეს აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც. თუ მყისიერი ეფექტი არ იქნება, ეფექტი სულ უფრო საგრძნობი გახდება დროის განმავლობაში. საქმე იმაშია,რომ ალბათ ყულევი არ არის ერთადერთი ობიექტი, რომელიც შეიძლება მხილებული იქნას რუსეთთან თანამშრომლობაში. შესაბამისად, საქართველოში თუ სხვა ბიზნესებიც დადგა ასეთი დარტყმის ქვეშ, ბუნებრივია ეს ქვეყანაზე ძალიან ცუდად აისახება. ეს იმ პირობებში, როდესაც აღარ არსებობს ნიშანწყალიც კი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს რაიმე რესურსი დატოვებული ევროკავშირთან დიალოგისთვის. პრაქტიკულად, ჩვენ მთლიანად ვშორდებით მათ, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. რუსეთი იმ ზღვრამდე მივიდა, რომ ნავთობექსპორტიორი ქვეყანა იმპორტზე საუბრობს უკვე და წარმოიდგინეთ, ჩვენ, ჩვენი მცირე ეკონომიკით რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ჩამოსანგრევად განწირული, რუსულ ეკონომიკაზე მიბმულები.

იმედი მაქვს „ქართულ ოცნებაში“ არ იტყვიან, ჩალის ფასი აქვს ამ სანქციასო იმიტომ, რომ ძალიან რბილად რომ ვთქვათ, უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ამ სანქციას ჩალის ფასი ნამდვილად არ ექნება. რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვიან შიდა მოხმარებისთვის, მთავარი ის არის, ყველამ ვიცით, რომ მათ აღარ აქვთ არანაირი რესურსი, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინონ, თუნდაც დიალოგის ფორმატში, დათქმების, პოლიტიკური შეთანხმებების გამოყენებით, ეს არ იქნება. ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა და თუ კიდევ რამდენიმე ასეთი მსხვილი ობიექტი აღმოჩნდა სანქციების ქვეშ, ეს ძალიან დიდი გავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაზე”, – აღნიშნა ჯეჯელავამ.

ლელა ჯეჯელავამ გადაცემაში აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტის მიღების თაობაზეც ისაუბრა, რომელში საქართველოს შესახებაცაა ჩანაწერი.

კერძოდ: აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი თავდაცვის მდივანს ავალებს, ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან თანამშრომლობით, აქტის (NDAA) ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც იკვლევს რუსული და ჩინური სადაზვერვო ელემენტების და მათი აქტივების შეღწევას საქართველოში და იკვლევს რუსეთისა და ჩინეთის გავლენისა და თანამშრომლობის პოტენციურ გადაკვეთას საქართველოში.

კითხვაზე, თუკი პოზიტიური ანგარიში არ მომზადდება, რას შეცვლის ეს საქართველოსთვის, ლელა ჯიჯელავა პასუხობს: „ეს შეცვლის მთლიანად საქართველოს მომავალს და ვშიშობ, რომ ეს პროცესი გახდება შეუქცევადი“.

„აქტის მიღებიდან 180 დღის ვადაა საჭირო, ეს 6 თვე არის ის პერიოდი, როდესაც რეალურად ამ ქვეყნის მომავალი უნდა გადაწყდეს. პირდაპირ დევს პირობად შიდა პოლიტიკური მდგომარეობის შეფასება და როგორი შეფასებები არსებობს, გნებავთ ევროპული სტრუქტურებიდან, გნებავთ სახელმწიფო მდივნის მხრიდან, გნებავთ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრისგან, ეს ყველაფერი არის ის ფაქტორები, რომელიც განსაზღვრავს, როგორი იქნება 6 თვის შემდეგ ის დასკვნა, რომლის მომზადებასაც ავალებენ სახელმწიფო მდივანს.

რამე რომ იცვლებოდეს[აშშ-საქართველოს ურთიერთობებში], იმ აქტში, რომელიც დღეს მიიღეს, საქართველოსთან დაკავშირებით ის პუნქტი, რომელიც სახელმწიფო მდივანს ავალდებულებს, იქნებოდა იქ კვლავ დატოვებული? ამ პუნქტით და ამ ფორმით მიიღებდნენ? არა ცხადია, ის შეიცვლებოდა, როგორც ერთხელ ლობისტების საშუალებით „მეგობარ აქტს” შეექმნა პრობლემა, გვექნებოდა იგივე სურათი. ექვსთვიანი ვადა აქვს მიცემული ამათ,ქვეყანას და ქართველ ხალხს და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ მომავალი“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – ბავშვი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა, ის სახელმწიფოს გულგრილობამ და სისტემურმა უმოქმედობამ იმსხვერპლა – არც გარდაცვლილი ბავშვი და არც მკვლელი ჩემთვის უცხო ადამიანები არ არიან და ამის ბინძურად გამოყენებას ცდილობენ