მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი. საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მთავარი რედაქტორი თენგიზ ვერულავა:
სიწმინდეების, რელიგიის, ისტორიული მემკვიდრეობისა და წინაპრების ხსოვნის დაცვა თავისთავად სრულიად ლეგიტიმური საზოგადოებრივი მიზანია. მოქალაქეებს უფლება აქვთ შექმნან მოძრაობა, გაავრცელონ განცხადებები, გამართონ დისკუსიები და მშვიდობიანი აქციები.
მაგრამ რას ნიშნავს „მყისიერი რეაგირება შეურაცხყოფაზე”?
კანონიერი რეაგირება შეიძლება გულისხმობდეს საჯარო პასუხს, ფაქტების გადამოწმებას, დებატებს, სასამართლოსთვის მიმართვას ან მშვიდობიან პროტესტს.
თვითნებური რეაგირება კი შეიძლება გადაიზარდოს ადამიანების დაშინებაში, საჯარო „დასჯაში“, ღონისძიებების ჩაშლაში, ჟურნალისტებზე, მეცნიერებზე ან ხელოვანებზე ზეწოლასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში. ასეთ შემთხვევაში საქმე უკვე აღარ გვექნება ღირებულებების დაცვასთან. ეს იქნება კერძო ჯგუფის მიერ „მორალური პოლიციის“ ფუნქციის მითვისების მცდელობა.
მთავარი კითხვა ის არის, ვინ და რა კრიტერიუმით დაადგენს, რა წარმოადგენს „შეურაცხყოფას“. ისტორიული პირის კრიტიკული შეფასება, რელიგიური დოგმის განხილვა ან ტრადიციისადმი განსხვავებული დამოკიდებულება ავტომატურად შეურაცხყოფად ვერ ჩაითვლება. საქართველოს კონსტიტუცია ერთდროულად იცავს როგორც რწმენისა და აღმსარებლობის, ისე აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას. ევროპული უფლებრივი სტანდარტითაც, გამოხატვის თავისუფლება მოიცავს ისეთ მოსაზრებებსაც, რომლებიც საზოგადოების ნაწილისთვის შეიძლება მიუღებელი, მკვეთრი ან შეურაცხმყოფელი იყოს. ამ თავისუფლების ზღვარი გადის იქ, სადაც იწყება ძალადობის წახალისება, სიძულვილის გაღვივება ან სხვა ადამიანების უფლებების რეალური ხელყოფა.
სიტყვები „მყისიერი რეაგირება“ განცხადებას ძალის დემონსტრირებისა და დაშინების ელფერს სძენს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ძალადობრივი მოქმედებისკენ საჯარო მოწოდებას სჯის მაშინ, როდესაც ასეთი მოწოდება ძალადობის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს ქმნის.
ცნობისათვის, 27 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში MMA – ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი მეგობრებთან ერთად ბრიფინგს გამართავს.
ანონსში წერია, რომ იქმნება ორგანიზაცია, რომელსაც “მყისიერი რეაგირება ექნება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე”





