საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტსა და პოლიტოლოგს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
– ბატონო ვახტანგ, ორი დღის წინ პარტია „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა გააკეთა განცხადება, რომლითაც მთელ ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდა – ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოებისთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგი მოჰყვება.
ვითარებაში, როცა საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო გარემო სრულად „ქართულ ოცნებაზეა“ მორგებული, ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც აქვს მიზანი და სურვილი 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ვიქტორ ყიფიანის ამ მოწოდებას გაგებით უნდა შეხვედროდნენ, თუნდაც იმიტომ რომ არსებულ ვითარებაში ეს წინადადება რაცინალურად გამოიყურება.
ვნახეთ რომ ამ წინადადებაზე გამოხმაურება საკმაოზე მეტად კრიტიკულიც კი იყო. გასაგებია რომ ოპოზიციური სპექტრი არც ერთგვაროვანია და არც მონოლითური, მაგრამ, ვიმეორებ, წინადადება რომ რაციონალური იყო ფაქტია.
თქვენ როგორ შეაფასებდით ვიქტორ ყიფიანის წინადადებას და მასზე ოპოზიციური პარტიებისაგან კრიტიკულ შეფასებებს?
– თუ დიალოგი შედგება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იქნებოდა საარჩევნო კანონსა და საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა, რომლის მიმართ ინტერესი უნდა ჰქონდეს როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას.
მაგრამ, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ თემაზე ოპოზიციის მიმართ შეთავაზება ხელისუფლებიდან უნდა მოდიოდეს და არა ოპოზიციური პარტიებიდან. არის კი ხელისუფლება მზად ოპოზიციასთან დაიწყოს ამ თემაზე საუბარი? ჯერჯერობით, რაც ჩანს, ხელისუფლება არ არის მზად ოპოზიციასთან ამ თემაზე ისაუბროს.
მეტიც, არც ჩანს რომ აპირებს, რადგან მან შეიტანა შესწორებები საარჩევნო კოდექსში, საარჩევნო კანონმდებლობა თავის თავზე მოირგო. ყიფიანის მიერ გაკეთებული განცხადება, თავის თავად სწორი იდეაა, მაგრამ არა მგონია მასზე ხელისუფლების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვეს.
ხელისუფლება თვლის რომ არჩევნებთან დაკავშირებით მის მიერ უკვე შემოშავებული თამაშის წესები არის სამართლიანი. ასეთ ვითარებაში, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის რაიმე დიალოგის გამართვა წარმოუდგენლად მიმაჩნია.
– მიუხედავად იმისა რომ დამკვირვებელთა უმრავლესობა დარწმუნებულია იმაში რომ „ქართული ოცნება“ არაფერს გააკეთებს მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემოს შესაქმნელად, ამ თემაზე ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ უნდა ელაპარაკოს.
„ქართული ოცნება“ თვლის რომ ერთ ერთი საუკეთესო საარჩევნო კანონმდებლობა გვაქვს, ჩვენი საარჩევნო კოდექსიც ასევე საუკეთესოა, მაგრამ, ფაქტია ისიც რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, განსაკუთრებით იმ ნაწილში რაც არჩევნების დღეს დაკვირვებას ეხება, იგულისხმება ის, რომ არჩევნებზე დაკვირვება აზრი აქვს დაკარგული.
თუ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე პოლიტიკური დიალოგი არ შედგა, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?
– ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაში პოლარიზაცია და დაპირისპირება გაგრძელდება. ხელისუფლება ამას არც მალავს.
„საბოტაჟის საქმე“ გადადეს შემოდგომისთვის. არის კიდევ მეორე თემა და ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში ხელისუფლების მიერ შეტანილ სარჩელს. ჯერჯერობით, ხელისუფლება ფიქრობს რომ რეპრესიული მეთოდებით შეძლებს ოპოზიციის დამორჩილებას, ან გაჩუმებას. როგორც ჩანს, ეს დაპირისპირება გაგრძელდება მომავალ წელსაც. ანუ, მანამდე, სანამ ხელისუფლება საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
არა მგონია რომ ხელისუფლება პარტიების გაუქმებაზე წავიდეს, მაგრამ, მას მუდმივად ექნება ამ სვლის გაკეთების შესაძლებლობა. თუ ეს ნაბიჯი ხელისუფლებამ გადადგა, მაშინ ისინი პოლიტიკურ მოედანზე მარტო დარჩებიან. ხელისუფლება ცდილობს ეს ნაბიჯი არ გადადგას და რეპრესიების გზით, საკანონმდებლო ნაწილში ეს ნათლად ჩანს.
აგერ გუშინ ჟურნალისტი სანაია დააკავეს სოციალურ ქსელში გამოთქმული პოსტის გამო და მას ახლა ციხეში ჯდომა მოუწევს 2 კვირა. ასეთი ვითარება გვაქვს.
„ქართული ოცნება“ ჯერჯერობით არ ეძებს ოპოზიციასთან დიალოგის გზებს და საერთო ინტერესის თემებზე თანამშომლობის სურვილს არ ავლენს. შექმნილია ვითარება, როცა ოპოზიციამ რაც არ უნდა ილაპარაკოს, ეს „ქართული ოცნებისთვის“ არ იქნება მისაღები.
– ვითარებაში როცა „ოპოზიციური ალიანსი“ აღარ არსებობს, ამაზე ხმამაღლა თავად „ოპოზიციური ალიანსის“ წევრი პარტიები კარგა ხანია საუბრობენ. სულ ცოტა ხნის წინ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები თავად ამბობდნენ რომ არ გამორიცხავენ იმას, რომ მათი პარტია „ოპოზიციურ ალიანსს“ დატოვებდა.
ვნახეთ რომ „ნაცმოძრაობაშიც“ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო პროცესი, რომლის შედეგები მას შემდეგ გვეცოდინება, როცა პარტიის რეფორმირების პროცესი თვის ბოლოსათვის დაგეგმილი ყრილობა-შეკრებებზე დასრულდება.
დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს „ნაცმოძრაობის“ ლიდერად იგი კვლავ აღიარონ და ეს პოზიცია შემდგომ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა გაიზიაროს.
ამის ალბათობა რომ საკმაოდ დაბალია, ისიც მიუთითებს, რომ „ოპოზიციურ ალიანსში“ შემავალი პარტიები, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“, ასევე სხვა პოლიტიკური პარტიები, „ლელოსა“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონებში ცალ-ცალკე ატარებენ ამომრჩევლებთან შეხვედრებს.
თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესს, ხოლო მეორე მხრივ დანარჩენი ოპოზიციის ცალ-ცალკე აქტიურობას რეგიონებში?
– სააკაშვილი იბრძვის იმისთვის რომ არა მარტო „ნაცმოძრაობის“, არამედ ზოგადად ოპოზიციური სპექტრის ლიდერი გახდეს. რამდენად რეალიზებადია ეს სხვა თემაა. სააკაშვილს „ნაცმოძრაობის“ ლიდერობა განაღდებული აქვს. გახდება თუ არა იგი მთელი ოპოზიციის ლიდერი, ეს მნიშვნელოვანი საკითხია.
ახლა საქართველოს ციხეეში პოლიტიკური ნიშნით ბევრი პატიმარია, მაგრამ, ყველაზე აქტიურია სააკაშვილი, მის აქტიურობას გარკვეულ წილად ხელს უწყობს ხელისუფლება. სააკაშვილის ყოველ განცხადებას ოპოზიციურ სპექტში არეულობა შეაქვს.
რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, სააკაშვილი მისი შეხედულებისამებრ ახდენს მათ ცვლილებას. პირველი შემთხვევა არ არის, როცა, სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეებს ცვლის.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ბოკუჩავამ არც კი იცოდა თუ რა მოლაპარაკებებს აწარმობდა სააკაშვილი ნუნუკა ჟორჟოლიანთან და მან ამის შესახებ ტელევიზიით შეიტყო. ამან „ნაცმოძრაობაში“ გარკვეული უხეხულობა გამოიწვია.
ეს რომ როგორღაც გადაეფარათ, ითქვა, რომ თვის ბოლოს პარტია შეიკრიბება და გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. „ნაცმოძრაობაში“ გადაწყვეტილებები კარგა ხანია მიღებულია, ისეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რაც სწორად მიაჩნია თავად სააკაშვილს.
ის რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა დაიწყეს ცალ-ცალკე რეგიონებში შეხვედრები. ეს სწორია. იმ შემთხვევაშიც კი თუ პარტიები გაერთიანდნენ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ მათი ელექტორატი ერთ საარჩევნო ჯგუფად ჩამოყალიბდება.
სააკაშვილის ლიდერობა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვისაც არაა მისაღები არა თუ ამ პარტიების ელექტორატისთვის. კარგია რომ ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველს ცალ-ცალკე ხვდებიან, რადგან, არავინ იცის ოპოზიციური პარტიების მიმართ რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“.
რაც უფრო სწრაფად ჩამოყალიბდებიან ოპოზიციური პარტიები ერთად გადიან არჩევნებზე თუ ცალ-ცალკე, მით უკეთესი იქნება მათთვის. ახლა ოპოზიცია არც არჩევნებისთვისაა მზად და არც საპროტესტო აქციებისთვის.
– კი ბრძანეთ, რომ 4 ბარიერგადალახულ პარტიის აკრძალვისა საკითხზე, ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხივას დროში გაწელავს, მაგრამ, „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვენ ამბობთ – “ხელისუფლების მიზანია დაამყაროს რეალური და არა ფასადური რეპრესიული სისტემა”
პოლიტილოგთა უმრავლესობა დარწმუნებულია რომ ამ ნაბიჯების გადადგმით „ქართულ ოცნებას“ სურს პოლიტიკური ველის მოსუფთავება ისე, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მას არჩევნები მოგებული ჰქონდეს.
თუ ეს ნაბიჯები „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ გადადგა, ეს იქნება ის, რაც ხელისუფლებას უნდა – რეალური და არა ფასადური სისტემის შექმნა?
– ყოველ შემთხვევაში ხელისუფლება იმ მიმართულებით მოძრაობს, რომ შექმნას რეალური და არა ფასადური რეპრესიული სისტემა.
„ქართული ოცნება“ ჯერ გარკვეულ განცხადებებს აკეთებს, რითაც საზოგადოებას აჩვევს იმას, რისი გაკეთებაც სურს. დიახ, ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი 4 ბარიერგადალახული პარტიის გაუქმებაზე, შემდეგ იგივე სარჩელი გამოიტანა და კიდევ დაამატა გარკვეული პირები და ისევ შეიტანა, მაგრამ ამის შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადაუდგამს.
ასეთი ტაქტიკით ცდილობს ხელისუფლება შეაჩვიოს საზოგადოება იმას რომ ადრე თუ გვიან ამ პარტიების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვაზე საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს. ხელისუფლება ამ თემაზე დროის გაჭიმვით ცდილობს ერთი მხრივ შეამზადოს საზოგადოება, ხოლო მეორე მხრივ ჩაახშოს საზოგადოებაში არსებული კრიტიკული განწყობები.
ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით იმგვარი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, იმ დროისთვის თუ რა დასჭირდება მმართველ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ახლა ისეთ ვითარებაში ვართ, როცა ხელისუფლებამ ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა. საქართველოს წინა ხელისუფლებები ბევრი თვალსაზრისით ანგარიშს უწევდნენ იმას, მის ამა თუ იმ ქმედებაზე რა რეაქცია ექნებოდა ჩვენს ევროპელ, ან ამერიკელ პარტნიორებს.
ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საელჩოებმა, ასევე ევროკავშირის საელჩომ „საბოტაჟის საქმის“ სასამართლოზე დასწრება მოითხოვეს და მათ ამაზე უარი ეთქვათ.
თუ ადრე ხელისუფლება ცდილობდა დემოკრატიული პრინციპების დაცვას, ახლა, ვხედავთ, რაც არ უნდა დაიწეროს და ითქვას ევროპაში საქართველოზე, „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს და ეს მათთვის არც შემაკავებელ ფაქტორს აღარ წარმოადგენს. ახლა დარჩენილია აშშ-თან ურთიერთობების გაუმჯობესების მოლოდინი. თუ „ქართულ ოცნებას“ არც აშშ-ს პოლიტიკა მოეწონა მათ მიმართ, დარწმუნებული ვარ, მათ აშშ-ს მიმართაც ისეთივე დამოკიდებულება ექნებათ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ევროპული ინსტიტურებისადმი.
ეს პროცესი თუ რამეს შეუძლია შეაჩეროს, იგულისხმება ოფიციალური თბილისის დამოკიდებულება ევროპისა და ამერიკის მიმართ, ეს გახლავთ ის თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინა-რუსეთის ომში.
– ორი დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭერვალეობა საქართველოს“ მტკიცებით, დღეისათვის საქართველოში 90-მდე პოლიტპატიმარია, მათ სინდისი პატიმრებსაც უწოდებენ.
ისინი დაკავებულები იყვნენ აზრის გამოხატვისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის. ისინი თბილისში დაკავებულები იყვნენ იმისთვის რომ მოითხოვდნენ ხელისუფლებისაგან ევროპული საგარეო პოლიტიკის გატარებას.
ამ თემაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში იყო დისკუსია იმის თაობაზე, რომ ესტონეთში რეგისტრირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობს და დაკავებულია ხელისუფლების წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული ომით და ქვეყნის იმიჯის საერთაშორისო არენაზე დაზიანებით.
კაცმა რომ თქვას, ამ თემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ახალი არაფერი უთქვამს. სამწუხაროდ, დაკავებულთა მიმართ გამოტანილ განაჩენებს საკმაოდ ბევრი ადამიანი როგორც მინიმუმ, არადამაჯერებლად აფასებს.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დაკავებულები ცდილობდნენ ხელისუფლებისთვის ეთქვათ ის, რაც ჩვენი კონსტიტუცია ხელისუფლებას 78-ე მუხლით ისედაც ავალდებულებს. იგულისხმება ისეთი საგარეო პოლიტიკის გატარებაა, რომლის მიზანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.
შსს-ს დეპარტამენტის წარდგინებით პარლამენტის სპიკერისა და დეპუტატის შეურაცხყოფისათვის ტელეწამყვან ვახო სანაიას 2 კვირით თავისუფლების აღკვეთა ადმინისტრაციული სასჯელით მიესაჯა.
დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის რომ ქვეყანაში კარგა ხანია ავტორიტარული მმართველობაა. ასევე საკმაოდ დიდი ნაწილისათვის ამგვარი ფორმულირება კატეგორიულად მიუღებელია.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რა ვითარებაშიც უწევს ქვეყანას ცხოვრება?
სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა თუ რატომ აქვს ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს ქვეყანაში მიმდინარე პროცესისადმი დიამეტრალურად განსახვავებული აღქმა?
– საზოგადოებას რეალობის სწორი აღქმა აქვს. საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისათვის ხელისუფლების პოლიტიკა მაინცადა მაინც დამაჯერებელი არაა.
ოპოზიციის მხარეს პრობლემა ისაა, არც მაკონსოლიდირებელი იდეა არ არსებობს და არც პიროვნება, რომელსაც შეუძლია საზოგადოების მაკონსოლიდირებელი როლის შესრულება. „ქართული ოცნება“ ცდილობს არ შედგეს ქართული ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების კონსოლიდაცია რაიმე მნიშვნელოვან საკითხში თუ ეს მის სასარგებლოდ არ იმუშავებს.
„ქართული ოცნება“ ცდილობს ოპოზიციურ ფლანგზე მუდმივად იყოს ქაოსური ვითარება. ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის მუდმივად იყოს აზრთა სხვადასხვაობა, მტრობა, ქიშპობა.
ასეთი ვითარების არსებობა „ქართულ ოცნებას“ აძლევს საშუალებას ოპოზიციურ ფლანგზე არ გამოჩნდეს ახალი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც საზოგადოება ხელისუფლების ალტერნატივად აღიქვამდა.
თავის ამოცანას „ქართული ოცნება“ წარმატებით ასრულებს და მაქსიმალურად ქაოტურ მდგომარეობაში ამყოფებს როგორც ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს, ისე მთელ ოპოზიციურ სპექტრს.
– საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ–მინისტრ ლოურენს ვონგს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალწლიან ნაყოფიერ ურთიერთობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობას ეფუძნება.
შეხვედრაზე ლიდერებმა ასევე განიხილეს სავაჭრო–ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით კავშირების გაღრმავების პოტენციალი. ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკას და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს.
ირაკლი კობახიძემ სინგაპურის პრემიერ–მინისტრი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
ამ ისტორიაში უცნაური ისა, რომ სააკაშვილიც საუბრობდა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებსაც დგამდა, მაგრამ, ხშირად იმეორებდა იმასაც რომ ცუდი არ იქნებოდა საქართველოს სინგაპურიზაციის გზას რომ დადგომოდა.
გვახსოვს მაშინ ბევრი მას ამის გამო აკრიტიკებდა, რადგან ევროპული მოდელი ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვნად განსხვავდება სინგაპურის მოდელისაგან, რადგან ამ ქვეყანას ერთი პარტია კარგა ხანია მართავს.
სააკაშვილმა სინგაპურის პრემიერის მასპინძლობა ვერ მოასწრო, მაგრამ როგორც ჩანს, პრემიერი ირაკლი კობახიძე ამას შეძლებს.
თქვენ როგორ შეაფასებდით ივანიშვილის ხელისუფლების სინგაპურის გამოცდილებით დაინტერესებას?
– „ქართული ოცნების“ სინგაპურით დაინტერესება ლოგიკური გაგრძელებაა იმ საგარეო პოლიტიკის, რომელსაც ხელისუფლება აქამდე აწარმობდა.
დიახ, თავის დროზე სააკაშვილიც ცდილობდა ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავებული ორი განვითარების ევროპული და სინგაპურული მოდელის პროპაგანდის დონეზე ერთმანეთთან დაკავშირებას. ხან ევროპისკენ მივდიოდით და ხან სინგაპურიზაციისკენ.
სააკაშვილმა ვერ გაითვალისწინა ის, თუ რამ წარმოშვა სირგაპურის მოდელი და რაც საქართველოს არ ჰქონდა. სიგაპურიზაციას სათავე დაუდო შეძლებულმა მდიდარმა ლიდერმა, რომელმაც ნელ-ნელა ჩამოაყალიბა განვითარების ის მოდელი, რასაც ახლა სინგაპურის მოდელი და გამოცდილება ჰქვია.
ამ გამოცდილებას კომერციული ფირმის მმართველობა შეიძლება ეწოდოს. სინგაპურს მართავს ერთი პარტია, ერთი შეძლებული ლიდერი, რომელმაც ეს მოდელი მოიგონა და თავის თავზე მოირგო. სინგაპურის გამოცდილების გაზიარებისთვის ივანიშვილი უფრო შესაფერისია, ვიდრე სააკაშვილი.
ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ თითქოს ამერიკას ერთი ოჯახი მართავს. როგორც ჩანს, ქართული პოლიტიკაც ამ მიმართულებით მოძრაობს. ივანიშვილის ვაჟის მონაწილეობა რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების შეკრებებში, ეს ფაქტიურად ნიშნავს იმას რომ ის უკვე ქართულ პოლიტიკაშია. ყოველ შემთხვევაში ასპარეზზე ნელ-ნელა გამოდის.
არა ვარ დარწმუნებული რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა. ამისთვის უკვე ბევრი რამაა შემზადებული. საქართველოს ევროპასთან ურთიერთობები გაფუჭებული აქვს. დარჩა აშშ, ვნახოთ, როგორ წარიმართება აშშ-საქართველოს ურთიერთობები.
ვნახოთ როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვისეულ მცდელობას, ფაქტია, რომ ჯერჯერობით, საქართველოს ხელისუფლებას არც ქვეყნის გარედან და არც ქვეყნის შიგნით რაიმე საფრთხე არ ემუქრება. თუ ქვეყნის სინგაპურიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული, ვნახოთ რა რეაქცია ექნება საქართველოს მოსახლეობას.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი




