ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე – ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც საღ აზრთან არის დაკავშირებული – სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს

ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც საღ აზრთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ასეთი იყო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა პრეზიდენტობის პერიოდში და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც, თუმცა „დღეს მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა“.

„მანამდე დავით აღმაშენებელიც იყო. ეს არის ალბათ ისეთი მოვლენა, რაზეც პოლიტიკოსები შეფასებებს არ უნდა აკეთებდნენ, სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს. ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც საღ აზრთან არის დაკავშირებული. ასე იყო, როდესაც ის პრეზიდენტი იყო 9 წლის განმავლობაში, ასე იყო, როდესაც შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა და დღეს მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ უკვე მზადდება მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი ფუნქცია არ არის ხელისუფლებაში მოსვლა, არამედ, მისი ფუნქციაა, ხელისუფლებაში მოიყვანოს ახალი თაობა, სხვანაირად მოაზროვნე ადამიანები.

„უკვე მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, რომელიც ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ, მე ვარ. საუბრობს, როგორც მიშა, მიხვრა-მოხვრა აქვს როგორც მიშას…ასე რომ, ჩამკეტეთ რამდენიც გინდათ,- განაცხადა სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ