ზურა სიხარულიძე: 21-ე საუკუნეში, როდესაც ცივილიზებული მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტზე, მეცნიერებაზე, განათლებასა და კოსმოსის ათვისებაზე მუშაობს, საქართველოში კვლავ ქუჩური კანონებით, კრიმინალური ავტორიტეტებითა და “ძველი ბიჭობის” რომანტიზებით ვამაყობთ

ნარკოლოგი, პარტია “ფედერალისტები”-ს ერთ-ერთი ლიდერი ზურა სიხარულიძე: 
ყველაზე დიდი უბედურება, რაც ამ ქვეყანას დღემდე სჭირს, არის ძველი ბიჭისა და ქურდული სამყაროს მენტალიტეტი. ეს არის საბჭოთა სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგაც ვერ მოვიშორეთ.
ეს დაიწყო საბჭოთა კავშირის პერიოდში, 90-იან წლებში გადაიზარდა საძმოებში, სისხლიან გარჩევებში, მკვლელობებსა და ძალადობაში. სამწუხაროდ, მაშინ ამ ყველაფერს ბევრი “ვაჟკაცობას” და “კაცობას” ეძახდა. მეგონა, რომ ეს ეპოქა დასრულდა და მხოლოდ რამდენიმე ატავიზმი იყო დარჩენილი, რომელიც დროთა განმავლობაში გაქრებოდა.
მაგრამ პირიქით მოხდა.
21-ე საუკუნეში, როდესაც ცივილიზებული მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტზე, მეცნიერებაზე, განათლებასა და კოსმოსის ათვისებაზე მუშაობს, საქართველოში კვლავ ქუჩური კანონებით, კრიმინალური ავტორიტეტებითა და “ძველი ბიჭობის” რომანტიზებით ვამაყობთ.
ბოლო წლებში ამ მენტალიტეტს არა მხოლოდ არ ებრძვიან, არამედ ფაქტობრივად პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია მიეცა. ხელისუფლებამ, რომელიც სახელმწიფოს აშენების ნაცვლად საბჭოთა რეფლექსებსა და არაფორმალურ გავლენებს ეყრდნობა, ამ კულტურას წყალი და სასუქი დაასხა. შედეგად, კრიმინალური მენტალიტეტი ბევრისთვის ისევ “ტრადიციად”, “ეროვნულ ღირსებად” და “ქართული კაცობის” ნაწილად წარმოჩინდა.
მაგრამ ქურდული მენტალიტეტი არ არის ეროვნული ღირებულება. ის არის საბჭოთა მემკვიდრეობა, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს, ამცირებს კანონის ავტორიტეტს, აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას და ახალგაზრდებს წარმატების ნაცვლად ძალადობისა და კრიმინალის კულტურას სთავაზობს.
ქვეყანა, სადაც კანონს “ქუჩის კანონები” ცვლის, ვერასოდეს იქნება ძლიერი ევროპული სახელმწიფო.
ჩვენი არჩევანი მარტივია: ან ვიცხოვრებთ წარსულის კრიმინალური მითებით, ან ავაშენებთ თანამედროვე, თავისუფალ, სამართლიან და ევროპულ რესპუბლიკას, სადაც ადამიანის ღირსებას, კანონის უზენაესობას, განათლებასა და შრომას მეტი ფასი ექნება, ვიდრე ქუჩურ ავტორიტეტებს.
ამ მენტალიტეტის შეცვლას დრო დასჭირდება, მაგრამ ეს ცვლილება აუცილებლად უნდა დაიწყოს. საქართველოს მომავალი ეკუთვნის თავისუფალ, განათლებულ და პასუხისმგებლიან მოქალაქეებს და არა კრიმინალური სამყაროს რომანტიზებას. რაც ეხლა გვაქვს სახეზე ნარკოტიკი კრიმინალი კორუფიცა ყველგან, ოღონდ კარგად იცოდეთ რომ როგორც კი არ დაჭირდება ეს ყვლაფერი 2005 წელი მონაგონი იქნება ისეთებს იზამენ და შვებიან კიდევაც უკვე ამიტომ დაფიქრდით კარგად სად ხართ რას აკეთებთ და ვის უდგეხართ გვერდში და ვის დავალებებს ასრულებთ !!

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: მტერი თუ იკადრებს იგივეს, მაშინ ვერავინ გააჩერებს “ოცნების” ვაჟკაცებს სანამ ბოლო რუს ჯარისკაცს ცემით სულს არ ამოხდიან. მერე კი, დიტო სამხარაძე ისევ ნაცების გინებას გააგრძელებს, ოღონდ, ამჯერად უკვე კრემლის აივნიდან