ნარკოლოგი, პარტია “ფედერალისტები”-ს ერთ-ერთი ლიდერი ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საქართველოში ძალიან ინტენსიურად იყიდება სინთეზური კანაბინოიდი, რომელიც იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც.
როგორც ექიმი სოციალურ ქსელში წერს, ასევე მას ურევენ სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებაში, რაც კიდე უფრო ამძიმებს მდგომარეობას.
„გაფრთხილება!
საქართველოში გამოჩნდა და ძალიან ინტენსიურად იყიდება „ტელეგრამ“ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). ასევე „k2“ სახელით იყიდება.
ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა. ასეთი ნივთიერებები შეიძლება გაცილებით ძლიერი და ბევრად უფრო საშიში იყოს. მათი გამოყენება დაკავშირებულია მძიმე ჯანმრთელობის რისკებთან.
შესაძლო შედეგებია:
- ძლიერი შფოთვა და პანიკა;
- ჰალუცინაციები და ფსიქოზი;
- აგრესია;
- კრუნჩხვები;
- გონების დაკარგვა;
- სუნთქვის გაძნელება;
- ზოგიერთ შემთხვევაში – სიკვდილიც.
ყველაზე საშიში ის არის, რომ მომხმარებელმა ხშირად არც კი იცის, რა ნივთიერებას იღებს, რადგან „სპაისის“ შემადგენლობა მუდმივად იცვლება. ასევე ის [გადააქვთ] დააქვთ სხვა სტიმულატორებზე, „მეფედრონზე“ „ალფაზე“ და სხვა, რაც კიდე უფრო ამძიმებს მდგომარეობას!!
თუ თქვენ, ან თქვენს ახლობელს ასეთი ნივთიერების მიღების შემდეგ დაეწყო უცნაური ქცევები: გონების დაბინდვა, კრუნჩხვა ან სუნთქვის პრობლემები – დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112“, – წერს ნარკოლოგი.




