სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!

რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა? რა დაგვემართა და რა დაგვმართეს? – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რითაც ვერაზე მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.

ზურაბიშვილი თავის პოსტში ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხმაურება და წერს, რომ ყველა აღნიშნული ფაქტის სამიზნე იუმორია.

„გუშინ მომხდარ ტრაგედიაზე ვერც ვერაფერს ვწერ, იმდენად შემზარავი და აბსურდამდე მისულია ამ ახალგაზრდა სიცოცხლის ასე ერთი გასროლით მოსპობა. სიტყვები არ ყოფნის და სიტყვების მაგივრად ბრაზი გიპყრობს. რატომ? რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა? რა დაგვემართა და რა დაგვმართეს?

და გუშინდელ სრულიად განსხვავებულ მოვლენებზე თუ დავფიქრდებით, მათ ერთი რამე აერთიანებს. სამივე შემთხვევაში სამიზნე იუმორია:

ბავშვები მანქანაში იცინოდნენ! რა გაცინებთო!!! და მოკლეს!

ჟურნალისტი ირიბი იუმორით აშარჟებს რეპრესიული სქროლვა-სქრინვის სააგენტოს და მის აკრძალვებს. როგორ ბედავო? და დაიჭირეს!

მსახიობი „სთენდაფზე” აშარჟებს ყველას და ყველაფერს, რამეთუ ირონია არის ფილოსოფიის ნაწილი, სხვა კუთხით სამყაროს დანახვისა და გააზრების საშუალება. და ოთხი კაცი დაესხა თავს!

ანუ ის რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას და პიროვნებას გადაატანინა უმძიმესი დღეები, რაც ჩვენი ხასიათის განუყოფელი ნაწილია, ისიც უნდა ამოიძირკვოს!!!

რუსის ოცნება!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.