გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!

საქართველოში ფასების ზრდის კრიზისი გრძელდება – ირაკლი კობახიძემ ვერ შეძლო ვერც ერთ პროდუქტზე ფასების შემცირება და საქართველოს მოქალაქეები უბრალოდ მოატყუა, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის გამოსავალი, რომელზედაც „ლელო-ძლიერი საქართველო“ უკვე თვეებია საუბრობს.

„ირაკლი კობახიძის დაანონსებული ფასების შემცირების ნაცვლად საქართველოში ყველაფერი ძვირდება. „საქსტატის“ ცნობით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5,8%-ს მიაღწია. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის ივნისში გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაძვირებულია პური 6,6 %-ით, ზეთი 5,5% – ით, ხორცი 9,8% – ით, ხილი 8,7% – ით, ხოლო თევზეული 20,4%-ით. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტში შექმნილი ფასების კომისიის, სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიებისა და პროპაგანდისტული მიზნით კობახიძეს ბიზნესთან შეხვედრების შედეგი იყო სრული კრახი. საქართველოში ფასების კატასტროფული ზრდა მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად აღარიბებს და ივანიშვილის რეჟიმმა პენსია მხოლოდ 20% -ით გაზარდა მაშინ, როდესაც მაღალჩინოსნების ხელფასები ათასობით ლარით გაიზარდა. გარდა ამისა, იზოლაციაში მყოფი ქვეყნის პირობებში, საქართველოში, ფაქტობრივად, არ შემოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და არ იქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1200 ლარამდე ხელფასს 170 000 ადამიანი იღებს, ხოლო საშუალო ხელფასი რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან ის მედიანურ ხელფასის პირობებში ასობით ლარით ჩამორჩება. საქართველოში ფასების ზრდის კრიზისი გრძელდება და ირაკლი კობახიძემ, რომელიც თავს იწონებს მაღალი ეკონომიკური ზრდით, საშუალო ხელფასის ზრდითა და სიღარიბის დამარცხებით, პრაქტიკულად, ვერ შეძლო ვერც ერთ პროდუქტზე ფასების შემცირება და საქართველოს მოქალაქეები უბრალოდ მოატყუა. ერთადერთი, რაც მან შეძლო სახელმწიფო სახსრებით, ისედაც ფასდაკლებული პროდუქტების ვებ-გვერდი შექმნა და მარკეტებში ფასდაკლებული პროდუქცია ერთ კუთხეში დაალაგებინა. არადა, გამოსავალი არსებობს და „ლელო-ძლიერი საქართველო“ ამაზე უკვე თვეებია საუბრობს. პირველ რიგში, ეს არის გადასახადების შემცირება. საქართველოში საწვავის აქციზის გადასახადი უნდა შემცირდეს და მინიმუმ უნდა დაუბრუნდეს 2017 წლის ნიშნულს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააორმაგა. ხოლო პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე უნდა შემცირდეს დამატებითი ღირებულების გადასახადი, როგორც ეს ბევრი წარმატებული ქვეყნის კარგი პრაქტიკაა. ამ კრიზისის გრძელვადიანი გადაჭრა მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნით არის შესაძლებელი-პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნით“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ