„აზიის განვითარების ბანკმა“ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5.5%-ზე დატოვა

„აზიის განვითარების ბანკმა“ (ADB) განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკებისთვის 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.9%-მდე შეამცირა, რაც აპრილის პროგნოზთან შედარებით 0.2%-ით ნაკლები მაჩვენებელია.

ADB-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული უახლესი ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად ენერგეტიკულ ბაზრებზე ხანგრძლივმა შეფერხებებმა რეგიონის ეკონომიკურ პერსპექტივებზე მოსალოდნელზე უფრო ძლიერი უარყოფითი გავლენა მოახდინა.

„2027 წლის ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5.1%-ზეა შენარჩუნებული, რაც ამ ზეწოლების თანდათანობით შესუსტებასა და ეკონომიკური აქტივობის აღდგენას ასახავს“, – აღნიშნულია „აზიის განვითარების ბანკის“ ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ ADB-მ კავკასიის, ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ბანკის განახლებული შეფასებით, რეგიონის ეკონომიკა 2026 წელს 3.8%-ით, ხოლო 2027 წელს 4.2%-ით გაიზრდება.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რეგიონის 2026 წლის პროგნოზის გაუარესება გამოწვეულია სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებით, რაც რუსეთის მიერ ახლახან დაწესებულ სავაჭრო შეზღუდვებს უკავშირდება; ასევე, თურქეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებით, რაც საწვავისა და სასუქების მაღალი ფასების ზრდამ გამოიწვია. შემცირებულია თურქმენეთის პროგნოზიც, რადგან ირანის გვერდის ავლით სავაჭრო მარშრუტების გამოყენებამ ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის ხარჯები გაზარდა.

რაც შეეხება საქართველოს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს, ADB-მ როგორც 2026 წლის, ასევე 2027 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები უცვლელად დატოვა.

უფრო კონკრეტულად, „აზიის განვითარების ბანკი“ 2026 წელს რეგიონის ქვეყნებში ასეთ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს:

  • აზერბაიჯანი – 2%;
  • თურქეთი – 3.1%;
  • ყაზახეთი – 4.8%;
  • სომხეთი – 5%;
  • საქართველო – 5.5%;
  • თურქმენეთი – 6.3%;
  • უზბეკეთი – 6.7%;
  • ტაჯიკეთი – 7.3%;
  • ყირგიზეთი – 8.9%.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს