რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსების მიერ განხორციელებული მასშტაბური იერიშის შემდეგ კიევში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
„სამწუხაროდ, რუსეთის დარტყმების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. კიევში დარტყმები 20-ზე მეტ ობიექტზე განხორციელდა, მათ შორის უმეტესობა საცხოვრებელი შენობაა. ასევე დაზიანდა სასწრაფო დახმარების ცენტრი, კვლევითი ინსტიტუტი, სასტუმრო და სხვადასხვა ბიზნესები“, – წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, ახლა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ. ასევე, ჩვენ იმედს ვამყარებთ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე Patriot-ის სისტემების ლიცენზიებთან და თანამშრომლობის სხვა ფორმებთან დაკავშირებით. ეს ის ნაბიჯებია, რომელთაც ამ ომის დასრულება და მსგავსი თავდასხმების აღკვეთა შეუძლიათ“, – აცხადებს ზელენსკი.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად კიევში 3 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.




