„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) 67-ე რაუნდი იწყება. წინა რაუნდის შემდეგ, მოსკოვმა მნიშვნელოვნად დააჩქარა საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესი, რომელიც მის რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციას ისახავს მიზნად,- ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პარტია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი.

„ანექსიის ეს ახალი ფაზა „მოკავშირეობრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ“ 9 მაისის შეთანხმების ხელმოწერით დაიწყო, რასაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ხელმძღვანელად რუსი მოხელის დანიშვნა მოჰყვა.

ამ ფონზე, „ოცნების“ ხელისუფლება სრულ დუმილს ინარჩუნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ამ აშკარა დარღვევაზე და უარს ამბობს ანექსიის დამგმობი რეზოლუციის მხარდაჭერაზეც კი. “ქართული ოცნება” დანაშაულებრივი დუმილითა და უმოქმედობით, კოლაბორაციონისტული პოლიტიკით ხელს უწყობს ოკუპანტის ინტერესების განხორციელებას.

ჟენევის დისკუსიები წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს, სადაც საქართველო რუსეთთან კონფლიქტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას განიხილავს და სადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მონაწილეობენ.

შესაბამისად: მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი.

მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, დაგმონ რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის – 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მორიგი უხეში დარღვევა“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა