პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ტატა ხვედელიანი:
სანამ ბოლო დღეების ფაქტების შეფასებაზე გადავალ, თვალი გადავავლოთ, პარლამენტში შესვლის დღიდან ჩვენმა გუნდმა რა გააკეთა:
ჩვენ დავიწყეთ საუბარი მოქალაქეთა სოციალურ სიდუხჭირეზე, მაღალ ფასებზე, უმუშევრობაზე, მაღაროელთა გაუსაძლის მდგომარეობაზე, დემოგრაფიულ კრიზისზე, კორუფციასა და ნეპოტიზმზე, უკიდურესად დაუცველ და მოტყუებულ დევნილებზე, დაბალ ხელფასებზე, შეურაცხმყოფელ პენსიებზე, მიზერულ სოციალურ დახმარებებზე, მინიმალურ ხელფასზე, უმუშევრობის დაზღვევაზე, ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობაზე, დაუცველ გლეხებზე, ნარკომანიაზე, უსამართლო სასამართლოზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე, ბავშვების შიმშილზე, სახელმწიფო უწყებებზე, რომლებიც დღეს ხალხს კი არა, ოცნების ბოსებს ემსახურება, განათლების სისტემის ნგრევაზე, რომელსაც „ოცნება“ რეფორმას უწოდებს, თუმცა სინამდვილეში ეს ქვეყანაში სინათლის ჩაქრობის მცდელობაა.
ჩვენ ღიად და არგუმენტირებულად დავუპირისპირდით „ოცნებას“ და არაერთხელ შევახსენეთ მათ ხალხის წინაშე არსებული ანგარიშვალდებულება, რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ანექსიის პროცესის დაგმობის აუცილებლობა, 2012 წელს გაცემული ჰუმანურობის დაპირება და #გახარიას წინააღმდეგ შეთითხნილი ბრალდებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეს პოლიტიკური ვენდეტაა.
დღეს, საგარეო მიმართულებით, „ოცნების“ პასუხისმგებლობით:
• აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია;
• ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაჩერებულია;
• კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ქვეყანა უკან წავიდა;
• საქართველო ევროპული ოჯახისგან იზოლაციაში მოექცა;
• უვიზო მიმოსვლა საფრთხის ქვეშ დადგა;
• საქართველოს მიმართ საერთაშორისო ნდობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
ეს ყველაფერი იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც „ოცნება“ ბოლო წლებია ატარებს და რომლის ფასსაც ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქეები იხდიან.
პრემიერის ანგარიშის დღეს ჩვენ ახალი არაფერი გვითქვამს – მხოლოდ, კიდევ ერთხელ შევახსენეთ ის პრობლემები, რომლებზეც აქამდეც არაერთხელ გვისაუბრია, შევახსენეთ მისი პეროსნალური პასუხისმგებლობა, რომელიც მას ასე ძალიან არ უყვარს.
26 ივნისს სესიაზე მომხდარი ძალადობა იყო ნათელი დადასტურება იმისა, რომ „ოცნებას“ ძალადობის გარდა სხვა არაფრის რესურსი არ დარჩა.
ეს არის მოძალადეთა ჯგუფი, რომელიც მიდის ისეთ არაქართულ, არაკაცურ და არამართლმადიდებლურ ქმედებებზე, როგორიცაა ზურგიდან მიპარვა, ადამიანის გაკავება და მასზე თავდასხმა, არაპროპორციული ძალის გამოყენება.
ამაში ახალი არაფერი ყოფილა – მსგავსი ძალადობა „ოცნებამ“ ბოლო წლებში არაერთი მოქალაქის მიმართ გამოიყენა და გაცილებით დიდი ტკივილი და დაზიანება მიაყენა მათ.
„ოცნება“ დღეს მეტი არაფერია, თუ არა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის სკამზე ფეხით შემდგარი, მოძალადე #არჩილგორდულაძე.




