ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში- ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას განაცხადა.
მან აბიტურიენტები დალოცა და მათ გამოცდებში წარმატება უსურვა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ „ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს“.
„დღეს ჩვენთან მოსულები არიან ახალგაზრდები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისთვის, მისაღები გამოცდებისთვის ემზადებიან. ჩვენო ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. წარმატებით ჩაგებარებინოთ და მოხვედრილიყავით უმაღლეს სასწავლებლებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს. აუცილებლად მინდა გახსოვდეთ და იცოდეთ ის, რაც დღევანდელ სახარებაში იყო მოცემული, რომ უმთავრესია ცხოვრებაში ვეძებოთ ღმერთთან სიახლოვე, მისი წმინდა ნების შესრულება და ვილოცოთ, მივმართოთ მას ჩვენი თხოვნებით, მტკიცე რწმენით, რომელიც შეზავებულია სიმდაბლესთან და მოყვასისადმი სიყვარულთან. თუ ვეცდებით ასე ვიცხოვროთ, მაშინ ეს გახდება ყოველგვარი წარმატების საწინდარი, როგორც ამქვეყნიურის, ასევე იმქვეყნიურის“,- აღნიშნა პატრიარქმა.
პატრიარქმა აბიტურიენტებს ჯვრები გადასცა და აღნიშნა, რომ ეს მათთვის ღვთის წყალობის მომტანი იქნება.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, წელს თქვენი ჩაბარების წელი დაემთხვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს, ამ დიდ საიუბილეო თარიღს. ამასთან დაკავშირებით თქვენ ლოცვა-კურთხევის სახით დაგირიგდებათ სპეციალური საიუბილეო ჯვრები, რომელიც იქნება თქვენთვის კურთხევის და ღვთის წყალობის მომტანი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“,-აღნიშნა პატრიარქმა.
მან ლოცვის მნიშვნელობაზე იქადაგა და აღნიშნა, რომ ლოცვას არ აქვს საზღვრები არც სივრცის და არც დროის.
პატრიარქის განცხადებით, „უნდა ვილოცოთ დიდი, უყოყმანო რწმენით და სიყვარულით, თუ გვინდა, რომ უფალმა ეს ლოცვა შეგვისრულოს“.
„როდესაც ჩვენ მივმართავთ უფალს ლოცვით, ჩვენც უნდა გვქონდეს, მტკიცე, უყოყმანო რწმენა და უნდა გვწამდეს, რომ უფალმა ყველაფერი იცის. ღმერთი ყველაფერს ხედავს, ის ყოვლისშემძლეა. ყოვლად ბრძენია. ამავე დროს, კაცთმოყვარეა და მოწყალეა. მას შეუძლია ჩვენი თხოვნის შესრულება და ინებებს კიდეც ამას“,-აღნიშნა პატრიარქმა.
მან ქადაგებისას თავმდაბლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უფალი თავმდაბალ ადამიანებს მადლს ანიჭებს.
„ჩვენც არ უნდა გვეგონოს, რომ ღვთის წინაშე რამე დიდს წარმოვადგენთ და როგორმე ვიმსახურებთ მის წყალობას. არა, აი, ასეთი ამპარტავნული აზრები უნდა განვაგდოთ ჩვენგან იმიტომ, რომ ეს მიზეზი ხდება იმისა, რომ უფალი აღარ შეისმენს ჩვენს ლოცვებს, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი: „ღმერთი ამპარტავანთა შემმუსრავს“. რას ნიშნავს შემმუსრავს? ე.ი. ეწინააღმდეგება ამპარტავნებს, ხოლო თავმდაბალ ადამიანებს მადლს ანიჭებს“,-აღნიშნა პატრიარქმა.




