პაატა მანჯგალაძე უდანაშაულო ადამიანი თუ არის, როდესაც გაიგო ძალადობრივი მოწოდებები და ორგანიზატორებში იდგა, რა გააკეთა მან, გაემიჯნა?! – ჯერ სურათები გადაიღეს, მერე განცხადებას შეუერთდა – პრეზიდენტის სასახლის აღებაზე მოწოდებებსაც რომ არ გაემიჯნეთ, ეს არის დანაშაული, – ამის შესახებ ვიცე -პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საუბარი იმაზე, რომ პაატა მანჯგალაძე ციხეში ფოტოს გადაღების გამო ზის, არასწორია.
„რაც შეეხება პაატა მანჯგალაძეს, ამ ადამიანს კარგად ვიცნობ, კოლეგები ვიყავით პარლამენტში. მე ეთერებში ბევრი მოვისმინე, რომ კაცი ციხეში ფოტოს გადაღების გამო ჩასვესო. ჩემი აზრით, ეს არის, როგორც მინიმუმ, არასწორი დამოკიდებულება ვიღაცების მხრიდან, არასწორი მესიჯბოქსი. მეტიც, გავლენა „ნაცური“ ტრენდისა, რომელი „ნაცური“ ტრენდითაც დაარქვეს თავის დროზე „პიჯაკების საქმე“. მაქსიმუმ, 100 ათასი ლარის იყო რაღაც ტანსაცმელი, მაგრამ დანარჩენი 8 მილიონ 900 ათასი დარჩა ჰაერში. მარტო პიჯაკები მიეწერა სააკაშვილს, დანაშაული რომ ჩაიდინა. „ტროტუარზე დგომის საქმე“ – თითქოს ტროტუარზე დგომის გამო ვინმე ვინმეს აკავებს. ესეც ძალიან მანიპულაციური და ცუდი ინტერპრეტაციაა. უცხოელი რომ ვიყო, ვიფიქრებდი, საერთოდ არ ჩავალ ამ ქვეყანაში. აქაც საუბარია, თითქოს, ფოტოს გადაღების გამო. ერთადერთი, რაზეც პაატა მანჯგალაძის შემთხვევაში შეიძლება იკამათო, არის წამქეზებლის თუ ორგანიზატორის ფუნქცია, როცა ადამიანი თავად დადგა, ჯერ ფოტო გადაიღო მათთან ერთად. დეკლარირება გააკეთეს, არ გაუპროტესტებია, შემდეგ ავიდა სცენაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, პაატა მანჯგალაძე სცენაზე ორგანიზატორებთან ერთად იდგა და თავს ადეკლარირებდა, როგორც დანაშაულის ორგანიზატორი.
„პაატა მანჯგალაძეს სულ მცირე 5 ათასი ამომრჩეველი ხომ ჰყავს თბილისში?! ის დადგა იქ და თავი დაადეკლარირა, დააიდენტიფიცირა, როგორც ორგანიზატორი. ძალით ხომ არ წაუყვანია ვინმეს?! ამან ხომ ვიღაცაზე იმოქმედა. პაატა მანჯგალაძე უდანაშაულო ადამიანი თუ არის, როდესაც გაიგო ძალადობრივი მოწოდებები და ორგანიზატორებში იდგა, რა გააკეთა მან, გაემიჯნა?! ჯერ სურათები გადაიღე, მერე განცხადებას შეუერთდი, იქ იდექი. მერე წამოხვედი, ტრიბუნაზე ახვედი და მოწოდებაც კი რომ ნახე, პრეზიდენტის სასახლე ავიღოთო, იყვირეს ვიღაცებმა – „მამაკაცური ძალა“, დავამხოთ, ამოვატრიალოთ, დავიჭიროთ ყველაო, ამასაც რომ არ გაემიჯნეთ, ეს არის დანაშაული. დანაშაული აუცილებლად აქტიური მოწოდება არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.




