მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს და ჩვენს მიერ გახსნილ საქმეს ატრიალებენ, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ ისაუბრა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც პოლიციელების ძალადობაა ასახული.
„ამ მართლაც საშინელ ფაქტზე საქმის კურსში ვიყავი დეტალურად, იმიტომ, რომ ჩვენს სამსახურსაც ჰქონდა ეს ინფორმაცია. მიმდინარე წლის თებერვალში, პრაქტიკულად 4 დღის განმავლობაში სამართალდამცავმა სისტემამ მოახერხა, ძალიან მცირე ინფორმაციიდან გასულიყო ბოლომდე და 3-4 დღის განმავლობაში შედეგი დადებულიყო, დაკავებული ყოფილიყვნენ მოძალადე პოლიციელები. 19 თუ 20 თებერვალს, გენერალურმა ინსპექციამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღეს ინფორმაცია, რომ 4 წლით ადრე ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ, საზარელ ფაქტს და ამის შესახებ არცერთი შეტყობინება, არცერთი ინფორმაცია არ იყო არსად. 2022 წელს, როცა ეს დანაშაული მოხდა, შეტყობინება არ იყო დაფიქსირებული არსად, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და 4 წლის განმავლობაში ეს იყო მიჩქმალული ფაქტი. ამიტომ, რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, არავისთვის ეს ცნობილი არ იყო. იმის გამო, რომ გადაღებული კადრები 1-2 ადამიანთან მოხვდა, ისევ თავის წრეში დაატრიალეს, ამის შესახებ მიღებული იყო ინფორმაცია და ამაზე იყო მყისიერი რეაგირება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ვიცე-პრემიერის თქმით, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს, ამის შესახებ სამართალდამცავმა სისტემამ გაავრცელა ინფორმაცია და ეს ცნობილი იყო ტვ პირველისთვისაც, რომელმაც კადრები გაავრცელა.
„კადრები აქამდეც ჰქონდათ, არ ვიცი დღეს და გუშინ რას ელოდებოდნენ, რას დაამთხვიეს და რა მიზნები აქვთ. წლების განმავლობაში ბევრჯერ ვნახეთ, რომ წმინდა პიარული მიზნები აქვთ და არანაირი ემპათია ვიღაცის მიმართ მათ არ ამოძრავებთ. რეალურად, გახსნილ საქმეზე, რომელიც 4 წლის მერე გაიხსნა, არავინ რომ არ იცოდა და რომ არ გახსნილიყო, ვერც ამ კადრებს ვერ ნახავდა ვერავინ. ჩვენს მიერ გახსნილ საქმეს ატრიალებენ, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
