თაზო დათუნაშვილი – ივანიშვილი არის განრისხებული, მას ვეღარ ატყუებენ, რომ რაიმეს დალაგებას მოახერხებენ და კობახიძემ მლიქვნელობის სესია ჩაატარა, 24-ჯერ ახსენა ივანიშვილი – წინამორბედს ციხეში გვერდით უნდა მიუჯდეს

ბიძინა ივანიშვილს არ გამოუვიდა სტატუს-კვოს შენარჩუნებით სიტუაციის ნორმალიზება ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ის განრისხებულია კობახიძესა და მის გუნდზე და ჩვენ დღეს ვიხილეთ ძალიან იაფფასიანი და საშინელი საყურებელი მლიქვნელობის სესია, 24-ჯერ ახსენა [ირაკლი კობახიძემ] ივანიშვილი უკონტექსტოდ… ამ პოლიტიკურ არარაობებს ახლა არ დარჩენიათ აღარაფერი, ვეღარ ატყუებენ ივანიშვილის, რომ რაიმეს დალაგებას მოახერხებენ და [ირაკლი კობახიძემ] ჩაატარა მლიქვნელობის ამაზრზენი სესია, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

დათუნაშვილის თქმით,  „სამშობლოს ღალატის გამო მის წინამორბედს გვერდით უნდა მიუჯდეს ციხეში“.

„კობახიძემ და მისმა გუნდმა ფიასკო განიცადა შეერთებულ შტატებთან ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკის მცდელობაში, რაიმე ტიპის ნორმალიზებაში, ბიძინა ივანიშვილის ქონების გადარჩენაში და მისი სანქციების გათავისუფლების პროცესში. სრული კრახი განიცადეს იმის პარალელურად, რომ ქვეყანაში ტყუილების კატასტროფულ კორიანტელს აყენებენ.

თქვენ იხილეთ კონგრესის მიერ ერთხმად მიღებული განაცხადი და კანონპროექტის ნაწილი, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება განიხილება ჩინური და რუსული გავლენების წარმომადგენლად კავკასიაში, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან შეერთებული შტატებისა და ქართველი ხალხის ინტერესებს, შესაბამისად, ივანიშვილი განრისხებულია ამ ყველაფერზე, იმ განცხადებაზე, რომელიც გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის შემდეგ საქართველოში. მას არ გამოუვიდა სტატუს-კვოს შენარჩუნებით სიტუაციის ნორმალიზება ამ ქვეყანაში, შესაბამისად, ის განრისხებულია კობახიძესა და მის გუნდზე და ჩვენ დღეს ვიხილეთ ძალიან იაფფასიანი და საშინელი საყურებელი მლიქვნელობის სესია, 24-ჯერ ახსენა [ირაკლი კობახიძემ] ივანიშვილი უკონტექსტოდ.

მე ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობის პირობებში ირაკლი  მიუჯდება მის წინამორბედს გვერდით, ციხეში. ეს იქნება საქმე სამშობლოს ღალატისთვის, რითაც ის ახლა არის დაკავებული.

ივანიშვილი ახლა არის განრისხებული. ამ პოლიტიკურ არარაობებს ახლა არ დარჩენიათ აღარაფერი, ვეღარ ატყუებენ ივანიშვილის, რომ რაიმეს დალაგებას მოახერხებენ და ჩაატარა მლიქვნელობის ამაზრზენი სესია. საშინელი საყურებელი იყო ის, რომ ახალგაზრდა კაცი როგორ დეგრადირდა ტელეეკრანებთან და მლიქვნელობით იყო დაკავებული, ლამის ღმერთად გამოაცხადა ივანიშვილი.

ამ პოლიტიკურ არარაობას მართლა იდიოტი ჰგონია ქართველი ხალხი, როდესაც ამბობს, რომ ივანიშვილი თურმე ამ ქვეყანაში ამყარებს ინსტიტუციებს. კაცზე, რომელმაც ეროზია მოახდინა მთელი სახელმწიფო სისტემების და დაამხო ქართული სახელმწიფო ინსტიტუციები, ამ კაცზე იძახის, ინსტიტუციების სიმყარეში გვეხმარებაო. მაგ სიმართლით იაროს მთელი მისი დარჩენილი უბადრუკი ცხოვრება ირაკლი კობახიძემ“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა -ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის“ მიღებაზეც ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ ინარჩუნებს ურთიერთობას შეერთებული შტატები ჩინეთთან, თუმცა რატომ არის მისთვის პრობლემა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის გაღრმავება.

„ჩინეთი არის მზარდი ავტოკრატიული სახელმწიფო, რომელიც დღეს იკავებს ძალიან მნიშვნელოვან როლსა და პოზიციას საერთაშორისო გეოპოლიტიკურ თამაშში. ის ახალი აქტორი არის ამ პროცესში, აქამდე სერიოზულ მოთამაშედ არ განიხილებოდა, მაგრამ ახლა არის ძალიან აგრესიული და ცდილობს, რომ მთელი სამყაროს მასშტაბით გააერთიანოს და მფარველი იყოს ავტოკრატიული, დიქტატორული რეჟიმების და ეს პოლიტიკური მოცემულობა მთელი სამყაროს მასშტაბით დაამყაროს.

მაშ, რატომ თანამშრომლობს შეერთებული შტატები ჩინეთთან? ძალიან მარტივი ამბავია – ჩინეთის ექსპანსია და ამ ავტოკრატიული ექსპანსიის ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთდამოკიდებულება ჩინეთისა შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან.

ჩინეთი და შეერთებული შტატები, ეკონომიკური თვალსაზრისით, ერთმანეთთან არიან გადაბმული. ისინი ერთმანეთის ვალის დიდი ნაწილის მფლობელები არიან, მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან და ერთადერთი შემაკავებელი იმისა, რომ ჩინეთი არ იწყებს ავტოკრატიულ ექსპანსიას ამ სამყაროში, არის ერს ურთიერთდამოკიდებულება, ამიტომ ეს გეოპოლიტიკური საერთაშორისო ბალანსი დგას სწორედ ამაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა გააღრმაონ კომერციული ურთიერთობები იმისათვის, რომ ეს ბერკეტი იქნას შენარჩუნებული.

ჩინეთი არის ზე-სახელმწიფო, ჩინეთი არის ბირთვული სახელმწიფო და მას აქვს ძალიან აგრესიული პოლიტიკური შეხედულებები და ეს ექსპანსია შეიძლება დაუსრულებელი იყოს და ჩინგიზ ხანის ეპოქა მოგვაგონოს, ისეთი სიმძიმით გაგრძელდეს. ამიტომ ცდილობს შეერთებული შტატები [ჩინეთთან ნორმალურ ურთიერთობის შენარჩუნებას].

ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობები სულ სხვა რამ არის. ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობები დგას იმაზე, რომ ჩინური და რუსული ინტერესების ინფილტრაცია ხდება საქართველოში და  და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დღეს არის ვასალურ დამოკიდებულებაში იმ ძალებთან, რომელიც იმართება რუსეთიდან. ეს არის განსხვავება, ესენი არიან სამშობლოს მოღალატეები, „ქართული ოცნება“ არის სამშობლოს მოღალატე პარტია, რომელიც ემსახურება ჩინურ და რუსულ ინტერესებს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს.

ახლა იმის შესახებ, თუ რა ტენდენცია არის თებერვალში დარეგისტრირებული კანონი, რომელიც ახლა იკრებს ძალას, რომლის პროცესი ჯერ არ არის დასრულებული, მაგრამ ის დიდ სურათში უნდა დავინახოთ – ერთი მხრივ, ჩვენ დავინახეთ საერთაშორისო პოლიტიკის კონტურები, როდესაც ვიხილეთ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადება საქართველოში ვიზიტის შემდეგ, დავინახეთ კონტურები, თუ როგორ გამოიყურება შეერთებული შტატების პოლიტიკა და ეს კონტურები მარტივია – ივანიშვილის ბანდიტური მმართველობის პირობებში, ივანიშვილის კლეპტოკრატიული სისტემის პირობებში, რომელიც ემსახურება რუსეთსა და ჩინეთს, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა არ იქნება დალაგებული“, – აღნიშნა დათუნაშვილმა.

მან ასევე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს სავიზო შეზღუდვას დაუწესებს, ამაზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება.

„ტრაგიკულ შედეგებს მივიღებთ, თუ საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩერდა. ეს ტრაგედია თავიდან ბოლომდე ივანიშვილის კისერზეა, იმ ივანიშვილის კისერზე, რომელიც 24-ჯერ ახსენა ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქებარ კონტექსტში.

ევროკავშირი არის ფასეულობითი გაერთიანება. ამ ფასეულობით გაერთიანებაში შენ თუ კლავ შენს ქვეყანაში დემოკრატიას, თუ კლავ ადამიანის უფლებებს, თუ საქართველოს მოქალაქეებს თავზე ახევ კონსტიტუციას, თუ პოლიტიკურ ფლირტს იწყებ რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან ანუ ცივილიზებული და განვითარებული სამყაროს მტრებთან, შენი ადგილი ევროკავშირში არ არის, ამას ამბობს ევროკავშირი.

როდესაც შენი შიდა პოლიტიკის მთავარი მდგენელი არის დასავლეთისა და კონკრეტულად ევროკავშირის გაუთავებელი, უშვერი და აღვირახსნილი ლანძღვა, ამას მოჰყვება შესაბამისი პასუხები და ეს პასუხები კატასტროფული იქნება საქართველოსთვის. ამაზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ივანიშვილზე იქნება“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება, ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით…

ირაკლი კირცხალია – მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს სწორედ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს – პრემიერი ხაზს უსვამს მის ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს