“არავის სალაპარაკო არ არის” — “ოცნების” წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან

“ვერავის ვერ დააბულინგებთ თქვენი მხრიდან, რომ მოგვერიდოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დამსახურებული ადამიანის როგორც შექება, ასევე შეფასება და მისი მნიშვნელობის გამოკვეთა”, — განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა ნინო წილოსანმა ირაკლი კობახიძის მიერ ბიძინა ივანიშვილისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე საუბრისას. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში ლეგიტიმაცია აქვს.

“ვერავის ვერ დააბულინგებთ თქვენი მხრიდან, რომ მოგვერიდოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დამსახურებული ადამიანის როგორც შექება, ასევე შეფასება და მისი მნიშვნელობის გამოკვეთა. წლები იყო, როდესაც თქვენ ახერხებდით და ადამიანებს რაღაც კუთხით ასირცხვილებდით, რომ შეექოთ . ბიძინა ივანიშვილს აქვს ლეგიტიმაცია, მას აქვს პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსი. პარტიაში მიიღება პოლიტიკის ძირითადი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები, სადაც ასევე იცით, რომ მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ არაფერი დამალული არ არის, რაც თქვენ გინდათ, რომ ახლა რაღაცა კონსპირაციად წარმოაჩინოთ”, — განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა ნინო წილოსანმა “ტვ პირველის” ჟურნალისტთან საუბრისას.

ოცნების კიდევ ერთი დეპუტატის, ეკა ჭიჭინაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილზე ბრიფინგის გამართვა “საჭირო იყო იმიტომ, რომ არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის”.

“ვეთანხმები ყველაფერს, რაც ირაკლი კობახიძემ ბიძინასთან დაკავშირებით თქვა. [ბრიფინგი] საჭირო იყო, იმიტომ რომ არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის, განსაკუთრებით თქვენი, სულელი ტელევიზიების”, — ასე უპასუხა ეკა ჭიჭინაძემ “ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვას, რას ემსახურებოდა ბიძინა ივანიშვილზე ბრიფინგის გამართვა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, “ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და სწორედ ამ კონფიგურაციით გაიმარჯვეს არჩევნებში.

“თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს… მათ შორის ირაკლი კობახიძემაც განაცხადა: ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციით, თუ ვინ არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ვინ არის პარტიის თავმჯდომარე, ვინ რა პოზიციაზე უნდა ყოფილიყო, ამ კონფიგურაციით გავედით არჩევნებზე. საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, როგორია პოლიტიკური კონფიგურაცია ქართულ ოცნებაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება გუნდში, რომლის ნაწილიც არის საპარლამენტო უმრავლესობაც და მთავრობა. ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი. მათ შორის, პარტიის პოლიტსაბჭოში წარმოდგენილები არიან როგორც მთავრობის წევრები, ისე პარლამენტის წევრები და რომელსაც თავმჯდომარეობს , ხოლო საპატიო თავმჯდომარე გახლავთ ბიძინა ივანიშვილი და იქ მიიღება გადაწყვეტილებები. თქვენი აზრით, პარტიის პოლიტიკური საბჭო აბა რატომ იკრიბება ხოლმე? ინფორმაციას რომ იგებთ ხოლმე — შეიკრიბა პოლიტიკური საბჭო, ფოტოებსაც ხედავთ და ვიდეოებსაც ხედავთ და მსჯელობთ — ამაზე რას ჰგონიათ, ამინდზე ხომ არ მსჯელობენ? აქ არა მხოლოდ თანამდებობრივ იერარქიებს და პოზიციებს აქვს მნიშვნელობა, არამედ პარტიულ იერარქიებს და პოზიციებს აქვს მნიშვნელობა. გადახედეთ ნებისმიერ ქვეყანას ევროპაში”, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს გამართული ბრიფინგი მთლიანად ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა და მისი სახელი და გვარი 8 წუთში 27-ჯერ ახსენა. მან ივანიშვილს “პოლიტიკის გროსმაისტერი” უწოდა და ქვეყნის წინაშე მის დამსახურებებზე ვრცლად ისაუბრა.

წყარო