პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
მინდა ვთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოსთვის იქნება არსებითად მცდარი ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით ხელისუფლება შეწუხდება, ხოლო ხალხი ხელისუფლებაზე აღშფოთდება, ძალიან ცდება.
პირიქით, ხელისუფლება ამ შემთხვევაში ამოქოქავს პროპაგანდას, რომ ბრიუსელი (იგივე დიფსთეითი, გლობალური ომის პარტია, მასონები, 25 ოლიგარქიული ოჯახი და ა. შ.) საქართველოს სჯის იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა არ დადის ევრობიუროკრატების ჭკუაზე და ხელმძღვანელობს საკუთარი ინტერესებით და ეს პროპაგანდა საკმაოდ დამაჯერებელიც იქნება არა მარტო მათი მომხრეებისთვის, არამედ ბევრი ჩამოუყალიბებელი და მოყოყმანე ქართველისთვისაც, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ წმინდა პოლიტიკურის, ანუ ხელისუფლების ანტიევროპული პოლიტიკის გარდა სხვა არანაირი მიზეზი არ არსებობს უვიზო რეჟიმის შეჩერების. ხოლო სახელისუფლო პროპაგანდის სიმძლავრეებს თუ გავითვალისწინებთ, მათ არ გაუჭირდებათ ანტიევროპული რიტორიკა სუვერენიტეტის დაცვად გაასაღონ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში არცთუ წარუმატებლად.
მეორეს მხრივ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს აქაურ ოპოზიციასაც. მათ მოუწევთ ან ევროკავშირის გადაწყვეტილების დაგმობა, რაც იქნება არაპირდაპირი დასტური იმისა, რომ ხელისუფლება ევრობიუროკრატიასთან მართალია, ან მოუწევთ “გააპრავონ” არაპოპულარული და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელი და მტკივნეული გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე შედეგებით.
აღარაფერს ვამბობ იმ ადვილად პროგნოზირებად ფაქტზე, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება მტკივნეულად დაარტყამს საქართველოს ათიათასობით და შეიძლება ასიათასობით მოქალაქეს, ხოლო ოცნების ჩინოვნიკებს ოდნავ დისკომფორტსაც არ შეუქმნის.
დიახ, ქართველი ხალხი, რომელიც ბოლო წლების უპრეცედენტო ანტიევროპული პროპაგანდის მიუხედავად, მაინც ინარჩუნებს ევროინტეგრაციის მიმართ დადებით დამოკიდებულებას, აპროტესტებს ხელისუფლების პოლიტიკას და ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვაში ადასტურებს, რომ ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულია, იმსახურებს იმას, რომ ხელისუფლების უგვანი პოლიტიკის მიუხედავად, მას ჰქონდეს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის საშუალება. უფრო მეტიც: სანამ უვიზო რეჟიმი არსებობს, ოცნების ანტიევროპული რიტორიკა ვერასდროს იქნება ისეთი ქმედითი, როგორც ბიძინა ივანიშვილს და მის მომსახურე პერსონალს უნდა.
და ბოლოს: ყველაფერი, რაც ზემოთ ვთქვი, არის სრულიად ელემენტარული ამბავი და თუ ევროკავშირის ქვეყნები ზედაპირულად მაინც აზრზე არიან აქაური ვითარების, უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი არც კი უნდა დაისვას სერიოზულად და თუ აქამდე რომელიმე ოპოზიციონერი ან აქტივისტი არწმუნებდა ევროპელებს, უვიზოს შეჩერება ხალხის რისხვას მოიწევს ოცნების თავზე და ლამის ჩამოაქცევს ბიძინასო… აქ უნდა ეწეროს ძალიან ცუდი სიტყვები მათი მისამართით, მაგრამ თავს შევიკავებ.




