დავით ჩხეიძე, სამოქალაქო აქტივისტი, დიპლომატი:
ბატონმა ბ.ივანიშვილმა დღეს გაგვიმეორა იგივე, რაც გვითხრა 2024 წლის 29 აპრილს. ოღონდ ბატონი ი.კობახიძის პირით.
არაფერი არ შეცვლილა და შეიცვალა ძალიან ბევრი. უბრალოდ, არჩევანი უფრო ნათელია:
მისი დემოკრატია ასეა მოწყობილი: გინდა იყო ბრბო კოლოსეუმის მაღალ იარუსებზე თუ გლადიატორი მის პარლამენტში და ეთერებში.
სხვა არჩევანია ციხე, აკრძალვა, ქვეყნიდან გაძევება…
ჩვენ რაღაც კიდევ ვერ გავიგეთ. მმართველობის მოდელზე საუბრობდა ბ.ივანიშვილის პრემიერი.
მოდელი შეცვლილია. 1965-1971 წლებში ნ.ჩაუშესკუ მიჩნეული იყო წამყვან რეფორმატორად აღმოსავლეთ ევროპაში. დიდი ბრიტანეთის დედოფალი და აშშ-ის პრეზიდენტი იღებდნენ.
1971 წელს მან მოინახულა ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა და მიხვდა, რომ ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო მისი პიროვნული განდიდება.
ფსიქიატრი, ფსიქოლოგი შეიძლება წავიდეს
პიროვნების ანალიზში: მწვავე პარანოია…
მე პიროვნულად ვერავის შევეხები, ჩემი ხედვის არე მხოლოდ პოლიტიკურია, ვიწროა.
პოლიტიკურად ქვეყანაში მყარდება კონსტიტუციის ჩარჩოდან გასული კვაზი-დინასტიური ავტორიტარიზმი.
ამ წყობის უკეთესი ცოდნა აჩვენა ქალბატონმა თ.წულუკიანმა, რომელმაც ადიდა ბ.ივანიშვილი.
ჩვენ გვიხარია, რომ გოტა ჭანტურიამ მოიპოვა მორალური და ემოციური უპირატესობა. მაგრამ რეჟიმის მხრიდან ეს არავის ადარდებს.
“იმედი” არის არენა, სადაც მისული პირი ბ.ივანიშვილის გათამაშებულ დემოკრატიაში მონაწილეობს.
იმავე წარმატებით გეგმავს ყოვლისშემძლე მმართველი 2028 წელს არჩევნების ჩატარებას – მისი შექმნილი პოლიტიკური ფიგურებით.
ვისაც არ აკრძალავს, ვისაც არ დაიჭერს. როგორც ახლა ეთერებში ქმნიან სანახაობას, ასევე გაგრძელდება 2028 წლის შემდეგაც.
პურს თავად უზრუნველყოფს, მთავარია ეკონომიკური ზრდა, და სანახაობა უნდა გათამაშდეს.
იმავე წამოწყების ნაწილია მისი პიროვნების გათანაბრება ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან.
ისიც დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ბურჯია ჩვენი ქვეყნის. მისი ჭირისუფლობა პატრიარქის გასვენებაში, შვილები პარტიულ შეკრებებზე, პარტიის საქმეებში.
დაახლოებით ჩინური მოდელია მმართველობის, რეგიონში ჩვენც ჩვენი პატრონი გვეყოლება.
არადა, ერთადერთი კითხვა არსებობს:
დღევანდელი რეჟიმი აქცევს თუ არა საქართველოს ევროპულ დემოკრატიად, კეთილდღეობის მიღწევის თანაბარი შესაძლებლობით თითოეული ადამიანისთვის?
პასუხი ერთია: არა!
დღეს ეს პასუხი ისევ გაიმეორა ბ.ივანიშვილმა მისი პრემიერის პირით. არავითარი დასავლეთი და აგენტურა.
საქართველო მისი მამულია, ჩინეთშიც ასე აქებენ ლიდერებს, ირანშიც, რუსეთშიც, უფრო ახლო სამეზობლოშიც…
საქართველოს მოქალაქეს თუ მეტი უნდა, დასავლეთის აგენტია, რომელიც არეულობას და რევოლუციას გეგმავს.
მაშინ რა მოხდა გუშინ? რატომ დამატებითი განცხადება დღეს?
გუშინ არა მხოლოდ ი.კობახიძემ ისაუბრა ნაკლები, არამედ დებატებში მიწვეულმა ოპონენტმა თქვა უფრო მეტი, ვიდრე დაშვებული იყო.
გავიდა გრავიტაციიდან, თქვა უფრო მეტი სიმართლე და დღეს ისევ უკან დაგვაბრუნეს.
ამით მყისიერი საფრთხე გადავლილია, მაგრამ ზვავი – არა. “ჩაუშესკუს მომენტი” ყველა ავტორიტარისთვის ყველაზე საშიში მომენტია.
სიმპტომი ქრება, რუსთაველზე აქცია კლებულობს, ნამდვილი ოპოზიცია იჩრდილება ფსევდო-ოპოზიციის ჩრდილში ან შავდება ბოლომდე.
და მაშინ მდგომარეობა ხდება ფეთქებადსაშიში.
ერთ ადამიანს რომ ყველაფრის კონტროლი შეეძლოს, რა გროსმაისტერიც არ უნდა იყოს…
დღეს მსოფლიო დესპოტიაში იცხოვრებდა.
ბ.ივანიშვილის რეჟიმში ყველას მოსყიდვის ილუზია არსებობს.
მოსყიდვა ფულით არ ხდება მარტო. ვიღაცას პარტიული ამბიცია აქვს, სხვას ლიდერობა უნდა, ვიღაცას ეთერში გამოჩენა…
ზოგს ფილმის გადაღება, სხვას მონაწილეობა… და ასე უსასრულოდ – რა თევზი, რა ჭიას ეტანება.
მაგრამ სწორედ ამ მართულ ილუზიაში დგება “ჩაუშესკუს მომენტი” – უმართავი ჩამოშლა.
ვიღაც მეტყვის, რომ ბ.ივანიშვილი უფრო ლმობიერი მმართველია.
გავიხსენოთ, რომ 2012 წელს ის უმსხვილესი ქველმოქმედი და საჩვენებელი დემოკრატიის შექმნის მესვეური იყო.
ნ.ჩაუშესკუც 1970-იანი წლების ბოლოდან ყალიბდება საბოლოოდ დიქტატორად. და მალევე ამთავრებს ცუდად.
სწორედ “ჩაუშესკუს მაგალითი” აშინებს ზეპარტიულ, ეროვნულ გროსმაისტერს;
და აწერინებს წერილებს ყველას, ვინც შეატყობს რომ მისგან განწირულია.
გვახსოვს ბატონი ი.ღარიბაშვილის დაუსრულებელი მადლობები, სანამ გაათავისუფლებდნენ და ბოლოს დაიჭერდნენ.
ასჯერ გამეორებული ქების ოდა, პანეგირიკული ლიტურგია, რომლის დღეს ბატონმა ი.კობახიძემ წაიკითხა, მისი დასასრულის დასაწყისია.
მთავარია, რამდენი ასეთი მადიდებელი გადაარჩენს კიდევ ბ.ივანიშვილის რეჟიმს, სანამ ყველაფერი მყისიერად ჩამოიშლება.
მე პირადად აზრს ვერ ვხედავ რეჟიმის წევრებთან დიალოგის, მათი ლანძღვის, ამ კომენტირების…
ისინი მხოლოდ ახმოვანებენ კვაზი-დინასტიური ავტორიტარიზმის სულისკვეთებას.
ზოგს ჰგონია, რაც უფრო ხმამაღლა გალანძღავს რეჟიმის წარმომადგენელს, უფრო შედეგი ექნება.
არა. “წყენავ, დუმილით ნათქვამო, ოქრო ხარ აუწონელი.”
ისინი განწირულები არიან. გლადიატორები კოლოსეუმის არენაზე.
მათთან პაექრობა მხოლოდ ერთპიროვნული მმართველისთვის საამო და სასარგებლო სანახაობას ქმნის.
თუ გვინდა გამარჯვება, ჩვენ უნდა გავიდეთ ბ.ივანიშვილის მოწყობილი შეჯიბრებებიდან:
ხან უნივერსიტეტებს რომ ვიხსნით გაერთიანებისგან და ხან კვერცხის ფასს 3 თეთრით ვამცირებთ…
და ავირჩიოთ: გვინდა პატრონ-ყმობა თუ
თავისუფლება?
