დავით ნიკურაძე: ნანიკო ხაზარაძის ქრინჯული ფამილარობა და თავში თქაფანი ხომ ერთი უბედურებაა, მაგრამ მეორე უბედურება “ქალბატონო ორლენაა”. რაის ორლენა და სამლენა, შვილო?!

ჟურნალისტი დავით ნიკურაძე:
ნანიკო ხაზარაძის ქრინჯული ფამილარობა და თავში თქაფანი ხომ ერთი უბედურებაა, მაგრამ მეორე უბედურება “ქალბატონო ორლენაა”.
რაის ორლენა და სამლენა, შვილო?!
სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ, თქვენმა ბავშვობამ სად გაიარა? დავიჯერო, არასოდეს გინახავთ “ჭირვეულის მორჯულება”? არასოდეს მოგწონებით ეს ფილმი და არ დაგიმახსოვრებიათ ორნელა მუტის და ადრიანო ჩელენტანოს სახელები? ერთხელაც არ გაგღიმებიათ იმ კადრზე, შავკანიან მოსამსახურეს (ახლაც მახსოვს, რუსულ თარგმანში დონია მაწი ერქვა) ტორტზე სანთლების ჩაქრობის დროს სახეში რომ ფქვილი ეყრება და ერთხელაც არ გაგივლიათ გონებაში, რა საოცრად ლამაზია იტალიის სოფლები?
ლუი დე ფიუნესის და ჟან მარეს სახელები მაინც თუ გსმენიათ? ეს ფრანგული, იტალიური და თითოოროლა ამერიკული ფილმი იყო ერთადერთი პატარა ფანჯარა ცივილიზებულ სამყაროში, ასე რომ ვოცნებობდით იქ მოხვედრაზე ჩვენს პატარაობაში. “ჩემი მშვენიერი ლედი” ნანახი გაქვთ? “ქარწაღებულნი”? “არ ააცდინო ასუნტასთვის” არ შეგიხედავთ და არ გინატრიათ, სიცილიის იმ პატარა ქუჩებში აღმოჩენილიყავით? ან “როგორ მოვიპაროთ მილიონი” და “რომაული არდადეგები” არ გინახავთ და აღტაცებაში არ მოსულხართ ოდრი ჰეფბერნით? რომის ბრწყინვალება სად ნახეთ, თუ არა იტალიურ ფილმებში? არასოდეს გიცინიათ ფილმზე “ქორწინება იტალიურად” და არ დაგიმახსოვრებიათ სოფია ლორენის და მარჩელო მასტროიანის გმირები? არ გაგღიმებიათ იმ კადრებზე, როგორ აწერს დონა ფილომენა საბუთზე ხელს? სინიორ რობინსონიც არ გინახავთ და არ აგიკვიატებიათ სიტყვა “მოგონინიბა”? “ოპერაცია წმინდა იანუარშიც” არ აკვირდებოდით ნეაპოლს? არასოდეს მოგბჯენიათ ცრემლის ბურთი ყელში “ჩოჩარაზე” და “ველოსიპედების გამტაცებლებზე”?
ჩვენი ბავშვობა ეს იყო და თქვენ რას აკეთებდით ბავშვობაში? რა ხალხი ხართ საერთოდ? ტელევიზორი არ გედგათ სახლში?
საერთოდ აღარ მახსოვს ხაზარაძის უტაქტობა – “ორლენამ” დამცა თავზარი. ტელევიზიით გამოდიხართ ეს ხალხი დღეს და ჭკუას გვარიგებთ.
რაის ორლენა, სამლენა და ოთხმარუსა?!

ასევე დაგაინტერესებთ

სოფიო ბუკია: ზაარბრიუკენის მერის გადაწყვეტილება მიმართულია მხოლოდ ოფიციალური თბილისის — ხელისუფლებისა და მერიის წინააღმდეგ და ის არ უკავშირდება დაძმობილებული ქალაქების სამოქალაქო საზოგადოებებს შორის კავშირის გაწყვეტას

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში, ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი