დავით ჩხეიძე: მთავარი ძალა ამ კამპანიის არის ამ საკითხის აწევა, რამაც შეიძლება შედეგი მოგვცეს მხოლოდ სახელმწიფოს სისტემური მიდგომით

დავით ჩხეიძე, სამოქალაქო აქტივისტი, დიპლომატი:
“მოდი, ჩემს ამბავს მოვყვები, უფრო გასაგები რომ გახდეს, რისი თქმა მინდა.
ღირს, რადგან ჩემი გამოცდილება იშვიათია და ნაწილობრივ ახლოს არის ბავშვების მშობლების განცდასთან.
იქნებ ამით დავეხმარო, როგორც ერთ დროს მე დამეხმარა სხვა.
არის ასეთი იშვიათი ნაკლი – ბილიარული ატრეზია, ღვიძლის ნაღველსადინარი გზების დახშობა.
ბავშვი იბადება და შენს თვალწინ თვეებში ყვითლდება და იღუპება, რადგან ღვიძლს ნაღველი ვერ გამოაქვს სისხლიდან.
ადრე ასეთი ბავშვები განწირულები იყვნენ. ახლა არსებობს ღვიძლის გადანერგვა.
მშობელი, მეტწილად დედა, აძლევს შვილს მისი ღვიძლის ნაწილს.
საქართველოში ამის ოპერაცია ვერ კეთდება. უცხოეთში ფასი მაშინ მერყეობდა 85 ათასი დოლარიდან – თურქეთში – დაახლოებით 600 ათას დოლარამდე ამერიკაში.
სახელმწიფოს ჰქონდა გათვალისწინებული 10 ათასი დოლარის ეკვივალენტი ლარში და იმავე რაოდენობის – თბილისის მერიას.
გამოდიოდა სულ 20 ათასი დოლარი.
დღევანდელმა მერმა, კახა კალაძემ, ისე რომ მე მასთან არაფერი მაკავშირებდა, მისი ფონდიდან გამოყო კიდევ 10 ათასი.
დანარჩენი 50 ათასი ან უნდა შემეგროვებინა, ან შვილი დამეკარგა.
პირდაპირ ვწერ, რადგან იმ დროს გავიცანი სხვა პაციენტი ბავშვები, იმავე ნაკლით, რომლებიც უფულობის გამო ნელი სიკვდილით იღუპებოდნენ.
ამას ხედავს მშობელი – რომ სხვა ბავშვი ყვითლდება, ბოლოს შავდება და ვერც , ვერც სახელმწიფო ამას ვერ შველიან.
ზოგმა ბინა გაყიდა, ზოგს სამსახურმა აუნაზღაურა, მაგრამ როდესაც ბინა არ გაქვს, ან იქ დანარჩენი წვრილშვილი ცხოვრობს…
არ გაქვს სამსახური, არ გყავს ძლიერი სამეგობრო – განწირული ხარ.
ამას რატომ ვამბობ და როგორ ვამბობ – ვამბობ, როგორც მშობელი, რომელსაც არც ერთი მილიონი ლარი და არც სამი არ უშველის.
არ მომწონს არც განმარტება, რომ სკამი ვუყიდეთ, საწოლი მივუტანეთ.
ასეთ დროს მშობელი უბრალოდ შეურაცხადია, უძლურია, სასოწარკვეთილია.
მთავარი ძალა ამ კამპანიის არის ამ საკითხის აწევა, რამაც შეიძლება შედეგი მოგვცეს მხოლოდ სახელმწიფოს სისტემური მიდგომით.
ამ ახალგაზრდების უდიდესი დამსახურება იქნება და უკვე არის, და ყველა მათ გვერდით უნდა დაუდგეს, თუ ბიუჯეტში მოინახება თანხა იმ გამოწვევის საპასუხოდ, რაც ამ ბავშვებს აქვთ.
სხვა ყველაფერი, პირდაპირ ვიტყვი, არაფერს არ ნიშნავს. თანადგომა გაძლიერებს, მაგრამ შენ ვერაფერს ვერ ხედავ.
დამიჯერეთ, მშობელი, რომელიც ახლა ზის კანცელარიასთან, ვერაფერს ვერ ხედავს. ვერც საწოლს, ვერც სკამს… ხედავს მისთვის მებრძოლ ადამიანებს, რომლებიც ან მიაღწევენ შედეგს, ან ვერა.
ბოლომდე მონდობილია! შენ ხარ მისი იმედი, აზრი.
რა შეიძლება იყოს შედეგი? ბავშვებისთვის ყველაზე თანამედროვე სამედიცინო მომსახურების გაწევა. მეტი არაფერი.
ამას საზოგადოება სახელმწიფოს გარეშე ვერ იზამს. ყოველწლიურად ათობით მილიონ ლარზეა საუბარი, თუ არა ასობით მილიონზე.
5 ლარის ჩარიცხვა არაფერს არ ნიშნავს, თუ თითოეული, ვინც ფული ჩარიცხა, ბოლომდე არ გააგრძელებს ზეწოლას, ბრძოლას.
პირიქით, ასეთ დროს 5 ლარი უფრო ცინიკურია, უფრო ვალის მოხდას ჰგავს, ვიდრე თუნდაც კვირას გამოსვლა მარშისთვის, სახელმწიფოზე ზეწოლის მოსახდენად.
განაცხადა ბატონმა ი.კობახიძემ, რომ საზოგადოების ფულს იოლად ვერ განკარგავს. სტუდენტების აქციამ აჩვენა, რომ საზოგადოება მოწოდებულია, მზად არის.
ერთ დღეში მილიონი ლარი მართლაც სასწაულია.
ახლა პასუხი სახელმწიფოზეა.
და კიდევ ერთი, უმთავრესი. ასევე პირადი მაგალითიდან გეტყვით.
როდესაც სასოწარკვეთილება დაგვეუფლა, იყო კიდევ ასეთი გზა, რომელსაც რამდენიმე ბავშვის მშობელი დაადგა.
წავიდნენ ევროპის ქვეყნებში და ჩაბარდნენ, რომ შვილი, რომელსაც ვერ შველოდა საქართველო, გადაერჩინა საფრანგეთს, გერმანიას…
და ასეც მოხდა. ისინი ევროპული შესაძლებლობის წყალობით დღეს ცოცხალი, ბედნიერი ადამიანები არიან.
ჩვენ უნდა გავუსწოროთ სიმართლეს თვალი. ასეთი დაავადებები ბევრია, ზოგადად პედიატრია უმძიმეს მდგომარეობაშია საქართველოში.
ხვალ სახელმწიფომ საჭირო თანხა რომ გაწეროს ბიუჯეტში ამ ბავშვების გადასარჩენად, მისი ანტიდასავლური პოლიტიკა ბევრად მეტ ბავშვს ემუქრება საფრთხით.
ადამიანი, რომელიც დღეს 5, 10 ან თუნდაც ასი ათას ლარს ურიცხავს ამ ბავშვებს, რომ ტვირთი მოიხსნას, მაგრამ არაფერს აკეთებს იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რასაც ახლა რეჟიმი ატარებს…
ან სხვას ატყუებს, ან თავს იტყუებს, ან ორივეს ერთად.
ჩვენ შვილებს დაცულ მომავალს ვუკარგავთ. ჩვენ, როგორც დღევანდელი თაობა, მომავალ თაობას ვწირავთ.
ვუპასუხოთ ქმედითად გამოწვევებს, თავს ნუ მოვიტყუებთ, სინდისს ნუ
გავითავისუფლებთ მარტივად.
სიკვდილის პირას მდგომ ბავშვს რა ტანსაცმელში გამოაწყობ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ როდესაც შეგიძლია იხსნა დაღუპვისგან.
მიეცით ბავშვებს მომავალი!”