მამაკაცი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა – რატომ ჩავიდინე: 3 წლის განმავლობაში ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას, ხან ნომერი დავტოვე, საპატრიარქოში მივედი – გამომიშვეს

იმის ახსნა მინდა, რატომ ჩავიდინე ეს ქმედება და ამ კითხვას ველოდები,- ამის შესახებ საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულმა როსტომ მაზმიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მას მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ განუმარტა, რომ დღეს მისი ბრალეულობის საკითხი არ განიხილებოდა.

„ვსვამ კითხვას, რატომ ჩავიდინე და პასუხს მე ვცემ.

დავიწყოთ იქიდან, 3 წლის განმავლობაში ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას, ხან ნომერი დავტოვე, ხან რა დავტოვე, სამებაში ვიყავი წყნარად, დაცვას ვთხოვე მოსაყდრე შიოსთვის გადაეცათ, რომ შეხვედრა მსურდა, საპატრიარქოში მივედი, გამომიშვეს”,- განაცხადა ბრალდებულმა, რა დროსაც მას მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ გამოძიების ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებდა ის, შესაბამისად, მისი უფლება რომ არ დარღვეულიყო, პოზიცია ადვოკატთან შეეთანხმებინა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, როსტომ მაზმიშვილი 2026 წლის 20 მაისს, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა.

შემდგომ კი ის ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა,

როსტომ მაზმიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.