ილუსტრატორი დათო სიმონია:
შსს-მ გორში რაც ქნა, ეგ არც გუშინ დაწყებულა და ვერც რამდენიმე პოლიციელის საჩვენებელი დასჯა უშველის. ეგაა სამთავრობო პოლიტიკა, რომელიც 2 წლის წინ, დედაქალაქის მთავარ გამზირზე დაკანონდა.
ამ პოლიტიკის დაკანონება ხალხის ნაწილს “სუვერენიტეტის განმტკიცებად” შეასაღეს, ნაწილს “ნაცებთან ბრძოლად”, ნაწილს – “აგენტებთან ომით” და ა.შ. ყველამ ის დაიჯერა, რაც აწყობდა. იცით, რა ხდებოდა სინამდვილეში?
2024 წლის ნოემბრიდან იანვრამდე სახალხო დამცველის აპარატმა დათვალა წამების 282 ფაქტი. სამოქალაქო ორგანიზაციებმა დაზარალებულების ნაწილი გამოკითხა. ქვემოთ 4 ამბავია იმ ინტერვიუებიდან:
23 წლის ბიჭი იხსენებს, როგორ გაატარეს პოლიციელების კორიდორში 28 ნოემბერს. რადგან თავში ურტყამდნენ, სახეს ხელებით იფარავდა. ამაზე გაბრაზდნენ და ხელებზე წიწაკის სპრეი შეასხეს. კანი აეწვა. სახეზე ვერ იდებდა. იძულებული გახდა, ჩამოეწია. პოლიციამ გათავისუფლებულ თავში ცემა გააგრძელა.
37 წლის კაცი იხსენებს როგორ გაითიშა ცემისგან 1-ელ დეკემბერს. გამოფხიზლდა სიბნელეში. ესმოდა სხვების ხროტინი. ჰაერი არ ყოფნიდათ. თვითონაც უჰაერობამ გამოაფხიზლა. ყველანი შეყრილები იყვნენ უფანჯრო მიკროავტობუსში (ფოტოზეა), რომელშიც წიწაკის სპრეი შეასხეს. კაცს ხელები ზურგსუკან ჰქონდა შეკრული. რაღაც ხნის შემდეგ მანქანაში ამოვიდა სპეცრაზმელი, გაკოჭილი გადმოაბრუნა და შეკრულის ხელებზე იხტუნავა. მერე თავში ჩაარტყა და ისევ გათიშა.
17 წლის არასრულწლოვანი 5 დეკემბერს დაიჭირეს ქუთაისში. დაკავებულს გაუჩნდა ღებინების შეგრძნება. ითხოვა პოლიციის მანქანის გაჩერება ან ფანჯრის ჩამოწევა. სანაცვლოდ უბრძანეს, საკუთარ ზურგჩანთაში ერწყია. ჩანთაში სკოლის წიგნები იდო. როცა ბიჭს გული აერია, კისერზე ხელი დააჭირეს და ჩანთაში თავი ჩააყოფინეს. თან ეუბნებოდნენ, რომ ქვას მოაბამდნენ და მდინარეში გადააგდებდნენ.
20 წლის ბიჭი იხსენებს, როგორ მოდიოდა აქციაზე შეყვარებულთან შესახვედრად, როცა თეთრი მანქანით აედევნენ და დაიჭირეს. მანქანაში თან ცემდნენ, თან იძახდნენ, მო**ანით, დაასახიჩრეთ, გადაუღეთ და გადააგდეთო. როცა ბიჭმა თქვა, გული გამიხდა ცუდადო, მკერდის ძვალზე დაუწყეს ჩარტყმა, გული სად გაქვს შე დედამო***ულოო. ერთმა კაცმა დაკავებულს დაუწყო ფეხზე მოფერება. თან ეუბნებოდა, ჩაგხდი და მოგხედავო. ბიჭმა ხელი რომ გააწევინა, კაცმა ყბაში ჩაარტყა. რამდენჯერაც დაკავებული რამეს იტყოდა, იმდენჯერ ცემდნენ. ამიტომ ხმას ვერ იღებდა.
ყველა მედიას, ვისაც შეუძლია მსგავსი ფაქტები გააშუქოს, ხურავენ. ყველა ორგანიზაციას, ვისაც შეუძლია ასეთ დაზარალებულს იურიდიულად დაეხმაროს, აუქმებენ. ყველა ადამიანი, ვინც ამ ძალადობაზე თანახმა არაა, ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ, აჯარიმებენ და სამთავრობო არხებით აშავებენ. ეგრეა, როცა ძალაუფლება მიიტაცებულია და ერთადერთი პოლიტიკური ენა არის ძალადობა. რეჟიმმა სხვა ენა არ იცის.




