მადლიერი ვარ ევროკავშირის და ყველა ქვეყნის, რომელიც მონაწილეობს ჩვენს კოალიციაში, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საერთაშორისო კოალიციას მიმართა.
მისი თქმით, ყველა შემთხვევა ნამდვილი ბავშვის და ნამდვილი ოჯახის ისტორიაა.
„ამ ბავშვების გადარჩენით, ჩვენ არა მხოლოდ მათ ვაძლევთ შანსს – არამედ ჩვენს ქვეყნებსაც ვაძლევთ შანსს, რომ ჩვენი ცხოვრების განმსაზღვრელი ღირებულებები მტვრად არ იქცეს. და ეს ფუნდამენტურ კითხვას ბადებს: როგორ გახდა შესაძლებელი რუსებისთვის ათიათასობით ბავშვი უბრალოდ გაეტაცებინათ, გადაემალათ, ოჯახებისგან მოეწყვიტათ და შემდეგ მათთვის იმ ქვეყნის სიძულვილი ესწავლებინათ, საიდანაც გაიტაცეს? თუ ქვეყანა ბავშვების წინააღმდეგ ასეთ დანაშაულებს ჩადის, ეს ნიშნავს, რომ მას ნებისმიერი დანაშაულის ჩადენა შეუძლია. და სწორედ ამიტომ მოითხოვს ეს გამოწვევა გლობალურ რეაგირებას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, კოალიციაში 50-მდე ქვეყანაა გაერთიანებული.
„ახლა ჩვენ ნამდვილად გვაქვს გლობალური კოალიცია უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისთვის – დაწყებული კანადიდან და ლათინური ამერიკიდან, შეერთებული შტატებიდან და არგენტინიდან, დამთავრებული ევროპითა და იაპონიით. დღეს შვეიცარია და კვიპროსი უერთდებიან ჩვენს კოალიციას. ამ კოალიციაში თითქმის 50 ქვეყანაა გაერთიანებული – და ამისთვის მადლიერი ვარ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, კოალიციის მუშაობის შედეგი თითქმის ყოველთვე თვალსაჩინოა – უკრაინელი ბავშვები თავიანთ სახლებს უბრუნდებიან.
„ეს ყველაფერი ადვილი არ არის. მაგრამ კარგია, რომ ჩვენი ინიციატივა „დააბრუნეთ ბავშვები უკრაინაში“ მუშაობს. კარგია, რომ თქვენ აქტიურობთ – ევროკომისიის, ევროპული ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ყველა ქვეყნის ხელმძღვანელობის დონეზე. ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი თანამზრახველების დაპატიმრების ორდერი გასცა უკრაინელი ბავშვების გატაცებაში მათი მონაწილეობის გამო.
„ეს გლობალური საქმეა და გლობალური შედეგები უნდა მოჰყვეს. ყველამ, ვინც ბავშვების წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ნამდვილად უნდა იგრძნოს, რომ ეს არასწორია. დღეს ჩვენ ახალი სანქციები გვაქვს მათ წინააღმდეგ, ვინც ბავშვებს იტაცებს და ცდილობს სიტუაციის ნორმალიზებას. რუსეთზე ზეწოლა არ უნდა შემცირდეს. სანქციები მუშაობს და მსოფლიოს აქვს ძალა. გთხოვთ, სწორად გამოიყენოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.




