2013 წელს, ლოს-ანჯელესი მისტიკურმა მოვლენამ შეძრა. მას შემდეგ 13 წელი გავიდა, თუმცა ელიზა ლემის გარდაცვალებასთან დაკავშირებული კითხვები კვლავ უპასუხოდ რჩება და დროის სვლასთან ერთად, ინტერესიც იზრდება.
21 წლის კანადელი სტუდენტი ლოს-ანჯელესის სახელგანთქმულ სასტუმრო “Cecil”-ში ყოფნისას გაუჩინარდა. ბოლოს, ის ცოცხალი 2013 წლის 31 იანვარს ნახეს.
გამომძიებლებმა შენობა დეტალურად გაჩხრიკეს, თუმცა ვერაფერს მიაკვლიეს. სასტუმროს კამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებში აღმოაჩინეს კადრები, რომელიც შესაძლოა ელიზას სიცოცხლის უკანასკნელ მომენტებს ასახავდა. ვიდეოში ჩანს, როგორ უცნაურად და შემაძრწუნებლად იქცევა ელიზა ლიფტში – თითს ერთდროულად რამდენიმე ღილაკს აჭერს, კარისკენ კი ისე შეშინებული იყურება, თითქოს ვიღაცისგან გარბის. ჩანაწერის გასაჯაროებამ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მილიონობით ნახვა დააგროვა და უამრავი თეორია წარმოშვა იმის შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
- გაუჩინარებიდან თითქმის სამი კვირის შემდეგ, გოგონას ცხედარი იპოვეს. მას შემდეგ, რაც სასტუმროს დამსვენებლებმა წყლის სუსტი წნევისა და ფერის გამო დაიჩივლეს, ტექნიკურმა ჯგუფმა, შენობის სახურავზე არსებული წყლის ავზები შეამოწმა. სწორედ იქ აღმოაჩინეს ელიზას ცხედარი…
საბოლოოდ, მისი სიკვდილი უბედურ შემთხვევად შეფასდა, ხოლო მისი დაავადება (ბიპოლარული აშლილობა) ტრაგედიის გამომწვევ მთავარ ფაქტორად დაასახელეს. ამ დასკვნამ მაინც ვერ გააქრო კითხვები, თუ როგორ მოხვდა გოგონა სახურავზე და შემდეგ – წყლის ავზში.
ვინ იყო ელიზა ლემი
21 წლის ელიზა ლემი კანადაში დაიბადა და გაიზარდა. ის University of British Columbia-ს საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი იყო, თუმცა უნივერსიტეტის წარმომადგენლის ინფორმაციით, 2012 წლის ზაფხულის შემდეგ, მას იქ არცერთი სალექციო კურსი არ აუღია.
როგორც მისი თანაკურსელები ამბობდნენ, ლემი ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული და გულღია ადამიანი იყო, ვისაც იცნობდნენ. თუმცა რეალურად, მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის შესახებაც ზოგჯერ საკუთარ ონლაინ ბლოგზე წერდა. 2012 წელს, ერთ-ერთ ასეთ პოსტში ლემი აღნიშნავდა, რომ მოჩვენებითი გამოჯანმრთელების შემდეგ, თავს ისევ ავად გრძნობდა და ეჩვენებოდა, რომ საკუთარ თანატოლებთან შედარებით “დროს ფლანგავდა“.
ამ სირთულეების ფონზე, ლემს ბიპოლარული აშლილობა დაუდგინდა და მდგომარეობის სამართავად, რამდენიმე მედიკამენტი დაენიშნა. ერთ-ერთ დოკუმენტურ სერიალში, გამომძიებელმა ტიმ მარსიამ აღნიშნა, რომ გოგონას ოჯახის თქმით, მას ჰქონდა პერიოდები, როდესაც მედიკამენტებს რეგულარულად არ იღებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მინიმუმ ერთხელ მაინც იყო ჰოსპიტალიზებული.
რა ვიცით სასტუმროზე, სადაც ტრაგედია მოხდა
Cecil Hotel-ი 1924 წელს გაიხსნა და წლების განმავლობაში იქ იმდენი ცუდი რამ მოხდა, რომ რეპუტაცია სამუდამოდ შეელახა. დროდადრო ვრცელდებოდა ინფორმაციები სერიულ მკვლელებსა და პარანორმალურ მოვლენებზე.

საქმე ისაა, რომ დიდი ხნის განმავლობაში, სასტუმროში მდებარე ნომრები რამდენიმე თვით ქირავდებოდა. ამის გამო, შენობას არ ჰქონდა სტანდარტული სასტუმროს ფუნქცია და იქ ძირითადად, დროებითი მცხოვრებლები იყრიდნენ თავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ასეთ მაცხოვრებლებს შორის იყო სერიული მკვლელი რიჩარდ რამირესი, რომელიც “ღამის სტალკერის” სახელითაა ცნობილი. 1991 წელს, ამავე სასტუმროში ცხოვრობდა ჯეკ უნვეგერი, სწორედ მაშინ, როცა სამი სექსმუშაკი მოკლა. ერთი სიტყვით, ყველა შემზარავმა ისტორიამ და დამნაშავემ აქ, ერთ ამბავში და ერთ ადგილზე მოიყარა თავი.
Cecil Hotel-ის ფუნქციონირების პერიოდში, რაც საუკუნეზე მეტს ითვლის, არაერთი გარდაცვალება დაფიქსირდა, მათ შორის იყო თვითმკვლელობებიც. სასტუმროს ყოფილი მენეჯერი დოკუმენტურ სერიალში ამბობდა, რომ 2007-დან 2017 წლამდე, დაახლოებით, 80 გარდაცვალებას შეესწრო.
ბოლო წლებში, სასტუმროს რამდენჯერმე შეეცვალა მფლობელი, თუმცა ამჟამად ოფიციალურად დახურულია. 2021 წელს, შენობა ხელმისაწვდომ საცხოვრებელ კომპლექსად გადააკეთეს, ხოლო სამი წლის შემდეგ, Los Angeles Times-ის ცნობით, გასაყიდად გამოიტანეს.

რა მოხდა გოგონას გაუჩინარებამდე?
2013 წლის დასაწყისში, ლემმა კალიფორნიაში მოგზაურობა გადაწყვიტა. გარკვეული პერიოდი სან-დიეგოში გაატარა, სოციალურ ქსელში ქალაქის ზოოპარკიდან ფოტოებიც გამოაქვეყნა. თვის ბოლოს ლოს-ანჯელესში ჩავიდა და ორი დღის შემდეგ, Cecil Hotel-ში დაბინავდა.
ლემის უცნაური ქცევა მისი ჩასვლიდან მალევე დაიწყო. მაგალითად, ერთ-ერთ დღეს ღამის ტელეშოუს ჩაწერას დაესწრო, თუმცა პოლიციის ინფორმაციით, მალევე უცნაურად დაიწყო ქცევა და დაცვის თანამშრომლებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.
21 წლის სტუდენტი, ბოლოს 2013 წლის 31 იანვარს ნახეს. იმ დღეს, იგი The Last Bookstore-ში იმყოფებოდა, რომელიც სასტუმროდან რამდენიმე კვარტალში მდებარეობს. მაღაზიის მენეჯერის თქმით, ლემმა იმ დღეს ოჯახისთვის საჩუქრები იყიდა. იმავე დღეს, ცოტა მოგვიანებით, სასტუმროს თანამშრომლებმა გოგონა შენობაში უმიზნოდ ხეტიალისას შენიშნეს.
დოკუმენტურ სერიალში: Crime Scene: The Vanishing at the Cecil Hotel, ყოფილი მენეჯერი ემი პრაისი იხსენებს, რომ ლემი სასტუმროს ლობიში შევიდა და დაიყვირა: “მე გიჟი ვარ, მაგრამ ლოს-ანჯელესიც ასეთია!“
ამავე სერიალში, დეტექტივი მარსია იხსენებს მისთვის გადაცემულ ინფორმაციას: თითქოს ლემი ისეთ სივრცეში შევიდა, სადაც სტუმრებისთვის შესვლა აკრძალული იყო, შემდეგ კი ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ცოტა ხანში, ის ლიფტისკენ მიემართება და ეს ბოლო მომენტია, როცა გოგონას ცოცხალს ხედავენ. სინამდვილეში, ელიზას მეორე დღეს უნდა დაეტოვებინა სასტუმრო და სანტა-კრუზში გამგზავრებულიყო, თუმცა…
მას შემდეგ, რაც მშობლებმა ლემთან დაკავშირება ვერ შეძლეს, მალევე დაუკავშირდნენ ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტს და მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადეს. ცოტა ხანში, ელიზას მშობლები კალიფორნიაში გაემგზავრნენ, რათა ძიების პროცესში ჩართულიყვნენ.
გამომძიებლებმა პირველ რიგში, გოგონას სასტუმროს ოთახი შეამოწმეს, რომელიც იმ დროისთვის მომსახურე პერსონალს უკვე დალაგებული ჰქონდა. მისი ყველა ნივთი ადგილზე აღმოჩნდა – კომპიუტერი, საფულე და მედიკამენტები. თანამშრომლების თქმით, ოთახში არ არსებობდა ძალადობის კვალი და არც ნარკოტიკები. ისინი ცდილობდნენ დაედგინათ, რა ადგილებში გადაადგილდებოდა ელიზა. სასტუმროს დანარჩენი ნაწილიც, მათ შორის სახურავი და სარდაფი, ძაღლების დახმარებით შეამოწმეს. კვალი მეხუთე სართულის ოთახამდე მიდიოდა. მარსიას თქმით, ძაღლებს ისინი მიჰყავდათ ფანჯრამდე, სადაც სახანძრო კიბე იყო.
გამომძიებლებმა დაიწყეს კამერების ჩანაწერების გადახედვაც. მიუხედავად იმისა, რომ იმ სართულზე, სადაც ლემი ცხოვრობდა, კამერა არ იყო, აღმოაჩინეს ვიდეო, სადაც იგი გაუჩინარების ღამეს ლიფტში ჩანს. უცნაურ კადრებში ელიზა არასტაბილურად იქცევა და თითქოს ვიღაცასთან კომუნიკაციის დამყარებას ცდილობს. ის თითქმის ყველა ღილაკს ერთდროულად აჭერს თითს, იხედება კარისკენ, სწრაფად ბრუნდება უკან და კუთხეში იმალება. ლიფტის კარი მთელი ამ დროის განმავლობაში ღია რჩება, ბოლოს კი ლემი ლიფტიდან გადის.

გაუჩინარებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, გამომძიებლებმა გადაწყვიტეს, ეს ვიდეო საჯაროდ გაევრცელებინათ იმ იმედით, რომ ახალი ინფორმაცია გამოჩნდებოდა. თუმცა ამან ინტერნეტში მასშტაბური რეაქცია გამოიწვია, უამრავმა ადამიანმა დაიწყო საკუთარი ვერსიების გავრცელება. ვიდეომ მილიონობით ნახვა დააგროვა და გაჩნდა თეორიები, თითქოს გოგონა ზებუნებრივი ძალების მსხვერპლი იყო ან მას სასტუმროს რომელიმე მაცხოვრებელი მისდევდა.
როგორ და რა ვითარებაში იპოვეს ელიზა ლემი?
ძიების პროცესში, სასტუმროს მაცხოვრებლებმა წყლის ცუდ ხარისხსა და დაბალ წნევაზე დაიჩივლეს. 2013 წლის 19 თებერვალს, სასტუმროს თანამშრომელმა, შენობის სახურავზე არსებული წყლის ავზები შეამოწმა. მან შენიშნა, რომ ერთ-ერთი ავზის ლუქი ღია იყო. როდესაც შიგნით ჩაიხედა, აღმოაჩინა გოგონას შიშველი ცხედარი, ხოლო მისი ტანსაცმელი ავზის ფსკერზე იყო ჩაძირული.
“სახურავზე კიბეა, რომ ავზებამდე მიხვიდე. ავზის თავზე პატარა ლუქია. როცა ჩავიხედე, სწორედ მაშინ დავინახე იგი. ზედაპირზე ამოვიდა, მოჩვენებასავით თეთრი იყო”, – ამბობდა სასტუმროს თანამშრომელი.

გამოძიება გაგრძელდა. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ არ არსებობდა ძალადობის კვალი, არც ისეთი დაზიანებები, რომლებიც სიკვდილს გამოიწვევდა და არც სექსუალური ძალადობის ნიშნები. მის ორგანიზმში არც ნარკოტიკების კვალი იყო. ჭრილობების, ჩალურჯებებისა და სხვა კვალის არარსებობის გამო, პოლიციამ დაასკვნა, რომ ძალადობრივი დანაშაული ნაკლებსავარაუდო იყო.
ტოქსიკოლოგიური შედეგების, მისი ქცევის და წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, გამომძიებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შესაძლოა ელიზა ლეიმს ფსიქოზური ეპიზოდი ჰქონდა.

ფსიქოლოგის თქმით, “ელიზას, როგორც ჩანს, ბიპოლარული აშლილობის I ტიპი ჰქონდა, რაც უფრო მძიმე ფორმაა და ზოგჯერ ფსიქოზურ სიმპტომებსაც მოიცავს. ასეთ მდგომარეობაში, აზროვნება არაორგანიზებულია – ლოგიკა ირღვევა და რეალობასა და წარმოსახვას შორის ზღვარი ბუნდოვანი ხდება.”
საბოლოო ჯამში, გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ ლემმა სახურავზე ასასვლელად სახანძრო კიბე გამოიყენა. ავზში ჩასვლის შემდეგ, ერთადერთი ამოსასვლელი ზედა ლუქი იყო, რისი დამოუკიდებლად ახდაც, მათი შეფასებით, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა.
გამომძიებლები ასევე ვარაუდობენ, რომ გოგონა ცდილობდა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო წყლის ზედაპირზე. შესაძლოა, მან ტანსაცმელიც ამიტომ გაიხადა, რათა წყალს არ ჩაეთრია, თუმცა საბოლოოდ უბედური შემთხვევის შედეგად დაიხრჩო. წყარო




