დავით ჩუთლაშვილი: ლეონარდა ჩანჩული, რომელიც ისტორიაში „კორეჯოელ საპნის მხარშავად“ შევიდა, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და არაორდინალური იტალიელი სერიული მკვლელია

ბლოგერი დავით ჩუთლაშვილი:
ლეონარდა ჩანჩული, რომელიც ისტორიაში „კორეჯოელ საპნის მხარშავად“ (La Saponificatrice di Correggio) შევიდა, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და არაორდინალური იტალიელი სერიული მკვლელია.
მისი ისტორია განსაკუთრებით გამორჩეულია იმით, თუ რა მოტივები ამოძრავებდა მას და რა ბედი ეწიათ მის მსხვერპლებს.
ლეონარდას ცხოვრება ტრაგედიებით იყო სავსე: ის 17-ჯერ დაორსულდა, თუმცა 13 შვილი ადრეულ ასაკში დაეღუპა. ამან ის უკიდურესად ცრუმორწმუნე და გადამეტებულად მზრუნველი დედა გახადა დარჩენილი ოთხი შვილის მიმართ.
როდესაც 1939 წელს მისმა უფროსმა და საყვარელმა ვაჟმა, ჯუზეპემ, გადაწყვიტა მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წასულიყო, ლეონარდა პანიკამ მოიცვა. მან დაიჯერა, რომ შვილის სიცოცხლის გადასარჩენად ადამიანური მსხვერპლშეწირვა იყო საჭირო. მას სჯეროდა, რომ სხვისი სიკვდილი მის შვილს „გამოისყიდდა“.
ამიტომ 1939-1940 წლებში მან კორეჯოში სამი შუახნის ქალი მოკლა. ყველა მათგანი მისი მეზობელი ან ნაცნობი იყო, რომლებსაც ის დახმარებას ან ახალ პერსპექტივებს ჰპირდებოდა.
მისი პირველი მსხვერპლი, ფაუსტინა სეტი ლეონარდამ დაარწმუნა, რომ ქმარი უშოვა სხვა ქალაქში. სანამ ფაუსტინა გაემგზავრებოდა, ჩანჩულიმ ის ნაჯახით მოკლა.
ფრანჩესკა სოავის მასწავლებლის სამუშაოს დაჰპირდა პიაჩენცაში. ისიც პირველი მსხვერპლის მსგავსად გამოასალმა სიცოცხლეს.
შემდეგ მოკლა ვირჯინია კაჩიოპო (ყოფილი სოპრანო), რომელსაც ლეონარდა ფლორენციაში მდივანის პოზიციას ჰპირდებოდა.
ლეონარდა ჩანჩულის დანაშაული განსაკუთრებით ამაზრზენი მისი შემდგომი ქმედებების გამო გახდა. თავის მემუარებში, სახელწოდებით „გამწარებული სულის აღსარება“, მან დეტალურად აღწერა, როგორ აქცია მსხვერპლთა სხეულები საპნად და ნამცხვრებად:
ის სხეულის ნაწილებს კაუსტიკური სოდით ხარშავდა, სანამ ბლანტ მასას არ მიიღებდა, შემდეგ კი სურნელოვან ზეთებს ამატებდა და საპნის ნაჭრებს ამზადებდა. ამ საპონს ის მეზობლებსა და ნაცნობებსაც კი ურიგებდა.
მსხვერპლთა სისხლს ის აშრობდა, ფქვავდა და ფქვილს, შაქარს, კვერცხსა და შოკოლადს ურევდა. ამ მასისგან გამომცხვარი „ჩაის ნამცხვრებით“ ის შვილებსა და სტუმრებს უმასპინძლდებოდა.
ლეონარდა ამტკიცებდა, რომ ვირჯინია კაჩიოპოსგან განსაკუთრებით „გემრიელი და ნაზი“ ნამცხვრები გამოვიდა.
ჩანჩული ვირჯინია კაჩიოპოს რძლის ეჭვიანობის გამო ჩავარდა, რომელმაც დაინახა, როგორ შევიდა ვირჯინია ლეონარდას სახლში და აღარ გამოსულა. პოლიციამ მალევე იპოვა მტკიცებულებები.
სასამართლოზე ლეონარდა არ ნანობდა ჩადენილს და ამაყადაც კი ყვებოდა თავისი „ტექნოლოგიის“ შესახებ. მას მიესაჯა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი კრიმინალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
იგი 1970 წელს, 76 წლის ასაკში, თავშესაფარში გარდაიცვალა. მისი დანაშაულის იარაღები — ქვაბი და ნაჯახი — დღემდე ინახება რომის კრიმინოლოგიურ მუზეუმში.
რას გვასწავლის ეს ისტორია? იმას, რომ გადამეტებული არაფერი არ ვარგა, მათ შორის, არც დედობრივი გრძნობები, ხოლო ცრუმორწმუნეობას ხშირად საზარელი და დამანგრეველი შედეგები მოსდევს.
დღეს ჩვენს ქვეყანას მართავს კაცი, რომელსაც სჯერა, რომ ხეებს მაგიური ძალა აქვთ და ისინი მას სიცოცხლეს გაუხანგრძლივებენ. საით წავა მისი ეს ავადმყოფური ცრურწმენა და საბოლოოდ რა სახეს მიიღებს, არავინ იცის.