პაპუაშვილი – გასაგებია ირანსა და -ს შორის არსებული დღევანდელი ურთიერთობა, თუმცა ყველას მიმართ მექნებოდა მოწოდება: საქართველოს ტერიტორია და საქართველოში ყოფნა არ გამოიყენონ იმისთვის, რომ ერთმანეთში ურთიერთობები არკვიონ

გასაგებია ირანსა და -ს შორის არსებული დღევანდელი ურთიერთობა, თუმცა ყველას მიმართ მექნებოდა მოწოდება- საქართველოს ტერიტორია და საქართველოში ყოფნა არ გამოიყენონ იმისთვის, რომ ერთმანეთში ურთიერთობები არკვიონ,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ირანის ელჩის განცხადების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ხელისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, დიალოგით, სასურველ მიზანს აღწევს და დღეს საქართველო არის წარმატებული ქვეყანა ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც“.

„იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა. რა თქმა უნდა, ამაზეც იყო საუბარი. შეგიძლიათ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰკითხოთ, კონკრეტულად რაზე ჰქონდათ საუბარი. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ. გასაგებია, რომ არის ამის სურვილი თუ ამოცანაც, გასაგებია ირანსა და აშშ-ს შორის არსებული დღევანდელი ურთიერთობა, თუმცა ყველას მიმართ მექნებოდა მოწოდება- საქართველოს ტერიტორია და საქართველოში ყოფნა არ იქნას იმისთვის გამოყენებული, რომ ერთმანეთში ურთიერთობები არკვიონ. საქართველოს მშვიდობის პოლიტიკა ყველასთვის ცხადია“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარი არის ის, რომ კრიზისულ სიტუაციაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებობს, საქართველომ მშვიდობიანად გაიაროს.

„ისევე როგორც სხვა შემთხვევაში, უკრაინასთან დაკავშირებით იქნებოდა, თუ სხვა კრიზისები და ომები, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო ხშირად ხდებოდა, ხდება და ისეთი პირი უჩანს, რომ მომავალშიც იქნება, ჩვენთვის მთავარი არის, რომ საქართველომ მშვიდობიანად გაიაროს ყველა ეს პროცესი. შესაბამისი ინსტრუმენტებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, დიალოგით, საუბრებით ხედავთ, რომ ამას ვაღწევთ და დღეს ვართ წარმატებული ქვეყანა ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, დიპლომატებთან ურთიერთობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე განსაზღვრავს.

მან მაგალითად დაასახელა საქართველოში გერმანიის ელჩი, რომელიც პაპუაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში იმიტომ დაიბარეს, რომ „სხვანაირად უკვე შეუძლებელი იყო მასთან კომუნიკაცია“.

„საუბარი მისვლების გარეშეც არის ხოლმე. ფორმებს, ურთიერთობებს, დისკუსიას საგარეოს საქმეთა სამინისტრო იმ საჭიროებებიდან გამომდინარე განსაზღვრავს, რაც არსებობს. ევროკავშირთან და ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან ბევრი საუბარი გვქონდა მანამ, სანამ მაგალითად საჭირო გახდებოდა გერმანიის ელჩის დაბარება. ისტორიაში პირველად, იცით, რომ მოხდა მოქმედი ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში იმიტომ, რომ სხვანაირად უკვე შეუძლებელი იყო მასთან კომუნიკაცია და ახსნა იმ წუხილების, რომელიც გვქონდა მისი მხრიდან ვენის კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებით. ამიტომ, მანამდე სხვა ტიპის საუბრები ბევრი იყო. ჩვენთვის მთავარი არის მიზანი. მიზანი არის, რომ საქართველომ მშვიდობიანად გაიაროს ნებისმიერი კრიზისი, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება და ამ მიზანს ყოველ ჯერზე ვაღწევთ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ირანის ელჩი, სეიედ ალი მოჯანი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა. ალი მოჯანი აღნიშნავს, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგა.

მანამდე, ელჩმა, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაწერა, რომ “როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს – ვინც ტრამპს მხარი აუბეს, იძულებულნი არიან, ამის ფასი გადაიხადონ”.