თქვით, რომ თეატრი გამოყენებულია პოლიტიკურ სცენად – ეს პირველ რიგში, იმის დამსახურებაა, რომ დღეს „ოცნება“ ძალადობრივ და რეპრესიულ პოლიტიკას აწარმოებს! – ასე მიმართა ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ლაშხს, რომელმაც ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სცენის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე ისაუბრა.
“აქ ინდულგენციებზე იყო საუბარი. თქვენ “ხარებას“ და მისნაირ მოძალადეებს მიანიჭეთ ინდულგენცია და ღირსების ორდენები დაურიგეთ“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა მარიამ ლაშხის მისამართით.
ლაშხმა მას პასუხად დაუბრუნა, რომ თუ აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე პოლიტიკური კომენტარის გაკეთება სურდა, ამის შესაძლებლობა თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის გამოსვლის დროს ჰქონდა.
“გამიკვირდა კიდეც, რომ იმ ხალხის ინტერესი არ დაიცავით, რომელთაც, ალბათ, მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო! დღესაც რომ შეხედოთ, ქართული თეატრი და ზოგადად, სახელოვნებო მიმართულება დაცლილია რაიმე ტიპის ცენზურისგან. როდესაც ადამიანი სამართლებრივ ნორმას სცდება, ის არის ოსკარის ლაურეატი თუ საფრანგეთის კულტურის სახე, სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს. აქ მსგავსი ტიპის განცხადებების ადგილი არ არის – პირიქით, თუ რაიმე მიღწევა გვაქვს, ისაა, რომ დღეს ნებისმიერი ინსტიტუცია დაცლილია მანიპულაციებისგან“, – მიმართა ლაშხმა ხვედელიანს.
პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს მოუსმინეს.
პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოწვეული იყვნენ: – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, და “გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის“ პრორექტორი თათია ჩხეიძე.




