7-თვიანი პატიმრობის შემდეგ გივი თარგამაძე საპატიმროს დღეს დატოვებს
n.news.genews.ge-ის არქივი
7-თვიანი პატიმრობის შემდეგ გივი თარგამაძე საპატიმროს დღეს დატოვებს | ის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან, 26 იანვარს, სავარაუდოდ, დილითვე გამოვა. მისი გათავისუფლების ზუსტი დრო ამ დროისთვის უცნობია
გივი თარგამაძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7-თვიანი პატიმრობა 27 ივნისს მიესაჯა. მას ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით
ასევე, ამავე ბრალდებით, წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო, დააკავეს ოპოზიციის ლიდერები: ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ საპატიმრო 4 სექტემბერს დატოვეს, ისინი მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, 19 დეკემბერს დატოვა. 23 იანვარს გათავისუფლდა გიორგი ვაშაძე. თარგამაძის გათავისუფლების შემდეგ, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობაში დარჩებიან ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი.
ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ, მათი პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, "საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების" მუხლებით ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. სასამართლო პროცესები 2025 წლის 24 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ ვადამ 2 თვით გადაიწია. გარდა ამისა, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე [ბუტა რობაქიძის] 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას კი, მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო, წელიწად-ნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.